
21 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სიმონეთში მეწყრის შედეგად 12-მეტრიანი ხიდი დაინგრა. გზა, რომელიც 36 ოჯახს მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს, მეორე დღესვე აღადგინეს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დიდთოვლობის გამო დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სოფლებში ჩაკეტილია გზებიც.
მეწყერმა ხელვაჩაურში კომპანია `ქირდარ გრუპის~ ტექნიკა დააზიანა. ერთ თვეზე მეტია თურქული კომპანია `ბაიარაქტარის~ დაკვეთით იმ ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ინერტულ მასალას იღებენ. კომპანიის ინფორმაციით, მოპოვებული მასალა ჭოროხსა და გონიოში, ზღვის სანაპიროს გამაგრებას ხმარდება. ინერტული მასალის მოსაპოვებლად კომპანია აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებდა.
სოფელში მცხოვრები ავნი კომახიძე მეწყრის ჩამოწოლას ამ აფეთქებას აბრალებს: `სოფელი გახეთქილია, აფეთქების ბრალია მეწყრის განვითარებაც. შეარყია სოფელი ამ ქვის ჩამოშლამ~.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ბიჭიკო თეთრაძისა და თამაზ კომახიძის სახლების მინები დაიმტვრა, თუმცა კომპანიამ ეს ზარალი აანაზღაურა.
მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სტიქია წვიმის შედეგად განვითარდა. ინერტული მასალის მოპოვების გამო მთის ჩამოშლას `ქირდარ გრუპის~ წარმომადგენლებიც გამორიცხავენ.
`რაშია საქმე? ჟურნალისტი? ჟურნალისტების არ მჯერა. იტყუებით თქვენ~, _ სოფლის გამგებელი _ ჟუჟუნა ხაჯიშვილი იმის გამოა გაღიზიანებული, რომ მედიასაშუალებებმა დეზინფორმაცია _ თითქოს მეწყერმა მოსახლეობა დააზარალა _ გაავრცელეს (ეს ცნობა ცენტრალურმა ტელევიზიებმა გადასცეს).
გამგებლის ინფორმაციით, წისქვილსა და ხიდს, რომლებიც მეწყერმა თან ჩაიტანა, კარიერზე მომუშავე კომპანია აღადგენს.
დამეწყრილი ტერიტორია საზოგადოების განვითარების კავშირის _ `ბორჯღალოს~ წევრებმაც მოინახულეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სტიქიის განვითარების მიზეზების შესახებ დასკვნას მალე მოამზადებს.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს. ამ სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. `ენერგო-პრო ჯორჯიას~ ჯგუფები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. ამ დროისთვის აჭარაში სამი ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კვატია, ხიხაძირი, ხიჭაური და ჭვანა _ ამ და კიდევ რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგება _ ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ _ `ენეგო-პრო ჯორჯიას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა _ გიორგი სურმავამ მოაწოდა. დიდთოვლობის გამო 21 ნოემბერს, გვიან ღამით, დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აჭარაში მეწყერი გააქტიურდა
Автор: ნათია როყვა на 22:45 Ярлыки: კვირის ამბები вторник, 24 ноября 2009 г.ცვლილებები სახალხო დამცველის ოფისში
Автор: ნათია როყვა на 23:56 Ярлыки: კვირის ამბები вторник, 3 ноября 2009 г.6 ნოემბრიდან სახალხო დამცველის ოფისის 13 თანამშრომელს დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლებენ. მიზეზი რეორგანიზაციის პროცესში შტატების შემცირება, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების ლიკვიდაციაა. გათავისუფლებული თანამშრომლები ორი თვის კომპენსაციას მიიღებენ.
2009 წლის 30 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გამოსცა ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისადაც 2009 წლის 6 ნოემბრიდან ამოქმედდება აპარატის ახალი დებულება და ახალი საშტატო ნუსხა. ამ დროიდან განხორციელდება აპარატის რიგი სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია.
`რეორგანიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი იყო აპარატში გამოცდილი და პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, რომელთა გადამზადებისათვის სახალხო დამცველის აპარატმა და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა მოცულობითი რესურსები დახარჯეს~, _ წერია სახალხო დამცველის ინფორმაციის სამმართველოს მიერ ბათუმელებისთვის~ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.



~ტიტანიკის~ მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #107-ში მცხოვრებ 28 ოჯახს, როგორც თვითონ ამბობენ, ქალაქის მერმა და ლევან ვარშალომიძემ ბინების დაცლა მოსთხოვეს. ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ და პრეზიდენტის დახმარების იმედად არიან. ეგრეთ წოდებულ `სახლ-ტიტანიკში~ რამდენიმე ოჯახი წინა ხელისუფლების დროს შესახლდა.
`ტიტანიკს~ ამ სახლს იმიტომ ვეძახით, რომ ჩაძირულია~, _ მიხსნის აქ მცხოვრები ჟუჟუნა ლორთქიფანიძე. მისი ოჯახი ამორტიზებულ სახლში იმჟამინდელმა ქალაქის მერმა, გიორგი აბაშიძემ, მას შემდეგ შეასახლა, როცა ლორთქიფანიძეს საკუთარი სახლი ქობულეთში ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის მოვარდნის შედეგად დაეწვა: ~მაშინ მთავრობაში წარვადგინე სახლის დაწვის დოკუმენტები და აბაშიძემ აქ შემომასახლა. რა ვიცოდი, ქვეყანა ასე თუ აირეოდა. წინა ხელისუფლებამ რომ შემომასახლა, ამის დამამტკიცებელი არანაირი დოკუმენტი არ გამაჩნია, ახლა ვარშალომიძემ და ქალაქის მერმა მითხრეს, რომ საიდანაც მოვედი, იქ წავიდე~.
იმავეს ამბობს დარიკო აბულაძე, რომლის საცხოვრებელი ბინის კედლები და ჭერი დაბზარულია: `ოთხი შვილი მყავს, ღამით ყველას ტანსაცმლით გვძინავს, ცემენტი ერთნაირად ცვივა ჭერიდან და კედლებიდან. მიწისძვრა რომ იყო, ჩაცმაც ვერ მოვასწარით, ისე ჩავარდით ეზოში~.
როგორც დარიკო ამბობს, წლების წინ ეროზირებული სოფლიდან ჩამოვიდა ოჯახთან ერთად და მას შემდეგ ამ სახლში ცხოვრობს.
ნათელა პაქსაძე `ტიტანიკის~ პირველ სართულზე ცხოვრობს. შესასვლელში შეშის ღუმელი დგას. იქვეა გასაშრობად მიფენილი სარეცხი. სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა პლედით აქვს ერთმანეთისგან გაყოფილი. იქვე ალაგია ფეხსაცმელები, ქოლგა, საწვიმარი, ქურთუკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. კედლები დაბზარული და სველია.
ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ მისი მეუღლე მხოლოდ პურის ფულის შოვნას ახერხებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მასაც მოსთხოვეს თვითნებურად დაკავებული საცხოვრებლის დაცლა: `ქუჩაში გაგყვრიან? წასასვლელი არსად მაქვს~.
აზიზ ფაღავამ ბინა შვილის ავადმყოფობის გამო 12 წლის წინ გაყიდა, მას შემდეგ ლერმონტოვის #107-ში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი მტკიცებით, იგი ოცი წელია იქვე მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობდა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მას უფლება ჰქონდა ეს ნაკვეთი კერძო საკუთრებაში დაერეგისტრირებინა, მაგრამ ახლა აქ შსს ახალი შენობა დგას. საკუთარი პრობლემების შესახებ მან პრეზიდენტს რამდენჯერმე მიწერა... თუმცა დარწმუნებულია, რომ მის გაგზავნილ წერილებს სააკაშვილს უმალავენ: `პრეზიდენტს ჩვენი პრობლემის შესახებ რომ გაეგო, აუცილებლად მოგვხედავდა~.
სადარბაზოს პირველ სართულზე, კიბის ქვეშ გამავალი კანალიზაციის მილები დახეთქილია და წყლის დიდი გუბე დგას. `ზაფხულში ანტისანიტარიაა, ყიყინებენ ბაყაყები და მწერებით სავსეა აქაურობა~, _ ყვებიან აქ შესახლებულები.
ამ სახლში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე _ ლევან ვარშალომიძე და ბათუმის მერი _ რობერტ ჩხაიძე საგანგებოდ ეწვივნენ და სახლის დაცლა მოსთხოვეს, პარლამენტში და პრეზიდენტის სახელზე გასაგზავნად წერილს ამზადებენ. ეს ოჯახები თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებას ადგილობრივ მთავრობასაც სთხოვენ.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი _ გელა მახარაძე ადასტურებს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრებლებს ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რამდენჯერმე შეხვდნენ: ~ჩვენ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რომელიც არ შესრულდება. ვინც თვითნებურად შესახლდა, ან ვისაც ნაქირავები, ნაგირავები თუ ნაყიდი აქვს იმ ადამიანისგან, ვისაც ასევე თვითნებურად ჰქონდა ფართობი დაკანონებული, არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მერიისგან ბინებს მიიღებენ საჩუქრად. მერია საცხოვრებელ ბინებს აძლევს 32 ოჯახს, იმ ოჯახებს, ვისაც საკუთრების უფლება გააჩნია ლერმონტოვის #107-ში. ისინი ბინებს ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ~ცენტრპოინტის~ მიერ აშენებულ კორპუსში მიიღებენ~.
გელა მახარაძე ამბობს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრები 28 ოჯახი 2001 წელს მერიამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართობებით. `ტიტანიკში~ ბინები ზოგმა გაყიდა, ზოგმა გააქირავა ან დააგირავა, ზოგიც თვითნებურად შესახლდა _ ამ ადამიანების არც განცხადებები განიხილება და ვერც ბინებს ვერ მიიღებენ. ლერმონტოვის #107 არ იქცევა სხვადასხვა დროს, სხვდასახვა ადამიანის საკუთრების უფლების მოპოვების საშუალებად~.


ძველი ბათუმის ქუჩები მთლიანად გადათხრილია. ამ უბანში ელექტროენერგიის სადენებს, სასმელი წყლისა და სანიაღვრე მილებს ცვლიან. ასევე ამონტაჟებენ ბუნებრივი აირის ქსელს. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ძველ ბათუმში სამუშაოები მომავალი წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
~საუკუნის წინ გაკეთებული წყლის მილები ასი პროცენტით იცვლება. ამით ბათუმს 20-30 წლის განმავლობაში წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მოეხსნება~, _ ამბობს ბათუმის მერის მრჩეველი, ზაურ ფატლაძე.
~სოკარ-ჯორჯია გაზის~ აჭარის ფილიალის დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის, ინფორმაციით, ძველ ბათუმში გაზიფიკაცია თითქმის დასრულებულია: `ორ წელში 35-40 ათასი აბონენტი უნდა უზრუნველვყოთ~.
თენგიზ პეტრიძე _ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე: `ძველ ბათუმში სანიაღვრე მილების შეცვლა ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი ამ წლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი, სავარაუდოდ _ მომავალი წლის შემოდგომაზე~.
`ენერგო-პრო ჯორჯიას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი _ გიორგი სურმავა: `მიწისქვეშა ქსელი ბათუმში გასული საუკუნის შუა წლებში შეიცვალა, ამიტომ კომპანიამ ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო~.
როგორც `ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, ძველ ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ანუ სადენების მონტაჟი სექტემბერში დაიწყო და სამ თვეში, ანუ ნოემბერში დასრულდება.
ძველი ბათუმის პარალელურად სხვა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორგასლის ქუჩაზე მთავარი კოლექტორი შენდება. იცვლება ბათუმში წყლისა და სანიაღვრე მილები. ამ პროექტში 65 მილიონი ევრო დაიხარჯება. 55 მილიონი გერმანული ბანკის კრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბათუმის მერიამ გამოყო. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდება, ყველა კორპუსთან მრიცხველები დამონტაჟდება და მოსახლეობა მოხმარებული წყლის საფასურს საერთო მრიცხველის მიხედვით გადაიხდის.
წყალ-კანალი სალიბაურის სამარაგო რეზერვუარზე მთავარი მაგისტრალური წყლის კონვექტორს აშენებს. ამ რეზერვუარის გასაკეთებლად ორნახევარი მილიონი ევროა გათვალისწინებული. სალიბაურის რეზერვუარები თითქმის აშენებულია და მალე უნდა შეივსოს წყლით, ანუ შემოწმდება მისი გამტარობა და შემდეგ დაიწყება კედლების მოპირკეთება. წყლის საქაჩი ნაგებობა შენდება ბარცხანაშიც. ამ ობიექტის მეშვეობით ჩაქვიდან სალიბაურის რეზერვუარებში წყალი გადაიქაჩება. ამ ობიექტის მშენებლობაზე 650 ათასი ევრო დაიხარჯა, ობიექტზე სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.
დასრულდა კიდევ ერთი ტენდერი, რომელშიც სამმა კომპანიამ გაიმარჯვა. მათთან ხელშეკრულებები ჯერჯერობით გაფორმებული არ არის, ამიტომაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ვინაობას მერიაში ასაიდუმლოებენ. ორი რეზერვუარი აშენდება ინჯალოში, ბათუმის შემოგარენში. ასევე ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება ფისროსმანის, ლეონიძისა და პუშკინის ქუჩებზე.
ადლიაში, სადაც ადრე გამწმენდი ნაგებობა იყო, ზღვის სიღრმეში სპეციალური კანალიზაციის მილი გაკეთდება. ეს პროექტი ორასი ათას მოსახლეზეა გათვლილი და ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ზაურ ფატლაძის განმარტებით, სასმელი წყალი ბათუმის მოსახლეობას ხშირად იმიტომ არ მიეწოდება, რომ სათავეში არსებული ტექნიკური შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს წვიმების დროს ტალახიანი წყლის გაწმენდას.
კანონიერი ქურდის გარდაცვალების გაუხმაურებელი დეტალები
Автор: ნათია როყვა на 23:22 Ярлыки: სამართალი вторник, 27 октября 2009 г.
ფოტო;საბა წიწიკაშვილი
პატიმარი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა
მოკლეს თუ სხვა მიზეზით გარდაიცვალა უშანგი გოდელაძე მეშვიდე საპყრობილეში? ეს ადამიანი ბათუმში დააკავეს და მას ბათუმის საქალაქო სასამართლო მოიხსენიებს როგორც კანონიერ ქურდს. მის გარდაცვალებას სახელმწიფო დაწესებულებებში ადასტურებენ, თუმცა გარდაცვალების მიზეზებს არ ასახელებენ. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში კი ამბობენ, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ სმენიათ, მაგრამ სატელეფონო კომენტარს არ გააკეთებენ.
გარდაცვლილის მეუღლე _ ნინო აბრამიშვილი, რომელიც ქარელში ცხოვრობს, `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ მის მეუღლეს ცხედარზე, მათ შორის სახის არეში, მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა: `შუბლიდან კეფამდე თავი მოკერილი ჰქონდა, ეს ქირურგიული ნაკერები იყო და არა ექსპერტიზის... მთელი სხეული ჩალურჯებული ჰქონდა. ვიცი, რომ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა~.
ნინო აბრამიშვილის თქმით, ცნობა, რომელიც მას ღუდუშაურის კლინიკაში (სადაც პატიმარი გარდაიცვალა) მისცეს, წერია: `გარდაცვალების მიზეზი უცნობია~.
`ვიცი, რომ სამართალს ვერ ვიპოვი. ვფიქრობ, არ ღირს არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, არც ადვოკატის დაქირავებას ვაპირებთ. უჩას არაფერი ეშველება და შეიძლება ჩვენც შეგვექმნას პრობლემები~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ გარდაცვლილის ქვრივმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 38 წლის უშანგი გოდელაძე ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აღმკვეთი ღონისძიება _ ორთვიანი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს (კანონის მიხედვით, პირს აღმკვეთი ღონისძიება დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა შეუფარდონ). ხოლო თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანიდან მეორე დღეს უშანგი გოდელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ათავსებენ.
ამ საავადმყოფოს საშვთა ბიუროში (ტელეფონის ნომერი 51 58 74) `ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ `უშანგი გოდელაძე ნამდვილად იყო მათ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში~.
სხვა ინფორმაციის მოწოდებაზე _ აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება გარდაცვლილს ან ვინ მიიყვანა მათთან _ ღუდუშაურის კლინიკაში უარს აცხადებენ. `19-ში შემოვიდა, 21-ში გაიყვანეს. მეტის თქმის უფლება არ გვაქვს~, _ განმარტეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ნინო აბრამიშვილის თქმით, პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს: `იყვნენ ოჯახში მოსული და ფორმალურად დაგვკითხეს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ორმოცი დღის გასვლას ველოდები, მერე ჩავალ თბილისში და წამოვიღებ ექსპერტიზის დასკვნას, ალბათ უკვე მზად იქნება პასუხი~.
ბათუმის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, გოდელაძის დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს შოთა მამულაძემ მიმართა. მამულაძე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს გამომძიებელია. თუმცა სასამართლოს დოკუმენტში არ წერია, სად ან ვინ დააკავა გოდელაძე და მისი თანმხლები პირები.
თვითმხილველების ინფორმაციით კი (წყარომ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა), უშანგი გოდელაძე სოდ-მა ბათუმში, რესტორან `აჭარული სახლის~ მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრა. ასევე დააპატიმრეს ის ადამიანები, რომლებიც თურქეთში მიმავალ გოდელაძესთან ერთად ქეიფობდნენ.
ეჭვმიტანილის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი _ მამუკა ზოიძე იცავდა. როგორც თავად ამბობს, გოდელაძის ინტერესების დასაცავად იგი გამოძიებამ მიიწვია: `უშანგის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ეს გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი პატიმრობა არ გამისაჩივრებია, რადგან ამის სურვილი ბრალდებულს არ ჰქონდა. თბილისში რა მოხდა, რითი გარდაიცვალა გოდელაძე, ჩემთვის უცნობია~. გოდელაძის დაკავების ადგილი თუ უწყება, რომელმაც ის დააპატიმრა, არც ადვოკატმა იცის.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდეზე არაფერი წერია პატიმარ უშანგი გოდელაძის გარდაცვალების შესახებ (როგორც წესი, ეს სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე ანთავსებს). სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დეპარტამენტის დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, დოდო გუგავას, ინფორმაციით კი, `ბრალდებული დროულად გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხდა მისი გადარჩენა. უშანგი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა მისი სიკვდილის მიზეზი... ეს ინფორმაცია მიეწოდა გარდაცვლილის ოჯახს. მისი ოჯახის გარეშე გარდაცვალების მიზეზს ვერ გეტყვით~.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საპატიმროების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი _ ნათია იმნაძე: `ექსპერტიზის დასკვნამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საერთოდ კი ამ ფაქტის შესახებ მსმენია~.
მოსამართლის ბრძანების ასლში წერია: უშანგი გოდელაძე არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით _ უჩა, მართავს ქურდულ სამყაროს. გამოძიების ვერსიით, უჩამ განიზრახა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, გოჩა მურადოვთან ერთად. 14 სექტემბერს ის საკუთარი სიმბარათიდან დაუკავშირდა ნაცნობს, ქურდული სამყაროს ტრადიციების მატარებელ ვინმე მინდია კახიძეს და სთხოვა დახმარება, რომ მას და გოჩა მურადოვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებოდა.
სასამართლოს ოქმში ასევე წერია, რომ 14 სექტემბერს მინდია კახიძე დაუკავშირდა თავის დედას, ნინო კახიძეს და უთხრა, რომ მასთან სახლში ირაკლი გოგოლიშვილი მიიყვანდა სტუმრებს და უჩასთვის განსაკურებული ყურადღება მიექცია. ბრალდების მტკიცებით, უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი მინდია კახიძესთან შეთანხმებით და გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში.
~უშანგი გოდელაძე ნარკოტიკული ნივთიერება ~ჰეროინის~ შეძენა-შენახვაზე დააკავეს, რომელსაც ე.წ `შორტის~ მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში ინახავდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩხრეკისას მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა~, _ წერია მოსამართლის ბრძანების ასლში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უშანგი გოდელაძეს თანმხლებ პირებთაგან ამჟამად პატიმრობაში მხოლოდ მინდია კახიძე რჩება, სხვები კი გაათავისუფლეს.
კანონით მოსამართლე ვალდებულია წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებები გამოიკვლიოს და მოწმეები სასამართლოში დაკითხოს. ამ პროცედურის შემდეგ მას შინაგანი რწმენა უყალიბდება და განაჩენიც ამის საფუძველზე გამოაქვს.
ადვოკატ რამინ პაპიძის მტკიცებით, მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ ისე მიუსაჯა შვიდი წლით პატიმრობა უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს _ კახა მიქელაძეს, რომ მოწმეები არ დაუკითხავს, არც მტკიცებულებები გამოუკვლევია და არც ბრალდებულის ვინაობა დაუდგენია.
კახა მიქელაძის საქმეს მოსამართლე თემურ კაკაბაძე განიხილავდა. მან დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია მტკიცებულებები და მაშინ, როცა განაჩენი უნდა გამოეტანა, იგი რეზერვში გადაიყვანეს. ამიტომ გააჩენი მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ გამოიტანა.
მსგავსი ფაქტი ადვოკატს ქობულეთის რაიონულ სასამართლოშიც ჰქონდა. ირაკლი კალანდაძის საქმეს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავდა. საქმის განხილვის დასრულებამდე ვერა დოლიძე ქობულეთის სასამართლოდან ბათუმში გადმოიყვანეს. ეს საქმე კი მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ გააგრძელა.
ადვოკატის მტკიცებით ეს უკანონობაა. სასამართლოს ოქმში წერია, რომ სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გამო ადვოკატი სასამართლოს მიმართ პროტესტს აცხადებს. ოქმის მიხედვით ადვოკატი ამბობს, რომ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი, სადაც წერია: `ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები და შინაგანი რწმენით გამოიტანოს გადაწყვეტილება~.
კოდექსის 435-ე მუხლში სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობაზეა საუბარი: `სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაზე ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით~.
436-ე მუხლის შეასაბამისად კი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია საქმეზე დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე: `თუ სათადარიგო მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეზე მისთვის შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ცალკეულ სასამართლო მოქმედებათა ჩატარება, შესაძლებელია ცალკეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა, რის შემდეგაც გრძელდება საქმის განხილვა~.
კახა მიქელაძის საქმის ოქმის მიხედვით, სასამართლო პროცესზე განსასჯელის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვდა. რამინ პაპიძის აზრით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჯემალ კიკნაძეს შინაგანი რწმენა იმიტომ ვერ ჩამოუყალიბდებოდა, რომ მას არ დაუდგენია განსასჯელის ვინაობა, არ გამოუკვლევია ნივთმტკიცებულებები, არ დაუკითხავს მოწმეები: `ამიტომ ვითხოვ აცილებას, გაუგებრობის ასაცილებლად~.
ოქმში წერია, რომ პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება: `ეს საქმე არ განეკუთვნება განსაკუთრებით რთულ კატეგორიას. ადვოკატის პროტესტი მხოლოდ საქმის გაჭიანურებაა და უნდა გაგრძელდეს სასამართლო სხდომა~.
ჯემალ კიკნაძემ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ პაპიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს: `საქმის განხილვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 10 სექტემბრის გ#032 გადაწყვეტილებით... საპროცესო კოდექსის თანახმად, მე აღნიშნულ საქმეზე დანიშნული ვარ სათადარიგო მოსამართლედ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული უფლება მაქვს გავაგრძელო საქმის განხილვა იმ მომენტიდან, რა დროსაც შეწყდა განხილვა~.
`კანონში ზუსტად არ წერია, ვინ შეიძლება იყოს სათადარიგო მოსამართლე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათადარიგო მოსამართლედ მივიჩნიოთ ნებისმიერი მოსამართლე. მან თადარიგი უნდა დაიკავოს საქმის განხილვის დაწყებიდან. თუ იგი ცვლის მოსამართლეს, მაშინ სათადარიგო რატომ ჰქვია?~ _ კითხულობს პაპიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის _ შაქრო აბუსერიძის განმარტებით, `საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს სათადარიგოდ~.
შეჯიბრობითობის პრინციპი და დაცვის უფლებები ადვოკატის მტკიცებით არსებითად დაირღვა და ეს ზემდგომ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

ფოტო გადაღებულია ტელეარხი 25–ის მხარდამჭერ აქციაზე; ბათუმში.
გაზეთი ~აჭარა P.შ.~-ის რედაქცია მუშაობას ანახლებს. გაზეთი, როგორც მისი რედაქტორი ამბობს, 14 გვერდის ნაცვლად რვა გვერდზე გამოვა. პრობლემების გამო ერთ თვეს ეს გაზეთი აღარ მიეწოდებოდა მკითხველს. ~ფინანსური პრობლემები გვქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა. გვაქვს ოფისის პრობლემაც, პროფკავშირის სასახლეში ვართ ახლა, სხვაგან გადასვლა გვინდა~, _ ამბობს გაზეთის რედაქტორი _ ლალი ინაიშვილი.
რედაქტორის ინფორმაციით, გაზეთი `აჭარა P.შ.~-ი კვირაში ერთხელ გამოვა.
`აჭარა P.შ.~-ი საკუთარი შემოსავლებით და რეკლამებით არსებობს~, _ ამბობს რედაქტორი. ამ რედაქციაში ხუთი ჟურნალისტი მუშაობს.
`25-ე არხი~ კი ფინანსთა სამინისტროს პასუხის მოლოდინშია. ტელეარხის დირექტორი _ მერაბ მერკვილაძე ამბობს, რომ პარლამენტარ გია თორთლაძის დახმარებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს _ კახა ბაინდურაშვილს ესაუბრა ტელეფონით და ინკასოს მოხსნა სთხოვა. `მინისტრმა წერილობითი მიმართვა ითხოვა. შემპირდა, რომ გამოსავალს იპოვის ადგილობრივ საგადასახადოსთან ერთად, ისე, რომ `ტლეარხი 25~ არ დაზარალდეს. ეს უკვე პოზიტიური ნაბიჯია~, _ ამბობს მერაბ მერკვილაძე, რომელმაც წერილი უკვე გააგზავნა სამინისტროში და არა მარტო ინკასოს, არამედ ~ხელოვნურად დარიცხული თანხების~ მოხსნაც ითხოვა.
მერაბ მერკვილაძის გათვლებით, ~ტელეარხ 25~-ს სახელმწიფოსთვის მხოლოდ 70 ათასი ლარი აქვს გადასახდელი: `როცა ტელეარხს ინკასო ედო, ბიუჯეტში 180 ათასი ლარი შევიტანეთ. საგადასახადომ რაც დათვალა, იმას ეს 180 ათასი ლარი უნდა გამოაკლდეს. ვიყავი საგადასახადოში, ალეკო ბეჟანიძესთან შესახვედრად და მითხრეს, რომ ის თბილისში დაიბარეს. არაა გამორიცხული, ჩვენ საკითხთან დაკავშირებით იყოს დაბარებული~.
`ტელეარხ 25~-ის პრობლემებით საფრანგეთის ელჩი დაინტერესდა და მისი ინიციატივით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ დღეებში შედგება. ასევე ინფორმირებულია ამერიკის საელჩო, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურობენ ჟურნალისტებიც~, _ ამბობს მერკვილაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ~ტელეარხ 25~-ს აუქციონზე გაყიდვის საფრთხე ემუქრება. იმ თანხას, რასაც სახელმწიფო ტელევიზიას ედავება, ტელეკომპანიის დამფუძნებლები უკანონოდ მიიჩნევენ. მათ მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.