ექვსთვიანი ვადის მერვე თვე

среда, 5 мая 2010 г.


ბათუმში საზღვაო აკადემიის ყოფილ საერთო საცხოვრებელს უკვე მერვე თვეა არემონტებენ. ხელშეკრულების თანახმად კი, ამ ობიექტზე სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ხელისუფლება დევნილების საცხოვრებელ ბინებს ევროპის, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არემონტებს.



აკადემიის საერთო საცხოვრებლის ეზოში ნაგავი, ძველი კარ-ფანჯრები, ქვიშა და სარემონტო სამუშაოებს მორჩენილი სხვა ნივთები ყრია, შენობის შესასვლელში, პირველი სართულის კუთხეში _ ბეტონის ბლოკები. დერეფანში ბნელა და სიჩუმეა. პირველ და მეორე სართულზე არავინ ჩანს. დაკეტილი ოთახების კარებს კაკუნზე არავინ აღებს. მესამე სართულზე ერთი ნათურა ანთია _ იქ, სადაც მუშები კედლებს ლესავენ. კომპანია „ანაგის“ წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ სამუშაოებს აქ მაისის ბოლოსთვის დაასრულებენ.
ამ შენობაში მცხოვრები დევნილების პოზიცია ასეთია: „ყველაფერი კარგადაა“, „არ მსურს ლაპარაკი“, „მეჩქარება“, „არ მცალია“. თითქოს ისინი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. რატომ არ სურთ ლაპარაკი? _ მიზეზს არ ამბობენ, რაღაცას ჩაილაპარაკებენ და გზას აგრძელებენ. რამდენიმე ადამიანი დამთანხმდა მათთან საუბრის ჩაწერაზე; არიან კმაყოფილები და უკმაყოფილოები: ზოგს სურს ვინაობის გამხელა, ზოგიც ანანიმურობას ითხოვს.
„სახელი და გვარი ან დიქტოფონზე ჩაწერა რად გინდათ?! დაწერეთ, რომ პირველი სართული, სარდაფი სულ წყლითაა სავსე... რატომ? უყურადღებობის გამო“, _ ეს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცებმა მითხრეს. წყლით და მწერებით მართლაც სავსეა ამ შენობის სარდაფი. იქიდან საშინელი სუნი გამოდის...
აფხაზეთიდან დევნილმა მარინა ჯანჯღავამ ჩემთან საუბარზე თანხმობა განაცხადა და ჯერ დერეფანში დამელაპარაკე, მოგვიანებით კი ოთახში შემიყვანა: `აი, ესენი ჩემი ძმები არიან, გმირულად დაიღუპნენ ომში~, მანიშნებს თითით კედელზე დაკიდულ ორი ახალგაზრდა მამაკაცის შავ-თეთრ ფოტოზე. `ეს დედაჩემია, აქ გარდაიცვალა~, _ მაგიდაზე დადებულ ფოტოს შეავლო ხელი: `მერვე თვეა მტვერში ვართ. მარტო ვცხოვრობ. არავინ მყავს. მთავრობისგან დახმარება არ მიმიღია. ბევრჯერ მივმართე, როგორც დაღუპული ძმების დამ, მაგრამ მითხრეს _ ძმები ბევრს არ ჰყავსო... 22 ლარით ვცხოვრობ. პენსიამდე ორი წელი მაკლია, ეს დიდი დროა, როცა არაფერი გაქვს. 17 წელია წვალებით ვცხოვრობ... ყველაფერი მქონდა, მაგრამ ახლა არაფერი მაქვს... არა მგონია, ეს რემონტი მაისში დასრულდეს“.
მარინა ჯანჯღავას არ სჯერა, რომ ამ `პრესტიჟულ ადგილზე~ (ეს სახლი სანაპიროსთან ახლოს დგას) დევნილებს ბინებს დაუკანონებენ. იგი არც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას: `ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლება, ამიტომაც არ მივდივარ არჩევნებზე“.
გულიკო ახალაია დერეფანს გვიდა, როცა მის სართულზე ავედით. შინ შეგვიპატიჟა; მისი ოთახი უკვე გაარემონტეს; იატაკზე ლამინატია დაგებული. კედლები თეთრადაა შეღებილი. ოთახში მუქი ფარდა ჰკიდია, კუთხეში მოძველებული ავეჯი დგას _ სკამები და მაგიდა: `იმ სანაგვეში ცხოვრების შემდეგ კი ხედავთ, როგორ ვართ. ახლა გაზს შემოგვიყვანენ უფასოდ, მერე ბინებს დაგვიკანონებენ... შუქი, გადაუხდელობის გამო, უკვე მესამე თვეა არ გვაქვს~.
`ჩემი ოთახი გარემონტდა. ყველაფერი ნორმალურად მიდის, ამ სახლში 55 ოჯახი ცხოვრობს. ბინებს სამუშაოების დამთავრების შემდეგ დაგვიკანონებენ. ორი თვეა შუქი არ გვაქვს. ორი ათას რვაასი ლარია დევნილების დავალიანება~, _ ამ ინფორმაციას გიული ბართია გვაწვდის.
საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის შენობაში შესახლებულები ამბობენ, რომ ჯერ შენობის ნახევარს არემონტებენ, ანუ დერეფნის და სართულის ერთი მხარეს, შემდეგ მეორე მხარის რემონტს დაიწყებენ. იმ ოთახებში მცხოვრები ოჯახები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დროებით იმავე შენობაში, მეზობლებთან არიან შესახლებულები.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: დაზიანებული სახურავის მოხსნა-აღდგენა; არსებული ტიხრების მოხსნა და ახლის მოწყობა; ჭერის, კედლების შელესვა-შეღებვა; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი; სანიტარულ კვანძებში კერამიკული ფილის გაკვრა კედლებზე და მეტლახის ფილების მოწყობა ძირზე; იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით; შიდა და გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა-აღდგენა სანიტარულ კვანძში; შიდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები; ფასადის აღდგენა; სამუშაოების დასრულების ვადა _ ექვსი თვე.
კომპანია „ანაგში“ ამბობენ, რომ ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევიათ და `მუშა პროცესი~ მიმდინარეობს. დავით ჩანტლაძე, „ანაგის“ მენეჯერი: `ექვსთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ ობიექტზე ვერ შევედით _ იქ ხალხი ცხოვრობდა. სამუშაოების დაყოვნების მთავარი მიზეზი ეს არის. აღმოჩნდა, რომ მცხოვრებლებს სხვანაირად უნდოდათ კედლების ამოყვანა თუ შეღებვა. ანუ პროექტი თანდათან ზუსტდებოდა, მაგალითად, 60 ოთახის გარემონტება იყო დაგეგმილი, 80 უნდა გავარემონტოთ. სამჯერ გაიზარდა სამუშაოები და გაიზარდა ვადაც. ეს მუშა პროცესია _ პრობლემას ვერ დავარქმევთ~.
`ანაგის~ ინფორმაციით, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სულ 354 408 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს.
გარემონტებული ბინები აჭარაში 400-მდე დევნილ ოჯახს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცემა. ამ 1 ლარსაც სახელმწიფო გადაიხდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო 50 ლარიც.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ (როგორც აფხაზეთიდან, ასევე, ცხინვალის რეგიონიდან) პირთა განსახლების საკითხში საქართველოს მთავრობას ფინანსურად, ძირითადად, ევროკომისია (EC), 361,1 მილიონი ევრო), გერმანიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი (8 მილიონი ევრო), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), 6 მილიონი ევრო) და ამერიკის მთავრობის სააგენტოები (50 მილიონი აშშ დოლარი) ეხმარებიან. ამ თანხების ნაწილი სხვა პრობლემების მოგვარებასაც მოხმარდება.
რეაბილიტაციის პროექტი აჭარაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ `დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციისთვის~ გამოყოფილი თანხით ხორციელდება.