დარჩენილები და წასულები უნივერსიტეტში

среда, 9 сентября 2009 г.


ალეკო ბაკურიძე: ~ჩემთან იმის მტკიცებას, რომ ძალიან დიდი მეცნიერები ხართ, აზრი არ აქვს~.

8 სექტემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი პროფესორ-მასწავლებლებით გაივსო. გუშინ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა. უნივერსიტეტში არსებულ 236 ვაკანსიაზე განაცხადი 380 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. დადებითი შეფასება 228 მონაწილემ მიიღო. ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უნივერსიტეტში რვა აკადემიური თანამდებობაა ვაკანტური. ბრალდებები გაისმა უნივერსიტეტის რექტორის მიმართ. 
 

~ქუჩაში მაგდებთ, შვილები მყავს, ოჯახი მაქვს, რატომ მაპირისპირებთ კოლეგებს?~ _ ეს პირველი კითხვა რექტორს, ალეკო ბაკურიძეს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მერაბ მეგრელიშვილმა დაუსვა. რექტორი სააქტო დარბაზში შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. 
`როგორც ჩანს, ადამიანებმა არ იციან, რომ ეს უნივერსიტეტია. ყველას გთხოვთ, დაიცვათ ეთიკური ნორმები, მეც წამიგია, მაგრამ ღირსეულად გადამიტანია, _ უპასუხა შეკითხვის ავტორს ალეკო ბაკურიძემ. _ თუ დასადგენია ობიექტურობა, უნდა დაადგინოს სასამართლომ. მე თქვენს მდგომარეობას ვიზიარებ, მაგრამ თუ რაიმე ბრალი მიმიძღვის, მზად ვარ პასუხი ვაგო, სხვა თქვენს სინდისზე იყოს... მე შესაშინებელი არა ვარ, შვილებიც მყავს, შვილიშვილებიც და ნუ მიგზავნით ვიღაც ვიღაცეებს~.
`დეკანების კომისიები~ _ ეს სახელწოდება შეარქვეს პროფესორ-მასწავლებლებმა კომისიას, რომელიც უნივერსიტეტში კონკურსის ჩასატარებლად პირველად შეიქმნა. რექტორი კი ამტკიცებდა, რომ კომისიის წევრები კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე იმ ადამიანებით შეცვალეს, ვინც ობიექტურობით არიან ცნობილნი: `ყველაფერი ვიცი _ ვინ ვის დაურეკა. ბათუმში და თბილისში ადამიანი არ დარჩა, რომ არ შეგეწუხებინათ; ახლა გეპარებათ ეჭვი მათ ობიექტურობაში? დაწერეთ საჩივარი სასამართლოში~. 
რექტორმა თავისი ნათქვამის გამყარებისთვის კონკრეტული გვარიც დაასახელა: `კომისიის წევრი _ ირმა რატიანი მეუბნებოდა, რომ ბათუმში ადამიანი არ დარჩა მისთვის რომ არ დაერეკა. მითხრა ვის გამო დაურეკეს... მე ყველას სახელი და გვარი მაქვს ჩანიშნული. კომისიის ყველა წევრი ირმა რატიანის მსგავსად მოიქცა~.
ალეკო ბაკურიძემ კოლეგებს კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესახებაც აცნობა: `კომისიამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სარეკომენდაციო წერილით მიმართა და სთხოვა, რომ გარკვეული ადამიანების პოტენციალი (რომლებმაც კონკურსი ვერ გადალახეს) უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ გამოიყენონ~.  
სააქტო დარბაზში შეკრებილმა ლექტორ-მასწავლებლებმა რექტორს იმ ადამიანების ვინაობის დასახელება მოსთხოვეს, ვისაც კომისიამ რეკომენდაცია გაუწია. რექტორმა მათი სია წაიკითხა:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მერი ცინცაძე, შოთა ზოიძე, ინგა შამილიშვილი, მარინა სიორიძე, ზურაბ ბეჟანოვი, თამილა მიქელაძე, მალხაზ სიორიძე, ნანა ხახუტაიშვილი, მერაბ ახვლედიანი და მერაბ ბერიძე. 
საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი: ჯემალ კარანაძე და მერაბ მეგრელიშვილი. 
ჟურნალისტიკის სპეციალობა: მანუჩარ ლორია.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: რეზო გორაძე, ეთერ სარალიძე, ჯემალ ბერიძე, ომარ ნაკაშიძე, ზაზა დავითაძე, ნინო კიკნაძე, ქეთევან ჯიბლაძე, ოთარ შამილიშვილი.
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორმა კი რეკომენდაცია ლალი ზაქარაძეს გაუწია. 
ალეკო ბაკურიძემ კიდევ ერთი ფაქტი მოიშველია იმისათვის, რომ თავისი თანამშრომლები კონკურსის ობიექტურად ჩატარებაში დაერწმუნებინა: `მუდმივად ხელგაშლილი ვართ მერიასთან, მაგრამ ვერ გავიდა ქალაქის მერის _ რობერტ ჩხაიძის და; ასე ვერ გავიდა ვახტანგ ბერიძე, ჩემი თანამშრომელი, რომლის გარეშეც საგამოცდო ცენტრის მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია; ის ახლა კომპიუტერთან ზის და ჩემს წიგნს ბეჭდავს. ვერავინ იტყვის, რომ ამ კონკურსში ჩავერიე...~ 
კონკურსანტს, რომელიც უკმაყოფილოა შედეგებით, შეუძლია კომისიის შეფასება სამი დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს.