მე და პრესსამსახურები

среда, 14 апреля 2010 г.

ნათია როყვა

გასულ თვეში ევროკავშირის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ჟურნალისტების და პროკურორების შეხვედრა მოეწყო ბაკურიანში. ამ შეხვედრაზე, სადაც მთავარი პროკურორი _ მურთაზ ზოდელავა, მისი მოადგილე _ დავით საყვარელიძე და კიდევ ის პროკურორები იყვნენ, რომლებიც, ძირითადად, სატელევიზიო კომენტარებს აკეთებენ, ვიკითხე, თუ თბილისში გყავთ ისეთი პროკურორები, რომლებიც ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებენ, რატომ არ შეიძლება ასეთი პროკურორები, თუნდაც ერთი ადამიანი, ბათუმშიც იყოს-მეთქი.
მთავარმა პროკურორმა განმიმარტა, რომ აჭარაში პროკურორები ჯერ გადასამზადებელი ჰყავთ (სხვათა შორის, პროკურატურაში, ძირითადად, მოწვეული ადამიანები, ანუ როგორც ლევან ვარშალომიძე იტყოდა, არაადგილობრივი კადრები მუშაობენ): `ლაპარაკი უნდა ვასწავლოთ _ რა არ თქვან, ყველაფრის თქმა არ შეიძლება... კანონი კრძალავს. ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგალითად, თუ ბრალდებულის სახელი და გვარი გაჟღერდება საზოგადოებაში~.
ამ პასუხზე ვიდეოპატრული გამახსენდა, რომელიც ყოველ საღამოს გადის `რუსთავი 2~-ის ეთერში. მთავარ პროკურორს ვკითხე, ირღვეოდა თუ არა ამ გადაცემით ადამიანის უფლებები. პასუხი დავით საყვარელიძისგან მივიღე _ მიპასუხა, რომ ეს გადაცემა აბსოლუტურად კანონიერია და ადამიანის უფლებები არ ირღვევა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ორივე პასუხი: როგორ დავიჯერო, რომ პროკურორმა, თანაც ამ რანგის პროკურორმა, არ იცის, რისი თქმაა კანონით შესაძლებელი და რისი არა...
რაზეც ახლა ვწერ, ეს ჩვენი, ჟურნალისტების შიდა სამზარეულო, სამუშაო რეჟიმია და მკითხველს სულაც არ აინტერესებს, რამდენს ვწვალობ ინფორმაციის მოპოვების პროცესში. მკითხველი არც იმაზე ფიქრით იტკივებს თავს, რომ არიან პრივილეგირებული ჟურნალისტები (რომლებსაც ხელი მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომლებსაც ხელისუფლება ავრცელებს) და ჟურნალისტები, რომლებსაც ოფიციალურ `შეკრებებზე~ არ უშვებენ. და არც ის მგონია, რომ ხალხს დიდად აინტერესებდეს, ვინ მიშლის ამაში ხელს... მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა.
თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში არსებობს ასეთი თანამდებობა _ პრესსამსახურის ხელმძღვანელი. უხეშად ვიტყვი _ ამ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საქმე კანონით ის არის, რომ თავის შეფს ჟურნალისტებთან დაუგეგმოს, ვთქვათ, შეხვედრები. გაავრცელოს პრეს-რელიზები.
ეს კანონით.
სინამდვილეში კი პრესსამსახურები, ძირითადად, შეფისკენ მიმავალი გზების გადაკეტვაზე იხარჯებიან. მოკლედ, არ უნდა დაინახოს შეფმა ის ჟურნალისტი, ვისი დანახვაც არ სიამოვნებს. ყველაზე მაგარი ის არის, თუ შეფს არასასურველი ჟურნალისტი თვალს ვერ შეავლებს.
ისე, ზოგჯერ ვერ ვარკვევ, ვინ ვისი უფროსია: პრესსამსახური მინისტრის, მინისტრი პრესსამსახურის თუ კიდევ სხვა უფროსია _ ვინმე მინისტრის მინისტრი... რეკავ სამინისტროში ან საჯარო სამსახურში (სამსახურების დასახელება არაფერს ცვლის) და ითხოვ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს. პრესსამსახურში არც კი ფიქრდებიან და... `იცით რა? ჩემი მინისტრი არაკომპეტენტურია ამ საკითხში, არ მინდა, ამ არაკომპეტენტურ პასუხზე აიგოს მთელი თქვენი სტატია~.
ვუხსნი, რომ ამ კითხვის პასუხი ჩემი სტატიისთვის მხოლოდ ერთი დეტალია. მინდა, რომ ორივე მხარის პოზიცია იყოს დაფიქსირებული... მოკლედ, ცხრა პირი კანი უნდა გაიძრო, რომ პრესსამსახური დააჯერო მისი უფროსის კომენტარის საჭიროებაში. ის, რომ სტატიისთვის კომენტარი გჭირდება, მთავარი არგუმენტი მისთვის არ არის.
დამოუკიდებლად როგორ წყვეტენ პრესსამსახურების უფროსები, რომ მათი უფროსები კომენტარს ვერ გააკეთებენ, არ ვიცი. მგონია, საინტერესო ამბავია, მაგრამ მე ამ საკითხის შესასწავლად არ მცალია...
ბათუმელების ამ ნომრის მე-5 გვერდზე ბათუმის ციხის ფოტო დევს. გასულ კვირას ამ ფოტოს გადაღება მქონდა დაგეგმილი. რომ შეხედავ, თითქოს არაფერია, მაგრამ რედაქტორმა მითხრა, შესაძლოა ამის უფლება არ მოგცენო. მირჩია, ეს საკითხი ვინმესთან წინასწარ შემეთანხმებინა. ბათუმში ციხეების სამინისტროს არ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებთან ითანამშრომლებს. ისეთი მარტივი ამბავი, როგორიც შენობის ფასადის გადაღების უფლებაა, თბილისში უნდა შეათანხმო. სამინისტროში დავრეკე. პრესსამსახურმა მითხრა, რომ ის, რაც კანონით დაშვებულია, ვერავინ ამიკრძალავს, მთავარია, საგუშაგოები არ ჩანდეს. ვიფიქრე, მოდი ამ ამბავს ბათუმის ციხის უფროსს, გიორგი ვეკუასაც შევუთანხმებ-მეთქი, მაგრამ რადგან სამინისტრო ინფორმირებული იყო, ბატონი გიორგი ასეთ უმნიშვნელო დეტალზე აღარ შევაწუხე.
ციხის კარებთან, სავარაუდოდ თანამშრომელმა გამაჩერა (წინ და უკან დადიოდა). ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და ისიც, რომ ეს ამბავი სამინისტროსთან შეთანხმებულია. თუ საჭიროა, ბატონ გიორგისაც დავურეკავ, ფოტოს გადაღება მინდა-მეთქი. მითხრა, რომ ბატონი გიორგი მისი უფროსი არ არის. როგორც ამიხსნა, უფროსი თბილისში ჰყავს. თვითონ გადარეკა და მერე მითხრა _ `გადაიღე~.
უკვე შევეგუე, რომ ინფორმაციის მისაღებად არ უნდა დაურეკო აჭარაში პოლიციას, პროკურატურას და კიდევ ბევრს...
უჰ, ეს ამბავიც, როგორც ხელისუფლებაში იტყოდნენ, რაღაც ოპოზიციური გამომივიდა (`ბათუმელებს~ ხელისუფლებაში სწორედ ასე აფასებენ). არადა, რა უნდა თქვა, მაგალითად, ოპოზიციის პრესცენტრებზე, არ მიშლიან ხელს მუშაობაში და ბალანსისთვის გავაკრიტიკო? ან რანაირად გავაკრიტიკო ოპოზიცია, ვთქვათ, კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის გამო.
მოკლედ, ბალანსისთვის სხვა ამბავი მაქვს და ამას ყოველგვარი სატირის გარეშე ვამბობ. ვიცნობ პრესსამსახურებს, რომლებიც ყველა ფორმით მეკონტაქტებიან _ ტელეფონით, სმს-ით, ინტერნეტით პრესრელიზებს მიგზავნიან. მაგალითად? იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურები. ბათუმის საქალაქო სასამართლო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო... მაგალითად? ხათუნა იოსავა, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ქვას გახეთქავს და თუ დაგპირდა, რომ ინფორმაციას მოგაწვდის, სიტყვას არ გადავა. და ამ საქმეში არც ათ დღეს ითხოვს და არც ოფიციალურ წერილს. დაურეკავ, აუხსნი რაც გინდა და მორჩა. დათქმულ დროს ან თვითონ გირეკავს ან ელექტრონული ფოსტით გწერს.
რა ვქნა, ვერ ვიტან, როცა ყველაფერზე ათ დღეს იძახიან და მერე მწერენ, რომ ჩემს მოთხოვნილ ინფორმაციაზე ვერ მომცემენ...