ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, და-ძმა _ ნათია და თენგიზ შალიკაშვილების 11 წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ჯგუფურ ყაჩაღობაში იყვნენ ბრალდებულები.
ბრალდებულები დღემდე თავს დამნაშავედ არ სცნობენ. ბრალის წაყენებისას ნათია შალიკაშვილი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, ახლა მისი შვილი ხუთი თვისაა. ამ გარემოების გამო ახალშობილის დედას სასამართლომ სასჯელი ხუთი წლით გადაუვადა, თენგიზ შალიკაშვილი კი პატიმრობაში იმყოფება.
ხელვაჩაურში მცხოვრები ბაკურიძეების ოჯახი გასული წლის 28 აგვისტოს დააყაჩაღეს. პოლიციამ და-ძმა 28 სექტემბერს ანონიმური ზარის საფუძველზე დააკავა. საქმეში ერთადერთი მოწმე _ ნათელა კაზეიშვილი ფიგურირებს. მან თენგიზ შალიკაშვილში თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, ხოლო ნათია ყაჩაღს მიამსგავსა.
განაჩენის გამოტანას დაზარალებული მხარე არ დასწრებია.
შალიკაშვილების ადვოკატი _ გენო ქარცივაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისში აპირებს.
და-ძმა შალიკაშვილებს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Автор: ნათია როყვა на 00:00 Ярлыки: სამართალი среда, 1 июля 2009 г.მაღალჩინოსნის გასამართლება გრძელდება
Автор: ნათია როყვა на 23:59 Ярлыки: სამართალი вторник, 30 июня 2009 г.
~სახელმწიფო, მე, ზურაბ ბერიძეს, მედავება იმაში, რომ განზრახ არ შევამოწმე საწარმოები. მაგრამ ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შვიდი თვეა ველოდები კანონს, ბრძანებას, აქტს, რომლითაც მე, შემოსავლების სამსახურის უფროსს, მევალებოდა საწარმოების შემოწმება. ეს პარიზიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის მცდელობას ჰგავს. გამოძიებას ვთხოვ, წარმომიდგინოს ერთი დოკუმენტი, რითაც ჩემი ბრალეულობა მტკიცდება~, _ განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ბერიძემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ყოფილმა უფროსმა.
ბრალდების მტკიცებით, ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა კომპანიამ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. შემოსავლების სამსახურმა კი, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხემძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა.
ადვოკატების ინფორმაციით, ჩამოთვლილი კომპანიების მეპატრონეებმა საგადასახადოს გადაწყვეტილება მათი დაჯარიმების შესახებ გაასაჩივრეს _ თავად საგადასახადოსა და სასამართლოში. ამ სასამართლო სხდომაზე მეწარმეების საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა წარედგინათ, მტკიცებულების სახით. თუმცა ზურაბ ბერიძის ადვოკატებს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს. მოტივი: `საგადასახადო საიდუმლოება~. ადვოკატმა ამ მტკიცებულების გამოთხოვა მოსამართლეს სთხოვა და მიუხედავად პროკურორის პროტესტისა, მოსამართლისგან თანხმობაც მიიღო.
მოწმე, ალექსანდრე (ალიოშა) როდინაძე, საგადასახადო ინსპექციაში 1994-2007 წლებში იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო (დარღვევები ამ პერიოდს უკავშირდება). მან სასამართლოს უთხრა: `ჩემი მუშაობის პერიოდში საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ასახა კიდეც და შეცდომა გამოსწორდა. ამ დარღვევაში კრიმინალური არაფერი იყო. იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც გადაცდომა ჰქონდათ, დისციპლინური ღონისძიება გატარდა _ ზოგს პრემია არ მისცეს, ზოგს საყვედური გამოუცხადეს...~
მომდევნო სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, მოწმის სახით ელდარ ვარშლომიძეს _ ზურაბ ბერიძის ერთ-ერთ მოადგილეს (ის ახლაც შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილეა) და კობა აბულაძეს დაკითხავენ.
ზურაბ ბერიძის სასამართლო პროცესს ორმოცდაათი ადამიანი ესწრებოდა, დანარჩენებმა დარბაზში შესვლა უადგილობის გამო ვერ მოახერხეს.
სასამართლოზე განსასჯელს გაძლიერებული დაცვა იცავდა. ის წინა სასამართლო პროცესებზე ადვოკატების გვერდით იჯდა და ჩანაწერებს აკეთებდა. 26 ივნისს კი, მოსამართლემ _ ვერა დოლიძემ განაცხადა, რომ ბადრაგის გადაწყვეტილებით ზურაბ ბერიძე ადვოკატების მაგიდასთან ვეღარ დაჯდებოდა. პროკურორსა და განსასჯელს შორის გამართულმა პოლემიკამ ზურაბ ბერიძის ახლობლები ააღელვა. შესაბამისად, მოსამართლემ წამოძახილის გამო განსასჯელის ნათესავი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
`გაქცევას ხომ არ ვაპირებ? რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას?~ _ იკითხა განსაჯელმა. პროკურორმა _ ანზორ უსტიაძემ განაცხადა, რომ თანახმაა განსასჯელი იქ იჯდეს, სადაც მას `მოუხერხდება~.
პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბადრაგის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ განსასჯელს ჩანაწერების გაკეთების, ანუ ადვოკატების მაგიდასთან დაჯდომის უფლება მისცა.
~დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის _ ზურაბ ავალიანის სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება. ბრალდების მიხედვით, ავალიანს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მის საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი აბაზანაში, იპოვეს შავი ფერის დიდი ჩანთა, რაშიც, გამოძიების მტკიცებით, აღმოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, `მაკაროვის~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი, ორი ყუმბარა, დიდი ოდენობით ტროტილი და სხვა სახის საბრძოლო მასალები.
ავალიანი ბრალდებას უარყოფს. ეს დანაშაული კი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
პირველ სასამართლო პროცესზე მოწმეებად ის პოლიციელები დაიბარეს, რომლებმაც ზურაბ ავალიანი დააკავეს. ესენი არიან: თემურ თავლაძე, ვალერი სულაბერიძე, დავით გიორგაძე, გიორგი კოკაია, ვაჟა დიასამიძე, გურამ ჩანტლაძე და დათუნა ქურიძე. განსასჯელის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, განსასჯელი ზურაბ ავალიანი ირწმუნება, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაუდეს მას საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
პირველ სასამართლო პროცესზე განსასჯელმა განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა არ ჩაბარებია, ამიტომაც მოსამართლეს პროცესის გადადება სთხოვა. მისი მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. პირველი სასამართლო პროცესი დღეს, 1 ივლისს ჩატარდება.
ადვოკატმა _ არჩილ ჩოფიკაშვილმა, სასამართლოზე აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება ითხოვა, რასაც მისი განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს. `აუდიო ჩანაწერი შეუძლიათ გააკეთონ როგორც პროცესის მონაწილეებმა, ასევე დაინტერესებულმა პირებმა~.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის მოწმეები იქნებიან ის ადამიანები, ვინც ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდნენ და `ისინი, ვინც ადასტურებენ იმას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი თვითონ პოლიციელებმა შეიტანეს ავალიანების საცხოვრებელ სახლში. ზურა პოლიტპატიმარია, იარაღის ჩადება ინსტრუმენტია პატიმრობისთვის~.
ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი 2009 წლის 23 მარტს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავს.
ბათუმის წყალკანალის ყოფილი დირექტორი _ ვლადიმერ მიქელაძე გაწეული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2007 წლის ივლისში ქების სიგელით დააჯილდოვა. ჯილდოს მიღებიდან ერთ თვეში კი მის მიმართ სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდების მტკიცებით, ვლადიმერ მიქელაძემ იცოდა წყლის დაბინძურების შესახებ და მოსახლეობას ინფორმაცია არ მიაწოდა, ანუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
2007 წელს, 16-დან 25 ივნისის ჩათვლით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი მოხვდა. ექიმებმა ყველას ერთი და იგივე `სავარაუდო დიაგნოზი _ წყლის ინფექცია~ დაუდგინეს.
წალკანალის დირექტორს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს _ 25 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა, რის საფუძველზე იგი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის (წყალკანალის ყოფილ დირექტორს ამ მუხლით ასამართლებენ) თანახმად, `იმ ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ისჯება ვადით სამიდან შვიდ წლამდე~.
საქმეში დაზარალებული ორი ბავშვი და სამი ქალია. `ამ პერიოდში იმავე დიაგნოზით რაიონებიდანაც იყვნენ პაციენტები ინფექციურში მოთავსებული. რაც შეეხება მიქელაძის მიერ ინფორმაციის დაფარვას, ჩვენ ტელევიზიაში მოვიპოვეთ მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა მოსახლეობას მოუწოდა ერიდონ სასმელი წყლის გამოყენებას გადადუღების გარეშე, რადგან წყალი დაბინძურებულია და სიცოცხლისთვის საშიშია~, _ ამბობს განსასჯელის ადვოკატი _ რამინ პაპიძე.
პაპიძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიამ დაცვის მხარეს მიწერა, რომ ეს ინფორმაცია `დაზიანებულია და არ ინახება არქივში~; თუმცა კადრები აჭარის ტელევიზიიდან გამოძიებამ მოიპოვა და საქმეშიც დევს, როგორც ბრალდების მტკიცებულება. `25~-ე არხმა კი დაადასტურა, რომ ამ პერიოდში წყალკანალის დირექტორმა ნამდვილად განაცხადა წყლის დაბინძურების შესახებ.
აჭარის ტელევიზიიდან ამოღებული ვიდეოფირი 2007 წლის ივნისის თვეშია ჩაწერილი. ფირის მიხედვით ოქმში წერია, რომ წყალკანალის დირექტორმა _ ვლადიმერ მიქელაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა _ რამაზ სურმანიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა _ მამუკა ნაკაშიძემ და დაავადებათა კონტროლის ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა _ პაატა იმნაძემ მოსახლეობას აცნობეს: `წვიმის შედეგად წყალი მღვრიეა და ამიტომაც არის გადაკეტილი~.
ქსელში წყლის გაშვების შემდეგ ზემოთ მითითებული ყველა ჩინოვნიკი მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ გადადუღებული წყალი მიიღონ~.
რაც შეეხება დაზარალებულებს, სასამართლო პროცესზე მათ განაცხადეს, რომ იმ პერიოდისთვის ტელევიზორისთვის არ უყურებიათ და წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. წყლით ინფიცირებაზე, ანუ ~სავარაუდო დიაგნოზი~ დაზარალებულებს ექიმებმა დაუსვეს.
სასამართლოზე დაიკითხა ჩაქვის წყალსადენის სათავე ნაგებობის ინჟინერი _ რეზო დიდმანიძე, რომელმაც თქვა, რომ ვლადიმერ მიქელაძემ დაბინძურებული წყლის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ტელევიზიით მიაწოდა. იგივე ინფორმაცია დაადასტურა სურსათის უვნებლობისა და მასზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა _ რამაზ სურმანიძემ.
იყო თუ არა სასმელი წყალი დაბინძურებული იმ პერიოდისთვის ბათუმში? ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სასმელი წყალი ნამდვილად იყო დაბინძურებული. განსასჯელის ადვოკატი ექსპერტიზას არაკანონიერს უწოდებს `რადგანაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის უვნებლობის ზედამხედველობის სამსახურს და მასთან არსებული ლაბორატორიების თანამშრომლებს არ ჰქონდათ შესაბამისი აკრედიტაცია. ანუ მათ არ ჰქონდათ წყლის სინჯების მოპოვებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის უფლება, რასაც დაეყრდნო ექსპერტიზა~.
წინასწარი გამოძიება დასრულებულია. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ თემურ ქათამაძე განიხილავს. მომდევნო სასამართლო პროცესზე ლაბორატორიის თანამშრომლები დაიკითხებიან.
წყალკანალის დირექტორი ბრალდებას უარყოფს.
~ხოფის~ ბაზრობის დირექტორებს განაჩენი გამოუტანეს
Автор: ნათია როყვა на 02:38 Ярлыки: სამართალი среда, 17 июня 2009 г.სავაჭრო ცენტრ შპს ~ბათუმი~-ის (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დირექტორებს, ილია ანანიძესა და ჯონი ზოიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით გელაშვილმა, განაჩენი გამოუტანა. გელაშვილმა ანანიძეს _ ცხრა, ზოიძეს კი ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა.
~ხოფის ბაზრობის~ წილები ასეა გადანაწილებული: ბაზრობის 50 პროცენტი შპს ~ანანურის~ საკუთრებაა, რომლის მეწილეები ილია, გურამ და ედუარდ ანანიძეები არიან. შპს ~განთიად 94~ მფლობელია 28,5 პროცენტის, რომლის მესაკუთრე ასლან აბაშიძის და, ნარგიზ აბაშიძეა. ბათუმის მერია (რევოლუციის შემდეგ აჭარის ფინანსთა სამინისტრო) _ 20 პროცენტს ფლობს, ხოლო 1,5 პროცენტი ჯონი ზოიძის საკუთრებაა.
1997-1999 წლებში ბათუმის მერიამ ბაზრობიდან გადასახადებისა და კუთვნილი წილის გარდა 352 ათასი ლარი მიიღო. რადგან მერიას ბაზრობის ვალი მართებდა, 2004 წელს ბაზრობის პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა, რომ დივიდენდებიდან შესული თანხა მერიისთვის მანამ არ მიეცათ, სანამ ვალი არ ამოიწურებოდა. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ეს თანხა ბაზრობის კეთილმოწყობას მოხმარდებოდა.
განსასჯელ ილია ანანიძის ძმამ, ყოფილმა მოსამართლემ, დავით ანანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესახებ თავის დროზე ქალაქის მერიასაც ეცნობა: `თუ ამ გადაწყვეტილებას მერია არ ეთანხმებოდა, მას უფლება ჰქონდა იგი გაესაჩივრებინა. ეს ასე არ მოხდა. ახლა დირექტორები (მათ შორის დავით ანანიძის ძმა _ ავტ.) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესრულებისთვის დააკავეს. ისინი ვალდებულნი იყვნენ კრების გადაწყვეტილება შეესრულებინათ. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია და ის არავის გაუუქმებია. გამოდის, თანხას ძალით გვართმევენ~.
2005 წელს მერიამ თავისი წილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა საკუთრებაში. სამინისტრომ კი მოითხოვა, რომ 1999 წლამდე წარმოშობილ ვალს იურიდიული ძალა აღარ ჰქონოდა და 2002-2005 წლებში დაგროვილი დივიდენდები სახელმწიფოს გადასცემოდა. დაიწყო სასამართლო დავა.
როგორ მიითვისეს განსასჯელებმა ფინანსთა სამინისტროს თანხა? საბრალდებო დასკვნის მიხედვით, `2005 წლის ივნისიდან 2008 წლის 30 ივნისამდე ილია ანანიძემ და ჯონი ზოიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი 304 459 ლარი~.
ჯონი ზოიძეს სხვა რამეშიც ედება ბრალი: `მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა სპეციალური ლიცენზიის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით _ 120 364 ლარი შემოსავლის მიღება 2005 წლიდან 2008 წლის 1 ივლისამდე~. მას ასევე ბრალად ედება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით: 2005 წლის 2 ოქტობერს საგადასახადო ინსპექციიდან მიღებული 15 ცალი ანგარიშფაქტურიდან 14 ცალი 2005 წლის 30 სექტემბერს შეავსო, ხოლო ერთი 28 სექტემბერს, ანუ ძველი თარიღით.
`ეს არის დაინტერესებული პირების მიერ შეთხზული სისხლის სამართლის საქმე. დღემდე პატიმრები არავის დაუკითხავს~, _ განაცხადა ბოლო სასამართლო პროცესზე ლევან მამულაძემ, რომელიც განსასჯელების ინტერესებს იცავს. მისივე თქმით, განსასჯელთა წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი ფაქტები, ფაქტობრივად, არ არსებობს: `გაუგებარია, რას გულისხმობს წინასწარი გამოძიება ტერმინში: `წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ, სამინისტროს კუთვნილი 304 459 ლარის მითვისება~. თუ სიტყვა `კუთვნილში~ იგულისხმება შპს სავაჭრო ცენტრ `ბათუმი~-ს დამფუძნებელთა მიერ სამინისტროსთვის მისაცემი 304 459 ლარის დივიდენდი, მაშინ ლაპარაკი უნდა იყოს მისაცემი თანხის არმიცემაზე და არა იმაზე, რომ განსასჯელებმა მიითვისეს სხვისი ქონება. ამ მუხლს გადასახადებისგან თავის არიდება ჰქვია და არა _ თანხის მითვისება~.
ადვოკატის განმარტებით, ბაზრობა კანონის დარღვევით შეამოწმეს, ანუ 2008 წლის 6 აგვისტოს `ხოფის ბაზრობა~ შეამოწმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური მოკვლევის სამსახურის ექსპერტიზის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორებმა და არა საგადასახადო ინსპექტორებმა. შესაბამისად, შემოწმება ჩატარებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ კანონის დარღვევით. შემოწმება ჩატარდა მოსამართლის ნებართვის გარეშე.
ადვოკატის განმარტებით, `პარტნიორებისთვის თუნდაც თანხის მიუცემლობა არის სამოქალაქო დავის საგანი და არ შეიძლება იგი განხილულ იყოს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მით უფრო, როგორც სხვისი ქონების მითვისება. ამ შემთხვევაში კი საუბარია არა ქონების განზრახ მითვისებაზე, არამედ ერთ-ერთი პარტნიორის _ ბათუმის მერიის 1996-1997 წლებში ზედმეტად წაღებული თანხების გამოქვითვაზე, რომელიც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით. განზრახვა იმისა, რომ მოტყუებით ან სხვა ხერხით ვინმე აპირებდა ამ თანხის მითვისებას, არ არსებობს. საკითხი გადაწყვიტა უფლებამოსილმა პარტნიორთა კრებამ. საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ ბათუმის მერიამ თავის დროზე ზედმეტი თანხა წაიღო. ეს ინფორმაცია სასამართლოს აქვს~.
საქმეში არსებული ერთ-ერთ მტკიცებულებად მაკონტროლებლების მიერ შედგენილი აქტი მიიჩნევა, რის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მას პატიმარი ბიზნესმენებისგან 304 459 ლარი ეკუთვნის. ადვოკატს მიაჩნია, რომ აქტის უტყუარობა ვერ დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მაკონტროლებლებმა. მოწმემ, ბიძინა ბიძინაშვილმა _ აქტის ერთ-ერთმა ავტორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმის შესწავლის დროს ისინი მოქმედებდნენ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და საკითხის შესწავლისას უპირატესობა სახელმწიფოს მიენიჭა. კითხვაზე, თუ რატომაა აქტში უამრავი შეცდომა დაშვებული, მან უპასუხა: `ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს საანგარიშო მანქანების მიერ~.
`საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, რითაც დადგინდა, რომ აქტში მოცემული ციფრები ხელოვნურადაა გაზრდილი 30 000 ლარით, _ ამბობს განსასჯელების ადვოკატი. _ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ დადო დასკვნა, რადგანაც აქტში შეტანილი ციფრები და დოკუმენტები არასაკმარისად ჩათვალა. საქმეში არსებული მასალებით რევიზიის აქტში შეტანილი მონაცემების უტყუარობა არ მტკიცდება, ამის გამო აქტი საეჭვო მტკიცებულებაა~.
საბრალებო დასკვნაში წერია, რომ ჯონი ზოიძემ მიითვისა ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი დივიდენდები _ 449 ლარი. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომ ჯონი ზოიძემ ფინანსთა სამინისტროს ეს თანხა მიითვისა ან რატომ არის ეს თანხა განსაკუთრებით დიდი ოდენობის.
ზოიძე შპს `ბათუმის~ დირექტორად 2006 წლის აპრილში დაინიშნა. ადვოკატისთვის გაუგებარია, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს გამოძიება, რომ იგი 2005 წელში იყო დირექტორი ან ფირმის მეწილე. მას ამ ფირმის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომ იგი 2005 წელს ილია ანანიძესა და თეიმურაზ კომახიძეს ვერ შეუთანხმდებოდა სახელმწიფოს ქონების დატაცებაზე.
ბიზნესმენების ადვოკატის თქმით, გაუგებარია კონკრეტულად ილია ანანიძემ სამინისტროს რამდენი ლარი მიითვისა.
გაურკვეველი დარჩა: რომელი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლეს განსასჯელებმა ფინანსთა სამინისტროს ქონების დატაცება, რადგანაც საქმეში არ დევს დოკუმენტები ამ პერიოდში ვინ სად მუშაობდა; როგორ შეიძლება ყოფილიყო სადავო თანხა ილია ანანიძისა და ჯონი ზოიძის მართლზომიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში, ვინ მიანდო მათ ეს საქმე.
როგორ მიითვისეს განსასჯელებმა ფინანსთა სამინისტროს სადავო თანხა?
ვინ რა ოდენობის ზიანი მიაყენა დაზარალებულებს?
ზურაბ ბერიძის სასამართლო პროცესზე, 13 ივნისს, ბრალდების მოწმეები _ ელდარ მაწკეპლაძე და ომარ ცაცუა დაკითხეს. რევიზია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში, რომლის ხელმძღვანელიც ზურაბ ბერიძე იყო, მათ ჩაატარეს.
ზურაბ ბერიძის ადვოკატის, თემურ გოგსაძის ინფორმაციით, ელდარ მაწკეპლაძისა და ომარ ცაცუას (შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორები) ჩვენება ერთმანეთის იდენტურია: `მოწმეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არც ერთი საწარმოო არ შეუმოწმებიათ. მათ მიერ გაკეთებული რევიზიის აქტი დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო ინსპექციაში არსებულ მონაცემებს და გენერალური ინსპექციის ანგარიშში მითითებულ დოკუმენტს. მათ ასევე აღიარეს, რომ რევიზიის აქტში თუ აღმოჩნდება პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, შეიძლება თანხა შემცირდეს კიდევაც~.
დამოუკიდებელი, ანუ კანონით დადგენილი ექსპერტიზა ამ საქმეზე არ ჩატარებულა. ადვოკატის განმარტებით, შიდაუწყებრივი შემოწმება და რევიზიის აქტები, მოქმედი კანონმდებლობით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სისხლის სამართლის საქმეს.
მომდევნო სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმეებს დაკითხავენ. `სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში წარადგინა ახალი მტკიცებულებები მეწარმე სუბიექტებთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ საჩივრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების _ მეწარმე სუბიექტების დარიცხვების გასაცნობად ვადა ვითხოვეთ. სასამართლომ ბევრი მეწარმე სუბიექტის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ დარიცხვები უკანონოდ მიიჩნია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი, ზურაბ ბერიძე შვიდი თვის წინ დააკავეს. დოკუმენტში (ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება), რომლის საფუძველზეც ზურაბ ბერიძე დააპატიმრეს, წერია, რომ ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა შპს-მ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. ხოლო სამსახურმა, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხელმძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 26 ივნისს გაიმართება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე იხილავს, საქმის პროკურორი კი _ ანზორ უსტიაძეა.
ოზურგეთელმა, გოდერძი მახარაძემ 16 ივნისს ბათუმში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 36 წლის მსოფლიო რეკორდსმენმა თავით ბურთის კენწვლით კიბეზე 110 საფეხური აიარა. მანამდე კი 1500-ჯერ აკენწლა ბურთი რვა წუთსა და 45 წამში. მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის დრო ათი წუთი იყო განსაზღვრული.
კომისიის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.
გოდერძი მახარაძემ უკვე ჩვიდმეტი რეკორდი დაამყარა, აქედან პირველი 1996 წელს. რეკორდსმენი მომავალში დუბაიში ბურთის კენწვლით ყველაზე მაღალ შენობაზე ასვლას აპირებს, რომელიც რვაასი მეტრო სიმაღლისაა.
მსოფლიო რეკორდსმენს ბათუმის მერიამ საჩუქრად სამასი ლარი გადასცა.



