მკვლელობა ბათუმში

среда, 10 июня 2009 г.


ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

29 მაისს, საღამოს, ბონის დასახლებაში მამა-შვილი _ მიხეილ და გოჩა დათუნაშვილები მანქანაში ჩაცხრილეს. 35 წლის გოჩა დათუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ დათუნაიშვილი ბათუმის პირველ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მოგვიანებით, 4 ივნისს დაიღუპა. 
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1970 წელს დაბადებული მერაბ ჩიჩუა, რომელმაც 29 მაისს მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ედუარდ მგელაძე აწარმოებს. მან `ბათუმელებთან~ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.  


გამარჯვებული მოჭიდავეები

6-7 ივნისს თბილისში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი ბათუმელებმა: გოდერძი დავითაძემ და გურამ ფარსელიძემ დაიკავეს, მეორე ადგილი კი ზურაბ გეგელიძეს ხვდა. ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ გიორგი გვენეტაძე, ზვიად ოქრაძე, მამუკა ხიმშიაშვილი, მუხრან მაჭუტაძე და რამინ შაქარაშვილი. 
თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მალხაზ ზარქუამ მოიპოვა. ვერცხლის მედალის მფლობელი კი კობა კაკალაძე გახდა. მესამე ადგილს დასჯერდნენ ჯონი ჯინჭარაძე და ზაზა თურმანიძე.  
მსოფლიოს ჩემპიონმა, ბათუმელმა დავით ბედინაძემ 66 კილოგრამიანებთან მოსინჯა ძალა, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ტურნის გამოეთიშა. გამარჯვებული მოჭიდავეები კი ამ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ჩემპიონატი სექტემბერში დანიაში ჩატარდება. მანამდე კი მოჭიდავეები კიდევ ერთ ტურნირზე იასპარეზებენ.
`იმედი გვაქვს, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში სამი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება: დავით ბედინაძე, გოდერძი დავითაძე და გურამ ფერსელიძე. თავისუფალ ჭიდაობაში კი მალხაზ ზარქუა~ _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ საუბარში აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა _ გელა ჯანელიძემ. 
29-31 მაისს ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ იზმირში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ბათუმელმა ფირუზ წულუკიძემ და ლაშა დოლიძემ. მეორე ადგილის მფლობელი ლაშა გობაძე და ამირან შავაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დავით ჩიტაძე. 





ახალი პროკურორი აჭარაში

среда, 3 июня 2009 г.

აჭარის პროკურორად გიზო უგლავა დაინიშნა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. გიზო უგლავა 2004-2008 წლებში ზესტაფონის რაიონულ პროკურატურად მუშაობდა, 2003-2004 წლებში კი იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო. 
გიზო უგლავამდე აჭარის პროკურორის მოვალეობას ლაშა ესაიაშვილი ასრულებდა, გიზო უგლავას წინამორბედი აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი მთავარი პროკურორის მოადგილეა.


მკვლელობა ბათუმში

29 მაისს, საღამოს, ბონის დასახლებაში მამა-შვილი _ მიხეილ და დავით დათუნაშვილები მანქანაში ჩაცხრილეს. მამა ბათუმის #1 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და როგორც ექიმები ამბობენ, მდგომარეობა ~სტაბილურად მძიმეა~, შვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
~საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაჩუკი ჩიჩუა~ _ ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა _ ირაკლი მოწყობილმა დაუდასტურა.  
საქმეს მთავარი სამმართველოს გამომძიებელი _ ედუარდ მგელაძე იძიებს. იგი ~ბათუმელებთან~ კომენტარს არ აკეთებს. კომენტარს არ აკეთებენ არც დაზარალებულისა და ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები. 




ფოტოზე დაზარალებული მერაბ ცენტერაძე და მისი და, იამზე


ყოროლისთავის სკოლის პედაგოგი _ იამზე ცენტერაძე აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები სოფლის რწმუნებულმა _ ზია ფაღავამ და მისმა `დაჯგუფებამ~ სასტიკად იმიტომ სცემეს, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის წევრია. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზია ფაღავა და ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება. 

ნათია როყვა

ცენტერაძეების ადვოკატის _ რამინ პაპიძის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია ხულიგნობის ფაქტზე და დაზარალებულად ცნობილია იამზეს ძმა, მერაბ ცენტერაძე, რომელიც `განსაკუთრებით მძიმედაა დაშავებული და ტვინის შერყევით ბათუმის პირველ საავადმყოფოშია მოათავსებული~.  
იამზე ცენტერაძის განცხადებით 22 მაისს, საღამოს რვის ნახევარზე, მის ძმას _ მერაბს და მამას _ მურადს `ყოროლისთავის რწმუნებული _ ზია ფაღავა სახლთან რამდენიმე მეტრის დაშორებით, დაჯგუფებასთან ერთად დახვდა და ცენტერაძეების ოჯახის ოთხი წევრი სცემა~. იამზე ცენტერაძის თქმით, მისი ძმის ყვირილის ხმა დედამ ეზოში გაიგონა და იამზე და მისი დედა, მაყვალა ცენტერაძე მისაშველებლად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, `მაგრამ არც ქალები დაგვინდეს და ჩვენც გვცემეს. დედაჩემს ნაოპერაციები გაეხსნა, მამაჩემიც მძიმედაა, ჩემს ძმას ოთხი კბილი აქვს ჩამოვარდნილი, სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ~.
9 დღის შემდეგ მერაბ ცენტერაძე ექიმებმა საავადმყოფოდან გაწერეს. იგი დღემდე წევს და როგორც ოჯახში თქვეს, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა. 
იამზე ცენტერაძე ირმუნება, რომ განსახვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ზია ფაღავა მას რამდენჯერმე დაემუქრა და მსგავს ინციდენტს ადრეც ჰქონია ადგილი: `ზია ფაღავა საპრეზიდენტო არჩევნებისას დამემუქრა, ფეხებს მიგატეხ და ამ ქვეყნიდან გაგიშვებო. ეს ორთაბათუმში, გამგეობის შენობაში მოხდა~. მისივე თქმით, იგი ადრე `ნაცმოძრაობის~ აქტივისტი იყო და რაც რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, მას შემდეგ სოფლის გამგებელი და მისი თანაგუნდელები ავიწროებენ და ემუქრებიან. 
 `რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის სასამართლომ ფაღავები დააჯარიმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ცენტერაძეების ოჯახის წევრების ზეწოლის გამო~ _ ამბობს ადვოკატი _ რამინ პაპიძე. ადვოკატი ცენტერაძეებსა და ფაღავების გვარებს შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს, `რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გვარებს შორის უთანხმოება წლების მანძილზე გრძელდება. იამზე ცენტერაძე `რესპუბლიკელია~ და ეს პრეტენზიები არსებობდა მის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე საქმეში რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. მამუკა ფაღავასა და მერაბ ცენტერაძეს შორის ადრე მოხდა კონფლიქტი, ამ კონფლიქტის ნიადაგზე ეს გვარები მტრობდნენ~. 
ადვოკატის თქმით, ხშირად ცენტერაძეებს შუქს უთიშავენ იმის მიუხედავად, რომ ისინი ელექტროენერგიის საფასურს იხდიდნენ, ბოლო ინციდენტი სწორედ ელექტროენერგიის გათიშვის გამო მოხდა.  
ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე სკოლის პედაგოგი _ რესან ბრუნჯაძე იმყოფებოდა. `იგი ჩადგა შუაში ჩხუბის დროს და სცადა მათი გაშველება, მაგრამ რეალურად მოწმე, რომელმაც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, ფაღავების სიძეა და სამართალდამცავებს ჩვენებას არ აძლევს~ (ადამიანს კი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლება კანონით აქვს-ავტ.). 
აღნიშნულთან დაკავშირებით ძიება დაწყებულია, საქმეს გამომძიებელი _ არჩილ სურმანიძე იძიებს. დაზარალებულად მერაბ ცენტერაძეა ცნობილი. გამოძიება დაიწყო ხულიგნობის ფაქტზე. ეჭვმიტანილი საქმეში ჯერჯერობით არ ფიგურირებს. დაზარალებულის დაკითხვა კი აქამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. 
მერაბ ცენტერაძე ამბობს, რომ ისინი გამგებლის, ზია ფაღავას ბიძაშვილებმა და სხვა ნათესავებმა _ ზაზა, რაულ, ელგუჯა და მამუკა ფაღავებმა სცემეს. 
ზია ფაღავა _ ყოროლისთავის რწმუნებული: `ჩვენს ოჯახებს შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა გამგებლად დამნიშნეს. ეს თანამდებობა იამზეს უნდოდა. კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე პოლიტიკური ინტერესების გამო ზეწოლას ვახდენ. მაგათი ოჯახი ამ ხელისუფლების უკმაყოფილოა, სადაც ფულს სთავაზობენ, იმ პარტიაში მიდიან. მურად ცენტერაძემ გვაგინა, ეზოში შემომიმავარდა, რატომ არ მაქვს შუქიო. სტუმრად ძმისშვილები და ბიძაშვილები მყავდა და ეზოში დედაზე რომ შეაგინებ, შეხლა-შემოხლა მოხდება აბა რა, მაგრამ მე როგორც საჯარო მოხელე, შუაში ჩავდექი და მათ გაშველებას ვცდილობდი~. 
ზიას მეუღლე ამბობს, რომ ბოლო კონფლიქტი ელექტროენერგიის გამო დაიწყო: `ოპერატორად ვმუშაობ `სახალხო ბანკში~. მათ ელექტროენერგიის საფასური არ აქვთ გადახდილი, ამიტომაც გადაუჭრეს შუქი. ყველა დათრობაზე გვაგინებს და შეურაცხყოფას გვაყენებს მურად ფარტენაძე. დავწერეთ განცხადება პოლიციაში და პოლიციამ მათ დააწერინა ხელწერილი, რომ ფარტენაძე ფაღავების ოჯახს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებს~.  
ხელწერილზე საუბრობს ფარტენაძეების ოჯახიც. მაყვალა ფარტენაძის თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს უბნის რწმუნებულს და პოლიციამ ფაღავებს ხელწერილი დააწერინა, რომ `ჩვენს ოჯახზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა შეწყდებოდა~. 




შსს–ს აქცია მძღოლების წინააღმდეგ

суббота, 30 мая 2009 г.

საპატრულო პოლიცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს

ბათუმში, დრამატული თეატრის წინ გამართული 9 აპრილის აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა აქციიდან მეორე დღეს სახალხო დამცველის ოფისს დახმარებისთვის 18-მა ადამიანმა მიმართა. მძღოლებს, რომლებმაც ქედიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთიდან და გურიიდან საპროტესტო აქციაზე ხალხი ბათუმში ჩამოიყვანეს, პატრულმა მიკროავტობუსები ჩამოართვა. 

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის _ გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ზოგიერთმა მძღოლმა მიკროავტობუსები საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომიდან უკვე დაიხსნა, ზოგიერთის მიკროავტობუსი კი დღემდე საჯარიმო სადგომზე დგას და მათ მეპატრონეებს სხვადასხვა მიზეზით არ უბრუნებენ. 
რომეო ანანიძე ქობულეთში #1 სამარშუტო ხაზის მძღოლია. მას მიკროავტობუსი პატრულმა 10 აპრილს ჩამოართვა: `ჯარიმა 50 ლარი, როგორც მითხრეს, იმიტომ გადავიხადე, რომ `მარშუტკა~ 12-ადგილიანია და, თურმე, 9-ადგილიანი უნდა ყოფილიყო~.
ჯემალ უსტალიშვილი, მძღოლი: `ოსეთის ნომრები მაქვს. საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა მითხრეს, ეს არ შეიძლებაო და მიკროავტობუსი საჯარიმოზე წაიყვანეს. ადრე აჭყვისთავში ვმუშაობდი მძღოლად, ამჟამად უმუშევარი ვარ. აქციის დღეს ჩემი მარშუტკა დაიქირავეს და ხალხი ჩამოვიყვანე ბათუმში. 50 ლარამდე ჯარიმა გადავიხადე და მანქანა გამომატანეს~.
მძღოლების უმეტესობა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ფიქრობენ, რომ თუ მომხადრზე ხმამაღლა ისაუბრებენ, სამომავლოდ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებიან:
`აქციის დღეს, 9 აპრილს, ბობოყვათის გზატკეცილზე `ატეკის~ უფროსი _ ლევან გუგუნავა მოვიდა და მითხრა, რომ ბათუმში არ წამოვსულიყავი. უკვე გზაში ვიყავი და უკან არ დავბრუნდი. აქციის მეორე დღეს პატრულმა მანქანა გაურკვეველი მიზეზით ჩამომართვა~;
`ჯერ მარშუტკა საჯარიმოდან არ გამომიყვანია, თუ ვილაპარაკებ, უფრო მეტი პრობლემა შემექმენება. ყველაფერი რომ ვთქვა, შეიცვლება რაიმე უკეთესობისკენ?~;
`მე ვტაქსაობ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად მთხოვს წასვლას. ჩემთვის მთავარია, პურის ფული გავაკეთო~; 
~9 აპრილს აქციაზე ხალხი ბათუმში ჩავიყვანე. მეორე დღეს პოლიციამ გამაჩერა, დარღვევა ვერ მიპოვეს, მაგრამ მანქანა ჩამომართვეს~;
~მითხრეს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, მაგრამ გუშინ აქციაზე რომ იყავი, ამიტომ მარშუტკა უნდა ჩამოგართვათო~;
„არ ვიცით, საპატრულოში მიდით და თემურ ფაღავასთან გაარკვიეთ რატომ გადაგვყავს მანქანები საჯარიმოზეო“.
სახალხო დამცევლის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი: ~10 აპრილს მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 18 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ერთი მსუბუქი ავტომანქანა იყო, დანარჩენი _ მიკროავტობუსები. დარღვევის დროს მძღოლს პოლიციამ ადგილზე უნდა გამოუწეროს საჯარიმო ოქმი, თუ მძღოლი არ გადაიხდის ჯარიმას, ამის შემდეგ საპატრულოს უფლება აქვს საჯარიმოზე გადაიყვანოს ტრანსპორტი. მხოლოდ ერთ მძღოლს ჰქონდა გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი, დანარჩენებს საჯარიმო სამსახურმა მიღება-ჩაბარების აქტები შეუდგინა~. 
გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, 10 აპრილს საჯარიმო სადგომზე მხოლოდ 10 ავტომანქანა იყო, დანარჩენები ფასიან სადგომზე, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე ჰყავდათ გადაყვანილი: `ადგილზე დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მათ საჯარიმო სადგომის სამსახურის უფროსმა სთხოვა მანქანების ნაწილი აქ მოეთავსებინათ, რადგან საჯარიმოზე ადგილი არ იყო~.  
ჩარკვიანის ინფორმაციით, რამდენიმე მესაკუთრეს საჯარმო სადგომიდან ავტომანქანა მეორე დღეს გაატანეს, მძღოლები კი 10 ლარით დააჯარიმეს. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც მძღოლს მანქანა ჯარიმის გამოწერის გარეშე დაუბრუნეს. ორ მძღოლს მიკროავტობუსებს ამ დრომდე იმიტომ ვერ უბრუნებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ტრანსპორტს მართავდნენ, მეპატრონეებისგან მინდობილობა არ ჰქონდათ. მიკროავტობუსების იურიდიული მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი _ მაკა მალაყმაძე მომხდარს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს: ~აჭარის საპატრულოს უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თითქოს ამ მანქანებს ტექდათვალიერება არა აქვთ გავლილი. მაგრამ რეალურად, ამ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობები აქვთ~.
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე ავტომანქანების დაკავებაზე კომენტარს არც `ბათუმელებთან~ აკეთებს: `პრესსამსახურში მაიას დაუკავშირდით~. 
პრესსამსახურის წარმომადგენლმა მაია გიორგაძემ კი სამინისტროსთან დაკავშირება გვირჩია: ~მე მხოლოდ ვიდეოპატრულს ვემსახურები. სხვა არაფერი ვიცი, მიმართეთ შოთა ხიზანიშვილს~. 
შოთა ხიზანიშვილი: ~თხუთმეტ წუთში გადმომირეკეთ, ახლა ხმა ცუდად მესმის, ქუჩაში ვარ~.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, შოთა ხიზანიშვილმა ტელეფონს აღარ უპასუხა


გაზეთი #13 , 15–22 აპრილი; 2009 წელი

ფოტო გადაღებულია 2004 წელს მდინარე ჩოლოქზე აფეთქებული ხიდის შემდეგ

ფოტო : გაზეთი ბათუმელების


ხიდების აფეთქების შესახებ , ბათუმის სასამართლოში  მოწმე პაატა ანანიძემ  თავად განაცხადა. საქმე ეხება 2004 წელს, ასლან აბაშიძის მმართველობის ბოლო პერიოდში აფეთქებულ ხიდებს.

ნათია როყვა

პაატა ანანიძე ხიდების აფეთქების ბრალდების ნაწილში 26 მარტს დაიკითხა: ~2001 წლიდან 2002 წლამდე ~7999~ გასამხედროებულ ფორმირების ნაწილში საინჟინრო ათეულის მეთაურად ვმუშაობდი. 2004 წლის მარტში ჩემი ბიძის, ჯემალ გოგიტიძის და ასევე ჩემი ნათესავის, რომან დუმბაძის რეკომენდაციით ამ სამსახურში ისევ დამაბრუნეს~. 
პაატა ანანიძის თქმით, მისი უშუალო უფროსი ორი ადამიანი იყო _ უშანგი ქათამაძე და გურამ ბოლქვაძე: ~სწორედ მათი ბრძანების საფუძველზე დავნაღმე ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები. ასაფეთქებელი პულტიც მე მებარა. აფეთქების ბრძანებაც უშანგი ქათამაძისა და გურამ ბოლქვაძისგან მივიღე. აფეთქების შემდეგ ჯემალ გოგიტიძე მოვიდა შემთხვევის ადგილზე და შესრულებული დავალება მომიწონა~. 
კითხვაზე, თუ რატომ შეასრულა ხიდების აფეთქების ბრძანება, მოწმემ განაცხადა: `ასე ომს ავერიდეთ _ ინფორმაცია იყო, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შემოსვლას აპირებდა~.
პაატა ანანიძე ხიდების აფეთქების გამო პასუხისგებაში იქნა მიცემული და ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამჟამად კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითაა გათავისუფლებული.
დავით ხალვაშის (იგივე ქელფეთა) ბრალდების ნაწილში მოწმედ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნოდან დუმბაძე დაიკითხა. მან წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნება ითხოვა, რაც ხალვაშის ინტერესების დამცველმა დავით ჩავლეიშვილმა გააპროტესტა. მოსამართლე როინ კახიძემ ნოდარ დუმბაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩვენება წაიკითხა: 
`2004 წლის 20 თებერვალს მოძრაობა `კმარას~ მშვიდობიანი აქცია აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგელებმა დაარბიეს. მიტინგს არბევდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც ქვებს ესროდნენ აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ჩემი მეგობრები დაზიანდნენ. დაშავებულ ადამიანებს შორის იყო მინდია სიხარულიძე, დანარჩენების სახელი და გვარი არ მახსოვს.
იმ ადამინებიდან, რომლებიც აქციას არბევდნენ, დავით ხალვაში ამოვიცანი~.
ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ პროკურორი რამაზ შავაძე ნოდარ დუმბაძეს ჩაეკითხა _ მათ შორის, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდა, იყო თუ არა დავით ხალვაში? ამაზე მოწმემ უპასუხა: `არ შემინიშნავს~. 
სასამართლო პროცესზე ნოდარ დუმბაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დამარბევთაგან სხვა არავინ ახსოვს. 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ასლან აბაშიძე, დავით ხალვაში, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილნი არიან. 
ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე 7999~ სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების შექმნაში ედება.