გასახლება ზღვისპირა ზოლიდან

пятница, 5 февраля 2010 г.


ბათუმის ბულვარი, ადლიის გავლით, აეროპორტის დასახლებაში, ცენტრალურ გზატკეცილამდე გრძელდება. ამის გამო ამ ზოლში დასახლებული 39 ოჯახი უნდა აასახლონ. ბათუმის მერიამ უკვე მიმართა სასამართლოს პრეზიდენტის ამ ბრძანებულების განხილვის თხოვნით.




პრეზიდენტის ბრძანებულება #921-ში (2009 წლის 14 დეკემბერი) წერია: ``აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, ბათუმის მერიას მიენიჭოს ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უფლება``. ამასთან, ჩამოთვლილია იმ 39 ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ეს შეეხება.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის _ გელა მახარაძის ინფორმაციით, ``ექსპროპრიაცია (ხელისუფლების მიერ ქონების იძულებით ჩამორთმევა სასყიდლის მიცემით ან უსასყიდლოდ. _ უცხო სიტყვათა ლექსიკონი) კომპენსაციის გაცემაზე საუბარი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება, რადგან შესაძლოა მოსამართლემ კონკრეტულ პირს არ ჩამოართვას ქონება``.
ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოში გასულ კვირას იმსჯელეს. მერიის ქონების მართვის ხელმძღვანელმა, გოგა ლომაძემ, დეპუტატებს უთხრა, რომ ადლიის ზოლი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ფასიც ნაწილობრივ ამის მიხედვით განისაზღვრება (ერთი კვადრატი _ 44 ლარი). საბოლოო ღირებულებას კი დაადგენს აუდიტი, რომელიც ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელებს როგორც სახელმწიფო, ისე საბაზრო ფასით.
ადლიის დასახლებაში (ადლია ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში იყო, ამიტომაც აქ მცხოვრებ ოჯახებს მიწის ნაკვეთები აქვთ _ ავტ.), ზღვისპირა ზოლში მცხოვრებმა ოჯახებმა უკვე იციან, რომ მათ აასახლებენ, თუმცა არ იციან, სად დაასახლებენ და რა პირობით. გელა მახარაძე ამბობს, რომ მერია მიიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც ამ ოჯახების ქონების საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. მერია შეფასებულზე ნაკლებს ან მეტს ვერ გადაიხდის. `მიწა, შენობა, ხეც, ნარგავები _ ყველაფერი შესაფასებელია~.
ასასახლებელთა სიაში მოხვედრილი მერი ბერიძე ამბობს, რომ მერიას მისი ოჯახისთვის არაფერი შეუთავაზებია: `აუცილებლად დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ ხომ უნდა იყოს რეალური შემოთავაზება. მომელაპარაკონ, სად, რას მაძლევს. არ მაწყობს, არ მინდა, არსად წავალ. დაწერეთ გაზეთში, გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს, ამას გავუკეთებ ბათუმის მერიას~.
მერი ბერიძის ინფორმაციით, მათი სახლების დემონტაჟი 15 თებერვლიდან იგეგმება: ``სააკაშვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ რომც დამიჩოქოს, ფეხს არ მოვიცლი, არ ავდგები აქედან, თუ 500 დოლარს არ მომცემენ კვადრატ მიწაში``.
მუსტაფ ვარდმანიძის ოჯახი სიაში პირველია. ``ეს ადგილი შეუფასებელია, კარგს გააღებ ბულვარში ხარ, წინ ზღვა გვაქვს. მოვიდნენ მერიიდან და გვითხრეს, სახლის ფართობის მიხედვით ბინას მოგცემთ, მიწის მიხედვით _ მიწას ან ფულსო. ასევე გვითხრეს, რომ როგორც ვისურვებთ, ისე იქნება. აბარგება და გადაბარგება ძნელია, მაგრამ გზას ვერ შევუშლით ხელს~ _ ამბობს ნათელა ვარდმანიძე.
მუსტაფ ვარდმანიძე: `მე აქ ყველაფერი ჩემი მაქვს _ წყალი, ბოსტანი... მარტო დენის ფულს ვიხდი. ახლა სად მომცემენ მიწას, არ ვიცი, ან ბინა სად იქნება~.
თებრა ვარდმანიძე: `პრესტიჟული ადგილია და არ გვინდა წასვლა. სულ ცოტა 300 დოლარი უნდა გადაგვიხადონ კვადრატულ მეტრში. გვითხრეს, რომ შეიძლება ბათუმში, ლერმონტოვის, ჭავჭავაძის ან პუშკინის ქუჩებზე მოგვცემენ ბინას~.
ავთანდილ ფაღავა: `სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წავალ... ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რეალური ფასი გადაიხადონ. გზა სახელმწიფოს სჭირდება და დავთმობთ ჩვენ საკუთრებას... პატივცემულმა პრეზიდენტმა 6-7 თვის წინ თქვა, რომ ჩოლოქიდან სარფამდე მიწის ფასი 450-500 დოლარი ღირს, მაგდენის მომცემი არავინაა...``
თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება ადლიაში მცხოვრები 39 ოჯახისთვის, მაშინ მათ აქვთ უფლება გადაწყვეტილება სასამართლოს შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრონ. თუმცა გელა მახარაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრებას აზრი არ აქვს: ``სასამართლო იმიტომ განიხილავს, რომ კონსტიტუციითაა დადგენილი. სასამართლოში გასაჩივრებას კი აზრი იმიტომ არ აქვს, რომ ასეა თუ ისეა, ასახლება დასაბუთებულია, პრეზიდენტის ბრძანებულებით``.
მახარაძის ინფორმაციით, 39 ოჯახიდან ზოგს მიწა ჩამოერთმევა, ზოგს _ სახლი. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მერიამ უკვე შეარჩია. ისინი ქონებას დასაბუთებულად შეაფასებენ და შეფასებას მერიას წარუდგენენ.