გელა თავდგირიძეს 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

среда, 16 июня 2010 г.

აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელების განაჩენი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს, გელა თავდგირიძეს და მის თანამშრომელს, მერაბ სანიკიძეს განაჩენი გამოუტანა.



აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელი გელა თავდგირიძე იძებნება. პროკურატურის მტკიცებით, საქართველო მან მას შემდეგ დატოვა, რაც გენერალურმა ინსპექციამ მისი სამსახურის შემოწმება დაიწყო. ბრალდებულის მხარე კი ირწმუნება, რომ თავდგირიძე უცხოეთში სამკურნალოდ მანამ წავიდა, ვიდრე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა.
პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სასამართლო დარბაზში თქვა, რომ თავდგირიძემ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ამიტომ მის მიმართ 23-წლიანი პატიმრობა, 16 ათასი ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა და სამი წლით საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. ასევე იმ მოქალაქეების დაკმაყოფილება, რომლებიც საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილნი.
თავდგირიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
ბრალდების მიხედვით, თავდგირიძემ მიითვისა ხალხის ფული, ასევე გამოიყენა ქობულეთის აღმასრულებლის ბეჭედი და გააყალბა მისი ხელწერა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.
თავდგირიძის ადვოკატი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა. ადვიკატმა ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სთხოვა.
მერაბ სანიკიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც ასევე ხალხის ფულის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, დანაშაულს აღიარებს: `ითანამშრომლა რა პროკურატურასთან სასამართლო გამოძიების დროს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ვშუამდგომლობთ სასამართლოსთან, დაუმტკიცდეს საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ხელს ზემდგომი პროკურორი აწერს~.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელსაც ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილიც დაეთანხმა. მერაბ სანიკიძეს საპროცესო შეთანხმებით ათწლიანი სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა.
გელა თავდგირიძეს სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 16 ათასი ლარის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
გელა თავდგირიძის ადვოკატის, ედიშერ მახარაძის განმარტებით, ისინი განაჩენს ვერ გაასაჩივრებენ, რადგან თავდგირიძე იძებნება.