სასამართლო პროცესის ხარვეზი....

вторник, 27 октября 2009 г.

პატიმარ კახა მიქელაძისა და ირაკლი კალანდაძის სასამართლო პროცესზე დაირღვა დაცვისა და განსასჯელების უფლებები. ამას ამ ორი პატიმრის ადვოკატი ამტკიცებს: ~მოსამართლეები _ ჯემალ კიკნაძე და იუზა ბუცხრიკიძე ბრალდებულების საქმეს არ იცნობდნენ, ისე მიუსაჯეს სასჯელი. სასამართლომ მიქელაძეს შვიდი, კალანდაძეს კი 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა~.

კანონით მოსამართლე ვალდებულია წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებები გამოიკვლიოს და მოწმეები სასამართლოში დაკითხოს. ამ პროცედურის შემდეგ მას შინაგანი რწმენა უყალიბდება და განაჩენიც ამის საფუძველზე გამოაქვს.
ადვოკატ რამინ პაპიძის მტკიცებით, მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ ისე მიუსაჯა შვიდი წლით პატიმრობა უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს _ კახა მიქელაძეს, რომ მოწმეები არ დაუკითხავს, არც მტკიცებულებები გამოუკვლევია და არც ბრალდებულის ვინაობა დაუდგენია.
კახა მიქელაძის საქმეს მოსამართლე თემურ კაკაბაძე განიხილავდა. მან დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია მტკიცებულებები და მაშინ, როცა განაჩენი უნდა გამოეტანა, იგი რეზერვში გადაიყვანეს. ამიტომ გააჩენი მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ გამოიტანა.
მსგავსი ფაქტი ადვოკატს ქობულეთის რაიონულ სასამართლოშიც ჰქონდა. ირაკლი კალანდაძის საქმეს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავდა. საქმის განხილვის დასრულებამდე ვერა დოლიძე ქობულეთის სასამართლოდან ბათუმში გადმოიყვანეს. ეს საქმე კი მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ გააგრძელა.
ადვოკატის მტკიცებით ეს უკანონობაა. სასამართლოს ოქმში წერია, რომ სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გამო ადვოკატი სასამართლოს მიმართ პროტესტს აცხადებს. ოქმის მიხედვით ადვოკატი ამბობს, რომ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი, სადაც წერია: `ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია დაკითხოს დაზარალებული და მოწმე, შეისწავლოს და მოისმინოს ექსპერტის დასკვნა, შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულებები და შინაგანი რწმენით გამოიტანოს გადაწყვეტილება~.
კოდექსის 435-ე მუხლში სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობაზეა საუბარი: `სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაზე ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით~.
436-ე მუხლის შეასაბამისად კი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია საქმეზე დანიშნოს სათადარიგო მოსამართლე: `თუ სათადარიგო მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეზე მისთვის შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ცალკეულ სასამართლო მოქმედებათა ჩატარება, შესაძლებელია ცალკეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა, რის შემდეგაც გრძელდება საქმის განხილვა~.
კახა მიქელაძის საქმის ოქმის მიხედვით, სასამართლო პროცესზე განსასჯელის ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვდა. რამინ პაპიძის აზრით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჯემალ კიკნაძეს შინაგანი რწმენა იმიტომ ვერ ჩამოუყალიბდებოდა, რომ მას არ დაუდგენია განსასჯელის ვინაობა, არ გამოუკვლევია ნივთმტკიცებულებები, არ დაუკითხავს მოწმეები: `ამიტომ ვითხოვ აცილებას, გაუგებრობის ასაცილებლად~.
ოქმში წერია, რომ პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება: `ეს საქმე არ განეკუთვნება განსაკუთრებით რთულ კატეგორიას. ადვოკატის პროტესტი მხოლოდ საქმის გაჭიანურებაა და უნდა გაგრძელდეს სასამართლო სხდომა~.
ჯემალ კიკნაძემ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ პაპიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს: `საქმის განხილვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2009 წლის 10 სექტემბრის გ#032 გადაწყვეტილებით... საპროცესო კოდექსის თანახმად, მე აღნიშნულ საქმეზე დანიშნული ვარ სათადარიგო მოსამართლედ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული უფლება მაქვს გავაგრძელო საქმის განხილვა იმ მომენტიდან, რა დროსაც შეწყდა განხილვა~.
`კანონში ზუსტად არ წერია, ვინ შეიძლება იყოს სათადარიგო მოსამართლე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათადარიგო მოსამართლედ მივიჩნიოთ ნებისმიერი მოსამართლე. მან თადარიგი უნდა დაიკავოს საქმის განხილვის დაწყებიდან. თუ იგი ცვლის მოსამართლეს, მაშინ სათადარიგო რატომ ჰქვია?~ _ კითხულობს პაპიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის _ შაქრო აბუსერიძის განმარტებით, `საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გამოსულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს სათადარიგოდ~.

შეჯიბრობითობის პრინციპი და დაცვის უფლებები ადვოკატის მტკიცებით არსებითად დაირღვა და ეს ზემდგომ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.