სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე 29 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ბოლო ხანებში მოიმატა პატიმართა საჩივრებმა. ქუთაისის #2 საპყრობილესა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში კი იდეალური მდგომარეობაა.


სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ 2010 წლის 26 თებერვალს გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმართა უმეტესობამ შიმშილობა გამოაცხადა. სახალხო დამცველის თანამშრომელთა განმარტებით, შიმშილობიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, მსჯავრდებულებთან მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები. მათ მსჯავრდებულებმა განუმარტეს, რომ ამ დაწესებულებაში პატიმრებს სისტემატურად ექცეოდნენ არაადამიანურად. კონკრეტულად, მსჯავრდებულებს კარცერში ათავსებდნენ უმიზეზოდ და მათზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ. მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მიზეზი ამ დაწესებულების კარცერში განთავსებული მსჯავრდებულის _ გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო.
სახალხო დამცველის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებაში შევიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. მათ ჩაატარეს ჩხრეკა, შემდეგ სიით გამოიძახეს რამდენიმე პატიმარი, ხოლო დანარჩენს უთხრეს, რომ საკვების მიღების დრო იყო. მსჯავრდებულთა განმარტებით, ის მსჯავრდებულები, რომლებმაც უარი განაცხადეს საკვებზე, გადიოდნენ სპეცრაზმის ე.წ. „კორიდორს“ _ მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ 200-მდე მსჯავრდებული, პირველ რიგში კი ისინი, რომლებმაც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს, გადაიყვანეს სხვადასხვა დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ ქუთაისის #2, რუსთავის #6 რუსთავის #2, გეგუთის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულებს და ასევე გეგუთის #8 დაწესებულებაში დარჩენილებს. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან პატიმრები ერთხმად ადასტურებენ ამ ფაქტს, თუმცა უმრავლესობამ თავი შეიკავა წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემისგან.
#8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები რეაგირებისთვის ომბუდსმენმა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას გაუგზავნა.
სახალხო დამცველის ცნობით, ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ წინა წლებთან შედარებით დაწესებულებაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დაწესებულებაში განთავსებული იყო 1188 პატიმარი, მათ შორის 13 ქალი და 18 არასრულწლოვანი, 824 მისჯილი, 264 მიუსჯელი. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ნაწილში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, არ არის გადატვირთულობის პრობლემა.
პატიმრები აღნიშნავენ, რომ დაწესებულების თანამშრომლები კარგად ეპყრობიან, ადმინისტრაცია ითვალისწინებს მათ თხოვნას. პატიმრების თქმით, დირექტორს შერჩეული აქვს პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრის და გასაუბრების ფორმა, რაც შესაძლებელს ხდის რაიმე საკითხის გადაჭრას და პრობლემის მოგვარებას.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ქუთაისის #2 დაწესებულება ერთ-ერთი იშვიათია, სადაც ე.წ. კარანტინში მყოფ (ახლადმიღებულ) პატიმრებს ეძლევათ ლეიბები და თეთრეული. პატიმრების გადმოცემით, ისინი სისტემატურად სარგებლობენ სეირნობის უფლებით. მათ შეუფერხებლად მიეწოდებათ ამანათი. პატიმრების გადმოცემით, ისინი შეუზღუდავად სარგებლობენ მიმოწერის უფლებით, გაზეთების და ჟურნალის შეძენა პატიმრებს შეუძლიათ დაწესებულების მაღაზიაში. ჟურნალები, ასევე წიგნები მიეწოდებათ ამანათით.
პატიმრების თქმით, ისინი ტელეფონით სარგებლობენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. პარასკევ დღეს პატიმრებს შეუძლიათ დარეკონ საზღვარგარეთ. შეუზღუდავად ეძლევათ პაემანის უფლება. რადიომიმღების შეძენა შეიძლება დაწესებულების მაღაზიაში. აბანოთი სარგებლობენ კვირაში ერთხელ. დაწესებულებას ქალაქიდან წყალი მიეწოდება შეფერხებით.
პატიმრებს არ გამოუთქვამთ პრეტენზია საკვების ხარისხთან დაკავშირებით. მონიტორინგის ჯგუფი ესაუბრა კარცერში განთავსებულ პატიმრებსაც. როგორც გაირკვა, ყველა პატიმარმა იცოდა, რა დარღვევისთვის იყო დასჯილი. კარცერში მოთავსებულ არც ერთ პირს არ აღენიშნებოდა დაზიანება. პატიმრების თქმით, როგორც წესი, კარცერში ერთ კვირაზე მეტი ხნით არ სვამენ.
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურება დღე-ღამის განმავლობაში. მონიტორინგის ჯგუფის აზრით, მკვეთრად გაუმჯობესდა დაზიანებათა ჟურნალში ჩანაწერების გაკეთება. აღირიცხება ნებისმიერი სახის დაზიანება, ფიქსირდება პაციენტის კომენტარი და განმარტებები. ფსიქიატრს სისტემატურად აქვს პაციენტთა კონსულტაციები. ასევე გაიზარდა სტომატოლოგიური დახმარების მოცულობა.