დაკავებული მოსამართლე ბრალდებას უარყოფს

среда, 20 мая 2009 г.



ფულის გამოძალვაში ბრალდებულ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ კოზმავა ამჟამად გლდანის მერვე საპყრობილეშია მოთავსებული. მისი ადვოკატის, ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, მოსამართლე გენერალურმა პროკურატურამ ოპერატიული იფორმაციის საფუძველზე, ბათუმის სასამართლოს შენობაში დააკავა. ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ქრთამი მოსამართლეს ადვოკატმა გადასცა.

ფოტოზე: მოსამართლე  მერაბ კოზმავა


~ადამიანი, რომელმაც სამართალდამცავებს უთხრა, რომ მოსამართლეს თითქოს სამი ათასი დოლარი გადასცა ქრთამის სახით, არც ადვოკატია და არც ბრალდებულის ნათესავი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი მერაბი აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან~.
შსს ოფიციალური ინფორმაციით, `კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს მოსამართლე მერაბ კოზმავა, რომელმაც განსასჯელის ახლობელს სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარი გამოსძალა~.
არსებობს თუ არა ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, რაც ადასტურებს რომ მოსამართლემ ქრთამი აიღო, ადვოკატი პასუხობს: `მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლემ აიღო ფული არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ არც მე და არც დაკავებულმა არ ვიცით. შესაძლოა, გამოძიებას აქვს~. 
მოსამართლის ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაცია მერაბ კოზმავას შესახებ მარტის თვეში მიიღეს, 6 მაისს კი სასამართლოს დარბაზში მის დაკავებას გენერალური პროკურატურა ხელმძღვანელობდა. 
დაკავების დროს, როგორც ავთანდილ ბუცხრიკიძემ თქვა, `მოსამართლე ტელეფონით მე დამიკავშირდა, მაგრამ ბათუმში ჩამოსვლა ვერ შევძელი. ამიტომ ჩხრეკას ბათუმელი ადვოკატი დაესწრო, რომელსაც ასევე მოსამართლე მერაბ კოზმავა დაუკავშირდა~.
ბათუმელი ადვოკატი ბულბული მჟავანაძე მხოლოდ მოსამართლის დაკავების დროს იცავდა მის უფლებებს, ჩხრეკას დაესწრო... შემდეგ საქმეში ავთანდილ ბუცხრიკიძე ჩაერთო და კოზმავს ინტერესებს დღემდე ის იცავს. 
როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე კოზმავასთვის ჩხრეკის დროს რაიმე უკანონო ნივთი ან საგანი არ ამოუღიათ: `დაკავების დროს პროცესუალური ნორმები არ დარღვეულა~. 
მოსამართლის ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის თქმით, გამოძიება დაკავებულს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავს.
ბრალი, რომელიც მოსამართლეს წარუდგინეს განსაკუთრებით მძიმე _ თანამდებობრივი დანაშაულია და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
2004 წლიდან დღემდე მერაბ კოზმავას გარდა ბათუმის სასამართლოს ოთხი მოსამართლე დააპატიმრეს: ნინო ვაშაყმაძე, მურმან ხამაშურიძე, ამირან ფაღავა და თამაზ ბერიძე.
ნინო ვაშაყმაძე და მურმან ხამაშურიძეც ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს. ისინი ჯერ კიდევ განსასჯელები არიან. 



2 коммент.:

Анонимный комментирует...

mas ukve ganacheni gamoutanes,saflavi gautxares,sabednierod cocxalia radgan xmerti faravs mas

Анонимный комментирует...

სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერი გინახავთ ვინმეს, კოზმავა მექრთამე არასოდეს არ ყოფილა, მას სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, რისთვის გაიმეტეს?????????????????????????? კითხვა უპასუხო რჩება შეუძლია ვინმეს პასუხის გაცემა არა.რატო გ ე შ ი ნ ი ა თ,მისი გულშემატკივარი