სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმოქმედობამ შესაძლოა დაარღვია არასრულწლოვან გიორგის უფლება, ესარგებლა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მზრუნველობით და ეცხოვრა ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფდა მის სრულფასოვან განვითარებას.



სახალხო დამცველის მიმართვა, რეკომენდაცია და მოსაზრება 3 მაისს ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ გვერდის ინფორმაციაზე დაყრდნობით ფაქტი ასეთია:
11 აპრილს, გამთენიისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი _ საქართველოს“ ბავშვთა სოფელში გიორგი ჩ. ჩუმად შეიპარა ხატია მექუდიშვილის საძინებელ ოთახში, ნაჭრით შეუკრა მას ხელები, ნაჭერი შემოახვია კისერზე და ბალიშით დაახრჩო. გიორგი ფანჯრიდან გადახტა და გაიპარა. არასრულწლოვანი პატრულმა დააკავა.
დანაშაულში ბრალდებული ამავე დაწესებულების არასრულწლოვანი გიორგი ჩ-ა. მისი დიაგნოზია: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, სპეციფიკური ქცევითი და ემოციური აშლილობა ბავშვებში.
`პირველი ნაბიჯი-საქართველოს“ ბავშვთა სოფელი 2009-2010 წლებში ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ორგანიზაციიდან მიღებული დოკუმენტაციით სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა: 2007 წლიდან მოყოლებული `პირველი ნაბიჯი-საქართველომ“ რამდენჯერმე მიმართა წერილობითი თხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტს, გადაეყვანათ გიორგი ჩ. მისთვის შესაფერის დაწესებულებაში. წერილებში ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ვერ ხერხდებოდა აღსაზრდელ გიორგი ჩ.-ს „ქცევის კონტროლი და მართვა, მისი საქციელი არ არის პროგნოზირებადი და საფრთხე ექმნება როგორც აღსაზრდელების, ისე აღმზრდელების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს...“
წერილში ასევე მითითებულია, რომ `ბავშვი შესაძლებელია დროთა განმავლობაში გახდეს უმართავი და სოციალურად საშიში. „პირველი ნაბიჯი“ კიდევ ერთხელ ამახვილებს თქვენს ყურადღებას, რომ პირველი ნაბიჯის ოჯახური ტიპის საცხოვრებელი შეუფერებელი გარემოა გიორგისთვის და ადმინისტრაცია ვერ იღებს პასუხისმგებლობას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე“.
არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, „პირველ ნაბიჯი-საქართველოს“ არ მიუღია ოფიციალური პასუხი სამინისტროებიდან. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მასთან სატელეფონო საუბრებში სამინისტროს თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფოს მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების სათანადო სერვისით უზრუნველყოფა არ შეეძლო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის #119/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში გათვალისწინებულ იქნა ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც ახორციელებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. ეს პროგრამა ემსახურება მოზარდებს, მათ შორის ქცევისა და ემოციური აშლილობებით დაავადებულებს. როგორც ირკვევა, ამ ინფორმაციას არ ფლობდა „პირველი ნაბიჯი-საქართველოს“ ადმინისტრაცია, ხოლო შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ მიუწოდებია მათთვის ეს ინფორმაცია. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმოქმედობამ შესაძლოა დაარღვია არასრულწლოვან გიორგი ჩ.-ს უფლება, ესარგებლა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მზრუნველობით და ეცხოვრა ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფდა მის სრულფასოვან და ღირსეულ განვითარებას.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, შეისწავლოს მომხდარი ინციდენტი და დარღვევების დადგენის შემთხვევაში დასვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც არ განახორციელეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა.