ნიღბიანი მოწმეები

среда, 22 июля 2009 г.


უპრეცენდენტო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ, ზურაბ ავალიანის სასამართლო პროცესი დახურა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მხოლოდ განსასჯელი, ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე ესწრებოდა. დახურულ სხდომაზე კუდ-ის ის თანამშრომლები დაკითხეს, რომლებმაც ნინო ბურჯანაძის პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი, ზურაბ ავალიანი დააპატიმრეს. მათი ინფორმაციით, ავალიანის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს.  


მოწმეებად გამოცხადებული კუდ-ის თანამშრომლები სასამართლო სხდომის დარბაზის გვერდით ოთახში ნიღბებით შეიყვანეს; ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სასამართლო დარბაზში იდგა ტელევიზორი, რომელშიც ჩანდნენ ადამიანები ნიღბებში. 
ადვოკატი _ არჩილ ჩოფიკაშვილი მოწმეებს შეკითხვებს მიკროფონის საშუალებით უსვამდა. როგორც ადვოკატი ~ბათუმელებთან~ ირწმუნება, სასამართლოში დაირღვა დისტანციური წესით დაკითხვის დროს დაცვის მხარის უფლებები, რადგანაც მოწმეების ვინაობა გასაიდუმლოებული, ხოლო ტექნიკა გაუმართავი იყო: `მოწმეებს ჩემი შეკითხვები ხშირად არ ესმოდათ, მათი პასუხები არც მე მესმოდა~.  
დისტანციური წესით კუდ-ის ათი თანამშრომელი დაიკითხა, მათ ფსევდონიმები მიანიჭეს _ ციფრები. მაგალითად, #10 სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.
ადვოკატის თქმით, სპეცრაზმის ხელმძღვანელი _ #10, პირველ მოწმედ დაკითხეს. მან თქვა, რომ ავალიანის დაკავების დროს, ვიდეოგადაღებას 35-წლამდე მამაკაცი აწარმოებდა. სპეცრაზმის ხელმძღვანელის თქმით, ავალიანი პოლიციელებმა იატაკზე დააწვინეს; ადვოკატის მტკიცებით, ამ მოწმემ განსხვავებული ჩვენება დააფიქსირა, რადგან დანარჩენმა მოწმეებმა ავალიანის იატაკზე დაწვენა უარყვეს. მათ ვიდეოგადაღების ფაქტიც უარყვეს (ვიდეომასალა საქმეში არ დევს).
`ეს ვიდეომასალა იმიტომ გაქრა, რომ მასზე ასახული იყო, თუ როგორ შეიტანეს პოლიცეილებმა სახლში იარაღი. სიმართლე ერთ მოწმეს ან წამოსცდა, ან არ დაარიგეს და გაუფრთხლებლობა გამოიჩინა~ _ ამტკიცებს ადვოკატი.
არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109(1) მუხლი: `კანონში პირდაპირ წერია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით. სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად~.
ქართული კანონმდებლობით მოწმის დისტანციური წესით დაკითხვა მაშინ არის დასაშვები, როცა მოწმე უძლურია, მომაკვდავია და გადაადგილება არ შეუძლია. თუ სასამართლო პროცესზე ირღვევა კანონი, მაშინ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ჩვენ ამაზე სხვა ინსტანციებში ვიდავებთ~.
დისტანციური წესით მოწმეების დაკითხვა რატომ გახდა აუცილებელი და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ? _ ამ კითხვით `ბათუმელებმა~ მოსამართლე ვერა დოლიძეს მიმართა: `ეს სასამართლო დადგენილებაშია დასაბუთებული, ადვოკატმაც იცის. ამასთან განაჩენშიცაა დაფიქსირებული~, _ განმარტა ვერა დოლიძემ. 
მოსამართლის ამ განცხადებას ადვოკატი არ ადასტურებს: `გუშინ გამოვითხოვე ეს ოქმები სასამართლოდან, როდის მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ეს მოსამართლეზეა დამოკიდებული, შეიძლება ოქმები მზად არც კი იყოს~, _ თქვა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
`ბათუმელებმა~ განაჩენის მოწოდება ვერა დოლიძის თანაშემწეს, ლელა მახარაძესაც (მან მოსამართლის ტელეფონს უპასუხა და თქვა რომ თანაშემწეა) სთხოვა. მან განაჩენის მოწოდებაზე უარი გვითხრა და მოტივად შემდეგი დაასახელა: `თუ საქმეში მხარეს არ წარმოადგენთ, მაშინ საპროცესო კანონმდებლობა გვიკრძალავს გადაწყვეტილების გაცნობას, განაჩენი ჯერ არაა დაწერილი, როცა მზად იქნება, ადვოკატს მივაწვდით~. 
მოსამართლე ვერა დოლიძემ ზურაბ ავალიანს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება.  

რამდენად კანონიერია სასამართლო შენობაში მოწმეების ნიღბებით დაკითხვა და რა შემთხვევაშია დისტანციური დაკითხვა კანონიერი? ამ კითხვებს გამოცდილი ადვოკატები პასუხობენ. 

გია ქარცივაძე _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოწმის ისე დაკითხვა, რომ მისი ვინაობის შესახებ არ იცოდეს დაცვამ, კანონიერია, მაგრამ არა _ სამართლიანი. დაინტერესებული მხარე თუ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებს, საკმაოდ მაღალი ალბათობით, კანონის ამ მუხლს სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს. 
საპროცესო კოდექსის ეს მუხლი, ჩემი აზრით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილთან (ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს მოწმეების ისეთივე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვს ბრალდების მოწმეს.) 
ეს მუხლი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საპროცესო კოდექსის ზოგად პრინციპებთან (სსსკ მუხლი 15.1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე). 
პაატა ბოლქვაძე _ დემოკრატიის ინსტიტუტი: ექვსი წელი ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე ვიყავი, სამი წელია ადვოკატად ვმუშაობ და მსგავსი ფაქტი პრაქტიკაში არ მქონია. ჩემთვის უცნობია, რატომ დაკითხეს მოწმეები დისტანციური წესით. კანონში წერია, რომ ადვოკატმა უნდა იცოდეს, ვინ არიან მოწმეები და ისინი უნდა დაკითხონ უშუალოდ. გამოდის, ადვოკატსაც შეუძლია ისე მიიყვანოს და დაკითხოს მოწმეები, რომ პროკურატურას არ აცნობოს, ვინ იკითხება: უბრალოდ, მათ ფსევდონიმი მიანიჭოს და ალაპარაკოს რაც უნდა. მიმაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი მოსამართლემ მტკიცებულებად არ უნდა შეაფასოს. ეს მასკარადია. 
აკაკი თოიძე _ ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე: მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა დისტანციური წესით დაკითხვას ითვალისწინებს, რადგან გათვალისწინებულია თავად დასაკითხი პირის ინტერესები, მისი წარმომავლობა, თანამდებობა... იმიტომ უნდა გასაიდუმლდეს, რომ მათ ცხოვრებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. მაგრამ, როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, დაცვის მხარეს ინტერესები ამ შემთხვევაში ირღვევა. მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, თუ საქმეში სხვა მტკიცებულება არაა, დაუშვებელია: ეს არის ირიბი მტკიცებულება და არა პირდაპირი. დისტანციური დაკითხვა უშვებს შესაძლებლობას, ბრალდების მხარემ ეს კონკრეტული პირის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია. 
სამართლებრივ სახელმწიფოში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად სამართლიანად არის მტკიცებულება მოპოვებული იმ პირების მიერ, ვინც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება. როგორ შეიძლება საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი ადამიანი დაინტერესებულ პირად არ ჩაითვალოს, როცა ის ჩვენებას იმის თაობაზე იძლევა, რამდენად კანონიერად ჩაატარა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედება კანონშესაბამისად რომ იქნეს მიჩნეული, ამას უნდა ესწრებოდეს ნეიტრალური ადამიანი, რათა შემდგომში არ იყოს საუბარი იმაზე, რომ ბრალდებულს რაღაც ~ჩაუდეს~.  
საპროცესო კანონმდებლობამ მტკიცებულებების მოპოვება ისეთი შესაძლებლობით დაუშვა, რაც უამრავ კითხვას უჩენს არა მხოლოდ დაცვის მხარეს, არამედ საზოგადოებას, ადამიანს, რომელიც არაა იურისტი. მე, როგორც ადვოკატს, მიმაჩნია, რომ ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა ადამიანის უფლებების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს ევროსასამართლოში უკვე რამდენჯერმე დადასტურდა. 
რამინ გვარიშვილი _ ადვოკატი: პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია. კანონმდებლობით სასამართლოს აქვს სხდომის დახურვის და მოწმისთვის ფსევდონიმის მინიჭების უფლება. მაგრამ ის, რომ ადვოკატს ხელი ეშლებოდეს კითხვების დასმასა და პასუხების მოსმენაში, ის რომ დაცვა და ბრალდება თანაბარი უფლებით არ სარგებლობდეს, კანონდარღვევაა. დასაკითხი პიროვნების დამალვა არღვევს დაცვის უფლებას. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, კანონის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, რამაც დაარღვია დაცვის უფლებები.