პროტესტი თავის დაწვის მცდელობით

среда, 22 июля 2009 г.


17 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც თვითონ მოიკიდა. შემთხვევა აჭარის პროკურატურის შენობასთან 17 ივლისს მოხდა. როგორც ხელებდამწვარი გოგონა ~ბათუმელებთან~ ყვება, ცეცხლი მის სხეულზე აჭარის პროკურორის მძღოლმა პლედით ჩააქრო. იგი საადმყოფოშიც პროკურატურის შენობიდან გამოსულმა ადამიანებმა წაიყვანეს. 

~თუ პროკურატურა ყურადღებას არ მომაქცევს და ჩემი ქმრის საქმეს ხელახლა არ გამოიძიებენ, ბენზინს კიდევ გადავისხამ და ასე დავამთავრებ ცხოვრებას. ჩემი სიკვდილი პროკურორების კისერზე იყოს~, _ თქვა გუშინ საღამოს ნათია ჯაშმა `ბათუმელებთან~ საუბრისას. 
ხელებდამწვარი გოგონა ამ დროისთვის ბათუმში, ბერიძის ქუჩის #4-ში, ნაქირავებ ერთ ოთახში რძალთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს. მას დამწვრობის გამო განძრევა უჭირს. პერიოდულად ძლიერი ტკივილები აწუხებს, მეზობლები სახლში დამზადებული მალამოთი მკურნალობენ. როგორც ოჯახის წევრები და მეზობელი მარია ხრუშოვა ირწმუნება, ავადმყოფს ექიმებმა უფულობის გამო მკურნალობაზე უარი უთხრეს: `ისე კი გააფრთხილეს, რომ თუ გადარჩა, შესაძლოა ხელი დაკარგოს~. 
ნათია ჯაშმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა მეუღლემ, მაზლმა და კიდევ ერთმა პატიმარმა ქუთაისის ციხეში, ტელევიზორიდან ამოღებული მავთულით პირი ამოიკერეს. მათ შიმშილობა ამ ფორმით დაიწყეს. პატიმრები ციხეში ადვოკატის მისვლას ითხოვდნენ.
ოჯახს ეს ინფორმაცია (შიმშილობის შესახებ) სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეატყობინა. ნათია და მისი რძალი, ირინა სალკოვა ადვოკატს, დავით კეკელიძეს, პროკურატურასთან იმისთვის ელოდნენ, რომ პატიმრების მონახულებაზე დაეთანხმებინათ. როგორც თავად ქალბატონები ყვებიან, ადვოკატმა მათ უთხრა, რომ ამისთვის ათასი ლარი იყო საჭირო, რისი საშუალებაც სლავა და რუსლან ბუკავაძეების, ანუ პატიმრების ოჯახს არ გააჩნდა. მაშინ, როცა პროკურატურის შენობის წინ ირინა ადვოკატთან იმის სათხოვნელად მივიდა, რომ ციხეზე მისი ოჯახის წევრები მოენახულებინა, თანხას კი მოგვიანებით გადაუხდიდა, ნათიამ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა...
საავადმყოფოში ნათიას მისი მეზობელი _ მარია ხრუშოვა მიჰყვა. მათი მტკიცებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა პაციენტის მიღებაზე უარი უფულობის გამო განაცხადეს. `სანამ არ ვიყვირეთ, მანამ არ მოკიდეს ხელი ექიმებმა, სანათესავო გვინდა, ფულს გადახდის გარანტია რომ მოგვცენო. ავუხსენი, ადამიანი კვდება-მეთქი, მაგრამ მშვიდად დაამატეს, რომ ~მისი სიკვდილის შემთხვევაში ორი ათასი ლარი დამეხარჯებოდა _ დასაფლავების ფასი მითხრა ექიმმა, რომლის გვარი არ ვიცი, მგონი რეზო ერქვა. ეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა~, _ ყვება მარია ხრუშოვა ნათიასა და ირინას თანდასწრებით. 
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი _ მინდია ნაკაშიძე: ~პაციენტს ხელის ზედა კიდურებზე 40-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა. ექიმებმა ამბულატორიული დახმარება გაუწიეს, იგი არ საჭიროებდა სტაციონარში წოლას, ამიტომ თანხა გადაახდევინეს. რაც არ ჰქონდა, იმის გადახდა ერთი თვის ვადაში დაევალა, ამაზე ოფიციალური ხელშეკრულება საავადმყოფოს იურისტმა გააფორმა. შესაძლოა პაციენტს არ უნდა დარჩენილი 22 ლარის გადახდა და ასე ამიტომ ლაპარაკობს.
სამედიცინო სტანდარტებით ექიმი პასუხისმგებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე. სახლში თუ წევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ეთქვა მკურნალობაზე~.
დავით კეკელიძე, ადვოკატი: ციხეში არ მომინახულებია პატიმრები, რადგან ამის უფლება არ მქონდა _ ანუ ორდერები არ მქონდა გამოწერილი. სამივესთვის სხვადასხვა ორდერი უნდა გამომეწერა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ორგანიზაციას, სადაც მე ვმუშაობ, თავისი ტარიფები აქვს. პატიმრების ოჯახის წევრებთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ სამივე პატიმრის ორდერის თანხა ათასი ლარი იქნებოდა, თუმცა ამაზე ვერ შევთანხმდით~. 
სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში პატიმრების მიერ პირის ამოკერვის ფაქტს ადასტურებს. ლადო მგალობლიშვილმა დამწვარი გოგონა ორჯერ მოინახულა; ოჯახი საქმის ხელმეორედ გადახედვას ითხოვს. ~ბუკავაძეები და ვასილ ხრუშოვი პოლიციამ ნათიას ყოფილი ქმრის განცხადების საფუძველზე დააკავა~, _ ირწმუნებიან პატიმრების ოჯახის წევრები. მათ ბრალად ყაჩაღობა ედებათ. ძმებ ბუკავაძეებს შვიდი წელი, ხოლო მათ მეგობარს ცხრა წელი მიუსაჯეს. ისინი 12 თვის წინ დააკავეს.