მაღალჩინოსნის გასამართლება გრძელდება

вторник, 30 июня 2009 г.



~სახელმწიფო, მე, ზურაბ ბერიძეს, მედავება იმაში, რომ განზრახ არ შევამოწმე საწარმოები. მაგრამ ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შვიდი თვეა ველოდები კანონს, ბრძანებას, აქტს, რომლითაც მე, შემოსავლების სამსახურის უფროსს, მევალებოდა საწარმოების შემოწმება. ეს პარიზიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის მცდელობას ჰგავს. გამოძიებას ვთხოვ, წარმომიდგინოს ერთი დოკუმენტი, რითაც ჩემი ბრალეულობა მტკიცდება~, _ განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ბერიძემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ყოფილმა უფროსმა.
ბრალდების მტკიცებით, ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა კომპანიამ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. შემოსავლების სამსახურმა კი, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხემძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა. 
ადვოკატების ინფორმაციით, ჩამოთვლილი კომპანიების მეპატრონეებმა საგადასახადოს გადაწყვეტილება მათი დაჯარიმების შესახებ გაასაჩივრეს _ თავად საგადასახადოსა და სასამართლოში. ამ სასამართლო სხდომაზე მეწარმეების საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა წარედგინათ, მტკიცებულების სახით. თუმცა ზურაბ ბერიძის ადვოკატებს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს. მოტივი: `საგადასახადო საიდუმლოება~. ადვოკატმა ამ მტკიცებულების გამოთხოვა მოსამართლეს სთხოვა და მიუხედავად პროკურორის პროტესტისა, მოსამართლისგან თანხმობაც მიიღო. 
მოწმე, ალექსანდრე (ალიოშა) როდინაძე, საგადასახადო ინსპექციაში 1994-2007 წლებში იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო (დარღვევები ამ პერიოდს უკავშირდება). მან სასამართლოს უთხრა: `ჩემი მუშაობის პერიოდში საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ასახა კიდეც და შეცდომა გამოსწორდა. ამ დარღვევაში კრიმინალური არაფერი იყო. იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც გადაცდომა ჰქონდათ, დისციპლინური ღონისძიება გატარდა _ ზოგს პრემია არ მისცეს, ზოგს საყვედური გამოუცხადეს...~ 
მომდევნო სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, მოწმის სახით ელდარ ვარშლომიძეს _ ზურაბ ბერიძის ერთ-ერთ მოადგილეს (ის ახლაც შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილეა) და კობა აბულაძეს დაკითხავენ. 
ზურაბ ბერიძის სასამართლო პროცესს ორმოცდაათი ადამიანი ესწრებოდა, დანარჩენებმა დარბაზში შესვლა უადგილობის გამო ვერ მოახერხეს.
სასამართლოზე განსასჯელს გაძლიერებული დაცვა იცავდა. ის წინა სასამართლო პროცესებზე ადვოკატების გვერდით იჯდა და ჩანაწერებს აკეთებდა. 26 ივნისს კი, მოსამართლემ _ ვერა დოლიძემ განაცხადა, რომ ბადრაგის გადაწყვეტილებით ზურაბ ბერიძე ადვოკატების მაგიდასთან ვეღარ დაჯდებოდა. პროკურორსა და განსასჯელს შორის გამართულმა პოლემიკამ ზურაბ ბერიძის ახლობლები ააღელვა. შესაბამისად, მოსამართლემ წამოძახილის გამო განსასჯელის ნათესავი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 
`გაქცევას ხომ არ ვაპირებ? რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას?~ _ იკითხა განსაჯელმა. პროკურორმა _ ანზორ უსტიაძემ განაცხადა, რომ თანახმაა განსასჯელი იქ იჯდეს, სადაც მას `მოუხერხდება~. 
პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბადრაგის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ განსასჯელს ჩანაწერების გაკეთების, ანუ ადვოკატების მაგიდასთან დაჯდომის უფლება მისცა.