ბინები ერთ ლარად დევნილებისთვის

четверг, 1 апреля 2010 г.






საქართველოს ხელისუფლება ევროპის ქვეყნების, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით დევნილების საცხოვრებელ ბინებს არემონტებს. გარემონტებულ ბინებს დევნილებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად გადასცემენ. გეგმის მიხედვით, დევნილების ბინებით უზრუნველყოფა 2011 წელს უნდა დასრულდეს.


ნათია როყვა, ცაგო კახაბერიძე

მთავრობის მიერ შემუშავებული `იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის~ მიხედვით: `საცხოვრებელი ფართობის სიდიდე, საშუალო სტანდარტის მიხედვით, შეადგენს 40 კვადრატულ მეტრს საშუალო (3-4-სულიან) ოჯახზე. ყოველ ოჯახს ექნება საკუთარი სანიტარული კვანძი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფართობი არ იძლევა სტანდარტის დაკმაყოფილების საშუალებას, ორ ან მეტ ოჯახს ექნება საერთო სველი წერტილი~.
აჭარაშიზემოაღნიშნული სტანდარტის დაცვა, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება(ძირითადად, ფართობის მხრივ), რადგან ყოველ ოჯახზე საკუთარი სანიტარული კვანძის გაკეთების საშუალებას საცხოვრებელი ფართობი არ იძლევა.
გარემონტებული ბინები 400-მდე ოჯახს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. ამ ერთ ლარსაც სახელმწიფო გადაიხდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო 50 ლარიც.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ (როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან) პირთა განსახლების საკითხში საქართველოს მთავრობას ფინანსურად, ძირითადად, ევროკომისია (EC), 361,1 მილიონი ევრო), გერმანიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი (რვა მილიონი ევრო), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), ექვსი მილიონი ევრო) და ამერიკის მთავრობის სააგენტოები (50 მილიონი აშშ დოლარი) ეხმარებიან.ამ თანხების ნაწილი, განსახლების გარდა, სხვა პრობლემების მოგვარებასაც მოხმარდება.
აჭარაში შენობების რეაბილიტაცია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)მიერ `დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციისთვის~ გამოყოფილი თანხით ხორციელდება.
იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის~ მეორე ეტაპის განხორციელება 2010 წლიდან დაიწყო.
მეორე ეტაპზე იმ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებენ, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში არსებული ფართობების საკუთრებაში მიღებაზე. ასევე დაეხმარებიან დევნილებს, რომლებიც მეგობრებთან, ნათესავებთან ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ. მათთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოიძებნება, ან აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თბილისის გარდა.
გეგმის მესამე ეტაპზე (2010-2011 წლები) დაეხმარებიან დევნილებს, რომლებიც განსახლებას არ საჭიროებენ. ასეთ ოჯახებს (ვისაც, მაგალითად, საკუთრება აქვს) ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ.
აჭარაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ერთ ობიექტზე _ საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებელში მიმდინარეობს.
სახელმწიფო ამ ეტაპზე იმ დევნილს უკანონებს ბინებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ `კოლექტიურ ფართში~ ცხოვრობენ. აჭარაში ასეთი 350 ოჯახია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონში 420 ბინა (საერთო ფართობი 23 998 კვ/მ) გაარემონტა, რომლის ფაქტობრივი ღირებულება, ფონდის ინფორმაციით, 5 685 413 ლარია. ტენდერში გამარჯვებულ ფირმებთან კი მთლიანობაში ხელშეკრულებები 5 304 876 ლარზეა გაფორმებული.
ქალაქ ბათუმში: ყოფილი მექანიკური ქარხნის დამხმარე ნაგებობა, საბავშვო ბაღი (მელიქიშვილის ქუჩა), ნარკოლოგიური ცენტრი და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმრო, ყოფილი ტექნიკური სკოლის (დოსააფის) შენობა; ასევე ქობულეთში: მე-7 სკოლის, ყოფილი სასაზღვრო საგუშაგო, სანეპიდსადგურის შენობები და დაბა ჩაქვის ყოფილი სკოლის შენობა _ ეს ის ობიექტებია, სადაც აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ და აქ სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა.
ობიექტების რეაბილიტაციაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) გამოაცხადა. აჭარაში ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ფირმებია: ``ანაგი`` (რომელმაც ხელშეკრულების მიხედვით 1 550 254 ლარის სამუშაოები შეასრულა), ``ნიუ ენერჯი`` (1 138 040 ლარი), ``მშენებელი 80`` (1 724 642 ლარი) და `ვიპ დიზაინი~ (891 940 ლარი).
ამ ათ ობიექტზე, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები გასული წლის 13 ოქტომბრისა და 30 დეკემბრის შუალედში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში სამუშაოები ვერ დასრულდა. ძირითადი მიზეზი, როგორც მშენებლები ამბობენ, ის არის, რომ გასარემონტებელი შენობებში მცხოვრებ დევნილებს წასასვლელი არსად ჰქონდათ, ანუ დევნილები საცხოვრებელ ბინებში რემონტის დროსაც ცხოვრობდნენ. მაგალითად,ეგრეთ წოდებულ მეზღვაურთა სასტუმროში სარემონტოს სამუშაოები პირველი სართულიდან დაიწყეს, პირველ სართულზე მცხოვრები ადამიანები, მეზობლებთან _ მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე გადანაწილდნენ. როცა სარემონტო სამუშაო პირველსართულზე დასრულდა, მეორე სართულის მცხოვრებლები პირველზე დაბინავდნენ და რემონტი მეორე სართულზე დაიწყო, შემდეგ, მესამეზე მცხოვრებლები მეოთხეზე ავიდნენ...
დევნილები ამბობენ, რომ ამასობაში გარემონტებული კედლები დაიბზარა. ამ კორპუსში, მეორე სართულზე მცხოვრები როსტევან ჭითანავას თქმით, მისი ოთახის კედელი რემონტის დასრულებამდე დაიბზარა, შეულესეს, მაგრამ შეღებვით დღესაც არ შეუღებიათ.
რაულ ხუტკუპიას ინფორმაციით,მეზღვაურთა სახლში სარემონტო სამუშაოები ნოემბერში დასრულდა. მერე კიდევ ერთხელ შეღებეს მისი ოთახის კედლები.
დევნილების ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე ის არის, რომწყალი არ მიეწოდებათსისტემატურად. `მხოლოდ შუაღამეში მოდის, დილამდე~.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, როგორც ისინი ამბობენ, ამ წლიდან იხდიან, მანამდე სახელმწიფო უხდიდა.
ხუტკიპიას შვილი, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე უზრუნველყვეს ბინით, იგი ყოფილი მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობაში ცხოვრობს, სარემონტო სამუშაოები მის ბინასაც ჩაუტარეს, თუმცა ამბობს, რომ მის სახლში ფანჯრებიდან წვიმა შედის. ეს სარემონტო სამუშაოების მწარმოებლებსაც აცნობა, თუმცა: `რატომ აწვიმს, ვერ დაადგინეს, ყველა გაწვიმებაზე ოთახის კედლები სველდება~.
ხელშეკრულების მიხედვით, ფირმა სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარებულ სამუშაოებზე 365 დღის განმავლობაშია პასუხისმგებელი. მაგრამ ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ამბობს:`კომპანიას ვთხოვე გარემონტებული ბინის შერემონტება, მუშებმა კიმითხრეს: რაც გავაკეთეთ იმის საფასურიც არ მიგვიღია და ხელახლა რემონტს ვერ დავიწყებთო~.
სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა, მაგალითად, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის ბოლოში, ყოფილი ბაგა-ბაღის ორსართულიან შენობაში. აქ 24 იზოლირებული საცხოვრებელი ბინა გაკეთდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია `ნიუ-ენერჯის~ სამუშაოები 29 ნოემბერს უნდა დაესრულებინა. კომპანიის წარმომადგენელმა _თემურ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები 15 სექტემბერს დაასრულეს.
საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის შენობაში შესახლებულები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოებზე ის დევნილები დასაქმდნენ, რომლებიც ამავე სახლში ცხოვრობენ. ჯერ შენობის ნახევარი რემონტდება, ანუ დერეფნის ერთი მხარე, შემდეგ მეორე მხარის რემონტს დაიწყებენ. იმ ოთახებში მცხოვრები ოჯახები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დროებით, იმავე შენობაში, მეზობლებთან არიან შესახლებულები. ლიანა ბუკიას ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ საცხოვრებელ ფართობებს მათ საკუთრებაში გადასცემენ.
`ორი ბიჭი მომიკლეს ომში, გოგოც ამცილდა გზაში, არ ვიცი, ყვავ-ბუზმა შემიჭამა, ცეცხლში დამიწვეს თუ ტყვიამ მომიკლა. ავადმყოფი ქალი ვარ, ჯოხით დავდივარ ხომ ხედავ? მინდა დაწეროთ და მთავრობას მადლობა გადაუხადოთ ყველაფრისთვის, ახლა საცხოვრებელ ფართს გვირემონტებენ...~ _ ციცანა ბუკია ოჩამჩირიდან დევნილია და ბათუმში, საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებელში შვილთან ერთად ცხოვრობს.
ოჩამჩირის რაიონიდან დევნილი გუგული კვანჭიანი მესამე სართულზე ცხოვრობს, მისი ოთახი უკვე გაარემონტეს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ისიც მეზობლებთან ცხოვრობდა: `ანტისანიტარია გვქონდა წლების განმავლობაში და ახლა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის~.
მეზღვაურთა სასტუმროში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. შენობაში სულ 36 ოჯახი ცხოვრობდა, საცხოვრებელიბინა 27 ოჯახს გაურემონტდა, დანარჩენი ოჯახები ხელისუფლებამ ლეონიძის ქუჩაზე გადაიყვანა. აქ მექანიკური ქარხნის დამხმარე ნაგებობაში სამუშაოები დასრულდა. ობიექტში დევნილებისთვის 47 ბინა გაკეთდება. სამუშაოები ჩატარდა `დოსააფის~ შენობაშიც, სადაც ოცი ოჯახი დაბინავდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში, დღეს 45 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 23 დევნილი, ხოლო სხვები სტიქიის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტები არიან.
ხელვაჩაურში ყოფილი ნარკოლოგიური საავადმყოფოს ორსართულიან შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სარემონტო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო და რვა თვეში დასრულდა. ჩატარებული სამუშაოებით ზოგიერთი აქ მცხოვრები კმაყოფილია და ახლა მხოლოდ ფართობის დაკანონების საკითხი აწუხებს, ზოგიერთმა კი უკმაყოფილება გამოთქვა და შენობა დაგვათვალიერებინა. `რემონტი ახალი გაკეთებულია და წყალი მაინც ჟონავს გაყვანილობიდან. რაც გააკეთეს დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ხარისხზე კარგის თქმა ნამდვილად არ შემიძლია~, _ აცხადებს აქ მცხოვრები ზაირა ჯიქია.
ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია აქ მცხოვრები თეა ჯაყელი. ვიზუალურადაც ჩანს, რომ მის ბინაში კედლები ნორმალურ მდგომარეობაშია: `ყველაფერი კარგად არის გაკეთებული, ზოგიერთმა შვიდჯერ გადაღება და ზუსტად იმათ გაუფუჭდათ. ყველას ეჩქარებოდა. მე დაველოდე, როცა კარგად გაშრა კედელი, მერე გავაკეთე. ესენი აჩქარებდნენ მოხელეებს, მალე უნდოდათ შემოსვლა. უმადური არ უნდა იყო ადამიანი. აქ წყლის სისტემაც კი არ გვქონდა, ახალი ჭაბურღილი გააკეთეს _ წყალი მოდის``.
`ცოტა უხარისხოა. კედლები უკვე დახეთქილია. ყველაფერი კარგად უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მოხელეებმა აქ ისწავლეს ეტყობა ხელობა. დანარჩენით კმაყოფილნი ვართ, რასაც ვითხოვდით, ყველაფერს გვაძლევდნენ~, _ განაცხადა ვაჟა ხოზრევანიძემ.
ამ კორპუსში დევნილებს შუქის პრობლემა აწუხებთ, გასულ წელს მათ ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანება _ 12 ათასი ლარი, მთავრობამ დაუფარა. `5400 ლარი დაგვრჩა, რომელიც მთავრობის გამოყოფილი ფულით დავფარეთ _ არ ვიღებდით ამ დახმარებას და პირდაპირ ვრიცხავდით. უკვე 2100 ლარი ზედმეტიც კი გადავიხადეთ, მაგრამ შუქის პრობლემა მაინც გვაქვს, _ ამბობენ დევნილები. _ ამ პრობლემის მოგვარება სუბელიანს ვთხოვეთ, შეგვპირდა, გავარკვევთო და ჩვენც ველოდებით``.
აჭარაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 1993 წლიდან ცხოვრობენ. 2800 ოჯახიდან დღეს რეგიონში 1878 ოჯახია რეგისტრირებული, აქედან 1478 კერძო სექტორში ცხოვრობს.
დევნილთა და განსახლების საკითხებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე: ``დაახლოებით ორ თვეში დაიწყება ბინების დაკანონება, რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს,დევნილებისთვის სახელმწიფო 28 ლარს (თითო ოჯახზე) მანამ გამოყოფს, ვიდრე მათ ბინები დაუკანონდებათ``.

შპს `ანაგის~ მენეჯერის _ დავით ჩანტლაძის თქმით, `როცა ორ ოჯახს ერთი და იმავე მასალით ურემონტებ ბინას, არ შეიძლება ერთი მალე გამოვიდეს მწყობრიდან და მეორე _ არა. ზოგს, უბრალოდ, რაღაცა ზედმეტი უნდოდა, ის რაც სახელმწიფოს ჩემთვის არ დაუვალებია. თუ, მაგალითად, მეტლახ-კაფელს ვაკეთებდი, მარმარილოს ითხოვდნენ. ზოგს გამათბობელი სისტემის დამონტაჟება უნდოდა. ამ სისტემას ჩემი ინიციატივით ნამდვილად ვერ გავაკეთებდი.
მეორე პრობლემა ის არის, რომ რემონტის დროს მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლას ჰქონდა ადგილი _ ხალხი იმ ფართობში ცხოვრობდა, რასაც ვარემონტებდით. იყო შემთხვევა, როცა ერთ ოჯახს კედელი იმის გამო ავუშენე ორჯერ, რომ შემთხვევით დაანგრიეს. არადა, სველ კედელზე შეხება არ შეიძლება. არანაირი მოტივაცია არ გვქონდა, რომ ზოგი სამუშაო ბოლომდე მიგვეყვანა და ზოგი _ არა``.