ჩოლოქი _ სარფის ახალი ავტობანი

среда, 10 июня 2009 г.


საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სავარაუდოდ, 2010 წლის აპრილიდან სარფი-ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ავტობანის მშენებლობა დაიწყება. ამჟამად პროექტი დამუშავების პროცესშია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება და ამის შემდეგ ზუსტად გაირკვევა, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ახალი ავტობანის მშენებლობა. ამისთვის 70 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი აზიის განვითარების ბანკს (ADB). საპროექტო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 
წინასწარი პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარიანი გზა ჩოლოქიდან დაიწყება, 500 მეტრის დაშორებით გვერდს აუვლის ისპანის ნაკრძალის ტერიტორიას, შემდეგ გაივლის ოჩხამურს, ხუცუბანსა და ბობოყვათს, ჩაქვში კი გვირაბს შეუერთდება. 
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელის _ ელგუჯა ლომინეიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაზე კომპენსაცია საბაზრო ღირებულების მიხედვით გაიცემა. სავარაუდოდ, მეორე საჯარო შეხვედრაზე, რომელიც 25 ივნისსაა დაგეგმილი, სრული პროექტი იქნება წარმოდგენილი და ზუსტად გადაწყდება, რამდენ ოჯახს მოუწევს ახალი ავტობანის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.  
ტენდერი ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად სექტემბერში გამოცხადდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ახალი ავტობანის პირველი თოთხმეტი კილომეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. მისი მშენებლობა ჩოლოქის დაუსახლებელი ტერიტორიიდან დაიწყება. 
`ავტობანი სულ რამდენ სოფელზე გაივლის, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, რადგანაც განსაზღვრული არაა. ასევე უცნობია, რამდენ ოჯახს შეეხება ეს სამუშაოები, ზოგს შეიძლება საკარმიდამო ნაწილი ჩამოერთვას, ზოგს _ სახლი, ზოგს _ ყველაფერი~, _ ამბობს ელგუჯა ლომინეიშვილი.
ახალი ავტობანი, რომელიც ჩოლოქიდან სარფამდე მონაკვეთზე გაივლის, აჭარის ტერიტორიის 58 კილომეტრს მოიცავს.