41 ოჯახი დახმარებას ითხოვს

вторник, 16 февраля 2010 г.


გასულ კვირას ბათუმში ორი სახლი ჩამოინგრა: 7 თებერვალს რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, 3 თებერვალს _ პუშკინის და ასათიანის ქუჩების კვეთაში. ნგრევის შედეგად, მთლიანობაში, 41 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. კიდევ 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ ლუკა ასათიანის #13-ში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს საკუთარი სახლების დანგრევაზე.

ნათია როყვა


ფაქტი პირველი
რუსთაველის ქუჩაზე, მასწავლებელთა ყოფილი სახლის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა _ შენობას ინვესტორი ანგრევდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ გზა გადაკეტა და ქუჩა სახანძროს მანქანებით გადარეცხეს. ინვესტორმა ამ შენობის ნგრევა გუშინ გააგრძელა, რითაც საფრთხე იქვე მცხოვრებ ცხრა ოჯახს დაემუქრა. ამ სახლის დემონტაჟი გუშინ საპატრულო პოლიციის მოთხოვნით შეწყვიტეს.
საპატრულო პოლიცია აკაკი ზოიძემ გამოიძახა. ზოიძე ბათუმში ახალაშენებულ სასტუმრო `შერატონში~ ცოტა ხნის წინ დაიბარეს. ის თურქი ინვესტორის წარმომადგენელს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. ინვესტორმა ზოიძეებს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ მიწის ღირებულების თანხა შესთავაზა _ ზოიძეს ორსართულიანი სახლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. მოლაპარაკება ამიტომაც ვერ შედგა. ინვესტორს, როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, მათთან მოლაპარაკება მეტი აღარ უცდია და პირდაპირ ნგრევა დაიწყო.
დემონტაჟის დროს გვერდით სახლებს ნანგრევები აცვივდა. მოსახლეობამ დახმარებისთვის მერიას მიმართა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, მერიიდან არავინ მივიდა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სიცოცხლის დაცვას და უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვენ.

ფაქტი მეორე
ლუკა ასათიანის ქ.#13-ში მცხოვრები 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით დააჯარიმა. მერიის გადაწყვეტილებით, სახლი, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის სახიფათოა და უნდა დაინგრეს. დაჯარიმებულმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მერიამ უკანონოდ დააჯარიმა. ამ საქმეზე სამი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობა უკანონოდ იყო დაჯარიმებული და მერიის ბრძანებულება დაჯარიმების შესახებ ბათილად ცნო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მერიის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ მოქალაქეების ორ-ორი ათასი ლარით დაჯარიმება კანონიერად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებასაც უზენაესი სასამართლო გამოიტანს.
`90 ლარს ვიღებ პენსიას, როგორ უნდა შევძლო ორი ათასი ლარის გადახდა?~ _ კითხულობს დაჯარიმებული პენსიონერი ლუიზა არველაძე. ყველაფერი კი 2006 წელში დაიწყო, როცა ამ უბანში ინვესტორი მივიდა ძველი კორპუსის შესყიდვის მიზნით. ინვესტორის პირობებს ამ მისამართზე ზოგიერთი მცხოვრები დასთანხმდა, ზოგი _ არა; შეთანხმების პირობა ასეთი იყო: ძველი საცხოვრებელი სახლის ადგილზე, მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო და ადამიანებს ბინები ამ კორპუსში უნდა მიეღოთ. ვისთანაც მოლაპარაკება ვერ შედგა, ის საცხოვრებლად იქვე დარჩა და ინვესტორს სასამართლოში უჩივის. სასამართლომ ინვესტორს საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მისცა.
ნატო სირაძე და კიდევ რამდენიმე ოჯახი ოთხი წელია ნაქირავებში ცხოვრობენ. როგორც ნატო სირაძე ამტკიცებს, სახლს იმიტომ ვერ დაანგრევდა, რომ მეზობლის საცხოვრებელ ოთახებს დააზიანებდა. მერიამ კი, იმის გამო, რომ მან სახლის დემონტაჟი არ განახორციელა, ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
ნატოს ინტერესებს იურისტი აკაკი თოიძე იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება უკანონოა: `ეს მართლმსაჯულების დაცინვაა, ხალხმა მერიას მიმართა დემონტაჟის თხოვნით, არქიტექტურის სამსახურმა მათ უარი უთხრა, ზედამხედველობის სამსახურმა კი _ დააჯარიმა. თუ მეზობლები სახლის ნგრევას დაიწყებენ, ეს შეიძლება ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს~.
აკაკი თოიძის განმარტებით, თუ სახლი ავარიულია და დემონტაჟია საჭირო, მერიამ უნდა მიიღოს ზომები და თუნდაც იძულების წესით მოახდინოს სახლის დემონტაჟი თავისი ხარჯებით. რა თანხაც დასჭირდება დემონტაჟს, შეუძლია ამ ფულის გადახდა ხალხს დაავალოს.
ნატალია ჩხაიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გია ქარცივაძე იცავს. მისი განმარტებით, დაჯარიმების პროცედურები დარღვეულია _ მერიის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა მოქალაქეებს დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე: მერიის ერთი სამსახური ამტკიცებს, რომ სახლი ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ მეორე სამსახური კი ნებართვას არ იძლევა. საბოლოოდ მოსახლეობამ ორივე სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მერიაში, მერიამ არც ერთი არ დააკმაყოფილა.
`ამ საკითხს ექსპერტის დასკვნა ესაჭიროება. დასკვნა ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია, მაგრამ მოსახლეობას აჯარიმებს. თუ შენობა-ნაგებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროულად უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა~, _ ამბობს გია ქარცივაძე. ადვოკატის აზრით, სახლის ნგრევის გამო თუ უბედური შემთხვევა მოხდება, პასუხისმგებლობა მერიას დაეკისრება.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ გელა მახარაძე ამბობს, რომ არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ სახლი დემონტაჟს საჭიროებს და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სიცოცხლეზე, მახარაძე ამბობს, რომ `მოსახლეობას, რადგან მერიის დადგენილებას არ ასრულებენ~.

ფაქტი მესამე
3 თებერვალს მშენებარე, 14-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მძიმედაა დაშავებული 11 წლის მეგი მუსხაჯბა, რომელიც თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულები პასუხისმგებლობას იმ ადამიანს აკისრებენ, ვინც მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. `პასუხი აგოს იმ ჩინოვნიკმა, ვინც ამ შენობის აშენებას მოაწერა ხელი~, _ ამბობს მადონა ჭითანავა.
ამ ადამიანებმა 6 თებერვალს, საღამოს, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში აქცია გამართეს. აქციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და დაზარალებულებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
დაზარალებულებთან ბათუმის მერის მოადგილე ავთანდილ დარჩია მივიდა და დახმარებას შეჰპირდა. `სიტყვიერი დახმარება არ გვჭირდება, დოკუმენტი გვაჩვენეთ~, _ კატეგორიულად მოსთხოვა ერთმა დაზარალებულმა. `არ გჯერათ, რომ გელაპარაკებით?~ _ იკითხა ვიცე-მერმა.
მერის მოადგილესა და ხალხს შორის საუბარი ყვირილში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები საცხოვრებლად სხვაგან გადაყვანას, ალტერნატიულ ფართობს და იმ კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ, რომლის ნგრევის შედეგად ისინი დაზარალდნენ.
ქალაქის მერიამ დაზარალებულები დროებით ორ სასტუმროში შეასახლა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ გათბობაც შეუწყვიტეს და კვებაც. ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობას ბოდიში მერიის სახელით მოუხადა: `მე ველაპარაკე სასტუმროს მენეჯერს და ვიცი, რომ უნდა ყოფილიყო კვება, გათბობა...~
აქციაზე, ხალხთან შეხვედრის დროს ვიცე-მერმა ხალხს უთხრა, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. `მშენებლობისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე... სასტუმროს ხარჯები აიღო მერიამ, ამ ხარჯებს ჩვენ წარვადგენთ ადამიანებთან და ისინი ვალდებულნი არიან ეს ხარჯები მერიას აუნაზღაურონ~.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით დავითაძის ინფორმაციით, `შექმნილია კომისია, რომელიც ნგრევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. ამის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება~. კომისია საბოლოო დასკვნას _ სახლი რეკონსტრუქციას ექვემდებარება თუ დემონტაჟს, ოთხშაბათს გამოაქვეყნებს, მანამდე კი მერია დაზარალებულებისთვის საქირავებლად ბინებს ეძებეს. ქირის თანხას სამშენებლო კომპანია გადაიხდის. ეს ხალხი ნაქირავებში ექვს თვეს იცხოვრებს, ამ პერიოდში მათ დანგრეულ სახლს შეაკეთებენ ან სხვა კორპუსში გადაიყვანენ საცხოვრებლად.
14-სართულიანი მშენებარე სახლის ორი სართულის ჩამონგრევის შედეგად ბათუმში 15 ოჯახი დაზარალდა. უსახლკაროდ დარჩა შვიდი ოჯახი. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ კორპუსს `ბათუმი პალასი-2007~ აშენებს.