არჩევნები ხულოში

суббота, 4 июля 2009 г.


ხულოში 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ `მარშუტკა~ საღამოს ხუთ საათზე გადის, ბილეთი დილით, ათი საათისთვის შევიძინე, რადგან გამაფრთხილეს, შესაძლოა, გასვლის დროს ადგილები აღარ იყოსო. ხუთის ნახევარზე სადგურში ვარ. სოფელ
ვაშლოვანის `მარშუტკას~ რამდენიმე ადამიანი ელოდება. წასვლამდე თხუთმეტი წუთით ადრე მარშრუტკაც `მორახრახდა~. ჩემს ბილეთს `ადგილი #1~ ეწერა, მაგრამ მიკროავტობუსში ადგილები დანომრილი არ აღმოჩნდა, ამიტომაც მძღოლს
ვკითხე, სად იყო პირველი ადგილი. `გაყიდულია~ _ მიპასუხა მან. ავუხსენი, რომ ბილეთი ნაყიდი მე მქონდა. ყვირილი დაიწყო: `ეს ადგილი არჩილის გოგუებს დუუჯავშნეო~. ბილეთიანი მგზავრი ვეღარ დამტოვა, მაგრამ ჯავრი მოლარეებზე იყარა. მძღოლის უკან მოვკალათდი და ფეხები პურის ფქვილის ტომარაზე შემოვაწყე, სხვა გზა არ მქონდა. მძღოლი მიბღვერს, ჩხუბობს, ყველას წვდება. გასვლის დროა, თუმცა არ ჩქარობს, `გურამის გოგოებს~ ელოდება. როგორც იქნა, მგზავრებიც მოვიდნენ და `მარშუტკაც~ ამუშავდა. მძღოლმა ჯიბიდან `ჩანაწერები~ ამოიღო და კითხვა დაიწყო: `გურამის გოგოები _ არის. არჩილის?... ცემენტი მაქვს საყიდელი~, _ დაასრულა კითხვა და პუშკინის ქუჩით წავიდა. ცემენტის ყიდვას 40 წუთი დასჭირდა. ახლა გაირკვა, რომ მძღოლმა `ხოფაზე~ მეზობლებს უნდა გაუაროს, იმათთან მისვლაში კიდევ რამდენიმე წუთი იკარგება. როგორც იქნა დავიძარით, მაგრამ... `ხოფიდან~ შვილიშვილის სანახავად გააგრძელა გზა, `ბაბუს სიხარულს თუმანი~ აჩუქა და ამჯერად მართლა ხულოში წავედით… ერთი მგზავრი ფეხზე დგას, 60 წელს გადა-
შორებული იქნება. მძღოლი პირსახოცს აწვდის და ურჩევს _ `დაიგე და დაჯექი. აბა, ასვლამდე ფეხზე ხომ არ იდგები…~ მეორე დღეს არჩევნებია, მაგრამ ამ თემაზე
არავინ საუბრობს, ყველა თავისთვისაა, უმრავლესობას ძინავს...
როგორც იქნა, დაბის ცენტრში ავედით. გზა კარგი იყო. მითხრეს, ეს ბეშუმისკენ მიმავალი ცენტრალური გზატკეცილია და მაგიტომაც გააკეთა ხელისუფლებამო… ხულოს ცენტრში სულ რამდენიმე ჯიხური დგას _ ერთი სასადილოა, მეორეში სამგზავრო ბილეთები იყიდება, იქვე, გვერდზე ორი ბანკის ფილიალია. უფრო ზევით ფოსტის შენობა, პოლიციის განყოფილება, გაზეთ `ხულოს~ რედაქციასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარშალომიძის `პლაკატებს~
სამარშრუტო ტაქსებსა და მანქანებს აკრევენ, დროშებით დარბიან. გარევაჭრობაა გაჩაღებული… არჩევანი დიდია, _ მეორადი, ახალი საქონელი... ანუ პირველადი მოხმარების ნივთების შოვნა არ ჭირს. მალე ხულოში დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავადმყოფო კარგადაა გარემონტებული, როგორც აქაურები მეუბნებიან, ასლან აბაშიძის დროს გაუკეთებიათ. ორ სოფელში ვგეგმავ მისვლას _ ვაშლოვანში,
სადაც ღამე უნდა გავათიო და ღურტაში,სადაც არჩევნებს უნდა დავაკვირდე.
არჩევნები ვაშლოვნის ოღრო-ჩოღრო გზას ამ არჩევნებმაც ვერ უშველა. სოფელში წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს კომპიუტერები დაურიგეს. სლოგანი: `აბა თქვენ იცით, ხმას ვის მისცემთ~.
ხულოში პირველად ვარ, ჩემი მასპინძლის გარდა არავის ვიცნობ. არჩევნების დღეს
ვაშლოვანიდან ღურტაში დილით, ექვსის ნახევარზე წავედით. ეს სოფელი გოდერძის უღელტეხილთანაა ახლოს. ზუსტად შვიდ საათზე სოფლის სკოლასთან მივედი, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. კომისიის წევრებმა ჩემს დანახვაზე უსიამოვნება ვერ დაფარეს. `იმედია, ვითანამშრომლებთ~, _ მითხრა კომისიის თავმჯდომარემ. თანამშრომლობაში რასაც გულისხმობდა, მოგვიანებით მივხვდი… წილისყრის დროა, მაგრამ კომისიის ერთ წევრს `ფეხი სტკივა~ და თავიდანვე აცხადებს,
რომ ნაკადის მარეგულირებელი ვერ იქნება, მეორეს რეგისტრატორობა სურს...
მოკლედ, მე, როგორც დამკვირვებელი თუ ამაზე თანახმა ვიქნები, წილისყრა არ
ჩატარდება... რამდენჯერმე მიწევს იმის შეხსენება, რომ მარკირების გავლა აუცილებელია და ხმის მიცემა პირადობის მოწმობის ან პასპორტითაა დაშვებული… ღურტას საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები `კანონის შემომღებელს~ მეძახიან.
უბანზე ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე შემოდის და ხმას აძლევს. შენიშვნას არ ითვალისწინებენ, საჩივრის დაწერის უფლებას კი, ფაქტობრივად, არ მაძლევენ. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საჩივრის ხსენებაზე ღრიალებენ. ეს უბანი გასაუქმებელია, მაგრამ... მხოლოდ ერთი საჩივარი დავწერე… არადა, ეს პროცესი _ უპასპორტო, უმისამართო ადამიანების მოსვლა, არ მთავრდება… `სამართლიანი არჩევნების~ იურისტს ვაცნობე, რაც ხდება. უბანზე ოლქის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი
მოდის. საყვედურს კომისიის თავმჯდომარე იღებს _ აფრთხილებენ, რომ საჩივრის
დაწერაში ხელი არ შემიშალონ. კომისიის თავმჯდომარე უკვე ხშირად მეკითხება:
`საჩივარს ხომ არ დამიწერთ…~ ძალიან ცივა. შენობა, სადაც ვმუშაობთ, ღელის
პირასაა, ფანჯარას მინები აქვს ჩამტვრეული. ჩემს საპატივცემულოდ უბანზე ღუმელი
იდგმება და ყავაც იხარშება…გადასატანი ყუთი შემოაქვთ. გვიან შევამჩნიე, რომ ყუთი დაულუქავია და კომისიის წევრები ეხვევიან გარს. როგორც კი შემნიშნეს, მაშინვე
დალუქეს… ხმის დათვლა დაიწყო. გადასატან ყუთში 92 ბიულეტენია. ვხედავ, იხსნება ერთი კონვერტი და სამი ბიულეტენი ამოაქვთ. `ან საჩივარი, ან ბათილად ცნობა~, _ კომისია არჩევანის წინაშეა. `ოღონდ საჩივარი არა და რასაც იტყვი, იმას ვიზამთ~, _ ამბობენ და ბათილად ცნობას არჩევენ. დავხედე გაბათილებულ ბიულეტენებს,
რომლებიც მაგიდის კუთხეში მოათავსეს, სამივეზე ხუთიანია მოხაზული…
ბუნებრივია, ხმის თვლის პროცესში მაგიდასთან არ ვზივარ, ამის არც უფლება მაქვს და არც შესაძლებლობა. გავიარ-გამოვიარე და ისევ გაბათილებულ ბიულეტენებს დავხედე. მათ ნაცვლად უკვე ცარიელი ბიულეტენები აწყვია. გადაწყვეტილება მივიღე _ საჩივარი! და წერა დავიწყე. ზოგი კალამს მართმევს, ზოგი სალაპარაკოდ
გვერდზე მიხმობს, ვხედავ კომისიის მდივანი როგორ ხევს სამ ბიულეტენს. მოკლედ,
ქაოსია, მაგრამ მე მაინც ვწერ. უბანზე ყველა პარტიას თავისი დამკვირვებელი
ჰყავს. ვერავინ ვერაფერს ხედავს. ე.წ. NGO-ს, `ახალგაზრდა ჟურნალისტთა სახლის~
წარმომადგენელმა, ჯელილ ღორჯომელაძემ კი იცის, რომ `ოპოზიციონერობა ხეირის მომტანი არაა~. მას მომავალ არჩევნებზე კომისიის წევრობა სურს. გაყალბებას თუ ვერ შეამჩნევ, თურმე, კომისიის წევრი აუცილებლად გახდები. ყოველ შემთხვევაში, ბატონმა ჯელილმა ასე ამიხსნა. სკოლის ეზოდან ჩხუბის ხმა მესმის. ახალგაზრდები
კომისიის წევრების შერჩევის პრინციპს აპროტესტებენ. ნაცმოძრაობის აქტივისტები და სოფლის ბიჭები ჩხუბს იწყებენ. სკოლის მინები იმსხვრევა. აყალმაყალი დაახლოებით სამ საათს გრძელდება და პოლიციის ჩარევით სრულდება.
ამომრჩევლისთვის 100-150 ლარის მიცემა და უბნამდე `მარშრუტკით~ მომსახურება ისეთი სიზუსტით სრულდება, იფიქრებ საარჩევნო კოდექსითაა დაკანონებულიო. ჩემს მოკლე სადამკვირვებლო პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს… ისევ იურისტთან
ვრეკავ, მერე ისევ საოლქოს თავმჯდომარე რეკავს უბანზე, კომისიის თავმჯდომარე ოხრავს… `შენ რომ მაგი საჩივარი დაწერო, უბანს გააუქმებენ, ჩვენ კი უხელფასოდ დავრჩებით. ამ მთავრობას მალე მაინც გაუშვებენ. ნუ დაგვტოვებ
უხელფასოდ~, _ მეხვეწება კომისიის ერთი წევრი… ვხვდები, რომ აზრი არაფერს აქვს,
არც საჩივარს… ყველაფერს თავს ვანებებ... ღამის პირველი საათისთვის საოლქოში მივედი. ხულოში მხოლოდ ერთი საჩივარი იყო დაწერილი, ისიც ჩემი. ზუსტად ვიცი, ასეთ სისტემაში არასოდეს წავალ არჩევნებზე; არც დასაკვირვებლად და არც ხმის მისაცემად…

გაზეთი ბათუმელები #43

12-19 ნოემბერი; 2008 წელი 

1 коммент.:

ნათია როყვა комментирует...

ძველი სტატიაა, მაგრამ მაინც :)