ყველაფერი ახალი ძველ ბათუმში

вторник, 3 ноября 2009 г.
















ძველი ბათუმის ქუჩები მთლიანად გადათხრილია. ამ უბანში ელექტროენერგიის სადენებს, სასმელი წყლისა და სანიაღვრე მილებს ცვლიან. ასევე ამონტაჟებენ ბუნებრივი აირის ქსელს. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ძველ ბათუმში სამუშაოები მომავალი წლის ივნისში უნდა დასრულდეს.


~საუკუნის წინ გაკეთებული წყლის მილები ასი პროცენტით იცვლება. ამით ბათუმს 20-30 წლის განმავლობაში წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მოეხსნება~, _ ამბობს ბათუმის მერის მრჩეველი, ზაურ ფატლაძე.
~სოკარ-ჯორჯია გაზის~ აჭარის ფილიალის დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის, ინფორმაციით, ძველ ბათუმში გაზიფიკაცია თითქმის დასრულებულია: `ორ წელში 35-40 ათასი აბონენტი უნდა უზრუნველვყოთ~.
თენგიზ პეტრიძე _ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე: `ძველ ბათუმში სანიაღვრე მილების შეცვლა ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი ამ წლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი, სავარაუდოდ _ მომავალი წლის შემოდგომაზე~.
`ენერგო-პრო ჯორჯიას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი _ გიორგი სურმავა: `მიწისქვეშა ქსელი ბათუმში გასული საუკუნის შუა წლებში შეიცვალა, ამიტომ კომპანიამ ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო~.
როგორც `ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, ძველ ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ანუ სადენების მონტაჟი სექტემბერში დაიწყო და სამ თვეში, ანუ ნოემბერში დასრულდება.
ძველი ბათუმის პარალელურად სხვა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორგასლის ქუჩაზე მთავარი კოლექტორი შენდება. იცვლება ბათუმში წყლისა და სანიაღვრე მილები. ამ პროექტში 65 მილიონი ევრო დაიხარჯება. 55 მილიონი გერმანული ბანკის კრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბათუმის მერიამ გამოყო. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდება, ყველა კორპუსთან მრიცხველები დამონტაჟდება და მოსახლეობა მოხმარებული წყლის საფასურს საერთო მრიცხველის მიხედვით გადაიხდის.
წყალ-კანალი სალიბაურის სამარაგო რეზერვუარზე მთავარი მაგისტრალური წყლის კონვექტორს აშენებს. ამ რეზერვუარის გასაკეთებლად ორნახევარი მილიონი ევროა გათვალისწინებული. სალიბაურის რეზერვუარები თითქმის აშენებულია და მალე უნდა შეივსოს წყლით, ანუ შემოწმდება მისი გამტარობა და შემდეგ დაიწყება კედლების მოპირკეთება. წყლის საქაჩი ნაგებობა შენდება ბარცხანაშიც. ამ ობიექტის მეშვეობით ჩაქვიდან სალიბაურის რეზერვუარებში წყალი გადაიქაჩება. ამ ობიექტის მშენებლობაზე 650 ათასი ევრო დაიხარჯა, ობიექტზე სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.
დასრულდა კიდევ ერთი ტენდერი, რომელშიც სამმა კომპანიამ გაიმარჯვა. მათთან ხელშეკრულებები ჯერჯერობით გაფორმებული არ არის, ამიტომაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ვინაობას მერიაში ასაიდუმლოებენ. ორი რეზერვუარი აშენდება ინჯალოში, ბათუმის შემოგარენში. ასევე ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება ფისროსმანის, ლეონიძისა და პუშკინის ქუჩებზე.
ადლიაში, სადაც ადრე გამწმენდი ნაგებობა იყო, ზღვის სიღრმეში სპეციალური კანალიზაციის მილი გაკეთდება. ეს პროექტი ორასი ათას მოსახლეზეა გათვლილი და ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ზაურ ფატლაძის განმარტებით, სასმელი წყალი ბათუმის მოსახლეობას ხშირად იმიტომ არ მიეწოდება, რომ სათავეში არსებული ტექნიკური შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს წვიმების დროს ტალახიანი წყლის გაწმენდას.