თავისუფლება პატიმრობის ნაცვლად

среда, 30 июня 2010 г.

სასჯელაღსრულების სამინისტროში იმ მემორანდუმის დეტალები ზუსტდება, რომელიც საპატიმროებს, სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება. ამ შეთანხმებით პატიმრები საპატიმროებიდან გამოვლენ და სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით მოიხდიან.

ნათია როყვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტატო ქელბაქიანის თქმით, მემორანდუმის თანახმად, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან (მერია, გამგეობა) გაფორმდება, საპატიმროდან გამოსული პატიმრები ჩაერთვებიან ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების პროგრამაში. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ის პატიმრები ისარგებლებენ, რომლებიც მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ანუ ის პატიმრები, რომლებსაც ათწლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი.
იმ პატიმარს, რომელიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის, სასარგებლო შრომის უფლება რომ მიეცეს, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ორი მესამედი, ნაკლებად მძიმეზე კი _ ერთი მესამედი. ასევე მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაციის დახასიათება, რამდენად კარგად იქცეოდა პატიმარი საკანში. როგორც სამინისტროში ამბობენ, ასევე გაითვალისწინებენ ოჯახურ მდგომარეობას. შუამდგომლობას კი ადგილობრივი მუნციპალიტეტი დააყენებს.
პატიმრები საზოგადოებისთვის სასარგებლოდ დღის განმავლობაში რვა საათს იმუშავებენ, საღამოს კი ოჯახებში დაბრუნდებიან.
არსებობს კიდევ ერთი მემორანდუმი, გაფორმებული სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის. ამ მემორანდუმის თანახმად, თუ საპატრიარქო სამინისტროს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმარმა, რომელიც მართლმადიდებელია, შესაძლოა სასჯელი მონასტერში მოიხადოს: `დაკონკრეტებული არაა, რომ პატიმარი, რომელიც მონასტერში მოიხდის სასჯელს, მართლმადიდებელი უნდა იყოს. მაგრამ თუ პირი არაა მართლმადიდებელი, იგი არც წავა მონასტერში~, _ განმარტა ტატო ქელბაქიანმა. სამინისტროში შესულ საპატრიარქოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს და ან აკმაყოფილებს, ან _ არა. პრაქტიკაში ისეთი ფაქტი, რომ სასამართლოს სამინისტროს შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინოს, არ ყოფილა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ტატო ქელბაქიანის თქმით, პირველ ეტაპზე, ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად მონასტერში ის პატიმრები დასაქმდებიან, რომელთაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მონასტერში სასჯელს მხოლოდ ორი ადამიანი იხდის: `ეხმარებიან ბერებს შეშის დაჩეხაში და აკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ მონასტერში, პატიმრები მორჩილებაში არიან~.
მემორანდუმის თანახმად, მოძღვარს აქვს შესაძლებლობა იშუამდგომლოს საპატრიარქოსთან, რომ პატიმარმა სასჯელის დარჩენილი ვადა მონასტერში გაატაროს.
ქელბაქიანის თქმით, სამინისტრო იმდენ შუამდგომლობას განიხილავს, რამდენიც შევა საპატრიარქოდან. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი შუამდგომლობა შევიდა და სასამართლომ ორივე დააკმაყოფილა.