ფოტო;საბა წიწიკაშვილი


პატიმარი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა


მოკლეს თუ სხვა მიზეზით გარდაიცვალა უშანგი გოდელაძე მეშვიდე საპყრობილეში? ეს ადამიანი ბათუმში დააკავეს და მას ბათუმის საქალაქო სასამართლო მოიხსენიებს როგორც კანონიერ ქურდს. მის გარდაცვალებას სახელმწიფო დაწესებულებებში ადასტურებენ, თუმცა გარდაცვალების მიზეზებს არ ასახელებენ. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში კი ამბობენ, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ სმენიათ, მაგრამ სატელეფონო კომენტარს არ გააკეთებენ.

გარდაცვლილის მეუღლე _ ნინო აბრამიშვილი, რომელიც ქარელში ცხოვრობს, `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ მის მეუღლეს ცხედარზე, მათ შორის სახის არეში, მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა: `შუბლიდან კეფამდე თავი მოკერილი ჰქონდა, ეს ქირურგიული ნაკერები იყო და არა ექსპერტიზის... მთელი სხეული ჩალურჯებული ჰქონდა. ვიცი, რომ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა~.
ნინო აბრამიშვილის თქმით, ცნობა, რომელიც მას ღუდუშაურის კლინიკაში (სადაც პატიმარი გარდაიცვალა) მისცეს, წერია: `გარდაცვალების მიზეზი უცნობია~.
`ვიცი, რომ სამართალს ვერ ვიპოვი. ვფიქრობ, არ ღირს არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, არც ადვოკატის დაქირავებას ვაპირებთ. უჩას არაფერი ეშველება და შეიძლება ჩვენც შეგვექმნას პრობლემები~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ გარდაცვლილის ქვრივმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 38 წლის უშანგი გოდელაძე ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აღმკვეთი ღონისძიება _ ორთვიანი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს (კანონის მიხედვით, პირს აღმკვეთი ღონისძიება დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა შეუფარდონ). ხოლო თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანიდან მეორე დღეს უშანგი გოდელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ათავსებენ.
ამ საავადმყოფოს საშვთა ბიუროში (ტელეფონის ნომერი 51 58 74) `ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ `უშანგი გოდელაძე ნამდვილად იყო მათ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში~.
სხვა ინფორმაციის მოწოდებაზე _ აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება გარდაცვლილს ან ვინ მიიყვანა მათთან _ ღუდუშაურის კლინიკაში უარს აცხადებენ. `19-ში შემოვიდა, 21-ში გაიყვანეს. მეტის თქმის უფლება არ გვაქვს~, _ განმარტეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ნინო აბრამიშვილის თქმით, პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს: `იყვნენ ოჯახში მოსული და ფორმალურად დაგვკითხეს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ორმოცი დღის გასვლას ველოდები, მერე ჩავალ თბილისში და წამოვიღებ ექსპერტიზის დასკვნას, ალბათ უკვე მზად იქნება პასუხი~.
ბათუმის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, გოდელაძის დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს შოთა მამულაძემ მიმართა. მამულაძე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს გამომძიებელია. თუმცა სასამართლოს დოკუმენტში არ წერია, სად ან ვინ დააკავა გოდელაძე და მისი თანმხლები პირები.
თვითმხილველების ინფორმაციით კი (წყარომ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა), უშანგი გოდელაძე სოდ-მა ბათუმში, რესტორან `აჭარული სახლის~ მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრა. ასევე დააპატიმრეს ის ადამიანები, რომლებიც თურქეთში მიმავალ გოდელაძესთან ერთად ქეიფობდნენ.
ეჭვმიტანილის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი _ მამუკა ზოიძე იცავდა. როგორც თავად ამბობს, გოდელაძის ინტერესების დასაცავად იგი გამოძიებამ მიიწვია: `უშანგის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ეს გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი პატიმრობა არ გამისაჩივრებია, რადგან ამის სურვილი ბრალდებულს არ ჰქონდა. თბილისში რა მოხდა, რითი გარდაიცვალა გოდელაძე, ჩემთვის უცნობია~. გოდელაძის დაკავების ადგილი თუ უწყება, რომელმაც ის დააპატიმრა, არც ადვოკატმა იცის.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდეზე არაფერი წერია პატიმარ უშანგი გოდელაძის გარდაცვალების შესახებ (როგორც წესი, ეს სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე ანთავსებს). სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დეპარტამენტის დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, დოდო გუგავას, ინფორმაციით კი, `ბრალდებული დროულად გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხდა მისი გადარჩენა. უშანგი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა მისი სიკვდილის მიზეზი... ეს ინფორმაცია მიეწოდა გარდაცვლილის ოჯახს. მისი ოჯახის გარეშე გარდაცვალების მიზეზს ვერ გეტყვით~.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საპატიმროების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი _ ნათია იმნაძე: `ექსპერტიზის დასკვნამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საერთოდ კი ამ ფაქტის შესახებ მსმენია~.
მოსამართლის ბრძანების ასლში წერია: უშანგი გოდელაძე არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით _ უჩა, მართავს ქურდულ სამყაროს. გამოძიების ვერსიით, უჩამ განიზრახა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, გოჩა მურადოვთან ერთად. 14 სექტემბერს ის საკუთარი სიმბარათიდან დაუკავშირდა ნაცნობს, ქურდული სამყაროს ტრადიციების მატარებელ ვინმე მინდია კახიძეს და სთხოვა დახმარება, რომ მას და გოჩა მურადოვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებოდა.
სასამართლოს ოქმში ასევე წერია, რომ 14 სექტემბერს მინდია კახიძე დაუკავშირდა თავის დედას, ნინო კახიძეს და უთხრა, რომ მასთან სახლში ირაკლი გოგოლიშვილი მიიყვანდა სტუმრებს და უჩასთვის განსაკურებული ყურადღება მიექცია. ბრალდების მტკიცებით, უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი მინდია კახიძესთან შეთანხმებით და გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში.
~უშანგი გოდელაძე ნარკოტიკული ნივთიერება ~ჰეროინის~ შეძენა-შენახვაზე დააკავეს, რომელსაც ე.წ `შორტის~ მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში ინახავდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩხრეკისას მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა~, _ წერია მოსამართლის ბრძანების ასლში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უშანგი გოდელაძეს თანმხლებ პირებთაგან ამჟამად პატიმრობაში მხოლოდ მინდია კახიძე რჩება, სხვები კი გაათავისუფლეს.