შიმშილობა ციხეში კარავში და...

среда, 20 мая 2009 г.

 ნარგიზ კაიკაციშვილი, შიმშილობის, მე–14 დღე კარავში

ფოტო; ნათია კოპალიანის

~თუ ჩემი ძმა არ შეწყვეტს შიმშილობას, ბავშვთან ერთად შიმშილობას პროკურატურის წინ მეც დავიწყებ~ _ ამბობს `ბათუმელებთან~ განსასჯელი ნათია შალიკაშვილი. ნათია და მისი ოჯახის წევრები ციალა ბაკურიძის დაყაჩაღებაში არიან ბრალდებულები. 

ნათია როყვა


~ოპერატიული ზარის საფუძველზე დაკავებულია ნათია შალიკაშვილის ყაჩაღობრივი წრე და ჯგუფის წევრები~, _ წერია საბრალდებო დასკვნაში. შალიკაშვილთან ერთად დააკავეს მისი ძმა, თენგო და ქმარი, ნოდარ შანიძე. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნათიას დედის წინააღმდეგ, `სიცოცხლის ხელყოფის მუქარით~ _ მანოლი დარჩიაშვილს მოწმის მოსყიდვა ედება ბრალად. მას ერთიდან სამ წლამდე, ხოლო მის შვილებს 8-დან 12-წლამდე პატიმრობა ელოდებათ. 
ნათია რვა თვის ორსული იყო და წინასწარი პატიმრობიდან ამის გამო გამოძიების მიმდინარეობისას გაათავისუფლეს. გასულ თვეში მას შვილი გაუჩნდა, ახალშობილის დედა განაჩენის მოლოდინშია. ბოლო სასამართლო პროცესი 21 მაისს გაიმართება. მანამდე კი თენგო შალიკაშვილმა ციხეში შიმშილობა დაიწყო. იგი ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ორშაბათს მოინახულეს. 
ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, პატიმარი შიმშილობით უკანონო გამოძიებას აპროტესტებს და სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებას ამ ფორმით ითხოვს. მოშიმშილე პატიმარი საკანში მარტოა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, ექიმები აკონტროლებენ.  

საავადმყოფოდან საკანში...

კიდევ ერთი ადამიანი, პაატა კაიკაციშვილის დედა, ნარგიზი, შვილის უკანონო პატიმრობას ქობულეთის გამგეობის შენობის წინ აპროტესტებს. შიმშილობის დაწყებიდან მე-10 დღეს ნარგიზ კაიკაციშვილი გულის შეტევით ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. კაიკაციშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 16 მაისს საღამოს 8 საათზე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. საავადმყოფო კი მან 18 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად დატოვა და ისევ ქობულეთის გამგეობის წინ კარავში დაბრუნდა. ნარგიზ კაიკაციშვილმა უვადო შიმშილობა შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. დედას მიაჩნია, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია. 
კაიკაციშვილის პატიმრობას მისი ნათესავებიც აპროტესტებენ და აქციებს აწყობენ. 15 მაისს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლას აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე _ რამაზ გვარჯალაძე ხელმძღვანელობდა და პოლიციის თანამშრომლებს მითითებებს აძლევდა. 
აქციას მოძრაობა `ერთიანი საქართველოს~ ლიდერი _ ზურაბ ნოღაიდელი უწევდა ორგანიზებას. აქციის მონაწილეები აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსთან, ირაკლი მოწყობილთან შეხვედრას ითხოვდნენ. პაატა კაიკაციშვილის და, თამუნა კაიკაციშვილი პროტესტის ნიშნად სამანქანე გზაზე დაწვა. შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ნოღაიდელს პირობა მისცა, რომ პაატა კაიკაციშვილის დას, თამუნას ირაკლი მოწყობილი შეხვდებოდა. 
თამუნა კაიკაციშვილი: ~შეხვედრისთვის შეთანხმებულები ვიყავით, მეორე დღეს, 11 საათზე, მაგრამ მოწყობილი არ შემხვდა~. კითხვაზე, თუ რატომ ითხოვენ კონკრეტულად ირაკლი მოწყობილთან შეხვედრას, თამუნა კაიკაციშვილი პასუხობს: `პაატა მისი დაჭერილია და იმიტომ~. 
პაატა კაიკაციშვილი გასული წლის დეკემბერში დააკავეს. სამართალდამცავების ვერსიით მას დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოუღეს. ოჯახის ახლობლებისა და თვითმხილველების თქმით კი, დაკავების პროცესში პაატა კაიკაციშვილს სასტიკად სცემეს და ნარკოტიკიც პოლიციამ ჩაუდო. 
პაატა კაიკაციშვილი ყოფილი პრემიერის _ ზურაბ ნოღაიდელის მეუღლის დეიდაშვილია. დაკავებულის ნათესავები მიიჩნევენ, რომ პაატა კაიკაციშვილი პოლიტპატიმარია. მას განაჩენი 5 დღეში გამოუტანეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.