გამარჯვებული მოჭიდავეები

среда, 10 июня 2009 г.

6-7 ივნისს თბილისში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი ბათუმელებმა: გოდერძი დავითაძემ და გურამ ფარსელიძემ დაიკავეს, მეორე ადგილი კი ზურაბ გეგელიძეს ხვდა. ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ გიორგი გვენეტაძე, ზვიად ოქრაძე, მამუკა ხიმშიაშვილი, მუხრან მაჭუტაძე და რამინ შაქარაშვილი. 
თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მალხაზ ზარქუამ მოიპოვა. ვერცხლის მედალის მფლობელი კი კობა კაკალაძე გახდა. მესამე ადგილს დასჯერდნენ ჯონი ჯინჭარაძე და ზაზა თურმანიძე.  
მსოფლიოს ჩემპიონმა, ბათუმელმა დავით ბედინაძემ 66 კილოგრამიანებთან მოსინჯა ძალა, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ტურნის გამოეთიშა. გამარჯვებული მოჭიდავეები კი ამ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ჩემპიონატი სექტემბერში დანიაში ჩატარდება. მანამდე კი მოჭიდავეები კიდევ ერთ ტურნირზე იასპარეზებენ.
`იმედი გვაქვს, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში სამი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება: დავით ბედინაძე, გოდერძი დავითაძე და გურამ ფერსელიძე. თავისუფალ ჭიდაობაში კი მალხაზ ზარქუა~ _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ საუბარში აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა _ გელა ჯანელიძემ. 
29-31 მაისს ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ იზმირში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ბათუმელმა ფირუზ წულუკიძემ და ლაშა დოლიძემ. მეორე ადგილის მფლობელი ლაშა გობაძე და ამირან შავაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დავით ჩიტაძე.