მიმდინარე წლის სამ თვეში აჭარაში 102 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, რომლის დროსაც დაიღუპა ცხრა და დაშავდა 150 ადამიანი. გასულ წელს კი, აჭარის ტერიტორიაზე 490 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 778 კი _ დაშავდა. 

ნათია როყვა 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2009 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან წესების დარღვევით რეგისტრირებულია 70 დანაშაული, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია შვიდ დანაშაულზე (2008 წელს კი რეგისტრირებულია 216 დანაშაული, რომელთაგან 97-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა).
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-მარტში, აჭარაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 253 593 ლარი შევიდა (ჯარიმების სახით).
ამავე პერიოდში ფეხით მოსიარულეების მიმართ შედგენილია სამი საჯარიმო ოქმი, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობაზე. 
გზის გასწრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევისთვის, საპატრულო სამსახურს ასევე სამი საჯარიმო ოქმი აქვს გამოწერილი. 
გასულ წელს კი ქვეითად მოსიარულეების მიმართ შედგენილია ორი ოქმი, საგზაო ნიშნების უგულებელყოფისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო; გზის გასწრივ პირუტყვების ძოვების წესების დარღვევისთვის არავინ დაჯარიმებულა; სამართალდარღვევისთვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპოტო საშუალების ტვირთის გზის ან ნაგებობის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება _ გამოწერილია ექვსი ოქმი. 
2008 წელს ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 700 744 ლარი შევიდა. 
შს სამინისტროდან აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მიღებას `ბათუმელები~ თვეზე მეტ ხანს ელოდებოდა. თანაც მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შსს-მ არასრულად მოგვაწოდა. სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას კონკრეტულად რა დარღვევები დაფიქსირდა ვიდეოთვალის მეშვეობით და რა სახის საჯარიმო სანქციები იქნა გატარებული. `დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოპოვებისთანავე~ _ წერია წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს შსს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი _ კ. ბროკიშვილი აწერს.