აჭარის პროკურორად გიზო უგლავა დაინიშნა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. გიზო უგლავა 2004-2008 წლებში ზესტაფონის რაიონულ პროკურატურად მუშაობდა, 2003-2004 წლებში კი იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო.
გიზო უგლავამდე აჭარის პროკურორის მოვალეობას ლაშა ესაიაშვილი ასრულებდა, გიზო უგლავას წინამორბედი აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი მთავარი პროკურორის მოადგილეა.
მკვლელობა ბათუმში
29 მაისს, საღამოს, ბონის დასახლებაში მამა-შვილი _ მიხეილ და დავით დათუნაშვილები მანქანაში ჩაცხრილეს. მამა ბათუმის #1 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და როგორც ექიმები ამბობენ, მდგომარეობა ~სტაბილურად მძიმეა~, შვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
~საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაჩუკი ჩიჩუა~ _ ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა _ ირაკლი მოწყობილმა დაუდასტურა.
საქმეს მთავარი სამმართველოს გამომძიებელი _ ედუარდ მგელაძე იძიებს. იგი ~ბათუმელებთან~ კომენტარს არ აკეთებს. კომენტარს არ აკეთებენ არც დაზარალებულისა და ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები.
ფოტოზე დაზარალებული მერაბ ცენტერაძე და მისი და, იამზე
ყოროლისთავის სკოლის პედაგოგი _ იამზე ცენტერაძე აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები სოფლის რწმუნებულმა _ ზია ფაღავამ და მისმა `დაჯგუფებამ~ სასტიკად იმიტომ სცემეს, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის წევრია. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზია ფაღავა და ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება.
ნათია როყვა
ცენტერაძეების ადვოკატის _ რამინ პაპიძის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია ხულიგნობის ფაქტზე და დაზარალებულად ცნობილია იამზეს ძმა, მერაბ ცენტერაძე, რომელიც `განსაკუთრებით მძიმედაა დაშავებული და ტვინის შერყევით ბათუმის პირველ საავადმყოფოშია მოათავსებული~.
იამზე ცენტერაძის განცხადებით 22 მაისს, საღამოს რვის ნახევარზე, მის ძმას _ მერაბს და მამას _ მურადს `ყოროლისთავის რწმუნებული _ ზია ფაღავა სახლთან რამდენიმე მეტრის დაშორებით, დაჯგუფებასთან ერთად დახვდა და ცენტერაძეების ოჯახის ოთხი წევრი სცემა~. იამზე ცენტერაძის თქმით, მისი ძმის ყვირილის ხმა დედამ ეზოში გაიგონა და იამზე და მისი დედა, მაყვალა ცენტერაძე მისაშველებლად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, `მაგრამ არც ქალები დაგვინდეს და ჩვენც გვცემეს. დედაჩემს ნაოპერაციები გაეხსნა, მამაჩემიც მძიმედაა, ჩემს ძმას ოთხი კბილი აქვს ჩამოვარდნილი, სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ~.
9 დღის შემდეგ მერაბ ცენტერაძე ექიმებმა საავადმყოფოდან გაწერეს. იგი დღემდე წევს და როგორც ოჯახში თქვეს, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა.
იამზე ცენტერაძე ირმუნება, რომ განსახვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ზია ფაღავა მას რამდენჯერმე დაემუქრა და მსგავს ინციდენტს ადრეც ჰქონია ადგილი: `ზია ფაღავა საპრეზიდენტო არჩევნებისას დამემუქრა, ფეხებს მიგატეხ და ამ ქვეყნიდან გაგიშვებო. ეს ორთაბათუმში, გამგეობის შენობაში მოხდა~. მისივე თქმით, იგი ადრე `ნაცმოძრაობის~ აქტივისტი იყო და რაც რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, მას შემდეგ სოფლის გამგებელი და მისი თანაგუნდელები ავიწროებენ და ემუქრებიან.
`რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის სასამართლომ ფაღავები დააჯარიმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ცენტერაძეების ოჯახის წევრების ზეწოლის გამო~ _ ამბობს ადვოკატი _ რამინ პაპიძე. ადვოკატი ცენტერაძეებსა და ფაღავების გვარებს შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს, `რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გვარებს შორის უთანხმოება წლების მანძილზე გრძელდება. იამზე ცენტერაძე `რესპუბლიკელია~ და ეს პრეტენზიები არსებობდა მის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე საქმეში რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. მამუკა ფაღავასა და მერაბ ცენტერაძეს შორის ადრე მოხდა კონფლიქტი, ამ კონფლიქტის ნიადაგზე ეს გვარები მტრობდნენ~.
ადვოკატის თქმით, ხშირად ცენტერაძეებს შუქს უთიშავენ იმის მიუხედავად, რომ ისინი ელექტროენერგიის საფასურს იხდიდნენ, ბოლო ინციდენტი სწორედ ელექტროენერგიის გათიშვის გამო მოხდა.
ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე სკოლის პედაგოგი _ რესან ბრუნჯაძე იმყოფებოდა. `იგი ჩადგა შუაში ჩხუბის დროს და სცადა მათი გაშველება, მაგრამ რეალურად მოწმე, რომელმაც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, ფაღავების სიძეა და სამართალდამცავებს ჩვენებას არ აძლევს~ (ადამიანს კი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლება კანონით აქვს-ავტ.).
აღნიშნულთან დაკავშირებით ძიება დაწყებულია, საქმეს გამომძიებელი _ არჩილ სურმანიძე იძიებს. დაზარალებულად მერაბ ცენტერაძეა ცნობილი. გამოძიება დაიწყო ხულიგნობის ფაქტზე. ეჭვმიტანილი საქმეში ჯერჯერობით არ ფიგურირებს. დაზარალებულის დაკითხვა კი აქამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
მერაბ ცენტერაძე ამბობს, რომ ისინი გამგებლის, ზია ფაღავას ბიძაშვილებმა და სხვა ნათესავებმა _ ზაზა, რაულ, ელგუჯა და მამუკა ფაღავებმა სცემეს.
ზია ფაღავა _ ყოროლისთავის რწმუნებული: `ჩვენს ოჯახებს შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა გამგებლად დამნიშნეს. ეს თანამდებობა იამზეს უნდოდა. კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე პოლიტიკური ინტერესების გამო ზეწოლას ვახდენ. მაგათი ოჯახი ამ ხელისუფლების უკმაყოფილოა, სადაც ფულს სთავაზობენ, იმ პარტიაში მიდიან. მურად ცენტერაძემ გვაგინა, ეზოში შემომიმავარდა, რატომ არ მაქვს შუქიო. სტუმრად ძმისშვილები და ბიძაშვილები მყავდა და ეზოში დედაზე რომ შეაგინებ, შეხლა-შემოხლა მოხდება აბა რა, მაგრამ მე როგორც საჯარო მოხელე, შუაში ჩავდექი და მათ გაშველებას ვცდილობდი~.
ზიას მეუღლე ამბობს, რომ ბოლო კონფლიქტი ელექტროენერგიის გამო დაიწყო: `ოპერატორად ვმუშაობ `სახალხო ბანკში~. მათ ელექტროენერგიის საფასური არ აქვთ გადახდილი, ამიტომაც გადაუჭრეს შუქი. ყველა დათრობაზე გვაგინებს და შეურაცხყოფას გვაყენებს მურად ფარტენაძე. დავწერეთ განცხადება პოლიციაში და პოლიციამ მათ დააწერინა ხელწერილი, რომ ფარტენაძე ფაღავების ოჯახს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებს~.
ხელწერილზე საუბრობს ფარტენაძეების ოჯახიც. მაყვალა ფარტენაძის თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს უბნის რწმუნებულს და პოლიციამ ფაღავებს ხელწერილი დააწერინა, რომ `ჩვენს ოჯახზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა შეწყდებოდა~.
შსს–ს აქცია მძღოლების წინააღმდეგ
Автор: ნათია როყვა на 08:31 Ярлыки: სამართალი суббота, 30 мая 2009 г.საპატრულო პოლიცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს
ბათუმში, დრამატული თეატრის წინ გამართული 9 აპრილის აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა აქციიდან მეორე დღეს სახალხო დამცველის ოფისს დახმარებისთვის 18-მა ადამიანმა მიმართა. მძღოლებს, რომლებმაც ქედიდან, ხელვაჩაურიდან, ქობულეთიდან და გურიიდან საპროტესტო აქციაზე ხალხი ბათუმში ჩამოიყვანეს, პატრულმა მიკროავტობუსები ჩამოართვა.
აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის _ გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ზოგიერთმა მძღოლმა მიკროავტობუსები საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომიდან უკვე დაიხსნა, ზოგიერთის მიკროავტობუსი კი დღემდე საჯარიმო სადგომზე დგას და მათ მეპატრონეებს სხვადასხვა მიზეზით არ უბრუნებენ.
რომეო ანანიძე ქობულეთში #1 სამარშუტო ხაზის მძღოლია. მას მიკროავტობუსი პატრულმა 10 აპრილს ჩამოართვა: `ჯარიმა 50 ლარი, როგორც მითხრეს, იმიტომ გადავიხადე, რომ `მარშუტკა~ 12-ადგილიანია და, თურმე, 9-ადგილიანი უნდა ყოფილიყო~.
ჯემალ უსტალიშვილი, მძღოლი: `ოსეთის ნომრები მაქვს. საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა მითხრეს, ეს არ შეიძლებაო და მიკროავტობუსი საჯარიმოზე წაიყვანეს. ადრე აჭყვისთავში ვმუშაობდი მძღოლად, ამჟამად უმუშევარი ვარ. აქციის დღეს ჩემი მარშუტკა დაიქირავეს და ხალხი ჩამოვიყვანე ბათუმში. 50 ლარამდე ჯარიმა გადავიხადე და მანქანა გამომატანეს~.
მძღოლების უმეტესობა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ფიქრობენ, რომ თუ მომხადრზე ხმამაღლა ისაუბრებენ, სამომავლოდ უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებიან:
`აქციის დღეს, 9 აპრილს, ბობოყვათის გზატკეცილზე `ატეკის~ უფროსი _ ლევან გუგუნავა მოვიდა და მითხრა, რომ ბათუმში არ წამოვსულიყავი. უკვე გზაში ვიყავი და უკან არ დავბრუნდი. აქციის მეორე დღეს პატრულმა მანქანა გაურკვეველი მიზეზით ჩამომართვა~;
`ჯერ მარშუტკა საჯარიმოდან არ გამომიყვანია, თუ ვილაპარაკებ, უფრო მეტი პრობლემა შემექმენება. ყველაფერი რომ ვთქვა, შეიცვლება რაიმე უკეთესობისკენ?~;
`მე ვტაქსაობ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად მთხოვს წასვლას. ჩემთვის მთავარია, პურის ფული გავაკეთო~;
~9 აპრილს აქციაზე ხალხი ბათუმში ჩავიყვანე. მეორე დღეს პოლიციამ გამაჩერა, დარღვევა ვერ მიპოვეს, მაგრამ მანქანა ჩამომართვეს~;
~მითხრეს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, მაგრამ გუშინ აქციაზე რომ იყავი, ამიტომ მარშუტკა უნდა ჩამოგართვათო~;
„არ ვიცით, საპატრულოში მიდით და თემურ ფაღავასთან გაარკვიეთ რატომ გადაგვყავს მანქანები საჯარიმოზეო“.
სახალხო დამცევლის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი: ~10 აპრილს მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 18 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ერთი მსუბუქი ავტომანქანა იყო, დანარჩენი _ მიკროავტობუსები. დარღვევის დროს მძღოლს პოლიციამ ადგილზე უნდა გამოუწეროს საჯარიმო ოქმი, თუ მძღოლი არ გადაიხდის ჯარიმას, ამის შემდეგ საპატრულოს უფლება აქვს საჯარიმოზე გადაიყვანოს ტრანსპორტი. მხოლოდ ერთ მძღოლს ჰქონდა გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი, დანარჩენებს საჯარიმო სამსახურმა მიღება-ჩაბარების აქტები შეუდგინა~.
გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, 10 აპრილს საჯარიმო სადგომზე მხოლოდ 10 ავტომანქანა იყო, დანარჩენები ფასიან სადგომზე, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე ჰყავდათ გადაყვანილი: `ადგილზე დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მათ საჯარიმო სადგომის სამსახურის უფროსმა სთხოვა მანქანების ნაწილი აქ მოეთავსებინათ, რადგან საჯარიმოზე ადგილი არ იყო~.
ჩარკვიანის ინფორმაციით, რამდენიმე მესაკუთრეს საჯარმო სადგომიდან ავტომანქანა მეორე დღეს გაატანეს, მძღოლები კი 10 ლარით დააჯარიმეს. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც მძღოლს მანქანა ჯარიმის გამოწერის გარეშე დაუბრუნეს. ორ მძღოლს მიკროავტობუსებს ამ დრომდე იმიტომ ვერ უბრუნებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ტრანსპორტს მართავდნენ, მეპატრონეებისგან მინდობილობა არ ჰქონდათ. მიკროავტობუსების იურიდიული მეპატრონეები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი _ მაკა მალაყმაძე მომხდარს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს: ~აჭარის საპატრულოს უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თითქოს ამ მანქანებს ტექდათვალიერება არა აქვთ გავლილი. მაგრამ რეალურად, ამ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობები აქვთ~.
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე ავტომანქანების დაკავებაზე კომენტარს არც `ბათუმელებთან~ აკეთებს: `პრესსამსახურში მაიას დაუკავშირდით~.
პრესსამსახურის წარმომადგენლმა მაია გიორგაძემ კი სამინისტროსთან დაკავშირება გვირჩია: ~მე მხოლოდ ვიდეოპატრულს ვემსახურები. სხვა არაფერი ვიცი, მიმართეთ შოთა ხიზანიშვილს~.
შოთა ხიზანიშვილი: ~თხუთმეტ წუთში გადმომირეკეთ, ახლა ხმა ცუდად მესმის, ქუჩაში ვარ~.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, შოთა ხიზანიშვილმა ტელეფონს აღარ უპასუხა
გაზეთი #13 , 15–22 აპრილი; 2009 წელი
ფოტო გადაღებულია 2004 წელს მდინარე ჩოლოქზე აფეთქებული ხიდის შემდეგ
ნათია როყვა
პაატა ანანიძის თქმით, მისი უშუალო უფროსი ორი ადამიანი იყო _ უშანგი ქათამაძე და გურამ ბოლქვაძე: ~სწორედ მათი ბრძანების საფუძველზე დავნაღმე ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები. ასაფეთქებელი პულტიც მე მებარა. აფეთქების ბრძანებაც უშანგი ქათამაძისა და გურამ ბოლქვაძისგან მივიღე. აფეთქების შემდეგ ჯემალ გოგიტიძე მოვიდა შემთხვევის ადგილზე და შესრულებული დავალება მომიწონა~.
კითხვაზე, თუ რატომ შეასრულა ხიდების აფეთქების ბრძანება, მოწმემ განაცხადა: `ასე ომს ავერიდეთ _ ინფორმაცია იყო, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შემოსვლას აპირებდა~.
პაატა ანანიძე ხიდების აფეთქების გამო პასუხისგებაში იქნა მიცემული და ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამჟამად კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითაა გათავისუფლებული.
დავით ხალვაშის (იგივე ქელფეთა) ბრალდების ნაწილში მოწმედ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნოდან დუმბაძე დაიკითხა. მან წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნება ითხოვა, რაც ხალვაშის ინტერესების დამცველმა დავით ჩავლეიშვილმა გააპროტესტა. მოსამართლე როინ კახიძემ ნოდარ დუმბაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩვენება წაიკითხა:
`2004 წლის 20 თებერვალს მოძრაობა `კმარას~ მშვიდობიანი აქცია აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგელებმა დაარბიეს. მიტინგს არბევდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც ქვებს ესროდნენ აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ჩემი მეგობრები დაზიანდნენ. დაშავებულ ადამიანებს შორის იყო მინდია სიხარულიძე, დანარჩენების სახელი და გვარი არ მახსოვს.
იმ ადამინებიდან, რომლებიც აქციას არბევდნენ, დავით ხალვაში ამოვიცანი~.
ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ პროკურორი რამაზ შავაძე ნოდარ დუმბაძეს ჩაეკითხა _ მათ შორის, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდა, იყო თუ არა დავით ხალვაში? ამაზე მოწმემ უპასუხა: `არ შემინიშნავს~.
სასამართლო პროცესზე ნოდარ დუმბაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დამარბევთაგან სხვა არავინ ახსოვს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ასლან აბაშიძე, დავით ხალვაში, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილნი არიან.
ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე 7999~ სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების შექმნაში ედება.
განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა
აჭარის განათლების მინისტრი 24 მარტს, ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებსა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს პირველ საჯარო სკოლაში შეხვდა. მათე ტაკიძემ, რომელიც შეხვედრაზე დაგვიანებით მივიდა, თქვა, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება.
~არ შეიძლება პრობლემის დამალვა, დღეს სამი სკოლა მოითხოვს შეკეთებას~, _ განაცხადა მინისტრმა, მაგრამ სკოლების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა: `ვისზეც ვსაუბრობ, იციან. ამ პომლემაზე ვმუშაობ. კრიზისის მიუხედავად, სპოტ-დარბაზების მოწესრიგებაზეც ვზრუნავ, ქალაქის მერიასთან მოლაპარაკებებს ვმართავთ~.
~სკოლებთან სავაჭრო ცენტრები არ უნდა განთავსდეს, ეს სასწავლო პროცესს ხელს უშლის~, _ მინისტრმა მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების თხოვნა გაიხსენა. მათ სკოლასთან მისასვლელი გზის მოწესრიგებაც უთხოვიათ.
მათე ტაკიძემ სადაზღვევო კომპანიებისა და სკოლების ურთიერთობაზეც ისაუბრა და ამ საკითხზე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში პედაგოგებს დახმარება აღუთქვა. ამის შემდეგ კი აუდიტორიას მიმართა: რა საკითხები გაინტერესებთ?
პაუზის შემდეგ წინა რიგებში ერთმა პედაგოგმა თქვა: `პირველმა სკოლამ დაიწყოს~.
_ ~არა, 21-ეს ვუსმენთ~ _ გაისმა უკანა რიგიდან.
_~პირველი სკოლა რა შეკითხვასაც დასვამს ვიცი, მათი პრობლემა იურიდიულად უახლოეს პერიოდში მოგვარდება. ყოფილი კოლეჯის შენობა #1 საჯარო სკოლას საკუთრებაში გადაეცემა~, _ განაცხადა ტაკიძემ.
ვიღაცამ მეოთხე სკოლა ახსენა და ისევ მინისტრმა განაგრძო: `მეოთხე საჯარო სკოლის პრობლემაც ვიცი... ვიცი, 21-ე სკოლაც მკითხავს, რეაბილიტაცია რატომ არ მოვახდინეთ. გპირდებით, ამას ივნისიდან მივხედავ.
~მე-7 სკოლა?~ _ იკითხა ვიღაცამ დარბაზიდან.
~მე-7 სკოლასთან დაკავშირებით დრო მინდა... რაც შეეხება მე-20 სკოლას, მისი ტერიტორია გასხვისებული არაა, მაგრამ აქ შენდება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილიალი სამაგისტრო პროგრამებისთვის...~
მათე ტაკიძე მე-10 სკოლას წვიმის დროს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
~პენსიონერ პედაგოგებთან დაკავშირებით თუ არის რაიმე სიახლე? თანამედროვე გაკვეთილების ჩატარება შეუძლებელია~, _ იკითხა ვიღაცამ.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებები ატესტაციის გზით იგეგმება. ატესტაცია კი, მისი აზრით, 2111 წლამდე არ ჩატარდება: `მე ასე ვფიქრობ, მანამდე ტრენერები უნდა შეირჩეს და პედაგოგები უნდა გადამზადდნენ. ვიცი, რომ ზოგიერთი გაკვეთილი სათანადოდ არ ტარდება~.
მერვე სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა კითხვა მე-12 კლასთან დაკავშირებით დასვა: ~გასაგებია, რომ საჭიროა მე-12 კლასი, მაგრამ გაზეთებში ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება იბეჭდება. ვთვლი, რომ გაზეთი ხელს უნდა უწყობდეს რეფორმებს და არ უნდა ბადებდეს მისი ვარგისიანობის ეჭვს საზოგადოებაში. თქვენ რას ფიქრობთ ბატონო მათე?
მინისტრის განცახადებით, საჯარო განხილვა მე-12 კლასის შესახებ მალე დაიწყება. ~მომავალი წლიდან ყოველი გაცდენილი საათისთვის ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი გამოცდას ცალკე ჩაატარებს. წელს ძალიან ცოტაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. სულ 2117 აბიტურიენტია რეგისტრირებული. ასეთი დაბალი სტატისტიკური მონაცემი აჭარაში არასოდეს გვქონია. ეს ძალიან ცუდია~.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება სიახლეები საბუნებისმეტყველო საგნებთან, ინტეგრირებულ გაკვეთილებთან და წიგნებთან მიმართებაშიც. წიგნები მომავლიდან შეირჩევა არა სამი, არამედ ხუთი წლის ვადით. ასევე მომავლიდან თავად მასწავლებლები გადაწყვეტენ, რომელი წიგნით იხელმძღვანელონ.
მათე ტაკიძე დირექტორების არჩევნებსაც შეეხო: `დირექტორის არჩევნები ჩატარდება გამარტივებული წესით. დირექტორობის მსურველს მიეცემა იმის საშუალება, რომ თავად აირჩიოს სკოლა, არავითარი გასაუბრება და ლოტოტრონი. საკმარისია კონკურსანტის სამოტივაციო წერილი, სამოქმედო პროგრამა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება~.
გაზეთი #10 ; 25-1 მარტი აპრილი: 2009 წელი
ფოტო გადაღებული სპეცოპერაციის დროს ~ნავთლუღის~ ტერიტორიაზე; 2006 წელი
ევროპის სასამართლომ განსახილველად მიიღო 2006 წლის 12 იანვარს, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დახოცილი რომან სურმანიძის, შოთა (მურად) გორგაძისა და მარად ართმელაძის საქმე. ადვოკატმა სტრასბურგში ქართული სასამართლოების მიერ ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია ქართულმა პროკურატურამ სამართლიანად მიიჩნია.
ნათია როყვა
სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.
2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა. დაღუპულების ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის _ `კონსტიტუციის 42-ე მუხლის~ წევრმა, ადვოკატმა ლაშა ჭინჭარაულმა ძიების შეწყვეტა საქართველოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ადვოკატმა საქმეზე ძიების შეწყვეტა სტრასბურგში გაასაჩივრა.
თბილისის პროკურატურის ოფიციალური დადგენილება
საქმის მასალებით, რომელსაც ხელს აწერს თბილისის პროკურატურის პროკურორი ჯ. მაჭარაშვილი, წინასწარი გამოძიება შეწყდა.
აი, რა დაადგინა მაჭარაშვილმა: 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ში შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც ქ. რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გია გორგაძის ძმა მურად გორგაძე პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, ჯგუფთან ერთად გეგმავდა ამ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.
ამ პირების დადგენა-დაკავება კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს დაევალათ. ოპერატიული ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა უნდა შემდგარიყო ქ. თბილისში `ნავთლუღის~ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 20-21 საათისთვის.
სპეცრაზმი დაახლოებით 19 საათზე მივიდა `ნავთლუღის~ ტერიტორიაზე. ვიზუალური კონტროლის დროს დაფიქსირდა სამი საეჭვო პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც გია გორგაძის ძმა _ მურად გორგაძე.
სპეცრაზმმა ისინი ალყაში მოაქცია და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. თანხმობის მიღების შემდეგ სპეცრაზმის წევრი, რომელსაც მომარჯვებული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სწრაფად გაემართა ჯგუფისკენ. როდესაც იგი დამნაშავეებს დაახლოებით ერთ მეტრში მიუახლოვდა, მოულოდნელად მათი მხრიდან გაისმა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა.
სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი. ლიკვიდირებულნი იქნენ მურად გორგაძე და მისი თანმხლები პირები: რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე.
მათ აღმოაჩნდათ სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და ვაზნებით.
ადვოკატი
ლაშა ჭინჭარაული მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა, მაგალითად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღიდან გასროლა არ მომხდარა. ბრალდების მიხედვით, დაღუპულები, რომლებსაც ჟილეტები ეცვათ, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი: `ჟილეტის შიგნით ავტომატი როგორ მოთავსდა ან სამი ავტომატიანი პიროვნება როგორ დასეირნობდა ხალხმრავალ ადგილას, გაუგებარია. სპეცრაზმის წევრები გამოძიებამ მას შემდეგ დაკითხა, რაც დაიდო ექსპერტიზის დასკვნა _ დააკვალიანეს რა როგორ უნდა ეთქვათ, და წელიწად-ნახევრის მერე მიაცემინეს ჩვენება.
ერთ-ერთ მათგანს ახლო მანძილიდან, ორს კი _ პირდაპირ თავში ესროლეს. ახლო მანძილიდან სროლა დახვრეტას ნიშნავს. ისინი დაცხრილულნი იყვნენ _ 7-8 ტყვიაზე მეტი ჰქონდათ მოხვედრილი. არსებობს ორი მოწმე _ დავით ნაზარაშვილი და ზაზა მჭედლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ გაიგონეს, პოლიციელები როგორ სთხოვდნენ ეჭვმიტანილებს იარაღის დაყრას. ერთ-ერთი მოწმე ნასამართლევია.
სასამართლო გადაწყვეტილება
საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომან სურმანიძისა და მარად ართმელაძის ადვოკატმა სახელმწიფოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის დადგენილება ყველა სასამართლომ ძალაში დატოვა.
ბოლოს კი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის უფროსმა, დავით კურტანიძემ ადვოკატს აცნობა: განუხილველად დატოვების საფუძველი ისაა, რომ საჩივრის შეტანის დროს თქვენ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების თანხმობა არ გაქვთო. `ეს დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება~.
ოჯახის გამოძიება
სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა _ ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. `ბათუმელები~ ქობულეთში მცხოვრებ რომან სურმანიძის მშობლებს ესაუბრა.
გარდაცვლილის მამამ _ ოთარ სურმანიძემ ამ საქმეზე ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა: `თვითმხილველებმა მითხრეს, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ გვესროლოთო. ეს მოწმეები ჩვენების მიცემას ერიდებიან _ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რასაც მე ვერ მივცემ. მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. ეს იმის დასტურია, რომ დაჩოქილი იყვნენ.
ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადეს. თუ ეს ასეა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება _ სახლი ხომ მაინც უნდა გაეჩხრიკათ, იქნებ მეც საზოგადოებისთვის საშიში ვარ.
გორგაძის ძმის ციხეში ყოფნა დამთხვევაა. ვიღაცამ ტელევიზიით რომ ილაპარაკა, შოთა გორგაძის ძმა, გია გორგაძე ვარო, ტყუილია: სხვა პიროვნება ალაპარაკეს საზოგადოების დასანახად. დანამდვილებით ვიცი, ტელევიზიით განცხადება სხვამ გააკეთა. და თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ, ისინი წალკიდან მიდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ~.
სურმანიძის მშობლების თქმით, რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ _ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ.
მშობლების ინფორმაციით, 20 წლის რომანი თბილისში პირველად წავიდა.
