მძღოლების საყურადღებოდ

вторник, 3 августа 2010 г.



ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, 50 ლარით დაჯარიმდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, 40 ლარით _ ღვედის გამოუყენებლობისთვის, ესკორტისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა. ეს კანონი სამ დღეში, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.



ჯარიმები თითქმის ყველა სახის დარღვევაზე გაიზარდა, მაგალითად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რომელშიც თვითნებურად არის გადაკეთებული საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.
თუკი ადამიანს არა აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ის ბიუჯეტში 200 ლარს გადაიხდის.
იმ ტრანსპორტის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა 2 წლით. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და მძღოლს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუ იგი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარს, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით. თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით _ მძღოლმა დამატებით 1500 ლარი უნდა გადაიხადოს მართვის მოწმობის დასაბრუნებლად.
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში დაჯარიმდება 200 ლარით (აქამდე ეს ჯარიმა 150 ლარს ითვალისწინებდა). სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 250 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.
როდესაც მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, მაშინ მესაკუთრე დაჯარიმდება 500 ლარით.
თუ ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დაფიქსირდება მთვრალ მდგომარეობაში მართვის ფაქტი, ჯარიმა იზრდება 700 ლარამდე, შეიძლება 90 დღით დაგაპატიმრონ კიდეც.
თუ საკუთარ მანქანას სამართავად გადასცემ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მართვის უფლებას 3 წლით ჩამოგართმევენ. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდება.
სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _ გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარით. წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევას თუ გაიმეორებ, 1500 ლარით დაჯარიმდები ან 90 დღით დაგაპატიმრებენ.
სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით, 1000 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მართვის უფლება ჩამოგერთმევათ 3 წლის ვადით.

მე მსაჯული

1 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საქართველოს მოქალაქეებისგან არჩეული 12 მსაჯული გაასამართლებს. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მსაჯულები ერთიანი საარჩევნო სიიდან, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

მსაჯული შეიძლება ვიყო, მაგალითად, მე _ ნათია როყვა ან `ბათუმელების~ მეზობელი მურად მეტრეველი. ეს მაშინ, თუ ჩემი ან მურად მეტრეველის მონაცემებს შემთხვევით შეარჩევენ საარჩევნო სიიდან.
მსაჯულები პირველ ეტაპზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავენ, მომავალი წლიდან კი _ გაუპატიურებაში ბრალდებულების საქმეებსაც. მოსამართლე სასამართლო გამოძიებას ჩაატარებს. 14 მსაჯული (ორი რეზერვში მყოფი) კი მოისმენს ყველა მტკიცებულებას _ მოწმეების ჩვენებას. სასამართლო გამოძიების შემდეგ მსაჯულებმა განსასჯელი ან დამნაშავედ უნდა სცნონ, ან უნდა გაამართლონ. მსაჯულებს ეკრძალებათ აზრის გამოთქმა ჟურნალისტებთან ან საჯაროდ. ასევე განაჩენის გამოტანამდე მხარეებთან ურთიერთობა.
ეჭვმიტანილს შეიძლება სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯონ, იმ შემთხვევაში თუ ამას 12-ვე მსაჯული გადაწყვეტს. თუ განაჩენზე მსაჯულები ვერ შეთანხმდებიან, მათ მსჯელობისთვის დამატებით კიდევ 3 საათი მიეცემათ. და თუ ამ დროშიც ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოსამართლე მათ დაითხოვს და ახალ მსაჯულებს დანიშნავს. თუ ვერც ეს მსაჯულები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ბრალდებული გამართლდება.
სხდომის მოსამართლეს აქვს უფლება, გააუქმოს მსაჯულთა განაჩენი და დანიშნოს ახალი მსაჯულები, თუ ეს ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს, _ წერია კანონში.
მსაჯულები ირჩევა შემდეგი პრინციპით: ადამიანი, რომელიც მსაჯულთა სიაში მოხვდება, პასუხობს რამდენიმე კითხვას. კითხვები დასმული იქნება იმ საქმის ირგვლივ, რომელიც ამ მსაჯულმა სხვა 11 მსაჯულთან ერთად უნდა განიხილოს. მსაჯული არ შეიძლება იყოს რომელიმე მხარის ნათესავი, ან ნაცნობი.
`მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს ყველა კითხვას~, _ წერია კანონში. არასწორი პასუხის ან კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში რა ელის მსაჯულობის კანდიდატს, ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი.
ადამიანი, რომელსაც ნაფიც მსაჯულად გამოიძახებენ, ვალდებულია იყოს მსაჯული. წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რატომ ამბობს უარს. ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის უკვე იყო მსაჯული, ჯანმრთელობის გამო იმყოფება ან მიემგზავრება უცხოეთში ან 70 წელს არის გადაცილებული.
ყველა ახალ საქმეზე ახალი მსაჯულები ირჩევიან. ნაფიც მსაჯულების საბოლოო სიას ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც მოისმენს მხარეთა პოზიციებს და მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლებებს.
და ბოლოს, თუ არ ხარ, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, პოლიციელი, სასულიერო პირი, განსასჯელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი, შესაძლებელია გახდე მსაჯული. ამის შესახებ წერილობით ინფორმაციას მოსამართლისგან მიიღებ. ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების გარდა სხვა ყველა დანარჩენი: მასწავლებელი, ჟურნალისტი, ექიმი, გლეხი, დიასახლისი... ვალდებულია იყოს მსაჯული, თუ იგი არის საქართველოს მოქალაქე და არ არის პატიმრის ნათესავი.
მსაჯულებს სახელმწიფო დაუფარავს ყველა იმ ხარჯს, რაც უკავშირდება მათ უფლებამოსილების განხორციელებას: დღიურ ფულს, სამგზავრო ხარჯებს. ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საჯარო მოსამსახურეები და სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში ადამიანები სასამართლო პროცესში მსაჯულად მონაწილეობის დროს ინარჩუნებენ სამუშაო ადგილსა და ხელფასს.
მსაჯულების განაჩენი საბოლოოა. მომავალი წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში ამოქმედდება.

დოკუმენტის გაყალბებაში ბრალდებულებს- ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს, ფატი ფერაძეს პოლიცია ეძებს. ძებნილი ლობჟანიძე, რომელსაც ”ბათუმელები” შვეიცარიაში დაუკავშირდა, საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, სახლის ”გადაფორმების” სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ლობჟანიძე, რომელიც ოჯახთან ერთად შვეიცარიის სახელმწიფომ შეიფარა, ამბობს, რომ მის სახლში ”ადამიანები ცხოვრობენ დემონსტრაციულად” და ”ეს დანაშაულია”: ”პირადად მერაბიშვილი მიგზავნიდა ხალხს შვეიცარიაში, მარწმუნებდნენ, რომ, თუ სახლს გადავუფორმებდი, საქმეს დახურავდნენ. არ დავთანხმდი ამ პირობას, ამიტომ სასამართლოს გადასცეს საქმე. არ ვაპირებ, ვანო მერაბიშვილს ან ვინმე სხვას რამე გადავუფორმო”.

ლობჟანიძის ოჯახმა შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით 2004 წელს მიმართა. იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებამ შვეიცარიის მთავრობას ლობჟანიძის ექსტრადიცია სთხოვა, მაგრამ, იმის გამო, რომ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, შვეიცარიიდან უარი მიიღო.

2009 წელს ლობჟანიძეს საქართველოს სახელმწიფომ უარი უთხრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე. ამ უარის საფუძველზე, შვეიცარიის სახელმწიფომ ლობჟანიძეს შვეიცარიული პასპორტი მისცა.

ლობჟანიძეს 2003 წლიდან ჰქონდა შვეიცარიაში შრომისა და ცხოვრების უფლება, შესაბამისად, მას შვეიცარიის სახელმწიფო იცავს: ”ჩემმა ქვეყანამ პასპორტი არ მომცა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად მიიჩნევა. უარის თქმიდან 14 დღეში შვეიცარიული პასპორტი მივიღე”.

ზურაბ ლობჟანიძე ოჯახთან ერთად შვეიცარიაში 2003 წელს წავიდა. 2004 წელს, როგორც თავად ამბობს, მის სახლებში - თბილისსა და კვარიათში ქართველი სამართალდამცავები შეიჭრნენ, ”ეს კადრები ტელევიზიითაც გავრცელდა”.



სისხლის სამართლის საქმე

პირველი სისხლის სამართლის საქმე ლობჟანიძის მიმართ 2004 წელს (გადასახადებისთვის თავის არიდება) აღიძრა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 52 ათას ლარს ედავებოდნენ. ამ ბრალდების გამო მისი სიდედრის, ფატი ფერაძის კუთვნილი სახლი კვარიათში პოლიციამ დალუქა (2004 წლის 15 მაისს). იმ დროისათვის ფერაძის სახლი ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა ნაყიდი.

კვარიათში დასასვენებლად ჩასულ ყაველაშვილების ოჯახს სახლი დალუქული დახვდათ. ყაველაშვილებმა საკუთარი ქონების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. პარალელურად, ლობჟანიძეს ფულის უკან დაბრუნებაც მოსთხოვეს.

ეს ნასყიდობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით: ხელვაჩაურის რაიონის ტექაღრიცხვის, ტერიტორიული სამსახურის უფროსის, მ. ყაჭეიშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ფატი ფერაძემ სახლი მიყიდა მიხეილ ყაველაშვილს. ნოტარიუს ჩამბას მიერ 2004 წლის 4 ივნისით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ამას ადასტურებს. ამავე წელს ხელვაჩაურის მიწის მართვის მიერ გაცემული დოკუმენტითაც ირკვევა, რომ კვარიათში სადავო სახლის მფლობელი მიხეილ ყაველაშვილია.

ასევე ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ ფატი ფერაძემ მიწის ნაკვეთი კვარიათში 1998 წელს იყიდა. ამ ნაკვეთზე 2000 წელს უკვე დასრულებული იყო ორსართულიანი სახლის მშენებლობა.

2001 წელს ზურაბ ლობჟანიძე _ ფერაძის სიძე, მადნეულის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. გამოძიების ვერსიით, მადნეულის დირექტორმა, ქონების დამალვისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ქონება სიდედრის სახელზე გააფორმა. "ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისში სახლი გატეხეს და გაქურდეს. კვარიათში მდებარე სახლში მინისტრი გია ბარამიძე შეიჭრა. მიზეზი ერთადერთი იყო _ პოლიტიკური. თითქოს ეძებდნენ ოქროს, მაგრამ ეს იყო ხალხისთვის საჩვენებელი სპექტაკლი... გირგვლიანის მკვლელებიც კი კვარიათში ცხოვრობდნენ", _ ამბობს "ბათუმელებთან" ზურაბ ლობჟანიძე.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც პროკურორმა ანზორ უსტიაძემ სასამართლო პროცესზე წაიკითხა, ლობჟანიძემ, საკუთარი ქონების დამალვის მიზნით, კვარიათში მდებარე ორსართულიანი სახლი მანსარდით, სიდედრის სახელზე დაარეგისტრირა. ფატი ფერაძემ მინდობილობა გაუკეთა თავის ძმისშვილს ივანე ფერაძეს, რომელმაც სახლი ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილის დას, ნონა ყაველაშვილს ფიქტიურად მიჰყიდა.

გამოძიების ვერსიით, ლობჟანიძემ ფატი ფერაძე "წააქეზა" ყალბი დოკუმენტის (კონკრეტულად კი ნასყიდობის დოკუმენტი) დამზადებაში. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია.

პროკურორი ანზორ უსტიაძე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა მთავარმა პროკურატურამაც. "კომენტარს ვერ გავაკეთებთ ამ ფაქტზე", _ განაცხადა "ბათუმელებთან" ხათუნა იოსავამ, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.



შვეიცარიული კომპანია - მხარე

ქონების წართმევის შემდეგ ყაველაშვილის ოჯახმა ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა და ფულიც უკან დაიბრუნა. უკან დასაბრუნებელი ფული ლობჟანიძეს შვეიცარულმა კომპანიამ მისცა, სადაც იგი 2003 წლიდან დღემდე დირექტორად მუშაობს. შესაბამისად, კვარიათში მდებარე სადავო სახლზე საკუთრების უფლების დაცვას შვეიცარიული კომპნაია ”მეტალიკ 1871” ჯერ საქართველოში, მერე კი ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

ის, რომ შვეიცარიულ კომპანიას სახლი ნამდვილად ეკუთვნოდა, 2007 წლის საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტით დასტურდება. დოკუმენტი დაცვის მხარემ სასამართლო გამოძიებას უკვე წარუდგინა.

”ბათუმელებმა” კი აღმოაჩინა, რომ კვარიათში მდებარე ეს სახლი საჯარო რეესტრში უკვე აღარავის სახელზეა რეგისტრირებული და არც ძველი მონაცემებია ბაზაში. ამ დეტალს ადვოკატი, როგორც დანაშაულს, ისე აფასებს: ”არ შეიძლება საჯარო რეესტრში ინფორმაცია გაქრეს. სახლი ოფიციალურად 2007 წლიდან შვეიცარიულ კომპანიას ეკუთვნის, ამის დოკუმენტი არსებობს”.

განაჩენს სასამართლო ამ კვირის ბოლოს გამოაცხადებს.



ახალი მეპატრონე

ადვოკატის თქმით, ამჟამად ლობჟანიძის სახლში პოლიციელები ცხოვრობენ. ინგა არახამია მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამდე სხვის სახლში ცხოვრება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ლობჟანიძისა და ფერაძის კვარიათელი მეზობლები კი "ბათუმელებთან" საუბარში ამბობენ, რომ ამ სახლში ხშირად ხედავენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანმხლებ პირებთან ერთად. აქ მცხოვრებთა თქმით, ვანო მერაბიშვილი წელსაც სტუმრობდა კვარიათს.

მოწმეების ვერსია

გულნაზ ფარსენაძე: "ამ სახლს ვალაგებდი. ღამის 2 საათზე კუდი მოვიდა. ვიცანი აჭარის კუდის უფროსი, პატარიძე და გამომძიებელი, მალხაზ აბულაძე. სახლიდან გაყარეს ავეჯი, გაიტანეს სკამები. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ვიცი, რომ ეს სახლი ჩამოერთვა ლობჟანიძეს. ისიც გავიგე, გაყიდულია და ყაველაშვილმა იყიდაო, მაგრამ ვანო მერაბიშვილი დავინახე შარშან ზაფხულში, ბავშვიან ქალთან ერთად".

ისმეთ ვანიძე ( მან ფატი ფერაძეს კვარიათში 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიყიდა): "სახლი ლობჟანიძემ ააშენა. აჭარის რევოლუციის შემდეგ ლობჟანიძე აღარ მინახავს. მის სახლს უვლიდა ზურაბ ფარსენაძე 2009 წლამდე, მანამდე, ვიდრე იმ სახლში პოლიციელები შევიდოდნენ. იქ დღესაც პოლიციელები ცხოვრობენ".

ზურაბ ფარსენაძე: "1998 წლიდან ვმუშაობდი ამ სახლის დარაჯად. მქონდა ხელფასი, სამასი ლარი. ჩემთან ერთად დამლაგებლად მუშაობდა ჩემი მეუღლე. 2009 წელს მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მომთხოვეს გასაღები. დამკითხეს, სახლი გაჩხრიკეს და დალუქეს, მე კი იქიდან გამომიშვეს".

აკაკი ნარაკიძე: "მე რატომ დამკითხეს კუდში, ან მოწმედ რატომ გამომიძახეს, არ ვიცი. ალბათ, კვარიათის რწმუნებული ვარ და მაგიტომ. ვცხოვრობ კვარიათში, არ ვიცნობ განსასჯელებს. ვიცი, რომ ეს სახლი ზურაბ ლობჟანიძისაა".

გულვარდი ვანიძე: "ფატი ფერაძეს მე მივყიდე მიწის ნაკვეთი. ფულიც მან გადამიხადა. მერე სახლი ააშენეს. უშიშროებამ დამკითხა. ფარსენაძეები (დამლაგებელი და დარაჯი) რომ ცხოვრობდნენ, მივიდნენ უშიშროების წარმომადგენლები და დალეწეს სახლში ყველაფერი. ისმოდა მტვრევის ხმა. პირადად მე არავინ დამინახავს, ამბობენ, უშიშროების ხალხი ცხოვრობსო”.

ზურაბ კახიძე: ”გვერდით სასტუმროში დარაჯად ვმუშაობდი. განსასჯელებს არ ვიცნობ. მთელმა სოფელმა იცის, რომ ეს სახლი ლობჟანიძის იყო და ჩამოართვეს”.

დავით გორგაძე: ხელვაჩაურის განყოფილების კუდის უფროსი: "დავალება მქონდა, ამ სახლის შესახებ ინფორმაცია გამერკვია. დავადგინე, რომ ლობჟანიძეს ამ სახლის საკუთრების უფლება არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ლობჟანიძის არ იყო. რა დოკუმენტები იყო საჭირო და რა არ ჰქონდა, მე არ ვიცი. ის, რომ სახლი მისი არ იყო, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სანდო წყაროსგან დავადგინე".

აქცია მუსლიმანების უფლებების დასაცავად

среда, 30 июня 2010 г.



გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ხელვაჩაურის სასამართლოს დადგენილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ „მადლი 2005“-ს ჰქონდა ნაქირავები. “მადლი 2005“-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ.



მუსლიმანების პროტესტი
27 ივნისს აქციაზე შეკრებილი ადამიანების ფოტო და ვიდეომასალა `ბათუმელებს~ აქციის ორგანიზატორებმა მოაწოდა. ფოტოებზე ჩანს გამგებელი, სხვადასხვა ასაკის მამაკაცები და თავსაფრიანი ქალები.
ხულოს გამგებლის ლევან აბაშიძის ინფორმაციით, აქციაზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები კი ირწმუნებიან, რომ ხულოს ცენტრში პროტესტი 33 სოფლიდან ორი ათასამდე ადამიანმა გამოხატა. აქციის მონაწილეები მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ შეწყვიტონ მათი რელიგიური ნიშნით შეზღუდვა.
საქმე იმაშია, რომ ხულოს მკვიდრ ჯუმბერ კახაძეს ხელვაჩაურის სასამართლომ საკუთარი სახლი ჩამოართვა (ეს სახლი მან 2003 წელს იყიდა). სასამართლო პროცესებისა და, შესაბამისად, საკუთარი ქონების ჩამორთმევის შესახებ ჯუმბერ კახაძე ინფორმირებული არ იყო.
ჯუმბერ კახაძე: „გამგებელმა, ლევან აბაშიძემ ერთი კვირის წინ მითხრა, რომ სახლი უნდა დამეცალა, თორემ პოლიციის ძალით დამაცლევინებდნენ. სახლი „მადლ 2005“-ს 2005 წელს მივაქირავე. იმ სახლში ფონდმა საქველმოქმედო სკოლა გახსნა, სადაც ახლა 52 ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს“.
ჯუმბერ კახაძეს ინფორმაციით, მათ გამგებელმა, ლევან აბაშიძემ უთხრა, რომ მისი სახლი, სადაც ახლა მუსლიმანური სასწავლებელია, საქართველოს საპატრიაქროს უნდა გადაეცეს. გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს.
ჯუმბერ კახაძე, რომელიც სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ეს ფაქტი როგორც მისი, ისე მუსლიმანთა უფლებების შელახვაა და ხელისუფლება `ერთეულებს ებრძვის~. ჯუმბერ კახაძე საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს, „სტრასბურგამდე ჩავალ“, _ ამბობს ის “ბათუმელებთან“.
აქციის მონაწილეებმა მუსლიმანთა უფლებების დაცვა, კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის უკან დაბრუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს.
ლევან აბაშიძე ხელისუფლების პოზიციას `ბათუმელებთან~ ასე აყალიბებს: „მადლი 2005“-ს ჰქონდა ფინანსური დარღვევა. ადამიანებმა აქცია იმიტომ მოაწყვეს, რომ, მათი აზრით, ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. სინამდვილეში ეს კანონიერია, რადგან ასე დაადგინა სასამართლომ. დაპირებით არავის არაფერს დავპირებივართ. არავითარ ზეწოლას არავისზე არ ვახდენთ. აქციის გამართვის უფლება აქვთ და შეუძლიათ კიდევ გამართონ“. ზეწოლისა და მოქალაქეთა დაშინებაზე `ბათუმელებთან~ აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს.
აქციის მონაწილე რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაბა ხულოს ცენტრში პარასკევს იგეგმება. მათი მთავარი მოთხოვნა საკუთრების დაბრუნება და ფონდის შენარჩუნება იქნება.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005~ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფილიალები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰქონდა. ყველა ფილიალი კერძო პირისაგან ნაქირავებ სახლში იყო განთავსებული. რამაზ კაკალაძის ინფორმაციით, `მადლი 2005-ში~ 250 სკოლის მოსწავლე და სტუდენტი სასულიერო განათლებას იღებდა.
`ბათუმელებმა~ ამ ფაქტის შეფასება აჭარის ყოფილ მუფთს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის რელიგიურ საკითხებში ამჟამინდელ მრჩეველს სთხოვა. ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძემ კომენტარზე უარი განაცხადა და მოქმედ მუფტთან გადაგვამისამართა.
ხულოში გამართული აქციის შეფასება `ბათუმელებთან~ არც აჭარის მოქმედმა მუფტმა, ქემალ ცეცხლაძემ ისურვა.

სამართლებრივი მხარე
საქველმოქმედო ფონდ `მადლი 2005~-ის მიერ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლები საგადასახადო ინსპექციამ 2007 წელს დააყადაღა. შემდეგ ინსპექციამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დაედგინა იჯარით გაცემული სახლების მეპატრონეებისა და საქველმოქმედო ფონდ `მადლი 2005~-ის ცრუმაგიერობა (ცრუმაგიერი მფლობელობა, ანუ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005-ის~ დირექტორი შოთა გაბაიძე გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააპატიმრეს. აჭარის პროკურატურის პროკურორის გელა კუჭაშვილის ინიციატივით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთი იყო: პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სანაცვლოდ იგი დააჯარიმეს ხუთი ათასი ლარით, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა იჯარით აღებული ქონება. ეს შეთანხმება შედგა სახელმწიფოსა და გაბაიძეს, როგორც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, შორის.
ქონება _ ოთხი ორსართულიანი სახლი ინვენტარით, რომელიც სახელმწიფომ მიისაკუთრა, სასამართლო პროცესების დროს საჯარო რეესტრში კერძო პირებზე იყო რეგისტრირებული. თუმცა პროკურატურა მიიჩნევდა და მოსამართლემ გამოძიების ვერსია დაადასტურა, რომ სახლები, რომლებიც ოფიციალურად `მადლი 2005~-ს ნაქირავები ჰქონდა, ამ ფონდის იყო, ანუ ფონდი კერძო პირების ცრუმაგიერია. სწორედ ამ მოტოვით ჩამოართვა მოსამართლემ ქონება კერძო მესაკუთრეებს.
`სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დამტკიცებული უნდა იქნეს. მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია~, _ წერია განაჩენში. ხელს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი აწერს.
`მადლი 2005~-ის ადვოკატი ლევან მამულაძე `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ მას სასამართლომ არ მიაწოდა განაჩენი, რის საფუძველზეც კერძო პირებს ქონება ჩამოართვეს: `ამ გარიგების უფლება ფონდის დირექტორს არ ჰქონდა. თვითონ რომ ყოფილიყო ამ შეთანხმების მომხრე, მოსამართლეს არ უნდა დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით, რადგან ეს უკანონობაა. ფონდი `მადლი~ შვიდ ადამიანს აქვს დაფუძნებული. ფონდი კოლეგიური ორგანოა. გაბაიძე გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ეს ქონება ამ ფონდის რომც ყოფილიყო, მას ამ ქონების გასხვისების უფლება, სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. თუმცა ეს ქონება ნამდვილად არ ყოფილა `მადლი 2005~-ის. ის კერძო პირების საკუთრებაა~.

საჯარო რეესტრის მონაცემები
საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პირები არიან რეგისტრირებულნი.
საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან (`მადლი 2005~-ის გამგეობის წევრები).
საჯარო რეესტრის ასევე 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძეა (ასევე `მადლი 2005~-ის გამგეობის წევრი).
ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#882010487430-03) დაადასტურა, რომ `აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია `მადლი 2005~-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)~. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.
დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე _ თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია `საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495“.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277,46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა.

სასჯელაღსრულების სამინისტროში იმ მემორანდუმის დეტალები ზუსტდება, რომელიც საპატიმროებს, სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება. ამ შეთანხმებით პატიმრები საპატიმროებიდან გამოვლენ და სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით მოიხდიან.

ნათია როყვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტატო ქელბაქიანის თქმით, მემორანდუმის თანახმად, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან (მერია, გამგეობა) გაფორმდება, საპატიმროდან გამოსული პატიმრები ჩაერთვებიან ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების პროგრამაში. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ის პატიმრები ისარგებლებენ, რომლებიც მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ანუ ის პატიმრები, რომლებსაც ათწლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი.
იმ პატიმარს, რომელიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის, სასარგებლო შრომის უფლება რომ მიეცეს, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ორი მესამედი, ნაკლებად მძიმეზე კი _ ერთი მესამედი. ასევე მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაციის დახასიათება, რამდენად კარგად იქცეოდა პატიმარი საკანში. როგორც სამინისტროში ამბობენ, ასევე გაითვალისწინებენ ოჯახურ მდგომარეობას. შუამდგომლობას კი ადგილობრივი მუნციპალიტეტი დააყენებს.
პატიმრები საზოგადოებისთვის სასარგებლოდ დღის განმავლობაში რვა საათს იმუშავებენ, საღამოს კი ოჯახებში დაბრუნდებიან.
არსებობს კიდევ ერთი მემორანდუმი, გაფორმებული სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის. ამ მემორანდუმის თანახმად, თუ საპატრიარქო სამინისტროს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმარმა, რომელიც მართლმადიდებელია, შესაძლოა სასჯელი მონასტერში მოიხადოს: `დაკონკრეტებული არაა, რომ პატიმარი, რომელიც მონასტერში მოიხდის სასჯელს, მართლმადიდებელი უნდა იყოს. მაგრამ თუ პირი არაა მართლმადიდებელი, იგი არც წავა მონასტერში~, _ განმარტა ტატო ქელბაქიანმა. სამინისტროში შესულ საპატრიარქოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს და ან აკმაყოფილებს, ან _ არა. პრაქტიკაში ისეთი ფაქტი, რომ სასამართლოს სამინისტროს შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინოს, არ ყოფილა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტატო ქელბაქიანის თქმით, პირველ ეტაპზე, ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად მონასტერში ის პატიმრები დასაქმდებიან, რომელთაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მონასტერში სასჯელს მხოლოდ ორი ადამიანი იხდის: `ეხმარებიან ბერებს შეშის დაჩეხაში და აკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ მონასტერში, პატიმრები მორჩილებაში არიან~.
მემორანდუმის თანახმად, მოძღვარს აქვს შესაძლებლობა იშუამდგომლოს საპატრიარქოსთან, რომ პატიმარმა სასჯელის დარჩენილი ვადა მონასტერში გაატაროს.
ქელბაქიანის თქმით, სამინისტრო იმდენ შუამდგომლობას განიხილავს, რამდენიც შევა საპატრიარქოდან. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი შუამდგომლობა შევიდა და სასამართლომ ორივე დააკმაყოფილა.



უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ბათუმის ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილეები. პროკურატურის მტკიცებით, ისინი პატიმრებს ფულს სძალავდნენ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილი უფროსი ჯუმბერ ზაქარაძე, მისი მოადგილეები _ ზვიად ვაშაკიძე და ალეკო შველიძე 9 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის, ანუ გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გასულ კვირას კი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობის ვადა დაკავებულებს კიდევ ერთი თვით გაუგრძელდათ. ბრალდებულების საქმეს პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ) იძიებდა, მოგვიანებით კი საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა, ამიტომაც აღკვეთი ღონისძიება თბილისში შეუფარდეს.
ჯუმბერ ზაქარაძე, რომელიც მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მესამე საპყრობილის პატიმრის, ვინმე თემურ ტაკიძის ჩვენების საფუძველზეა დაპატიმრებული, ბრალდებას უარყოფს. ადვოკატის მტკიცებით, ციხეში ეს პატიმარი თაღლითობდა და როცა ტაკიძეს პასუხი მოსთხოვეს, თავის გადარჩენის მიზნით მან თქვა, რომ თითქოს ციხის უფროსის დავალებით ართმევდა პატიმრებს ფულს: `თემურ ტაკიძე, რომელიც მთავარ მოწმედ ჰყავს პროკურატურას, თაღლითობისთვის იხდის სასჯელს და მას 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პატიმრობის დროს თბილისში შეძენილი აქვს სახლი, მანქანები. ძალიან დიდი ქონება დააგროვა ციხეში ყოფნისას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ამას გარკვეულ დროში დავადასტურებ~.
დავით ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნია და ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად, მით უფრო, როცა ეს მოწმე პატიმარია. ადვოკატის ინფორმაციით, ყველა პატიმარი, რომელიც გამოძიებამ დაკითხა, ამბობს, რომ ფულს თემურ ტაკიძე ითხოვდა.
საუბარია 2007-2008 წლებზე, როცა ზაქარაძე ბათუმის ციხის უფროსი იყო, ალეკო შველიძე და ზვიად ვაშაკიძე კი _ მისი მოადგილეები. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს პატიმრებისგან სულ 4-დან 10 ათას დოლარამდე აქვთ მითვისებული.
ალეკო შველიძის ადვოკატი `ბათუმელებთან~ კომენტარს არ აკეთებს. თავად შველიძე კი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც აბაშიძის, ისე ახლანდელ ხელისუფლებაში. აბაშიძის დროს ის აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი _ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ალეკო შველიძის სახელს უკავშირდება დევნილების გასახლება სასტუმროებიდან.
ალეკო შველიძე მესამე საპყრობილეში უფროსის მოადგილედ სწორედ დევნილების გასახლების პროცესის დასრულების შემდეგ დანიშნეს.

აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელების განაჩენი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს, გელა თავდგირიძეს და მის თანამშრომელს, მერაბ სანიკიძეს განაჩენი გამოუტანა.



აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელი გელა თავდგირიძე იძებნება. პროკურატურის მტკიცებით, საქართველო მან მას შემდეგ დატოვა, რაც გენერალურმა ინსპექციამ მისი სამსახურის შემოწმება დაიწყო. ბრალდებულის მხარე კი ირწმუნება, რომ თავდგირიძე უცხოეთში სამკურნალოდ მანამ წავიდა, ვიდრე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა.
პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სასამართლო დარბაზში თქვა, რომ თავდგირიძემ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ამიტომ მის მიმართ 23-წლიანი პატიმრობა, 16 ათასი ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა და სამი წლით საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. ასევე იმ მოქალაქეების დაკმაყოფილება, რომლებიც საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილნი.
თავდგირიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
ბრალდების მიხედვით, თავდგირიძემ მიითვისა ხალხის ფული, ასევე გამოიყენა ქობულეთის აღმასრულებლის ბეჭედი და გააყალბა მისი ხელწერა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.
თავდგირიძის ადვოკატი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა. ადვიკატმა ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სთხოვა.
მერაბ სანიკიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც ასევე ხალხის ფულის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, დანაშაულს აღიარებს: `ითანამშრომლა რა პროკურატურასთან სასამართლო გამოძიების დროს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ვშუამდგომლობთ სასამართლოსთან, დაუმტკიცდეს საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ხელს ზემდგომი პროკურორი აწერს~.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელსაც ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილიც დაეთანხმა. მერაბ სანიკიძეს საპროცესო შეთანხმებით ათწლიანი სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა.
გელა თავდგირიძეს სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 16 ათასი ლარის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
გელა თავდგირიძის ადვოკატის, ედიშერ მახარაძის განმარტებით, ისინი განაჩენს ვერ გაასაჩივრებენ, რადგან თავდგირიძე იძებნება.