ცხოვრება ომის შემდეგ_რეპორტაჟი გორიდან

вторник, 24 ноября 2009 г.




`ომი კი არა, ჟლეტა იყო. ვინ რატომ ისროდა, ვერ ვხვდებოდი. მითითების მომცემი არ გვყავდა. უბრალოდ, ბრძანება მოვიდა, რომ გვესროლა. ბევრი ჯარისკაცი დაბნეულობის გამო ჩაიხოცა...~ _ ამბობს ცხინვალში მებრძოლი ჯარისკაცი. მან ჩემთან ერთად თბილისიდან გორამდე იმგზავრა. მისგან შევიტყვე, რომ გორიდან ერთი ასეული მთავრობის დაცვაში გადაიყვანეს. ჯარისკაცთა ნაწილი კი რამდენიმე კვირაა გორში, კარავებში ცხოვრობს. `ომი არ დასრულებულა~, _ ჩაილაპარაკა მეორე ჯარისკაცმა...


სამხედრო ქალაქს ჰგავს გორის ცენტრალური უბანი. კუდის, სოდის, სამხარეო პოლიციის შენობები, სამხედრო ჰოსპიტალი ერთ ქუჩაზეა განლაგებული. ჰოსპიტლის წინ წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი და სტუდენტების თავშეყრის ადგილია. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების სიმრავლე შეინიშნება. `ვინ ხარ, ფოტოს რატომ იღებ, სტატიას რა თემაზე ამზადებ~, _ მეკითხებიან მამაკაცები, მათი თქმით, პოლიციელები. გადმოდიან მანქანებიდან და ჩემს ფოტოაპარატში სურათებს ათვალიერებენ. მიხსნიან, რომ ნაომარი ქალაქია და ყველა ფრთხილობს.
დევნილების სანახავად ორგან ვიყავი, ეგრეთ წოდებულ `კომბინატის დასახლებაში~, იქ, სადაც ომის დროს რამდენიმე სახლი დაინგრა და ბომბებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა და იქ, სადაც გერმანელებმა დევნილებს კოტეჯები აუშენეს.
პირველად იმ სახლში მივედი, რომელიც ომის დროს დაიბომბა, მაგრამ ისევ ააშენეს: `ჩვენი ბინა როცა დაინგრა, სახლში ვიყავი. ექვსი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, ნანგრევებს გაყვა გვამები. ორი გარეთ მყოფი დაიღუპა, ერთის ხელი და მეორეს ფეხი დავმარხეთ. მე და ჩემი ქმარი ცხინვალიდან ვიყავით, დევნილები. ჩემი კაცი ეზოში იყო დაბომბვის დროს, მხოლოდ ცალი ხელი ვიპოვეთ მისი. მეზობლის შვილიშვილი, 11 წლის ბავშვი, თამარაშენიდან აქ გამოექცა ბომბებს. ვერც მისი გვამი იპოვეს~, _ მიყვება იზოლდა კახნიაშვილი, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობს, რომელიც 9 აგვისტოს დაიბომბა.
ამ სამსართულიანი კორპუსში სულ 45 ოჯახი ცხოვრობს. ისინი საერთო საპირფარეშოთი და ერთი ონკანით სარგებლობენ. `მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, შარშან აგვისტოდან ნოემბრამდე მთავრობის ხარჯზე ვიყავი. აფხაზეთიდან დევნილებს ასეთი სახლებიც ვერ აუშენეს. საწუწუნო არაფერი გვაქვს, მაგრამ უწყლობა და უმუშევრობა გვაწუხებს. ახლა, თურმე, საერთო მრიცხველებს გვიმონტაჟებენ~, _ ამბობს დონია ქილიყოსაშვილი.
კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს ჯულიეტა ტერმაკოზაშვილი. იგი ომის დროს მარტო იყო კორპუსში. მარტოხელა ქალს, როგორც თითონ ამბობს, წასასვლელი არსად ჰქონდა. ტელევიზორთან იჯდა, როცა მისი სახლიდან 40 მეტრში ბომბი ჩამოვარდა. ოთახის კედლები ისე შეაზანზარა, რომ მინები სულ ჩაილეწა და სახლი გაბზარა. `არც სახურავი შერჩა ჩვენ სახლს, კარები მას შემდეგ აღარ იკეტება. დახმარება რამდენჯერმე ვითხოვე, მაგრამ არავინ დაგვეხმარა. არც სახლი შეუკეთებიათ, აი ნახეთ კედლები~, _ მაჩვენა დაბზარული კედლები ჯულიეტამ. მისი სახლი 7 აგვისტოს დაიცალა ადამიანებისგან და 27 აგვისტომდე კორპუსში არავინ გამოჩენილა: `კვამლში ვიყავი გახვეული. ვკიოდი, ვწიოდი... ვინ იყო პატრონი~.
კითხვაზე, როგორ ცხოვრობთ _ ყველა დევნილი შეთანხმებულივით მპასუხობს: `კარგად ვართ, მადლობა მთავრობას, დიდი მადლობა ჩვენ პრეზიდენტს, ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი კარგადაა, მეტი რა გითხრათ? მადლობელი ვარ~...
პამფილა ასკინაშვილი კი ე.წ. `გერმანულ სახლში~ ცხოვრობს. იგი მარტოხელაა და როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი ბათუმიდან, მასთან დარჩენა შემომთავაზა: `აღარავინ მსტუმრობს, ჩემი სოფლის ხალხი სხვაგანაა ჩასახლებული. დარჩი, გამომელაპარაკები~. პამფილა პატარა ლიახვის ხეობიდანაა დევნილი.
ლია გოგოლაძე ტყვარჩელში პედაგოგად მუშაობდა, ომამდე გორში დასთან იყო სტუმრად და მას შემდეგაც გორში, დასთან ცხოვრობს.
ჯემალ ვაზაგაშვილი ოს ცოლთან ერთად პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელი აწრისხევში ცხოვრობდა. ახლა გერმანელების აშენებულ სახლში ცხოვრობენ... ნაჩუქარ ნივთებს მაჩვენებენ: გაზქურა, მაცივარი, საწოლები და ლეიბები _ ეს ყველაფერი გერმანელებმა აჩუქეს. ყველა გერმანულ კოტეჯს აბაზანა აქვს და წყალიც მოდის. ესეც გერმანელების საჩუქარია. როგორც ვაზაგაშვილები ამბობენ, სოფელში ტონაზე მეტი ყველი, 18 მეწველი ძროხა, ასზე მეტი ქათამი და სხვა შინაური ცხოველი დატოვეს: `მიწის გარეშე მიჭირს. ახლა აქ ქალაქურად ვცხოვრობ, მიწა არ მაქ, სახლში ვზივარ უმუშევარი, სტუდენტი შვილები მყავს და სწავლის საფასურს ვერ ვიხდი~.
ჯემალ ვაზაგაშვილმა ომის დაწყება ტელეფონით გაიგო. `სროლის ხმა კი მესმოდა, მაგრამ ომი თუ იყო, არ ვიცოდი. შუქი არ გვქონდა და ტელევიზორს ვერ ვუყურებდით. გვერდით სოფლიდან დაგვირეკეს, რომ რუსები შემოვიდნენ. მაშინვე ბავშვები გადავიყვანე საზღვარზე. სოფელში ფეხით დავბრუნდი. ერგნეთიდან 25 კილომეტრშია ჩემი სოფელი. გზაში ვანო მერაბიშვილი შემხვდა, მანქანა გააჩერა და მკითხა, სად მივდიოდი. ვუთხარი, ქალი მყავს სოფლად დატეული და უნდა მივაკითხო-მეთქი. უკან მობრუნება მირჩია _ ქალი რად გინდა, თავი თუ არ შეგრჩაო. ვუთხარ, 18 წელი ქალს შვილი არ ეყოლა და ის არ მიმიტოვებია, ახლა ოთხი შვილის დედას ხომ არ მივატოვებ-მეთქი.
ჩვენს სოფელში 15 კომლი ცხოვრობდა, რუსებმა ყველა სახლს სალიარკა გადაასხეს და გადაწვეს, წინა კვირით პრეზიდენტმა სოფელში ოც-ოცი ლიტრა სალიარკა დაგვირიგა~.
სოფელში მისულ ჯემალ ვაზაგაშვილს რუსებმა მიუსწრეს. ცოლი და მეზობლის ქალები ტყეში გადამალა: `ორი დღის მშიერი ვიყავი. პური წავატეხე და რუსებიც მოვიდნენ. ლუკმა გულზე დამადგა, წყალი ვთხოვე, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის, პური გადააგდეო. ორმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. ქართველები ეგონათ. მალე მიხვდნენ, რომ მათიანები იყვნენ, გაეხარდათ, მაგრამ მე შემეშინდა. გოგონები სად გყავს, ქალები სად არიანო. ვუთხარი, თბილისში არიან-მეთქი. ქალებს გორაზე ვმალავდი...
მეზობლის კაცს აწვალებდნენ. ტყვიები მეც ფეხებში დამაცალეს. თუ მკლავ, მამკალი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ მესროლეს... სახლიდან ყველაფერი გადმოყარეს. ტელევიზორი გამოიტანა რუსმა. ოსმა უთხრა, დააგდეო. ის კიდე არ ტოვებდა. აიღო ოსმა და სულ დაუცხრილა ტელევიზორი. მანქანები გადააბეს ერთმანეთს და ისე წაიყვანეს. მერე ჩვენ გვითხრეს, რომ ცოცხლებს გვტოვებდნენ, ოღონდ იქ არ უნდა დავენახეთ. არ ვიცი, როგორ გადავრჩი~.
ჯემალ ვაზაგაშვილმა სოფლის ქალები სამშვიდობოს ცხენით გადმოიყვანა. გზაში სულ ხუთი დღე იყვნენ. ცხენზე ის ჯდებოდა, ვისაც სიარული ყველაზე მეტად უჭირდა. მათი ოჯახის საქმე ევროსასამართლოშია გაგზავნილი.