ბრუცელოზი ჭვანაში

среда, 5 мая 2010 г.


„ბრუცელოზით ადამიანი ავადდება ბრუცელოზით დაავადებული საქონლის რძის ნაწარმის, ცუდად მოხარშული ან შემწვარი ხორცის ჭამის შედეგად. ორგანიზმში ბრუცელები შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებიდან. ავადდებიან უმეტესად დასნებოვნებული ცხოველთან კონტაქტში მყოფი ადამიანები“, _ დაავადების შესახებ ეს ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიეთ. სწორედ ეს დაავადებაა გავრცელებული შუახევში. ადამიანები თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვენ.

ნათია როყვა

შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პირუტყვის დაავადება ბრუცელოზია გავრცელებული. ამ დიაგნოზით სოფელ ჭვანაში ასამდე ძროხა უკვე დაკლეს. სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხორცს სახელმწიფო ყიდულობს. ადამიანები, რომელთა პირუტყვს ეს დაავადება დაუდგინეს, საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ.
სურსათის უვნებლობისა და ვეტერინალური ზედამხედველობის სამმართველოს სამსახურის უფროსი _ გიორგი შერვაშიძე ადასტურებს ინფორმაციას ჭვანის ხეობაში ბრუცელოზის გავრცელების შესახებ: `ეტაპობრივად, ყოველ 25 დღეში, ვიკვლევთ პირუტყვის სისხლს. დაავადებულ პირუტყვს ვანადგურებთ. ხორცი საკვებად ვარგისია და ამიტომაც იყიდება ბაზარში. მის გაყიდვას ორგანიზება გაუწია გამგეობამ, საკრებულომ, მთავრობამ~.
`ყველა დაავადებული ძროხა დავკალით. ხორცი გავყიდეთ. ვინ იყიდა და სად წაიღო, ჩვენ არ ვიცით. გვინდა, რომ შეგვამოწმონ, მაგრამ, ჯერჯერობით არ ინტერესდებიან. თუ საშიშია, უნდა გვითხრან. მდგომარეობა მგონია, საგანგაშოა~, _ ამბობს ჭვანაში მცხოვრები, ნუგზარ ქათამაძე.
ჭვანაში ხალხს განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობა აღელვებს. მოსახლეობა ითხოვს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალისტებმა შეამოწმონ, მაგრამ მათ ეუბნებიან, რომ ამის აუცილებლობა არ არის.
მუხამედ ქათამაძე, სოფელ ჟვანის მცხოვრები: `მთავრობამ დიდი შეღავათი გაუწია ხალხს _ 5 ლარად ჩაიბარა ხორცი. კიდევ კარგი, არ დაწვეს. გამოკვლევა გვჭირდება, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გვითხრა, რომ ბიუჯეტში ამის თანხა არ აქვთ. ხალხს კი კერძო ექიმის ფული არ აქვს~.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადების მართვა, ინფექციათა მიმართულებით პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, _ ეს ვალდებულებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დებულებით ეკისრება.
მარო ჩხეიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი კი ამბობს, რომ სამინისტროს მუშაობა შუახევში ამჯერად მოსახლეობასთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებით შემოიფარგლება: `ჩვენი ეპიდემიოლოგი დადის სოფელში და ადამიანებს აწვდის ინფორმაციას ამ დაავადების, მისი გადამდები გზების შესახებ. წინასწარ რაიმე კვლევას არ ვატარებთ~.
მარო ჩხეიძის განმარტებით, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ადამიანში გამოვლენილი კლინიკური ნიშნების შემდეგაა შესაძლებელი, სისხლის ანალიზით ვლინდება ადამიანი დაავადებული არის თუ არა.
პაატა იმნაძე _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: `თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, მას გამოკვლევა არ სჭირდება. თუ ექიმი იტყვის, რომ საჭირო გამოკვლევა, იმ შემთხვევაში ჩატარდება. თუ აუდუღარ რძეს არ სვამდნენ ბავშვები, ისე დაავადება არ დაემართებათ. რაც შეეხება ხორცს, ხორცით ბრუცელოზი არ გადადის. ბრუცელოზი იმათ ემართებათ, ვინც უვლის ცხოველს, დაავადება გადამდებია სანაყოფე წყლების დაღვრისას. საქართველოში ბრუცელოზი, ძირითადად, პროფესიულია“.
და ბოლოს, ისევ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია: ბრუცელოზი, ადამიანისა და ცხოველის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. მიმდინარეობს ხანგრძლივად (3 თვიდან 2 წლამდე და მეტხანს), უმთავრესად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებს, ახასიათებს ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი, ანთება, ძლიერი ოფლიანობა, სისუსტე. ინფექციის ძირითადი წყარო დაავადებული ცხოველია, რომელიც გამოყოფს ბრუცელებს აბორტის ან მშობიარობის დროს, აგრეთვე რძესთან, შარდთან და განავალთან ერთად. ბრუცელოზი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. ეს დაავადება შესაძლოა ქრონიკულად მიმდინარეობდეს.
ვალიკო ამაღლობელი: „აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო ამოსული. ადამიანების გამოკვლევა ვთხოვეთ. შუახევიდან მოვიდა ექიმი და მითხრა, სანამ დაავადება ადამიანში არ გამოვლინდება, მანამ ვერ გამოვიკვლევთ. თუ შეატყობთ ბავშვებს, რომ ავად არიან ან სიცხე აქვთ, მერე ჩავატარებთ ანალიზებსო. ჯერ სამი, მოგვიანებით კი ცხრა ძროხა დავკალი~.
იოსებ ამაღლობელი: `განუვითარებელი ხბო დაიბადა. ჩაუტარეს სისხლის ანალიზი და ბრუცელოზი დადგინდა. რამდენიმე ოჯახში სულ გაანდგურეს პირუტყვი, ზოგმაც იალაღებზე წაიყვანა. ადამიანებს არ გვამოწმებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ, რომ ჩვენც ჩაგვიტარონ გამოკვლევები. ეს დაავადება ადრეც იყო სოფელში, მაშინ ოთხასი სული პირუტყვის ხორცი დაწვეს. ადამიანები არც მაშინ შეუმოწმებიათ. არადა, ვეტექიმმა თქვა, რომ ადამიანებმაც უნდა გაიარონ შემოწმება. ზოგი მალავს, რომ ავადაა მისი პირუტყვი _ მათი შემოსავლის წყაროა და იმიტომ. პრობლემაა ისიც, რომ რაიონში ერთი ვეტექიმია.“
ნური ბეჟანიძე: „ერთი ექიმია ამხელა რაიონში. ადრე ეს დაავადება იყო ფერმაში და ის ფერმა გაანადგურეს. დაავადება გადამდებია, ამიტომ მთავრობამ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, გლეხმა რა იცის, ეს რა არის. ორ-ორ ლარი ჩვენ გადავიხადეთ და ისე ავაღებინეთ სისხლის ანალიზი~.
ოთარ ამაღლობელი: ახალ დაბადებულ ხბოებს ბეწვი არ ჰქონდათ. ვუთხარი სოფლის თავმჯდომარეს. სისხლის ანალიზით აღმოჩნდა, რომ დაავადებული იყო. 9 სული მყავდა, ყველა დავკალი. ჩემი შვილები ექიმის ამოსვლას და ანალიზების ჩატარებას ითხოვენ, მაგრამ არავინ მოდის. ვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ“.
მუჰამედ ტაკიძე: „ჩემს ძროხებს აუღეს ანალიზები და დადგინდა, რომ ჯანმრთელები არიან. ახორში მყავს დაბმული, ძროხებს ტყეში ვერ ვუშვებ“.
მუჰამედ ამაღლობელი: `ოთხი სული მყავდა, ოთხივე დავკალი. მინდა, ბავშვებს ჩაუტარონ გამოკვლევები~.