სამშობლოდან გაქცეული კოვზის ~ქურდი~

среда, 1 июля 2009 г.



~მოსამართლემ გაითვალისწინა რა შემამსუბუქებელი გარემოება და შინაგანი რწმენით არჩილ ფარტენაძეს ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა~ _ ეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებაა. 23 წლის არჩილს, რომელიც ადრე ნასამართლევი არაა, 11 ცალი კოვზის, ერთი ჩანგლის, ერთი დანის, ათლარიანი სუვენირისა და ტელევიზორის `პულტის~ ქურდობა ედება ბრალად. ფარტენაძე იძებნება.
გამოძიების მტკიცებით, ეს ნივთები პოლიციამ განსასჯელ _ არჩილ ფარტენაძის ეზოში, ფარდულში იპოვა. გამოძიების ვერსიით, კალათბურთელ, არჩილ ფარტენაძეს აეროპორტის გზატკეცილზე, საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა _ კოვზის, დანის, `პულტისა~ და ჩანგლების ქურდობა ბრალდება. ჩამოთვლილი არც ერთი ნივთი ძვირფასი _ ოქროს ან ვერცხლის _ არ იყო.  
საგამოძიებო მოქმედება ადლიის პოლიციის განყოფილებამ ჩაატარა, შემდეგ კი არჩილ ფარტენაძე, როგორც მოწმე, ექსპერტიზაზე წაიყვანეს. ორი დღის შემდეგ არჩილ ფარტენაძეს გამომძიებელმა კვლავ მიაკითხა, დამატებითი ნიმუშების ასაღებად. 
ფარტენაძემ გამომძიებელ ზურა კაკაურიძეს სთხოვა, ადვოკატის გარეშე ჩხრეკა არ ჩატაერებინა. ის ვარაუდობდა, რომ მის დაპატიმრებას გეგმავდნენ, ამიტომაც უცხოეთში წავიდა. მისი წასვლიდან მეორე დღეს არჩილ ფარტენაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მართლაც აღიძრა. 
ადვოკატ მაკა კანდელაკის თქმით, საქმეში ორი მტკიცებულებაა: `კანონდარღვევით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა~. მისთვის უცნობია, რომელ ნივთზე დაყრდნობით ჩატარდა დაქტიროფირი. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოზე მოწმემ, თემურ კაკაბაძემ შემდეგი ჩვენება მისცა: `მეზობლის სახლიდან გამოსული ქურდები დავინახე. მათ დავედევნე, დავუყვირე, რომ ნივთები დაეტოვებინათ. კოვზები, რომელიც ქურდებს ყუთით მიჰქონდათ, ძირში დაყარეს. ეს კოვზები კი ბავშვებმა დაზარალებულ აბაშიძეებს მიუტანეს~. 
აბაშიძეების სახლი 2009 წლის 25 თებერვალს, საღამოს 11-ის ნახევარზე გაქურდეს; ამ დროს განსასჯელი ბიძაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. 
ადვოკატმა პროკურატურას გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ პროკურატურამ ოჯახს ~თანამშრომლობა შესთავაზა~.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შედგა, მოსამართლე, თამარ ბეჟანიშვილი, სასამართლო პროცესს კაბინეტში ატარებდა (ამ დროს სხდომის დარბაზი თავისუფალი იყო; ყოველ შემთხვევაში, მოსამართლემ პროცესში მონაწილე ადვოკატები და განსასჯელის ნათესავები თავის კაბინეტში შეგვიყვანა. პროკურორის ლოდინში მოსამართლემ გაარკვია, რომ პროცესს ჟურნალისტი ესწრებოდა... საკუთარი კაბინეტი ჯერ თვითონ დატოვა, მოგვიანებით კი ყველას გვიბრძანა მისი კაბინეტი დაგვეცალა.
სასამართლო პროცესი სხდომის დარბაზში გაგრძელდა).