ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, და-ძმა _ ნათია და თენგიზ შალიკაშვილების 11 წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ჯგუფურ ყაჩაღობაში იყვნენ ბრალდებულები.
ბრალდებულები დღემდე თავს დამნაშავედ არ სცნობენ. ბრალის წაყენებისას ნათია შალიკაშვილი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, ახლა მისი შვილი ხუთი თვისაა. ამ გარემოების გამო ახალშობილის დედას სასამართლომ სასჯელი ხუთი წლით გადაუვადა, თენგიზ შალიკაშვილი კი პატიმრობაში იმყოფება. 
ხელვაჩაურში მცხოვრები ბაკურიძეების ოჯახი გასული წლის 28 აგვისტოს დააყაჩაღეს. პოლიციამ და-ძმა 28 სექტემბერს ანონიმური ზარის საფუძველზე დააკავა. საქმეში ერთადერთი მოწმე _ ნათელა კაზეიშვილი ფიგურირებს. მან თენგიზ შალიკაშვილში თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, ხოლო ნათია ყაჩაღს მიამსგავსა. 
განაჩენის გამოტანას დაზარალებული მხარე არ დასწრებია.  
შალიკაშვილების ადვოკატი _ გენო ქარცივაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისში აპირებს.