ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველების შესახებ

вторник, 24 ноября 2009 г.


ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველების შესახებ

ქობულეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ სტამბულიდან 400 კილომეტრით მოშორებულ სარიკენდის დასახლებაში ქართველები მონურ შრომას ეწევიან. თემურ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დასახლებაში ათობით ქართველი მუშაობს. ისინი თურქეთში ვინმე ნატოს დასაქმების ბიუროს მეშვეობით მოხვდნენ. უკანდაბრუნებული ადამიანების ცნობით, ეს ფირმა ქალაქ ხოფაში, ბაზრობაზე მდებარეობს.

ნათია როყვა

~არც არავისი მეშინია და არც მრცხვენია. მინდა, რომ რაც ჩვენ დაგვემართა, სხვასაც იგივე არ დაემართოს, არ შეცდეს და იმ უდაბნოში არ აღმოჩნდეს, სადაც მხოლოდ კარტოფილია დარგული. იქ ვირივით გამუშავებენ, მაგრამ ფულს არ გიხდიან, არც გაძინებენ და არც გაჭმევენ~, _ ამბობს თემურ მიქელაძე, რომელმაც მონურ შრომას თურქეთში სამი კვირის წინ დააღწია თავი.
თემურ მიქელაძე, მანუჩარ ბერაძე, ასლან მიქელაძე, გაგა დოლიძე, ჯუმბერ მახარაძე, ვალიდა მიქელაძე, ნინო მადეიშვილი, ცირა გორგილაძე, ნუგზარ შაინიძე, მერაბ მახარაძე, ნათია დევაძე _ თემურ მიქელაძის თქმით ეს ადამიანები თანახმანი არიან, რომ მათი სახელები და გვარები გამოქვეყნდეს. თუმცა ამ ჯგუფის 20-მდე წევრი ვინაობის გამხელის წინააღმდეგია.
ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს და მათ შორის თემურ მიქელაძესაც თურქეთში სამუშაოდ წასვლა ბობოყვათში მცხოვრებმა ნაცნობებმა შესთავაზეს. ისინი ერთად წავიდნენ, სულ 15 ადამიანი სოფელ ბობოყვათიდან. მოლაპარაკება, როგორც ქართველები ამბობენ, ვინმე ნატოსთან ჰქონდათ. ამ ქალს, რომელიც ბათუმის მცხოვრებია, თურქეთში, ხოფის ბაზრობაზე, დასაქმების ბიურო აქვს გახსნილი. მისი ძირითადი საქმიანობა საქართველოდან ხალხის გაყვანაა.
`საშინელი მდგომარეობა გვქონდა, საპირფარეშო არ იყო... ჩვენთან ერთად ქალებიც მუშაობდნენ, ერთი ბუტკა მოიტანეს, ყველას იატაკზე, თევზებივით ჩამწკრივებულებს გვეძინა. საშინელ გაროხის სუფს გვაჭმევდნენ. ჩასვლისთანავე უკან დაბრუნება მოვითხოვეთ, მაგრამ უარს გვეუბნებოდნენ. გზის ფული არ გვქონდა და მიზეზად ამას ასახელებდნენ. შევთავაზეთ, რომ ერთი კაცი მაინც გამოეშვათ საქართველოში, ვინც ფულს მოგვიტანდა, მაგრამ არც ამაზე დაგვთანხმდნენ. ხალხი დეპორტს ითხოვდა~, _ უთხრა `ბათუმელებს~ ინკოგნიტო რესპონდენტმა. ამ ადამიანმა საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარი ერთი მოტივით თქვა: `ჩემი სახელი რომ დაწეროთ, მომკლავენ ან დამიჭერენ, სულ თურქეთში დავდივარ სამუშაოდ. ისე, სხვა დროს ასეთი რამ არ ყოფილა~.
თემურ მიქელაძის ცნობით, სარიკენდის დასახლებაში ქართველებს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ: `ერთ-ერთი ქართველი ქალი, რომელმაც საქართველოში დაბრუნება ითხოვა, თურქმა სცემა~.
თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ისინი თურქეთში ორი სამარშრუტო ტაქსით გადავიდნენ: სარფის საბაჟოზე გადასვლის შემდეგ სამარშრუტო ტაქსით 1500 კილომეტრი გაიარეს. ეს მგზავრობა მათ 110 ლარი დაუჯდათ: `სარიკენდში~ იმ მძღოლმა ჩაგვიყვანა, რომელიც ადრე საქართველო-თურქეთის ავტობუსის ხაზზე მუშაობდა. ის გვეუბნებოდა, რომ ქუთაისში ორი ადამიანი შემოაკვდა, ქართველებს ამით აშინებდა კიდეც. ეს კაცი საქართველოში სწორედ ამიტომ ვეღარ შემოდის~.
თემურ მიქელაძემ `ბათუმელებს~ უთხრა, რომ მის თანამგზავრებს აქვთ შესაბამისი მტკიცებულება _ მობილური ტელეფონით გადაღებული აუდიო და ვიდეოკადრები: `ამ კადრებზე ასახულია, სად გვეძინა, როგორ ვმუშაობდით, როგორ გვექცეოდნენ თურქები, მაგრამ ვინც გადაიღო ეს კადრები, ის წინააღმდეგია მისი გამოქვეყნების, ეშინია~.
ამ ჯგუფს საქართველოში დაბრუნების უფლება გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ მისცეს: `გზის ფული არ გვქონდა, ამიტომ გვაიძულეს, რომ გვემუშავა. მაგრამ სამუშაო იმდენად მძიმე იყო, რომ მათი მოთხოვნების შესრულება ყველამ ვერ შეძლო. განსაკუთრებით ქალებს უჭირდათ. უკან იმ მძღოლმა ჩამოგვიყვანა, ვისი მარშრუტკითაც აქედან წავედით~.
როგორც `ბათუმელებმა~ დაადგინა, ადამიანებს, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში ეწეოდნენ მონურ შრომას, არც ქართველი სამართალდამცავებისთვის მიუმართავთ.
თემურ მიქელაძე კი, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, დარწმუნებულია, რომ ამაზე საუბარი ორი მიზეზის გამო აუცილებელია: `დახმარება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სარიკენდიდან ვერ გამოაღწიეს. გარდა ამისა აუცილებელია თურქეთში სამუშაოს მაძიებლებმა იცოდნენ, რაც ჩვენ შეგვემთხვა, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვან~.