ზურაბ ავალიანის სასამართლო პროცესები დაიწყო

вторник, 30 июня 2009 г.

 

~დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის _ ზურაბ ავალიანის სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება. ბრალდების მიხედვით, ავალიანს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მის საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი აბაზანაში, იპოვეს შავი ფერის დიდი ჩანთა, რაშიც, გამოძიების მტკიცებით, აღმოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, `მაკაროვის~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი, ორი ყუმბარა, დიდი ოდენობით ტროტილი და სხვა სახის საბრძოლო მასალები.
ავალიანი ბრალდებას უარყოფს. ეს დანაშაული კი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
პირველ სასამართლო პროცესზე მოწმეებად ის პოლიციელები დაიბარეს, რომლებმაც ზურაბ ავალიანი დააკავეს. ესენი არიან: თემურ თავლაძე, ვალერი სულაბერიძე, დავით გიორგაძე, გიორგი კოკაია, ვაჟა დიასამიძე, გურამ ჩანტლაძე და დათუნა ქურიძე. განსასჯელის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, განსასჯელი ზურაბ ავალიანი ირწმუნება, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაუდეს მას საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
პირველ სასამართლო პროცესზე განსასჯელმა განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა არ ჩაბარებია, ამიტომაც მოსამართლეს პროცესის გადადება სთხოვა. მისი მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. პირველი სასამართლო პროცესი დღეს, 1 ივლისს ჩატარდება.
ადვოკატმა _ არჩილ ჩოფიკაშვილმა, სასამართლოზე აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლება ითხოვა, რასაც მისი განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს. `აუდიო ჩანაწერი შეუძლიათ გააკეთონ როგორც პროცესის მონაწილეებმა, ასევე დაინტერესებულმა პირებმა~.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის მოწმეები იქნებიან ის ადამიანები, ვინც ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდნენ და `ისინი, ვინც ადასტურებენ იმას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი თვითონ პოლიციელებმა შეიტანეს ავალიანების საცხოვრებელ სახლში. ზურა პოლიტპატიმარია, იარაღის ჩადება ინსტრუმენტია პატიმრობისთვის~.
ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი 2009 წლის 23 მარტს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავს.