ციხე ტელეფონის გარეშე

среда, 14 апреля 2010 г.

„ყველა გათოვლებაზე, გაწვიმებაზე და ქარის ამოვარდნაზე, ღობე-ღობე და ყანა-ყანაა მოსაძებნია ტელეფონის ხაზები. დღე არ გადის, კაბელების მოპარვის ფაქტი რომ არ დაფიქსირდეს. 5-6 თვეა ტელეფონები არ მუშაობს ბათუმის ციხეში. როცა დაზიანებაა, რეაგირებას ვახდენთ, მაგრამ ისეთი შემთხვევაც გვქონია, გაგვიკეთებია, წამოსულა ხელოსანი და ჩამოსვლამდე გაფუჭებულა“, _ ამბობს მერაბ სტეფანია, ტელეკომის წარმომადგენელი აჭარაში.

ნათია როყვა

სადენები, რომლებითაც ბათუმის #3 საპყრობილეში მოთავსებული პატიმრები გარე სამყაროს უკავშირდებიან, ცუდ ამინდში წყდება ან იპარავენ. ამ საპყრობილეს პატიმრებს დარღვეული აქვთ კანონიერი უფლება, საკუთარი ხარჯებით ესაუბრონ ახლობლებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მათი კი არა, იმ კომპანიის პრობლემაა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ემსახურება და რომელმაც ციხეები სატელეფონო სიხშირით უნდა უზრუნველყოს.
`ყველაფერს ქურდებს ვერ დავაბრალებ. ჩვენი ბრალია, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა _ გვინდა სადენები მიწაში ჩავმარხოთ, მაგრამ ჯერ ურეხის დასახლებაში, სადაც საპყრობილე ტერიტორიულად მდებარეობს, არ დაგვიწყია სამუშაოები~, _ ამბობს სტეფანია `ბათუმელებთან~.
ამ სამუშაოების შესრულება სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული. უღირს თუ არა ამ ხარჯების გაწევა ტელეკომს? მერაბ სტეფანია: `ეს ფინანსური პრობლემაა, ორი ტელეფონის ნომერია ჩასართავი და ათიათასობით ლარია დასახარჯი. კომპანია ფიქრობს ამაზეც, ღირს?~
აქამდე #3 საპყრობილეში ე.წ. ტაქსაპონები ჰქონდათ დამონტაჟებული, რომლებიც `დაილეწა და განადგურდა ციხეში~. ეს იყო ბარათების სისტემა, ანუ პატიმარს შეეძლო ბარათი ეყიდა ციხეში ან ამანათის სახით ოჯახის წევრებს შეეგზავნათ. ქსელში საუბარი კი, მაგალითად, სახლში დარეკვა, უფასოდ შეიძლებოდა. როგორც მერაბ სტაფაინა განმარტავს, ეს სისტემა მას შემდეგ აღარ მუშაობს, რაც ანალოგიური აპარატები ქალაქების ქსელიდან გაქრა: `ბარათების მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის დამზადებაზე უარი განაცხადეს ოდესაში (ამ ტელეფონებისთვის ბარათები უკრაინაში მზადდებოდა).
აჭარაში ტელეკომის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საპატიმროს უკაბელო ტელეფონის დამონტაჟება შესთავაზა. ამ გზით პატიმრებს საქალაქო ნომრებზე უფასოდ დარეკვა შეეძლებათ (ტელეკომის ქსელში ჩართულ ნომრებზე), ხოლო მობილურზე განხორციელებული ზარების საფასური ტელეკომს გადაუხდიან. თუმცა ამ შემთხვევაში არის ერთი პრობლემა _ გაურკვეველი იქნება, ვინ რამდენი წუთი ილაპარაკა და როგორ უნდა გადაიხადოს პატიმარმა დახარჯული თანხა.
მერაბ სტეფანიას აზრით, ამ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს _ ტელეფონის მოხმარების ქრონომეტრაჟი დაწესებულების მორიგემ უნდა გააკონტროლოს: `პატიმრებს ხომ აქვთ დეპოზიტი. თვის ბოლოს ბარათებიდან უნდა ჩამოეჭრათ ის თანხა, რასაც დახარჯავენ მობილურზე~.
ტელეკომის აჭარის ფილიალის წარმომადგენელი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოებს, სავარაუდოდ, ურეხის დასახლებაში ზაფხულში დაიწყებენ (სადენების მიწაში განთავსება) და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის უზრუნველყოფენ #3 საპყრობილეს ტელეფონებით.
მერაბ სტეფანიას თქმით, ამ პროექტის განხორცილებისთვის 20-30 ათასამდე ლარია საჭირო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გია ქარცივაძე, ამბობს რომ პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პატიმარს უფლება აქვს, ისარგებლოს სატელეფონო საუბრებით შეუზღუდავად, თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა აქვს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციას. ანუ თუ ადმინისტრაციას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, პატიმრის აღნიშნული უფლება განუხორციელებელი რჩება და ამ უფლების ხელყოფისათვის მის მიერ გაცხადებული პრეტენზია უშედეგო აღმოჩნდება, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას: `მაგრამ რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა გვექნება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან. მიმდინარე წლის 9 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო პატიმრობის კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 1 ოქტომბრიდან. აღნიშნული კოდექსის თანახმად, ყველა პატიმარი შეუზღუდავად ისარგებლებს სატელეფონო კავშირით გარე სამყაროსთან და ამ უფლების დანხორციელება არ იქნება დამოკიდებული ადმინისტრაციის შესაძლებლობებთან~.