აჭარაში მეწყერი გააქტიურდა

вторник, 24 ноября 2009 г.


21 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სიმონეთში მეწყრის შედეგად 12-მეტრიანი ხიდი დაინგრა. გზა, რომელიც 36 ოჯახს მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს, მეორე დღესვე აღადგინეს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დიდთოვლობის გამო დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სოფლებში ჩაკეტილია გზებიც.



მეწყერმა ხელვაჩაურში კომპანია `ქირდარ გრუპის~ ტექნიკა დააზიანა. ერთ თვეზე მეტია თურქული კომპანია `ბაიარაქტარის~ დაკვეთით იმ ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ინერტულ მასალას იღებენ. კომპანიის ინფორმაციით, მოპოვებული მასალა ჭოროხსა და გონიოში, ზღვის სანაპიროს გამაგრებას ხმარდება. ინერტული მასალის მოსაპოვებლად კომპანია აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებდა.
სოფელში მცხოვრები ავნი კომახიძე მეწყრის ჩამოწოლას ამ აფეთქებას აბრალებს: `სოფელი გახეთქილია, აფეთქების ბრალია მეწყრის განვითარებაც. შეარყია სოფელი ამ ქვის ჩამოშლამ~.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ბიჭიკო თეთრაძისა და თამაზ კომახიძის სახლების მინები დაიმტვრა, თუმცა კომპანიამ ეს ზარალი აანაზღაურა.
მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სტიქია წვიმის შედეგად განვითარდა. ინერტული მასალის მოპოვების გამო მთის ჩამოშლას `ქირდარ გრუპის~ წარმომადგენლებიც გამორიცხავენ.
`რაშია საქმე? ჟურნალისტი? ჟურნალისტების არ მჯერა. იტყუებით თქვენ~, _ სოფლის გამგებელი _ ჟუჟუნა ხაჯიშვილი იმის გამოა გაღიზიანებული, რომ მედიასაშუალებებმა დეზინფორმაცია _ თითქოს მეწყერმა მოსახლეობა დააზარალა _ გაავრცელეს (ეს ცნობა ცენტრალურმა ტელევიზიებმა გადასცეს).
გამგებლის ინფორმაციით, წისქვილსა და ხიდს, რომლებიც მეწყერმა თან ჩაიტანა, კარიერზე მომუშავე კომპანია აღადგენს.
დამეწყრილი ტერიტორია საზოგადოების განვითარების კავშირის _ `ბორჯღალოს~ წევრებმაც მოინახულეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სტიქიის განვითარების მიზეზების შესახებ დასკვნას მალე მოამზადებს.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს. ამ სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. `ენერგო-პრო ჯორჯიას~ ჯგუფები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. ამ დროისთვის აჭარაში სამი ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კვატია, ხიხაძირი, ხიჭაური და ჭვანა _ ამ და კიდევ რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგება _ ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ _ `ენეგო-პრო ჯორჯიას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა _ გიორგი სურმავამ მოაწოდა. დიდთოვლობის გამო 21 ნოემბერს, გვიან ღამით, დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.