გაფლანგვა თუ გადასცდომა

среда, 12 мая 2010 г.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის აღმასრულებელი ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ასამართლებენ. განსასჯელი _ გიორგი წიკლაური ბრალდებას უარყოფს და გამოძიების შეწყვეტას მოითხოვს.

ნათია როყვა


სასამართლო პროცესი განსასჯელის დაკითხვით დაიწყო. სასამართლო დარბაზში მას ხუთი ბადრაგი იცავდა.
„2004-2009 წლებში ვმუშაობდი აჭარის აღმასრულებელ ბიუროში... ბრალად მედება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება. სინამდვილეში ეს იყო გადაცდომა. რადგან არ არსებობს დანაშაულის ნიშნები ჩემს ქმედებაში, უნდა შეწყდეს ჩემ მიმართ გამოძიება“ _ წიკლაურმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ იმ დარღვევის გამო, რაც მას მოუვიდა, უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და არ უნდა აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე.
„კარგად დაფიქრდით, 6 საათში 600 საქმეზე მიიღეთ გადაწყვეტილება, ამის შემდეგ გავიდა ექვსი თვე. ამ ხნის განმავლობაში სცადეთ თუ არა საქმეების გადამოწმება?“, _ ჰკითხა განსასჯელს პროკურორმა.
„არ მქონდა შესაძლებლობა, რადგან საქმეების დედნები აღსრულების ეროვნულ ბიუროში იგზავნება“, _ უპასუხა პროკურორს წიკლაურმა.
კითხვაზე, მოქმედებდა თუ არა იგი ვინმეს დავალებით, წიკლაურმა უპასუხა, რომ არა და კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ეს იყო `შემთხვევითი გადაცდომა~, რის გამოც ხელფასის დაქვითვაც საკმარისი იქნებოდა. როგორც წიკლაურმა თქვა, მსგავსი შემთხვევა მას სამჯერ ჰქონდა, _ გადაცდომის გამო თბილისის მონიტორინგის სამსახურმა გააფრთხილა და ხელფასი დაუქვითა, როგორც აღმასრულებელს.
განსასჯელის ინტერესებს ადვოკატი რამინ პაპიძე იცავს. პაპიძის ინფორმაციით, წიკლაურს წარმოებაში ათასი საქმე ჰქონდა _ სამასი სამოქალაქო და დანარჩენი ადმინისტრაციული: `მან უფროსებისგან მიიღო დავალება სასწრაფოდ შესაწყვეტ საქმეებზე, ამიტომ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე 600-მა საქმემ გაიარა ხელში. ბრალდება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, რადგან საქმეები არასწორად შეწყვიტა. ის ადამიანები, რომელთა საქმეებიც შეწყვიტა, მაგრამ კანონით არ უნდა შეეწყვიტა, დაკითხეს, როგორც მოწმეები. ყველამ თქვა, რომ არ იცნობენ წიკლაურს. ანუ ამ საქმეების შეწყვეტით განსასჯელს გამორჩენა არ მიუღია~.
ადვოკატის მტკიცებით, წიკლაურს შეწყვეტილი საქმეები კანონით აჭარის სააღსრულებლოს ხელმძღვანელსა და თბილისის მონიტორინგის სამსახურს უნდა შეემოწმებინა.
აჭარის სააღსრულებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის _ გელა თავდგირიძისა და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება გასულ წელს დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსი _ მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება. მითვისებული და გაფლანგულია როგორც სააღსრულებო ბიუროს, ასევე კლიენტებისა და განსასჯელების ნათესავების თანხა. ყველა მოწმე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ამ გაუგებრობაში ისე მოხვდა, არაფერი იცოდა. ისინი ამბობენ: „ვენდობოდი“, „გამომიყენეს“.