„ციხეების უფროსის“ ვიზიტი აჭარაში

четверг, 1 апреля 2010 г.


``გამოუშვით ამ ბავშვების მამა ციხიდან, გვიჭირს ამათი მოვლა`` _ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვისკენ ხელი პატიმრის დედამ გაიშვირა. კიკინებიანი, ცისფერთვალება სამიდან ხუთ წლამდე გოგონები იმ შეხვედრას ესწრებოდნენ, რომელზეც სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, პატიმრების ახლობლების კითხვებს პასუხობდა.

ნათია როყვა

მინისტრის განმარტებით, მისი საჯარო შეხვედრის მიზანია, გაიგოს რა პრობლემები და ხედვა აქვთ ადამიანებს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მიმართებაში: ``გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მკითხეთ, რა გაინტერესებთ``.
``შვილი მყავს პატიმარი, ოცი ლიტრი სალიარკის ქურდობისთვის იხდის სასჯელს, ერთი წელი დარჩა, ვარ მარტოხელა სოციალურად დაუცველი, ინსულინზე დამოკიდებული ქალი, ან უდო, ან შეწყალება, დამეხმარეთ...`` ამ ქალბატონს მინისტრი შეჰპირდა, რომ იურისტების დახმარებით შეწყალების ბიუროში `არგუმენტირებულ~ განცხადებას გააგზავნინებს და თუ მის შვილს პატიმრობის ვადის _ 2\3 მოხდილი აქვს, ვადამდე ადრე გაათავისუფლებენ.
`26 წლის ჯარისკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ხუთი წელი მსახურობდა ჯარში. სამსახურში მეგონა, ღამის ოთხ საათზე დამირეკეს და მაცნობეს, თურქეთის საზღვარზე დააპატიმრესო, ნარკოტიკები ჰქონია. თვითონ არ იკეთებს. გაჭირვებამ გააკეთებინა აგი... რუსთავის ციხეზეა გადაყვანილი. ქათამს გავყიდი, ხან მეზობლები მიგროვებენ გზის ფულს, ჩავალ ამხელა გზაზე და მინებს იქით ვნახულობ პატიმარს... სიცოცხლე უნდა, ერთხელ ვინ არ შემცდარა, დამეხმარეთ რა~, _ ამ თხოვნით მინისტრს შადიე დუმბაძემ მიმართა.
ერთმა ქალბატონმა ის ითხოვა, რომ აფხაზი პატიმარი, რომელიც სასჯელს ორთაჭალის ციხეში იხდის, აფხაზეთში გადააგზავნონ, ან მონასტერში: `არავინ არ ჰყავს საქართველოში, მძიმე ავადმყოფია, სასიკვდილოდაა მოქცეული ციხეში... აი, წერილი თქვენთან მისმა დედამ გამომატანა, მისი ოჯახი აფხაზეთშია და საქართველოში ვერ ჩამოდის``.
მინისტრის განმარტებით, პატიმრის გადაყვანა აფხაზეთში კანონით შეუძლებელია. მან თქვა, რომ ამ პატიმარს თავად მოინახულებს.
`ბავშვისთვის საჭმლის მოსატანად გავიდა ჩემი ბიჭი მამის ტაქსით, გზაში ვინმე ნათია მამულაიშვილი ჩაუჯდა და გასეირნება სთხოვა. იმანაც გაასეირნა. უთხრა, ან ფული გადამიხადე ან... მე რა ვიცი, რა მოხდა, ბიჭი ბიჭია. გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. აიღო ქალმა ხუთასი დოლარი, არ გედავებიო და პროკურატურამ ამაზე თვალები დახუჭა``, _ ეს უკვე გაზეთში დასაწერად გაკეთებული კომენტარია. ეს ფაქტი მანანა ლორთქიფანიძემ, ანუ პატიმრის დედამ მოუყვა ჟურნალისტებს.
``ჩემი შვილის ამბავიც დაწერეთ რა. წამლის გამო ზის ციხეში, კვირიკეში ვცხოვრობ, მე ცეცხლაძე ნათელა ვარ, ჩემი შვილი 25 წლისაა``.
ფაქტები, რომლებსაც პატიმრის მშობლები და ახლობლები ყვებოდნენ, იდენტური იყო. ზოგი მიიჩნევს, რომ მისი ახლობელი უდანაშაულოა, ზოგს მიაჩნია, რომ დამნაშავეა, მაგრამ შეწყალებას ან ამნისტიას ითხოვს.
``მე ასე ვერ ვიზამ, ყველას პატიმრის გათავისუფლების უფლება არ მაქვს``, _ განმარტა მინისტრმა.
მინისტრის შეხვედრები აჭარაში ორ დღეს გაგრძელდა. ის 29 მარტს ბათუმის მერიაში, ძირითადად, საჯარო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა. სასჯელაღსრულების მინისტრს მერიაში ნათია სურგულაძემ _ მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა უმასპინძლა.
30 მარტს შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობის შენობაში გაიმართა. გამგეობის სააქტო დარბაზში სულ ოცდაათი ადამიანი იყო, მათ შორის გამგეობის თანამშრომლები, პატიმრების მშობლები და მცირეწლოვანი ბავშვები. მინისტრს ხელვაჩაურში გამგებელმა _ თეიმურაზ დუმბაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მინისტრი რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა და შეკრებილებს მადლობა გადაუხადა: `მე მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ _ არსებობს უფასო იურიდიული დახმარების ბიუროები და მინდა ყველამ ისარგებლოთ ამით. შესაძლოა, თქვენ გყავთ პატიმარი ოჯახის წევრი, ან გაქვთ დავა მიწაზე, სახელმწიფოს ხარჯზე კვალიფიციური იურისტები დაგეხმარებიან~... (საუბარია სახაზინო ადვოკატებზე).
აჭარის მოსახლეობამ იურისტებს უფასო მომსახურებისთვის უნდა მიმართოს შემდეგ მისამართზე: ბათუმი, წერეთლის შესახვევი, #6; ტელ.: (895) 901 701.