„ქურდული სამყაროს მიმდევარი ხარ?“

среда, 12 мая 2010 г.



ადვოკატმა _ გიორგი ჯაფარიძემ ინფარქტი მიიღო, მეორე ადვოკატი ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია მოთავსებული _ ამ მიზეზებით ორი განსასჯელის საქმის მოსმენა გადაიდო. მოსამართლემ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიღო
.

ნათია როყვა

განსასჯელებს (ვინაობას არ ვასახელებთ) მოსამართლემ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, რადგან წინა სასამართლო პროცესი სწორედ განსასჯელების ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო; ამჯერად სასამართლო პროცესზე პატიმრების ბადრაგირება ვერ მოხერხდა, თბილისიდან ბათუმში.
ადვოკატ გიორგი ჯაფარიძის ნაცვლად პროცესზე გრიგოლ კუპატაძე გამოცხადდა და მოსამართლეს უთხრა, რომ პატიმარს საპროცესო შეთანხმება სურს პროკურატურასთან. მეორე განსასჯელს სახელმწიფო ადვოკატი, ბიძინა ბერიძე იცავს.
მოსამართლემ, გიორგი ქაშაკიშვილმა თქვა, რომ ეს `საქმე გაიწელა~ და მხარეებს კამათისთვის მომზადება სთხოვა. ეს განსასჯელები სასამართლოს მიერ კანონიერ ქურდად წოდებულ უშანგი გოდელაძესთან ერთად დააპატიმრეს. უშანგი გოდელაძე დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი დადგა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები შედეგად.
პირველ სასამართლო პროცესზე სოდ-ის ორი თანამშრომელი და სამშენებლო კომპანია `ანაგის~ ფინანსური დირექტორი _ ირაკლი გოგოლიშვილი დაკითხეს, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის მეგობარია.
სასამართლო პროცესზე ასევე დაკითხეს ბრალდებულ კ.მ-ს დედა _ ნანი კახიძეც. დედის თქმით, შვილმა, რომელიც იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა, მშობლებს სტუმრის (უჩა გოდელაძის) გამასპინძლება სთხოვა. `ხომ არ ვკითხავდი კაცს, სად ცხოვრობ, რატომ ჩამოხვედი, ვინ ხარ... ვივახშმეთ, სპორტზე ვილაპარაკეთ და დაახლოებით 20-30 წუთში დავწექით~, _ თქვა პატიმრის მამამ, რომლის შვილიც ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვისაა დაპატიმრებული.
`აღიარებ ბრალდებას, ქურდული სამყაროს მიმდევარი ხარ?~ _ ჰკითხა მოსამართლემ განსასჯელებს ერთ-ერთ პროცესზე. `მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ცოლი, ოჯახი მყავს, არც ქურდული სამყაროს მიმდევარი ვარ და არც საზღვრის უკანონო გადაკვეთას ვგეგმავდი~, _ უთხრა მოსამართლეს განსასჯელმა.
სასამართლო პროცესზე ასევე დაკითხეს მეორე ეჭვმიტანილი გ.მ.-ც. ის ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს. გ.მ. სოდ-მა უჩა გოდელაძესთან ერთად დააკავა.
უშანგი გოდელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმეა აღძრული. `ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, თირკმელებისა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიმოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა... ნაკერები შუბლის არეში... სხეულზე ჰემატომა... ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2009 წლის 21 ოქტომბერს, 21 საათზე“ _ ეს დასკვნა ექსპერტიზამ უშანგი გოდელაძის ცხედრის შესწავლის შემდეგ დაწერა. დასკვნა `ბათუმელებს~ გარდაცვლილის ოჯახმა მოაწოდა. ექსპერტიზის დასკვნის ბოლოს წერია: `გოდელაძის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში~.
დაკავებული ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი გრძელდება.