მედიის გასაჭირი ბათუმში

вторник, 27 октября 2009 г.


ფოტო გადაღებულია ტელეარხი 25–ის მხარდამჭერ აქციაზე; ბათუმში.

გაზეთი ~აჭარა P.შ.~-ის რედაქცია მუშაობას ანახლებს. გაზეთი, როგორც მისი რედაქტორი ამბობს, 14 გვერდის ნაცვლად რვა გვერდზე გამოვა. პრობლემების გამო ერთ თვეს ეს გაზეთი აღარ მიეწოდებოდა მკითხველს. ~ფინანსური პრობლემები გვქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა. გვაქვს ოფისის პრობლემაც, პროფკავშირის სასახლეში ვართ ახლა, სხვაგან გადასვლა გვინდა~, _ ამბობს გაზეთის რედაქტორი _ ლალი ინაიშვილი.
რედაქტორის ინფორმაციით, გაზეთი `აჭარა P.შ.~-ი კვირაში ერთხელ გამოვა.
`აჭარა P.შ.~-ი საკუთარი შემოსავლებით და რეკლამებით არსებობს~, _ ამბობს რედაქტორი. ამ რედაქციაში ხუთი ჟურნალისტი მუშაობს.
`25-ე არხი~ კი ფინანსთა სამინისტროს პასუხის მოლოდინშია. ტელეარხის დირექტორი _ მერაბ მერკვილაძე ამბობს, რომ პარლამენტარ გია თორთლაძის დახმარებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს _ კახა ბაინდურაშვილს ესაუბრა ტელეფონით და ინკასოს მოხსნა სთხოვა. `მინისტრმა წერილობითი მიმართვა ითხოვა. შემპირდა, რომ გამოსავალს იპოვის ადგილობრივ საგადასახადოსთან ერთად, ისე, რომ `ტლეარხი 25~ არ დაზარალდეს. ეს უკვე პოზიტიური ნაბიჯია~, _ ამბობს მერაბ მერკვილაძე, რომელმაც წერილი უკვე გააგზავნა სამინისტროში და არა მარტო ინკასოს, არამედ ~ხელოვნურად დარიცხული თანხების~ მოხსნაც ითხოვა.
მერაბ მერკვილაძის გათვლებით, ~ტელეარხ 25~-ს სახელმწიფოსთვის მხოლოდ 70 ათასი ლარი აქვს გადასახდელი: `როცა ტელეარხს ინკასო ედო, ბიუჯეტში 180 ათასი ლარი შევიტანეთ. საგადასახადომ რაც დათვალა, იმას ეს 180 ათასი ლარი უნდა გამოაკლდეს. ვიყავი საგადასახადოში, ალეკო ბეჟანიძესთან შესახვედრად და მითხრეს, რომ ის თბილისში დაიბარეს. არაა გამორიცხული, ჩვენ საკითხთან დაკავშირებით იყოს დაბარებული~.
`ტელეარხ 25~-ის პრობლემებით საფრანგეთის ელჩი დაინტერესდა და მისი ინიციატივით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ დღეებში შედგება. ასევე ინფორმირებულია ამერიკის საელჩო, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურობენ ჟურნალისტებიც~, _ ამბობს მერკვილაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ~ტელეარხ 25~-ს აუქციონზე გაყიდვის საფრთხე ემუქრება. იმ თანხას, რასაც სახელმწიფო ტელევიზიას ედავება, ტელეკომპანიის დამფუძნებლები უკანონოდ მიიჩნევენ. მათ მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.