სასამართლომ ინსპექტორები დაკითხა

среда, 17 июня 2009 г.


ზურაბ ბერიძის სასამართლო პროცესზე, 13 ივნისს, ბრალდების მოწმეები _ ელდარ მაწკეპლაძე და ომარ ცაცუა დაკითხეს. რევიზია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში, რომლის ხელმძღვანელიც ზურაბ ბერიძე იყო, მათ ჩაატარეს. 

ზურაბ ბერიძის ადვოკატის, თემურ გოგსაძის ინფორმაციით, ელდარ მაწკეპლაძისა და ომარ ცაცუას (შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორები) ჩვენება ერთმანეთის იდენტურია: `მოწმეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არც ერთი საწარმოო არ შეუმოწმებიათ. მათ მიერ გაკეთებული რევიზიის აქტი დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო ინსპექციაში არსებულ მონაცემებს და გენერალური ინსპექციის ანგარიშში მითითებულ დოკუმენტს. მათ ასევე აღიარეს, რომ რევიზიის აქტში თუ აღმოჩნდება პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, შეიძლება თანხა შემცირდეს კიდევაც~.  
დამოუკიდებელი, ანუ კანონით დადგენილი ექსპერტიზა ამ საქმეზე არ ჩატარებულა. ადვოკატის განმარტებით, შიდაუწყებრივი შემოწმება და რევიზიის აქტები, მოქმედი კანონმდებლობით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სისხლის სამართლის საქმეს. 
მომდევნო სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმეებს დაკითხავენ. `სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში წარადგინა ახალი მტკიცებულებები მეწარმე სუბიექტებთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ საჩივრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების _ მეწარმე სუბიექტების დარიცხვების გასაცნობად ვადა ვითხოვეთ. სასამართლომ ბევრი მეწარმე სუბიექტის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ დარიცხვები უკანონოდ მიიჩნია.  
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი, ზურაბ ბერიძე შვიდი თვის წინ დააკავეს. დოკუმენტში (ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება), რომლის საფუძველზეც ზურაბ ბერიძე დააპატიმრეს, წერია, რომ ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა შპს-მ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. ხოლო სამსახურმა, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხელმძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა. 
მომდევნო სასამართლო პროცესი 26 ივნისს გაიმართება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე იხილავს, საქმის პროკურორი კი _ ანზორ უსტიაძეა.