მიწის საკუთრების 194 მოწმაბა ერთ დღეში

среда, 20 мая 2009 г.

ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დღეში 194 (საათში _ 25) საკუთრების მოწმობა გასცა. არჩევნების შემდეგ კი ერთი აქტით იმავე კომისიამ საკუთრების მოწმობა 125 მოქალაქეს გაუუქმა. მოქალაქეებს შორის წარმოქმნილი დავების გამო დამატებით კიდევ ორასამდე ადამიანს გაუუქმდა საკუთრების მოწმობა.

ნათია როყვა 

`2007 წლის 30 ნოემბრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე დაახლოებით 4268 საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა~ _ ამ დოკუმენტს, რომელიც `ბათუმელებს~ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა (საია) მოგვაწოდა, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე _ როინ მალაყმაძე აწერს ხელს. 
საია-ს იურისტი _ გია ქარცივაძე აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში 4268 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა შეუძლებელია. `კანონი `ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ~ ითვალისწინებს ფორმალურ წარმოებას. ფორმალური წარმოება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მოცულობით ძალიან დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიკითხოს მოწმეები, უნდა დათვალიერდეს შემთხვევის ადგილები და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიეცეთ საკუთარი მოსაზრებებისა და შუამდგომლობების წარდგენის შესაძლებლობა. განხილვამდე საკითხი უნდა იქნას შესწავლილი~. 
აჭარის საია-ს რამდენიმე ადმიანმა მიმართა საკუთრების უფლების დასაცავად. ამ საქმეებს ხელვაჩაურის რაიონული და სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ. 
კითხვაზე, რამდენად რეალურია ერთ თვეში 4268 საკუთრების უფლების მოწმობის აღიარება, კომისიის თავმჯდომარე _ როინ მალაყმაძე პასუხობს: `რეალობაა იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნოდ უწყვეტი რიგი იყო, ამიტომ კომისია საღამოს 11, 12 და პირველ საათამდეც მუშაობდა~. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განსახილველად ყოველდღიურად 20-30 განცხადება ახლაც შედის. მოქალაქეები მიწის დაკანონებას ითხოვენ. ამ დროისთვის დაახლოებით 1500 განცხადებაა შესული. 
2008 წლის დეკემბრიდან დღემდე კი 370 საკუთრების უფლების აღიარების მოწმობაა გაცემული, ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.  
ადამიანი, რომელსაც მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს, კომისიაში წარსადგენად განცხადებას წერს. განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობს მოწმობის ქსეროასლი, ასევე საჯარო რესტრიდან ამონაწერი, რომ ამ ტერიტორიაზე არ არსებობს გადაფარვა, საკადასტრო ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები. კომისია ვალდებულია განცხადება განიხილოს და საკითხი ექვსი თვის განმავლობაში გადაწყვიტოს. 
თუ ექვსი თვის განმავლობაში განმცხადებელმა პასუხი ვერ მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განცხადება კომისიამ არ დააკმაყოფილა. 
კომისიის თავმჯდომარის _ როინ მალაყმაძის ინფორმაციით, ყოველ კვირაში კომისიის სხდომები თემების მიხედვით ტარდება. `კომისიის ერთ სხდომაზე დაახლოებით ასი განცხადება განიხილება. ყველა ნაკვეთი ადგილზე გასვლით მოწმდება, დგება დათვალიერების აქტი~. 
კომისიამ შესაძლოა 80-დან 20 განცხადებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. სამ-ოთხკაციანი ჯგუფი ამოწმებს განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთს და ამის შემდეგ ხდება მისი აღიარება. 
ზედა ახალშენში, სოფელ ხეყრუში მცხოვრებმა თემურ თურმანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას შესაბამისი განცხადებები ორ, განცალკევებით მდებარე ნაკვეთებზე წარუდგინა. იგი ამ ნაკვეთების დაკანონებას ითხოვდა. აქედან ერთ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი დგას. თურმანიძეს საკუთრების უფლების აღიარების მოწმობა იმ ნაკვეთზე მისცეს, რომელზედაც სახლი არ დგას. მეორე ნაკვეთის საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით, როგორც თურმანიძე ამბობს, პასუხი დღემდე ვერ მიიღო: `ორივე განცხადება ერთნაირი იყო, ერთი დააკმაყოფილეს, მეორე _ არა. როინ მალაყმაძესაც შევხვდი, კიდევ ვის უნდა მივმართო?~
როინ მალაყმაძის განმარტებით, თემურ თურმანიძემ კომისიას უნდა მიმართოს, კონკრეტულად კი კომისიის თავმჯდომარეს: `მოგვმართოს ჩვენ და თუ რაიმე გაურკვევლობაა, აუცილებლად გავარკვევთ. მე არ მახსოვს ჩემთვის, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, თურმანიძეს მოემართოს~.