უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ბათუმის ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილეები. პროკურატურის მტკიცებით, ისინი პატიმრებს ფულს სძალავდნენ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილი უფროსი ჯუმბერ ზაქარაძე, მისი მოადგილეები _ ზვიად ვაშაკიძე და ალეკო შველიძე 9 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის, ანუ გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გასულ კვირას კი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობის ვადა დაკავებულებს კიდევ ერთი თვით გაუგრძელდათ. ბრალდებულების საქმეს პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ) იძიებდა, მოგვიანებით კი საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა, ამიტომაც აღკვეთი ღონისძიება თბილისში შეუფარდეს.
ჯუმბერ ზაქარაძე, რომელიც მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მესამე საპყრობილის პატიმრის, ვინმე თემურ ტაკიძის ჩვენების საფუძველზეა დაპატიმრებული, ბრალდებას უარყოფს. ადვოკატის მტკიცებით, ციხეში ეს პატიმარი თაღლითობდა და როცა ტაკიძეს პასუხი მოსთხოვეს, თავის გადარჩენის მიზნით მან თქვა, რომ თითქოს ციხის უფროსის დავალებით ართმევდა პატიმრებს ფულს: `თემურ ტაკიძე, რომელიც მთავარ მოწმედ ჰყავს პროკურატურას, თაღლითობისთვის იხდის სასჯელს და მას 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პატიმრობის დროს თბილისში შეძენილი აქვს სახლი, მანქანები. ძალიან დიდი ქონება დააგროვა ციხეში ყოფნისას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ამას გარკვეულ დროში დავადასტურებ~.
დავით ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნია და ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად, მით უფრო, როცა ეს მოწმე პატიმარია. ადვოკატის ინფორმაციით, ყველა პატიმარი, რომელიც გამოძიებამ დაკითხა, ამბობს, რომ ფულს თემურ ტაკიძე ითხოვდა.
საუბარია 2007-2008 წლებზე, როცა ზაქარაძე ბათუმის ციხის უფროსი იყო, ალეკო შველიძე და ზვიად ვაშაკიძე კი _ მისი მოადგილეები. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს პატიმრებისგან სულ 4-დან 10 ათას დოლარამდე აქვთ მითვისებული.
ალეკო შველიძის ადვოკატი `ბათუმელებთან~ კომენტარს არ აკეთებს. თავად შველიძე კი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც აბაშიძის, ისე ახლანდელ ხელისუფლებაში. აბაშიძის დროს ის აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი _ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ალეკო შველიძის სახელს უკავშირდება დევნილების გასახლება სასტუმროებიდან.
ალეკო შველიძე მესამე საპყრობილეში უფროსის მოადგილედ სწორედ დევნილების გასახლების პროცესის დასრულების შემდეგ დანიშნეს.

აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელების განაჩენი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს, გელა თავდგირიძეს და მის თანამშრომელს, მერაბ სანიკიძეს განაჩენი გამოუტანა.



აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელი გელა თავდგირიძე იძებნება. პროკურატურის მტკიცებით, საქართველო მან მას შემდეგ დატოვა, რაც გენერალურმა ინსპექციამ მისი სამსახურის შემოწმება დაიწყო. ბრალდებულის მხარე კი ირწმუნება, რომ თავდგირიძე უცხოეთში სამკურნალოდ მანამ წავიდა, ვიდრე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა.
პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სასამართლო დარბაზში თქვა, რომ თავდგირიძემ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ამიტომ მის მიმართ 23-წლიანი პატიმრობა, 16 ათასი ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა და სამი წლით საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. ასევე იმ მოქალაქეების დაკმაყოფილება, რომლებიც საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილნი.
თავდგირიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
ბრალდების მიხედვით, თავდგირიძემ მიითვისა ხალხის ფული, ასევე გამოიყენა ქობულეთის აღმასრულებლის ბეჭედი და გააყალბა მისი ხელწერა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.
თავდგირიძის ადვოკატი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა. ადვიკატმა ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სთხოვა.
მერაბ სანიკიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც ასევე ხალხის ფულის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, დანაშაულს აღიარებს: `ითანამშრომლა რა პროკურატურასთან სასამართლო გამოძიების დროს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ვშუამდგომლობთ სასამართლოსთან, დაუმტკიცდეს საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ხელს ზემდგომი პროკურორი აწერს~.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელსაც ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილიც დაეთანხმა. მერაბ სანიკიძეს საპროცესო შეთანხმებით ათწლიანი სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა.
გელა თავდგირიძეს სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 16 ათასი ლარის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
გელა თავდგირიძის ადვოკატის, ედიშერ მახარაძის განმარტებით, ისინი განაჩენს ვერ გაასაჩივრებენ, რადგან თავდგირიძე იძებნება.

სასამართლო დარბაზიდან

პატიმარმა მინდია კახიძემ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საკანში არ სძინავს, რადგან ამის შესაძლებლობას მის საკანში მყოფი სხვა პატიმარი არ აძლევს. კახიძის თქმით, მასთან მყოფ პატიმარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - ხან მღერის, ხან ლექსს წერს და კითხულობს. მინდია კახიძე ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის გაასამართლეს.

ბათუმელ მინდია კახიძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის ორი კვირის წინ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ოჯახს კი ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მასთან ერთად გასამართლებული გოჩა მურადოვი 13 წელს გაატარებს ციხეში და ჯარიმასაც გადაიხდის. მათთან ერთად დაკავებული, კანონიერ ქურდობაში ბრალდებული უშანგი (უჩა) გოდელაძე კი უკვე გარდაიცვალა. ის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში წამებით მოკლეს.

მინდია კახიძე და გოჩა მურადოვი ბოლო სასამართლო პროცესზე ბადრაგმა და სპეცრაზმმა ორი საათის დაგვიანებით მოიყვანა. “თქვენ გაქვთ საბოლოო სიტყვის უფლება, დროში შეზღუდული არ ხართ”, _ უთხრა მოსამართლემ განსასჯელებს. ახლობლებმა კახიძის ბოლო სიტყვა შეაფასეს, როგორც არაადეკვატური და უცნაური: ფაქტის მოყოლა კახიძემ თავიდან დაიწყო. ოღონდ ამჯერად განსხვავებული ვერსიებით. ახსენა საქმეში არარსებული ადამიანების სახელები და გვარები.

წინა პროცესებზე პატიმარი თავდაჯერებული იყო და ერთი პოზიცია ჰქონდა, ახლა ვერსიებს ცვლიდა. “ჩვენ გურამის 50 ლარი მივეცით, რომ მას უჩასთვის ვალინკები ეყიდა, იგი ტყიდან აპირებდა გადაპარვას თურქეთში, ვალინკები ტყეში სჭირდებოდა. როცა აჭარულ სახლში სოდი მოვიდა, მივხვდი, რაც ხდებოდა, რადგან ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემი პარალელური კლასელია...

თუ ტელეფონზე საუბარი და ადამიანის ნახვა ქურდული სამყაროს წევრობად ითვლება, ეს თქვენი შესაფასებელია, მე არ ვარ არავის წევრი. ნაცნობობა გვაკავშირებდა. ტყეში არ წავსულვარ და არავინ გადამიყვანია საზღვარზე. მე ადვოკატს არ ვეთანხმები...”

მინდია კახიძის მამამ, მოგვიანებით დედამ, ოჯახის მეგობრებმა და ნათესავებმა რიგრიგობით დატოვეს სასამართლო დარბაზი. “გაჩუმდი, რას ლაპარაკობ, ჯობია სულ გაჩუმდე”, _ დარბაზიდან ამ წამოძახილების გამო განსასჯელის ახლობლები რამდენჯერმე გააფრთხილა მოსამართლემ. განსასჯელი კი ისევ აგრძელებდა: “მე ვამბობ, რომ არ ვარ ქურდული ტრადიციების მატარებელი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მათ პატივს ვცემ”.

“ძალიან შემეშინდა მისი ჯანმრთელობის გამო, საკუთარ თავს არ ჰგავს. ის არ ლაპარაკობს ნორმალურად. ვფიქრობ, ფსიქიკური პრობლემები აქვს”, _ უთხრა “ბათუმელებს” კახიძის დედამ.

ადვოკატ ირაკლი ნაკაშიძის ინფორმაციით, რომელმაც პატიმარი რუსთავის #6 საპყრობილეში რამდენჯერმე მოინახულა, კახიძე ახლა გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი: “უფრო თავისუფლადაა. როცა დაკარგა საპროცესო შეთანხმების იმედი, ამან იმოქმედა ცუდად, სხვა არანაირი პრობლემა არ აქვს ციხეში. მასზე ზეწოლას გამოვრიცხავ”.

სასამართლომ დაკითხა ბრალდებულ კახიძის დედა - ნანი კახიძეც. დედის თქმით, შვილმა, რომელიც იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა, მშობლებს სტუმრის (უჩა გოდელაძის) გამასპინძლება სთხოვა. `ხომ არ ვკითხავდი კაცს, სად ცხოვრობ, რატომ ჩამოხვედი, ვინ ხარ... ვივახშმეთ, სპორტზე ვილაპარაკეთ და დაახლოებით 20-30 წუთში დავწექით”, _ თქვა პატიმრის მამამ.

რაც შეეხება გოჩა მურადოვს, მას ჯერ გიორგი ჯაფარიძე, მოგვიანებით გრიგოლ კუპატაძე, ხოლო ბოლო სასამართლო პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა.

უშანგი გოდელაძე კი დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი დადგა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობების შედეგად.

ცხრა თვის წინათ, ბათუმში, რესტორან “აჭარულ” სახლთან, სპეცოპერაციით სამი ადამიანი _ უშანგი (უჩა) გოდელაძე, გოჩა მურადოვი და მინდია კახიძე დააკავეს.

მინდია კახიძის განაჩენს ადვოკატი ასაჩივრებს. ის საპროცესო შეთანხმებას - ათი ათასი ლარის სახელმწიფო სასარგებლოდ გადახდას და ერთწლიან სასჯელს ითხოვს. ამ თხოვნაზე პროკურატურამ მას ამ ეტაპზე უარი უთხრა.



30 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, მაშინ, როცა ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე კომისია ბიულეტენების რაოდენობას ითვლიდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საჩივარი, რომლითაც საია-ს დამკვირვებელი უბნის ბათილობას ითხოვდა, მდივანმა არ ჩაიბარა. სულხან ფალავანდიშვილი ირწმუნება, რომ იგი `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლებმა სცემეს. ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საიას სხვა წევრები, ჟურნალისტები და ოლქის წარმომადგენლები მივიდნენ.

ნათია როყვა
ეთერ თურაძე

„ორი თუ სამი კაცი მირტყამდა. ერთის სახელი და გვარი ვიცი, ორის _ არა“, _ უთხრა სულხან ფალავანდიშვილმა #3 უბანთან მოსულ საპატრულო პოლიციას 31 მაისს. ფაქტიდან მეორე დღეს საიას ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია: `დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ზურაბ ღლონტი. დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მამუკა კენჭაძეს~.
საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, ნინო ტავლალაშვილმა, 30 მაისს, ნეტგაზეთი.გე-ს განუცხადა, რომ ოლქში საჩივარი შეაქვს და აყენებს უბნის საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობის, ასევე, სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს.
გუშინ კი გაირკვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საია-ს არავის მიმართ არ დაუყენებია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც ნინო ტავლალაშვილმა `ბათუმელებს~ უთხრა, `გაირკვა, რომ უბანზე შეხლა-შემოხლა პირადული იყო. ხოლო საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბანმა არ ჩაიბარა, ოლქს გადაეცა განსახილველად~.
გუშინ საოლქო კომისიამ განიხილა საიას საჩივარი და კამათის შემდეგ, კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ #3 საოლქო კომიის თავმჯდომარეს, ერთი წლის ვადით შეუწყდეს უფლებამოსილება.
საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ცესკოში გაასაჩივრებს.
31 მაისს სულხან ფალავანდიშვილმა `ბათუმელებს~ უთხრა, რომ, მისი აზრით, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას: `ხმის დათვლის პროცესის შემდეგ მიღებული ხმების რაოდენობა აღემატებოდა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას. ამაზე დავწერე საჩივარი უბნის ბათილობის მოთხოვნით, რის გამოც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. კომისიის წევრმა ნაცმოძრაობიდან და ასევე ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა სახეში გამარტყეს~.
პოლიციისთვის განმარტებების მიცემის დროს საია-ს ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, კომისიის `ნაციონალი~ წევრები ერთი ზედმეტი ბიულეტენის ამოღებას აპირებდნენ. საჩივარიც სწორედ ამის გამო დაწერა სულხან ფალავანდიშვილმა. `ნაციონალებს ვაკლებთ ხმას, ოპოზიციას ხომ არა. რა შენი საქმეა~, _ გააფრთხილეს ფალავანდიშვილი, რომელსაც საჩივრის დაწერა ვერ გადააფიქრებინეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი.
იმავე ღამეს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ `ბათუმელებს~ ამ გაუგებრობის მისეული ვერსია შესთავაზა: `საკონტროლო ფურცელი სიაში გატარებული არ იყო. ამიტომაც ბალანსი არ დაჯდა და ერთი ხმით სხვაობა აჩვენა~.
ამ აურზაურის შემდეგ კომისიის ის წევრები და დამკვირვებელი, რომელსაც საიას დამკვირვებელი ძალადობაში ადანაშაულებდა, უბნიდან გაიქცნენ. `იმიტომ გავიდნენ, რომ დასისხლიანებულები იყვნენ~, _ განაცხადა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალეკო ცეცხლაძემ. მამია მიგინეიშვილი, რომელიც `ნაცმოძრაობის~ დამკვირვებელი იყო ამავე უბანზე, ამბობდა, რომ აურზაური საიას დამკვირვებელმა გამოიწვია.
იგივე გაიმეორა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კენჭაძემაც: `მან დაიწყო ყველაფერი. მთელი დღე მოძრაობდა უბანზე. მარეგულირებელ კომისიას არ აცლიდა მუშაობას. დათვლის პროცესში დაასკვნა, რომ არასწორი იყო ბიულეტენი და დაიწყო საჩივრის წერა. ის არავის არ უცემია~.
`კომისიამ მიიღო განკარგულება და უბანმა მუშაობა დროებით შეაჩერა“, _ ამ განცხადებას უბანზე კომისიის მდივანი წერდა. მას ოლქიდან მოსული დამკვირვებელი ეხმარებოდა.
ნინო ბერაძემ, რომელიც `მრეწველებს~ წარმოადგენდა, მე-3 საარჩევნო უბანზე ასევე უარყო ბათუმის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის _ სულხან ფალავანდიშვილის ცემის ფაქტი: `ეს ადამიანი ძალიან დიდ უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. არავის უცემია, ხელი მოკიდეს და უთხრეს, ბიჭო, რა იყოო. შენ რაო და ასე შელაპარაკდნენ, უბრალოდ~.
ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია. `რუსთავი 2~-ისა და პირველი არხის ჟურნალისტებმა მხარეები ჩაწერეს, თუმცა ამ ინციდენტის შესახებ ამ ტელევიზიებს ინფორმაცია არ გადაუცია.
ცნობისათვის, მე-3 საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალიც.

თავისუფლება, რომლის ფასსაც პროკურორი ადგენს

пятница, 4 июня 2010 г.


საპროცესო შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმარი შეიძლება სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. ბრალდებულის თავისუფლების ფასს პროკურორი წყვეტს. იურისტები ამბობენ, რომ განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში გამართლებულ საპროცესო შეთანხმება საქართველოში პატიმრებს არათანაბარ პირობებში აყენებს.


ნათია როყვა, გაზეთი „ბათუმელები“


ბრალდებულს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ თუ არა, ამას პროკურორი წყვეტს; პროკურორი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. მოსამართლეს შეუძლია პროკურორის მიღებულ გადაწყვეტილებას ან დაეთანხმოს, ან არა. თუმცა, არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები პროკურორის შუამდგომლობას ყოველთვის ეთანხმებიან.
კოდექსში აღნიშნულია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მაქსიმალური ჯარიმა დგინდება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მისი ქონებით განისაზღვრება.
„თანხას, რამდენი უნდა გადაიხადოს განსასჯელმა, პროკურატურა ადგენს, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს“, _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გია ქარცივაძე.
„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ისეთ ძირეულ პრინციპს, როგორიცაა კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობა“, _ მიიჩნევს ადვოკატი შალვა შავგულიძე.
იურისტი რამინ პაპიძე კი თვლის, რომ „საპროცესო გარიგება მომაკვდინებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.“
ადვოკატების ნაწილს მიაჩნია, რომ პროკურატურა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კი არა, იმით გასაზღვრავს განსასჯელი პირის გათავისუფლებას, თუ ვინ იცავს მას.
ადვოკატი რამინ პაპიძე: „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების უხარისხოდ გამოძიების, არასწორი კვალიფიკაციის მინიჭების გამო, ხშირად მიწევს პროკურორთან დაპირისპირება. კონკრეტული პროკურორი იმას აკეთებს, რასაც კარნახობენ. დაუფარავმა პროტესტმა ის შედეგი მომიტანა, რომ პროკურატურამ ჩემი საქმიანობა დაბლოკა. მაგალითად, სოფელ ახალშენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ნოდარ დიასამიძეს, პროკურორ დავით ჭარბაძემ უთხრა: „თუ საქმეში პაპიძეს დატოვებ, საპროცესოს არ გაგიფორმებთო. ჭარბაძემ აჭარის სახანძრო სამსახურის ყოფილ უფროსს, ზაზა სურგულაძესაც ასეთივე ულტიმატუმი წაუყენა“.
რამინ პაპიძე კიდევ ერთ საქმეს იხსენებს: „იგივე დავით ჭარბაძემ, საპროცესოს გაფორმებაზე, უარი მითხრა აკაკი მინაშვილის საქმეშიც. შემდგომ საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო. ზუსტად იგივე პირობებით, წერტილ-მძიმეც არ შეუცვლია, გააფორმდა საპროცესო, ანუ პატიმარი გაანთავისუფლეს პატიმრობიდან“.
პაპიძის დაკვირვებით, საპროცესოს, ძირითადად, იმ ადვოკატების მონაწილეობით აფორმებენ, რომლებიც ადრე პროკურატურაში მუშაობდნენ. „ამჟამად, საქართველოში, პატიმრის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ საპროცესო გარიგებითაა შესაძლებელი. როცა თავისუფალ ადვოკატს ამის საშუალება არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსს აღარ გიტოვებენ. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა კლიენტს ჩემგან წასვლა თვითონ ვურჩიე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, _ ამბობს პაპიძე.
ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი, რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ იძულებული გახდება საადვოკატო საქმიანობას თავი დაანებოს.
ადვოკატ შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გამართლებულია, მაგრამ ამ ფორმას ქართულ პრაქტიკაში მანკიერად იყენებენ: „მაგალითად, ხელისუფლებისთვის არასასურველ თანამდებობის პირებს უგონებენ დანაშაულს და შემდეგ ამაში ბევრ ფულს ახდევინებენ“.
შალვა შავგულიძისთვის ამ თვალსაზრისით სულხან მოლაშვილის საქმეა განსაკუთრებით საინტერესო: „პროკურატურამ კონტროლის პალატის მრავალი თანამშრომელი დააპატიმრა. მათ ერთს სთხოვდნენ: ეთქვათ, რომ სულხან მოლაშვილს ქრთამს აძლევდნენ და პასუხისმგებლობას არ დააკისრებდნენ. უარის შემთხვევაში სასჯელით ემუქრებოდნენ. ამ სახის ცდუნებას ვიღაც უძლებს, ვიღაც _ ვერა“.
ადვოკატი ამბობს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ნებისმიერი ინსტიტუტი შეიძლება ნეგატიურად იქნას გამოყენებული. პროკურორებსა და გარკვეულ ადვოკატებს შორის ალიანსის არსებობას შალვა შავგულიძეც ეთანხმება: „პროკურორებს არ სურთ საქმეში ჩართონ ის ადვოკატები, რომლებიც დაცვას რეალურად ახორცილებენ. ისინი პრაქტიკიდან ნელ-ნელა იდევნებიან. სამაგიეროდ შემოსავლები ეზრდებათ ადვოკატებს, რომლებიც პირიქით მოქმედებენ _ დაცვას არ ახორციელებენ. ეს ადვოკატები კლიენტის კი არა, პროკურორების ინტერესებს იცავენ“.
შალვა შავგულიძე: „მქონდა შემთხვევა, როცა ჩემს კლიენტს უთხრეს _ შავგულიძე ჩვენთან დაპირისპირებას ნიშნავს. თუ საუბარი იყო ორასი ათას ლარზე ან ნახევარ მილიონზე, პროკურატურა ჩამოსულა 10 ათასს ლარამდე და კლიენტისთვის უთქვამს - ადვოკატი შავგულიძე საქმეს ჩამოშორდესო“.
იგივე მოსაზრება აქვს ადვოკატ რამინ გვარიშვილსაც: „საპროცესო შეთანხმება, ძირითადად, იმ ადვოკატებთან ფორმდება, ვინც ადრე პროკურატურაში მუშაობდა. ზოგიერთი ადვოკატი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ ვერ აფორმებს, რომ შედეგის მიღწევას სასამართლო პროცესზე, არსებითი განხილვით ცდილობს, ანუ პროკურორებთან კამათობს კიდეც, რაც პირად კონფლიქტში გადადის. შესაბამისად, პროკურატურაში საპროცესოზე აღარც მსჯელობენ. სხვებისგან განსხვავებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ორმაგ ჯარიმებს იხდიან“.
გვარიშვილს, ისევე როგორც სხვებს, პრაქტიკაში ჰქონია საქმე, როცა, მისი აზრით, უდანაშაულო ბრალდებულმა, საპროცესოს მისაღწევად, დანაშაული აღიარა. ადვოკატების მტკიცებით, საპროცესო შეთანხმებისას აუცილებელი პირობაა რომ განსასჯელმა ბრალდება აღიაროს.
იურისტების აზრით, არათანაბარ პირობებში ადამიანებს ისიც აყენებს, რომ „საპროცესო შეთანხმების თანხა კანონით არაა განსაზღვრული“. მინიმალური თანხა ორი ათასი ლარია, მაქსიმალური ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება. თანხის ოდენობას კი პროკურატურა განსაზღვრავს.
იურისტი ედიშერ მახარაძე 2004 წლამდე პროკურორად მუშაობდა, დღეს ის ადვოკატია. კოლეგების მოსაზრებას _ საპროცესო შეთანხმების მიღწევა ყოფილ პროკურორებს უადვილდებათ, არ იზიარებს. „განსაკუთრებული საქმეები აჭარის ან ბათუმის პროკურატურის დონეზე კი არა, გენერალურ პროკურატურაში წყდება. ვერ ვხვდები, რა შეღავათი შეიძლება გამეწიოს, თუკი პროკურატურის მხრიდან არანაირი პრივილეგია არ არსებობს“.
ადვოკატს გასულ წელს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებებზე, ძირითადად, არ მუშაობს. მისი აზრით, საპროცესო შეთანხმებაზე, ძირითადად, სახაზინო ადვოკატები მუშაობენ.

„შესაძლოა, სასჯელს დაეთანხმოს პიროვნება, მაგრამ არ აღიაროს დანაშაული. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობაში ცოტა ბუნდოვანია. თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, რატომ უნდა იყოს იგი თანახმა სასჯელზე. ეს პრაქტიკაში ხდება.
ერთსა და იმავე დანაშაულისთვის შეიძლება ადამიანებს ერთნაირი თანხის გადახდა დაეკისროთ, მაგრამ რომელიმეს არ ჰქონდეს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ესაა პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი იმიტომ ვერ თავისუფლდება სასჯელისგან, რომ თანხას ვერ იხდის. საპროცესო შეთანხმების დადებითი მხარე ისაა, რომ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს ნაკლები ჯაფა ადგიათ_“ეს კომენტარი მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ „ბათუმელებთან“ მაშინ გააკეთა როცა იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. (ამჟამად ჯემალ კიკნაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის წევრი და ქობულეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლეა.)
მოსამართლე ჯემალ კიკნაძე ამობს, რომ ადრე სასამართლოს ჰქონდა უფლება, ჯარიმა, მაგალითად, ოთხი ათასი ლარი, ჩამოეყვანა ხუთასამდე, რაშიც ახლა სასამართლო შეზღუდულია. მოსამართლე საპროცესოს იმ ფორმით ამტკიცებს, რა ფორმითაც შედის მასთან შუამდგომლობა. „როგორც წესი, საპროცესო შეთანხმება ფორმდება ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაულზე. თუმცა, კანონში არც ის წერია, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ეს შესაძლებელი არ არის. საპროცესო კანონმდებლობაში არსად წერია შეზღუდვებზე _ როდის და რატომ არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცება“_ამბობს მოსამართლე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, გაუპატიურებაში ბრალდებული გიორგი ჩიქოვანი, სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი, სასტიკად ნაცემი 24 წლის გოგონა მის პატიმრობაში ყოფნას სთხოვდა მოსამართლე როინ კახიძეს. ალუმინის ქვაბების ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კი უარი უთხრეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა, პატიმრობიდან გათავისუფლების სნაცვლოდ 50 ათასი ლარი გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ალუმინების ქურდობაში ბრალდებულის ოჯახმა სასამართლო დარბაზში თქვა, რომ ბიუჯეტში შესატანი სამი ათასი ლარი ვერ შეაგროვა.
კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ მხარეების პროკურორები. საქართველოში სულ რვა მხარეა, ანუ ათასობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება რვა სამხარეო პროკურორს უხდება.

როინ შავაძის მკვლლეობის უცნობი დეტალები

пятница, 28 мая 2010 г.


“სხეულის მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები, შინაგანი ორგანოების, გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების დაზიანებები; მარცხენა მხარის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა მტევნის თითების მოტეხილობა; მრავლობითი სისხლნაჟღენთები განვითარებულია ბლაგვი ზედაპირის მქონე საგნ(ებ)ის მოქმედებით. ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია... შავაძის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია რვა საათი. სისხლში არ აღმოაჩნდა მორფი...“ _ წერია 2008 წლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცის, მოკლული როინ შავაძის ექსპერტიზის დასკვნაში.



ამ დასკვნის მიხედვით, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. დოკუმენტს ხელს აწერს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მამუკა მეტრეველი. მეტრეველი 21 წელია ექსპერტად მუშაობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა „ბათუმელებს“ პრესა.გე-მ მიაწოდა. შავაძის ექსპერტიზის დასკვნა დიდი ხანია მზადაა, თუმცა დოკუმენტი გასაიდუმლოებულია. საგამოძიებო მოქმედებების გაცნობაზე ადვოკატს პროკურორი იმიტომ ეუბნება უარს, რომ მას არ აქვს „გარდაცვლილის თანხმობა“, დაიცვას მისი უფლებები.
ადვოკატი რამინ პაპიძე მესამე წელია უშედეგოდ ცდილობს, გაიგოს რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოკლული ჯარისკაცის საქმეზე. ოფიციალური ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება შავაძის განზრახ მკვლელობის (108 მუხლით) ფაქტზე. ჯარისკაცს ასევე ბრალდებოდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და გადაზიდვა (260 მუხლი). შავაძის გარდაცვალების შემდეგ აჭარის პროკურატურამ გამოძიება ნარკოტიკების ბრალდების ნაწილში შეწყვიტა.
გამოძიების შეწყვეტა ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა: „მისი ღირსებისა და პატივის დასაცავად მივმართეთ სასამართლოს. რეალურად არ იყო დანაშაულის ნიშნები ნარკოტიკების შეძენა შენახვაზე“.
პროკურატურამ გამოძიება გარდაცვალების გამო შეწყვიტა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას შეწყვეტილი საქმის გამოძიებაში დაბრუნება დაავალა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აჭარის პროკურატურას არ გაუსაჩივრებია. რამინ პაპიძე: „საქმის შეწყვეტის დადგენილება მოსამართლე თემურ კაკაბაძემ გააუქმა. მოსამართლეს არც ის დაუყენებია ეჭვქვეშ, რომ მე ვარ გარდაცვლილი ჯარისკაცის კანონიერი წარმომადგენელი. მაგრამ პროკურატურა დღესაც არ მაცნობს საქმის მასალებს. ის მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის ნებართვა არ მაქვს და ამიტომაც ვერ ვიქნები მისი წარმომადგენელი“.
როინ შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი დავით ჭარბაძეა, ხოლო საგამოძიებო ნაწილის პროკურორი _ გიორგი გრატიაშვილი. პროკურორებს კანონი აძლევს უფლებას, რომ ეს საქმე 25 წლის ვადაში გამოიძიონ. შავაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, მისი ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლე, დღემდე დაზარალებულად ცნობილი არ არის.
ომიდან შინ დაბრუნებული როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში, ბათუმში, “ოქროს ბირჟასთან“ სპეცრაზმმა დააკავა. როინ შავაძის მკვლელობის ადგილად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზასთან არსებული აჭარა-გურიის სასაზღვრო ზოლი.
რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი? რამდენ ხანში დადგებოდა სიკვდილი? შეეძლო თუ არა როინ შავაძეს დაზიანებების მიღების შემდეგ ემოძრავა, ან შეესრულებინა რაიმე მოქმედება, ეყვირა, ან ელაპარაკა? აღნიშნული დაზიანების არსებობისას შეეძლო თუ არა როინ შავაძეს გონზე მოსვლა და რამდენი ხნით? _ გამომძიებლის მიერ დასმული ზოგიერთი კითხვის პასუხად ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარკვეულ პერიოდში შავაძეს შეეძლო გადაადგილება, გარკვეული მოქმედებების შესრულება; შეეძლო ყვირილი, ლაპარაკი. დანარჩენი კითხვები პასუხგაუცემელია.
თავდაცვის სამინისტროს მზვერავი 16 აგვისტოს სპეცრაზმმა, ბათუმში დააკავა. რამდენიმე საათში როინ შავაძის ცხედარი ქაქუთთან ახლოს იპოვეს. მოგვიანებით შავაძის სხეულზე ოჯახის ახლობელმა ექიმმა 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება აღმოაჩინა.
ოფიციალური ვერსიის მიხედვით შავაძეს ნარკოტიკის შენახვა ბრალდება; შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავდა, რომ დაკავებული თბილისში გადაჰყავდათ, რა დროსაც მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს და მისი ლიკვიდაციაც ამ დროს მოხდა. თუმცა შავაძის ისტორიის უფრო საინტერესო ნაწილი ის არაოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც მისი დაკავებისა და სიკვდილის დადგომის წუთებიდან ბათუმში ვრცელდებოდა _ სამშობლოს ღალატი.