ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები

четверг, 7 июля 2011 г.

სულიკო ჟღენტი

ბულვრი

ბულვარი

ბათუმელების რედაქტორის ერთი დღე

воскресенье, 17 октября 2010 г.

ეს ადამიანი ჩემი რედაქტორი იყო რამდენიმე წელი.

ვთვლი, რომ ყველაზე მაგარი რედაქტორია ამ ქვეყნად!


ეთერის ყველაზე რთული დღე სამშაბათია, რადგან ამ დღეს ``ბათუმელების`` ახალი ნომერი გამოდის.

დღეს კვირაა, ჯიპას ლექციაზე დავალება მომცეს, პირველი აუდიო ფაილი ჩამეწერა და ამეტვირთა ჩემს ბლოგზე, ბათუმელების რედაქციაში გავედი, დიქტოფონი მჭირდებოდა, თან გზაში ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ეთერი და მზია როგორც წესი რედაქციაში იყო. ძალიან დაღლილი ჩანდა, მაგრამ უარი მაინც არ მითხრა.

სულ ოთხწუთიანი ჩანაწერი იყო, ``ამოჭრა`` და გადაგდება დამენანა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
სტანდარტი მაინც დავარღვიე.

ეთერ თურაძის ყველაზე რთული დღის შესახებ მისგან შეიწტყობთ...
თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, მისი დღე კიდევ უფრო მეტად დიდი და დამღლელია.
eter turadze by natiarokva

უსიტყვო მორჩილება

вторник, 3 августа 2010 г.



სასამართლოებიდან მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2010 წელში მოსამართლეებს არასოდეს დაუჯარიმებიათ პროკურორები. მათ მხოლოდ ადვოკატები და პროცესზე დამსწრე მოქალაქეები ჰყავთ დასჯილი. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურორებთან არათანაბარ პირობებში თუნდაც ამ სტატისტიკის გამო იმყოფებიან.


სასამართლო პროცესის სადავეების ხელში აღებას დაჯარიმების გზით, შეიძლება ითქვას, აჭარაში ყველა მოსამართლე იყენებს. „18 მაისი. 16:25 საათი. 2010 წელი“. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წესრიგის დარღვევის გამო (როგორც დოკუმენტში წერია, სხდომაზე დამსწრე წამოდგა ფეხზე და ყვირილით მიმართა სასამართლოს და პროკურორს), 50 ლარით დააჯარიმა სხდომის დარბაზში მყოფი მოქალაქე _ ვკითხულობთ სასამართლოდან მოწოდებულ დოკუმენტაციაში.
მოსამართლეები აჯარიმებენ რიგით მოქალაქეებსაც, მაგრამ ისინი ძირითადად მაინც ადვოკატებს სჯიან. დაჯარიმებული ადვოკატების ნაწილი „ბათუმელებთან“ პირად საუბარში ამბობს, რომ მოსამართლეებმა უკანონოდ დააჯარიმეს, მაგრამ მათ ამაზე პრესასთან საუბარი არ სურთ.
შეფასებას თავს არ არიდებს ადვოკატი მინდია ალელიშვილი, რომელიც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ასი ლარით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო დააჯარიმა. „ადვოკატის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე შეიძლება გახდეს ჯარიმის საფუძველი, მაგრამ ხანდახან საათობით ველოდებით პროკურორს... მოსამართლეები თვალს ხუჭავენ ამაზე. არ მახსენდება ფაქტი, რომ პროკურორი დაეჯარიმებინა მოსამართლეს. ვფიქრობ, სასამართლო არათანაბარ პირობებში აყენებს პროკურორსა და ადვოკატს“, _ ამბობს „ბათუმელებთან“ მინდია ალელიშვილი.
ალელიშვილს ეთანხმება იურისტი რამინ პაპიძეც, რომელიც მოსამართლეებს დაახლოებით ოცჯერ ჰყავთ დაჯარიმებული. იურისტი ამბობს, რომ ის რეპლიკისთვის „კოკობინაძის საქმეზე“ 550 ლარით დააჯარიმა ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ.
თამარ ბეჟანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვერა დოლიძე _ პაპიძე იმ მოსამართლეებს ასახელებს, რომლებსაც `ძალიან უყვართ ადვოკატების დაჯარიმება“. პაპიძე მოსამართლეების მიერ დაჯარიმების ხერხის გამოყენებას, განიხილავს როგორც `ადვოკატების მიმართ ზეწოლას“.
პაპიძე ფიქრობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ იგი რამდენჯერმე დააჯარიმა უსაფუძვლოდ; მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა კი მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ პროკურორის დასმული კითხვები დარბაზში გააპროტესტა.
მოსამართლეს უფლება აქვს სხდომის დარბაზში დამსწრე ადამიანები ან პროცესში მონაწილე მხარეები 50-დან 500 ლარამდე დააჯარიმოს, თუ მიიჩნევს, რომ ვინმემ კანონი დაარღვია. ამონარიდი კანონიდან: `მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია, უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას~.

19 მაისს მოსამართლე მათიკო ხურციძემ მოსარჩელე 50 ლარით დააჯარიმა. ამ მოსამართლემ 14 მაისს ჯარიმის ორი ბრძანებაც გასცა. მან მოპასუხის წარმომადგენლები დააჯარიმა ორასი ლარით.
28 მაისი: მოსამართლე ვერა დოლიძემ ერთ-ერთი საადვოკატო კომპანია ასი ლარით, გამოუცხადებლობის მოტივით დააჯარიმა.
11 ივნისი: მოსამართლე ვერა დოლიძემ პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ასევე ადვოკატი ორასი ლარით დააჯარიმა.
„დაარღვია წესრიგი, არ დაემორჩილა სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას, გამოავლინა სასამართლოსადმი უპატივცემულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო პროცესზე ხელს უშლიდა მოწინააღმდეგე მხარეს საუბარში რეპლიკებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქე უნდა დაჯარიმდეს ასი ლარით. განკარგულება არ საჩივრდება“, _ ბრძანების ასლს ხელს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე აწერს.
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა 27 მაისს დააჯარიმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი 50 ლარით, სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის. 25 მაისს მამისეიშვილი, პროკურორ გელა კუჭაშვილის, განსასჯელისა და ადვოკატის მონაწილეობით განიხილავდა საქმეს, როცა ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე გამოუცხადებლობის გამო ასი ლარით დააჯარიმა. მამისეიშვილმა ასევე დააჯარიმა მოწმე ასი ლარით, 27 აპრილს.
მოსამართლე ლევან თევზაძემ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად ჩათვალა ოცი წუთით დაგვიანება და ადვოკატი დალი ჭანიძე 50 ლარით დააჯარიმა.
სატელეფონო ზარის გამო ასი ლარით დაჯარიმდა დამსწრე ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოში.

„თქვენ, ბატონო დავით, პიროვნულად ხართ მონაწილე იმ ფარსის, რომელსაც ფორმალური სასამართლო პროცესი ჰქვია ჩემი და ჩემი სიდედრის წინააღმდეგ. კარგად იცით, რომ კვარიათის სახლში უკანონოდ არის შეჭრილი ვანო მერაბიშვილი. მიუხედავად თქვენი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების უკანონო ზეწოლებისა მოწმეების მიმართ, მათ ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ კვარიათის სახლში შეიჭრა მერაბიშვილის ოჯახი შეიარაღებული პირების საშუალებით; სახლს უკანონოდ ახსნეს ლუქები... და უკვე მეორე წელია ამ სახლში უკანონოდ ცხოვრობენ. თქვენ როგორც „მოსამართლემ“, ეს არ გამოიკვლიეთ.
ვიცი, აპირებთ მე და ჩემს სიდედრს გამოგვიტანოთ უსამართლო განაჩენი. თქვენ პირადად, ბატონო დავით, ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მრავალი ათასი თანამშრომელი და მოსამართლე, კანონის სახელით უშუალოდ ჩადიხართ უკანონობას, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, უკანონოდ ართმევთ ადამიანებს ქონებას, თავისუფლებას... მერწმუნეთ, დადგება დრო, როცა თქვენ მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის თავადვე აღმოჩნდებით საპყრობილეში.
ჩვენთვის ცნობილია, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, რადგან ჩვენს საკუთრებაში მერაბიშვილის თვითნებური შეჭრა, გახლავთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება... ეს კი პირდაპირი მესიჯია სასამართლოსთვის, რომ მან მერაბიშვილისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამცველს ვუკრძალავთ მიიღოს მონაწილეობა `სპექტაკლში~, რომელსაც სასამართლო პროცესი ჰქვია~ _ ეს წერილი გასულ კვირას მოსამართლე დავით მამისეიშვილს შვეიცარიიდან ზურაბ ლობჟანიძემ გამოუგზავნა. წერილის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა _ მან წერილის ის ნაწილი გაახმაურა, სადაც ლობჟანიძე მოსამართლეს აცნობდა, რომ ადვოკატ ინგა არახამიას უფლებამოსილება შეუჩერა. ზურაბ ლობჟანიძე 2003 წლამდე კომპანია მადნეულის დირექტორი იყო.
წერილი, რომელიც განსასჯელებმა მოსამართლეს გაუგზავნეს, „ბათუმელების“ ელექტრონულ ფოსტაზეც შემოვიდა. ზურაბ ლობჟანიძის თქმით, როცა ხელვაჩაურის სასამართლოში წერილის ფაქსით გაგზავნას ცდილობდა, მას სასამართლოს თანამშრომლებმა ფაქსი გაუთიშეს: „ამიტომ წერილი ფოსტით გავუგზავნე სასამართლოს“.
დავით მამისეიშვილმა, მადნეულის ყოფილ დირექტორს და მის სიდედრს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „მოსამართლემ მიუსაჯა იმდენივე, რამდენიც პროკურორმა ითხოვა, სახლის ჩამორთმევა არ უხსენებია განაჩენის გამოცხადების დროს და არც პროკურორს უთხოვია დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევა“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფოს ადვოკატმა, დავით გუგუაძემ.
სისხლის სამართლის საქმე ლობჟანიძის მიმართ 2004 წელს აღიძრა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 52 ათას ლარს ედავებოდნენ. ამის გამო პოლიციამ მისი სახლი დალუქა კვარიათში და ლობჟანიძე ძებნილად გამოაცხადა.
ლობჟანიძე საკუთარი უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში აპირებს. იგი 2004 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, მას შვეიცარიის სახელმწიფომ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცა.