ბათუმის ცენტრალური აბანოს ყოფილი მოიჯარე _ კუკური ირემაძე ევროპულ სასამართლოში ჩივილს უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. როგორც თავად ამბობს, იურისტებმა ახლა მას სარჩელის შეტანა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ურჩიეს, თუმცა მას ამისათვის საჭირო თანხა, ბაჟის გადასახადი _ სამი ათასი ლარი არ აქვს.
`1998 წელს, როცა აბანოს უფროსი ვიყავი, ასლან აბაშიძემ დამავალა ჯარს უფასოდ მივმსახურებოდი _ მათი სარეცხი გამერეცხა. ხელშეკრულება თბილისში თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმე. თანხა კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ჩემთვის უნდა გადაეხადა, 2002 წლისთვის 44 ათას ლარს შეადგენდა, მაგრამ ეს ფული დღესაც არ მიმიღია~.
ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ ამ თანხის გამო კუკური ირემაძე 17 000 ლარის საშემოსავლო გადასახად დააკისრა, რაც ირემაძემ ვერ გადაიხადა. ამჟამად კი გადაუხდელი გადასახადის ჯარიმამ საურავებით ასი ათას ლარს გადააჭარბა.
ირემაძემ სახელმწიფო სტრუქტურას სასამართლო პროცესი მოუგო. ვაკე-საბურთალოს სასამართლომ 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 44 ათასი ლარის გადახდა დააკისრა იმისათვის, რომ ეს აბანო წლების წინ ბათუმში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა, მომსახურების თანხა კი სამინისტროს უნდა დაეფარა: `სააღსრულებო ბიურომ მომწერა, რომ საქმე გადასულია იძულებით აღსრულების წესზე. კი ბატონო, მაგრამ ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და თანხის გადახდას საშველი არ დაადგა. მე კი ამასობაში მოვხუცდი და დაავადდი _ წამლის ფული არ მაქვს~.
აღმოსავლეთ საქართველოს საარსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსი-ავთანდილ კენჭაძე: ~კუკური ირემაძის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულებულია, მისთვის ტანხის მიწოდება კი იმის გამო ვერ მოხერხდა რომ საქმეში მას ტელეფონის ნომერი მითითებული არ აქვს და აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფება. მთავარია დაგვიკავშირდეს და ანგარიშის ნომერი მოგვაწოდოს~.
სამინისტრო მოქალაქეს 44 ათას ლარს გადაუხდის
Автор: ნათია როყვა на 02:28 Ярлыки: სამართალი четверг, 7 мая 2009 г.ყაჩაღობა `პოპულში~
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი `პოპული~ დააყაჩაღეს. სალარო აპარატიდან 1300 ლარი გაიტაცეს.
ყაჩაღობა 18 აპრილს, დაახლოებით დილის ხუთ საათზე მოხდა. პოპულის მენეჯერის, ეკა გვაზავას ინფორმაციით: `დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იარაღით და ნიღბით შემოვარდა სუპერმარკეტში და მოლარეს მოსთხოვა თანხა. ამ დროს `პოპულში~ მხოლოდ სამი კონსულტანტი იმყოფებოდა~.
პოპულის თანამშრომლებმა დაცვის გამოძახება მოახერხეს, მაგრამ დაცვის ადგილზე მისვლამდე მინიმუმ ორი წუთია საჭირო, ყაჩაღმა კი ფულის გატაცება წამებში მოახერხა და გაიქცა.
სუპერმარკეტში დამონტაჟებულ ვიდეოკამერას ეს ფაქტი დაფიქსირებული აქვს.
საქმეს ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილება იძიებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ მერაბ კოზმავა 6 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცავებმა სასამართლოს შენობაში დააკავეს.
`დაგიდასტურებთ ბატონ მერაბ კოზმავას დაკავების ფაქტს. რაც შეეხება ქრთამის აღებას, ამას გამოძიება დაადგენს. ჩემთვის ასევე უცნობია ადვოკატის ვინაობა~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარემ _ შაქრო აბუსელიძემ.
როგორც `ბათუმელებისთვის~ არაოფიციალური წყაროსგან გახდა ცნობილი, მოსამართლეს სამი ათასი დოლარის ქრთამის აღება ედება ბრალად. არაოფიციალური ვერსიით, თანხა მერაბ კოზმავას გადასცა ადვოკატმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
~შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად~, _ ამ ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი _ კობა კობალაძე სამართალდამცველებმა 5 მაისს დააკავეს.
კობა კობალაძის ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია. `როგორც მითხრეს, დიდი საქმეა, ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მასალებს მოვამზადებთ და ყველას ერთად გადმოგცემთო~, _ ამბობს ემზარ პაქსაძე.
ადვოკატისთვის, რომელმაც კობალაძე დაკავების შემდეგ მოინახულა, უცნობია, ბრალდება კონკრეტულად რას ეფუძვნება. მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დანაშაულს არ აღიარებს: `ცხრაჯერ არის დაჭრილი სხვადასხვა ბრძოლაში, ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, ოთხი შვილის მამაა. მისთვის გაუგებარია მის გვარს რატომ ატრიალებენ ასე ხშირად სხვადასხვა კონტექსტში. რამდენიმე თვის წინაც ახსენეს გენერალთა ჯგუფი და კლუბი, ახლა ეს საკითხი მეორედ დააყენეს. მას ვიდეომასალაში ნახსენებ გენერლებთან ურთიერთობა არ ჰქონია, მათი ტელეფონის ნომრებიც კი არ იცოდა, ბოლო შვიდი წელია მათ არ შეხვედრია~.
ადვოკატის ინფორმაციით, კობალაძისთვის უცნობია, რა მოხდა მუხროვანში და იგი კატეგორიულად უარყოფს ამბოხების მზადებაში მონაწილეობას.
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა. ის ფიგურირებს იმ ექვს გენერალს შორის, რომელთა გვარებიც ნახსენებია შსს-ს მიერ 5 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში. ამ ჩანაწერში შსს-ს თქმით, სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდებით 4 მაისს დაკავებული გია ღვალაძე საუბრობს. ექვსი გენერლის, მათ შორის კობა კობალაძის გვარიც მან ახსენა. ღვალაძე 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩაშალა `სრულმასშტაბიანი~ სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც `კოორდინირებული იყო რუსეთთან~ და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
ეს ბრალდება 7_დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რატომ არჩევენ მშობლები კერძო სკოლებს?
Автор: ნათია როყვა на 04:44 Ярлыки: განათლება понедельник, 4 мая 2009 г.ქართული სკოლების პარადოქსი: მოსწავლეები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ და წელიწადში, საშუალოდ, 600-დან 1000-მდე ლარს იხდიან, პარალელურად რეპეტიტორთან ემზადებიან. მოზარდის ერთ საგანში მომზადება მშობლებს ყოველთვიურად 70-დან 100-ლარამდე უჯდებათ. ამ თანხებს თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ მშობლების ხარჯი სასკოლო ასაკში ბავშვის განათლებაში, წელიწადში, 3120-დან 4610 ლარია. ამას ემატება კერძო სკოლის გადასახადი.
ამ ციფრების მიხედვით, საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სასკოლო. თუ ყველა მოსწავლე, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში მაინც რეპეტიტორთან ემზადება (ცხადია, ისინი, ვის ოჯახსაც ამის ფინანსები აქვს. არიან ბავშვები, რომლებიც რეპეტიტორს უფულობის გამო ვერ ქირაობენ), მაშინ რა უპირატესობა აქვს კერძო სკოლას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით?
ის, რომ კერძო სკოლებში ბავშვები უფრო დაცულნი არიან და მშობლების უმრავლესობაც დროს იგებს, ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იღებენ მათი მშობლები ორმაგ ხარჯს _ კერძო სკოლისა და რეპეტიტორის.
სკოლიდან სკოლაში თითქმის ორი დღე დავდიოდით, მაგრამ მე-12-კლასელები გაკვეთილებზე, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ (გამოკითხვა მხოლოდ კერძო სკოლებში ერთი მოტივით გადავწყვიტეთ: ცნობილია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეები რეპეტიტორთან ემზადებიან). არადა, სწორედ ის გვაინტერესებდა, მე-12 კლასის მოსწავლეები როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის.
სკოლა ლიცეუმ `თაობა XXI~_ს, სადაც გამოსაშვებ კლასებში სწავლა წელიწადში 1300 ლარი ღირს, სასწავლო ნაწილის გამგის ეთერ ქემხაძის განმარტებით, სკოლამ აბიტურიენტებს მოსამზადებელი ცენტრის გახსნა შესთავაზა, `თუმცა ამის მსურველი, ჯერჯერობით, არავინაა. მე-12 კლასი სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობს. ეს ბავშვებმა ითხოვეს, რადგან დილით სახლებში მეცადინეობენ და შემდეგ უტარდებათ გაკვეთილები~.
`თაობა XXI~ დირექტორის, ომარ მიქელაძის თქმით, მშობლებს მე-12-კლასელები სხვა სკოლაში ხშირად იმ მიზნით გადაჰყავთ, რომ რეპეტიტორებთან მოამზადონ: `მოსამზადებელ პროგრამაზე უარი რომ მეთქვა, ყველა საჯარო სკოლაში წავიდოდა, ამიტომ მოსამზადებელი კურსის გახსნა გადავწყვიტეთ. ამაში მოსწავლეები დამატებით 300 ლარს იხდიან~.
`თაობა XXI~_ში გამოკითხული მე-10-11-კლასელები რეპეტიტორთან არ ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ დამატებით მომზადება არ სჭირდებათ, რადგან მათთან გაძლიერებულად ასწავლიან. `ამ სკოლაში იმიტომ გადმოვედი, რომ აქვე მამზადებენ~, _ განაცხადა მეთერთმეტეკლასელმა მალვინა ფარტენაძემ. ერთ-ერთი მოსწავლე კი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს, რომ მე-12 კლასში მხოლოდ არჩეულ საგნებს სწავლობენ გაძლიერებულად და ამაში 2500 ლარს იხდიან. თუმცა ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია უარყოფს.
`თაობა XXI~_ს გასულ წელს გამოსაშვები კლასი არ ჰყოლია. მიქელაძის ინფორმაციით, ხუთი მოსწავლე გადავიდა რუსულ სკოლაში და ხუთივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.
`ევრო 2000~-ის დირექტორის, მარინა ცივაძის თქმით, მათი სკოლა გასულ წელს 23-მა მოსწავლემ დაამთავრა, `აქედან ექვსმა რუსეთში განაგრძო სწავლა, ჩვიდმეტმა _ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, მხოლოდ ერთმა ვერ ჩააბარა, ისიც გვიან გადმოვიდა~. დირექტორის მონაცემებით, რამდენიმე მოსწავლემ გრანტიც მოიპოვა.
`ევრო 2000~-ში, სადაც მაღალ კლასებში სწავლის გადასახადი 700 ლარია, მე-12-კლასში _ შვიდიდან ორი მოსწავლე ესწრებოდა ისტორიის გაკვეთილს. ლაშა ირემაძე სამ საგანში ემზადება რეპეტიტორთან და ეროვნულ გამოცდებამდე კიდევ რამდენიმე საგანში აპირებს მომზადებას. ლაშას თანაკლასელი, არჩილი, რეპეტიტორთან არ ემზადება და არც აპირებს მომზადებას. ფიქრობს, რომ ისედაც შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. მოზარდების თქმით, მათი თანაკლასელები დამატებით ემზადებიან და სკოლაში ამიტომ ვერ დადიან.
სკოლა-ლიცეუმ `ნერგებში~, სადაც წლიური გადასახადი 700 ლარია, გაკვეთილის მსვლელობის დროს არც ერთი მე-12-კლასელი არ იყო სკოლაში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასში სულ ცხრა მოსწავლეა, ისინი გადასახადს არ იხდიან: `გასულ წელს მე-12 კლასი არ გვყავდა, რადგან შარშან 18 მოსწავლე სომხურ და რუსულ სკოლებში გადავიდა. წელი რომ არ ჩაგვვარდნოდა, ამ კლასში წელს მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით ვასწავლით~.
მე-11-კლასელი ვერიკო უშვერიძე მომავლიდან აპირებს რეპეტიტორებთან მომზადებას. ავთანდილ ბერიძე ჯერ მხოლოდ მათემატიკაში ემზადება, ამირან შავაძე კი რეპეტიტორებთან მომზადებას მათემატიკაში, ქართულსა და უცხო ენაში სამომავლოდ გეგმავს. გუგა ფუტკარაძე კი ამჟამად სამ საგანში ემზადება: `მათემატიკაში ჩემი სკოლის პედაგოგთან ვემზადები, დანარჩენში _ სხვაგან~. კლასის დამრიგებელი გუგას ნათქვამს აზუსტებს: `რეპეტიტორთან კი არ ემზადება, მასწავლებელი ეხმარება და ამეცადინებს დამატებით~.
გამოსაშვები კლასები გასულ წელს არც `ნერგებს~ ჰყავდა.
სამხრეთ აფრიკა საქართველოს წერა-კითხვის ცოდნით უსწრებს
~წიგნი ადამიანს გზის გაკვლევაში ეხმარება. წიგნში ის არის აღწერილი, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ. წიგნი რომ არა, ვერც კაცობრიობა დადგებოდა ფეხზე... მაგრამ არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ დიდი მკითხველი არ ვარ. მართალია, ბევრ ჩემს მეგობარს უყვარს წიგნის კითხვა, მაგრამ მე რატომღაც ვერ გამიტაცა. აი, ჩემმა კლასელმა გიორგიმ რომ თქვა, ცხოვრებას ხარივით ვაწვებიო, ეს იმიტომ, რომ მას წიგნის კითხვა უყვარს . აი, მე კი პატარა თხასავით ვაწვები ცხოვრებას, რადგან წიგნის კითხვა ძალიანაც არ მიყვარს~, _ ეს არის ამონარიდი ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ბექას თავისუფალი თემიდან.
საქართველოში ბავშვებს წერა-კითხვა რომ არ უყვართ და უმეტესობამ არც იცის, ეს ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. როგორ კითხულობენ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები და რამდენად კარგად ესმით მათ წაკითხულის შინაარსი? ჩამოუვარდებიან თუ არა კითხვის უნარის მიხედვით თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან? რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენს ქვეყანაში მოზარდების წიგნიერების განვითარებაზე?
კვლევების მონაცემები არასახარბიელოა _ 9-10 წლის ბავშვების უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცის. გამოკითხულ 45 ქვეყანას შორის საქართველო წერა-კითხვის ცოდნით ბოლოდან მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ირანს, ინდონეზიას, მაროკოს, ქუვეიტსა და კატარს უსწრებს.
`კითხვის უნარი~ საქართველოში საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (PIღLშ) დაკვეთით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოიკვლია. 9-10 წლის ბავშვების წიგნიერების დონის შესწავლის მიზნით ტესტირება 149 სკოლაში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 4300-ზე მეტმა მეოთხეკლასელმა მიიღო.
PIღLშ საერთაშორისო მიღწევის სკალის უმაღლეს საფეხურს ვერ მიაღწია საქართველოს 149 სკოლიდან 119 სკოლის ვერც ერთმა მოსწავლემ. დარჩენილ 30 სკოლაში კი მოსწავლეთა 1%-ზე მეტმა მიაღწია უმაღლეს საფეხურს.
რატომ უჭირთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კითხვა? რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები, რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი მაჩვენებელი?
მე-6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, ნორა მკურნალიძეს მიაჩნია, რომ ეს პედაგოგის ბრალია. თუმცა იგი მეორე პრობლემასაც ასახელებს: `მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, მაგრამ თუ მშობელმა არ ამეცადინა ბავშვი, ნასწავლი არ დაამახსოვრდება. ახლა ბავშვები გადართული არიან ტელევიზორსა და კომპიუტერზე. კითხვა მეორეხარისხოვანია~.
ნონა მკურნალიძის აზრით, ერთ-ერთი პრობლემა კლასში ბავშვთა რაოდენობაა. `რაც უფრო ცოტა მოსწავლეა კლასში, სწავლების ხარისხი უკეთესია, _ ამბობს მასწავლებელი. _ როცა მრავალრიცხოვან კლასში შევდივარ, ბევრად მეტ ენერგიას ვხარჯავ და ნაკლებ ხელფასს ვიღებ. 48 ბავშვი გვყავდა კლასში, თუმცა ჯგუფი არ გაყვეს. ამ შემთხვევაში სწავლების ხარისხი დაბალია, თუმცა ეს მასწავლებლის ბრალი არ არის~.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ლია გოგმაჩაძე ამ პრობლემას დაუხვეწავი პროგრამებით ხსნის: `რეფორმამ ბევრი კარგი რამ მოიტანა, თუმცა დასახვეწია. მეორე კლასი პილოტირებულია, მაგრამ წიგნის კმაყოფილი არა ვარ, ტექსტები რთულია. დასახვეწია ლექსიკური მარაგი, გრამატიკა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ეს ბავშვებისთვის ძალიან რთულია~.
პედაგოგი მშობლების როლზე ამახვილებს ყურადღებას: `მშობლების 80%-ს არ სცალია, ბავშვებს ვერ ამეცადინებენ. მაგალითად, ჩემს კლასში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის კავშირი გაწყვეტილია. მშობლებს შვილებისთვის არ სცალიათ, ოჯახის შენახვაზე ზრუნავენ~.
ია ვადაჭკორიაც დაწყებითი კლასის მასწავლებელია. იგი `მესამე სემესტრის~ პრობლემაზე საუბრობს: `რაც ეს მესამე სემესტრი დაემატა, კლასი დაცარიელდა, ბავშვებს ივნისის თვეში სკოლაში სიარული ეზარებათ, ეს ერთ-ერთი პრობლემაა~.
მე-16 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, დალი მგალობლიშვილიც პროგრამების სირთულეზე, კლასების გაყოფასა და მოუცლელ მშობლებზე საუბრობს: `კლასში 25 მოსწავლეც კი ბევრია. რთულია გაკვეთილის ჩატარება. მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს პროგრამები. მოსწავლე ან ბრწყინვალედ სწავლობს, ან საერთოდ არ სწავლობს. მოსწავლეთა უმრავლესობას ცოდნის დაბალი დონე აქვს, ეს მშობლების მოუცლელობის ბრალია~.
ნელი მეტრეველი, #6 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი კი ცალსახად მშობლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. `მშობლებს არ სცალიათ ბავშვები რომ ამეცადინონ. ადრე მშობლები სკოლაში დადიოდნენ ამბის მოსაკითხად, ახლა ამისთვისაც აღარავის სცალია~.
პედაგოგის აზრით, სკოლის ზედმეტი დემოკრატიზაცია დაუშვებელია, რადგან ბავშვების შეუზღუდავი და პედაგოგების შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ფსიქოლოგ ია კუტალაძის ინფორმაციით, ამ მხრივ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი აქტივობა იგეგმება. მათ შორის: `პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარება და დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება. მასწავლებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გაეცნონ ტექსტის განხილვისა და გააზრების იმ მეთოდებს, რომლებსაც თანამედროვე სასწავლო პრაქტიკაში იყენებენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები... მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სასკოლო ბიბლიოთეკებს... ოჯახი აქტიურად უნდა ჩაერთოს შვილის განათლების პროცესში. მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს, დაინტერესდნენ, რას კითხულობენ ისინი; გააქტიურონ მასწავლებელთან კონტაქტი და შვილის წარმატების კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის სკოლებსა და სკოლის ბიბლიოთეკებს, სოფლის სკოლების პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხსა და სოფლისთვის სრულყოფილი სასკოლო რესურსების შექმნას; ასევე უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისათვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.
~ოპერატიული ზარის საფუძველზე დაკავებულია ნათია შალიკაშვილის ყაჩარობრივი წრე და ჯგუფის წევრები~, _ წერია საბრალდებო დასკვნაში. შალიკაშვილთან ერთად დააკავეს მისი ძმა თენგო და ქმარი ნოდარ შანიძე. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დედის წინააღმდეგ, `სიცოცხლის ხელყოფის მუქარით~ _ მანოლი დარჩიაშვილს მოწმის მოსყიდვა ედება ბრლად. მას ერთიდან სამ წლამდე, ხოლო მის შვილებს 8-დან 12 პატიმრობა ელით.
დაკავება
განსასჯელი ნათია შალიკაშვილი რვა თვის ფეხმძიმეა. როგორც ის ყვება, 28 სექტემბერს, დილის ექვს საათზე საცხოვრებელი სახლის კარებზე ბრახუნი გაიგონა; იმ ღამეს კოკისპირული წვიმა იყო და ფხიზლად ეძინა. რამდენჯერმე ადგა, რადგან ჭერში წყალმა გამოჟონა და საწოლი დასველდა; სწორედ ამ მიზეზით, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე საწოლის ლეიბი აკეცა;
იმ ღამეს შალიკაშვილის საძინებელ ოთახში ორი ფორმიანი ადამიანი შევიდა. ტანსაცმლის ჩაცმა სთხოვეს. `ჩემი მეუღლე ფეხით გაათრიეს შუა ოთახამდე, გაუგებრობაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვცდილობდი არ მენერვიულა, რადგან ამ დროს ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, შვილი კი ექვსი წელი არ მყავდა~.
ნათია შალიკაშვილი: `გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძე მითხრა, რომ ბრალი მედებოდა ციალა ბაკურიძის დაყაჩაღებაში. ხელბორკილები შემაბეს. კრიმინალური პოლიციიდან დაახლოებით 30 ადამიანი მოვიდა. განაცხადეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ; დედამთილი მეზობლების მოსაყვანად გავიდა. ამ დროს იარაღი სწორედ იმ ლეიბის ქვეშ დადეს, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე, წვიმის გამო ავკეცე~.
ნათიას მტკიცებით, სამართალდამცავებმა მას ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს: `მითხრეს, ადვოკატი ჟურნალისტებს მოყრის და არ გვინდაო. განსაკუთრებით გამომძიებელი ოლეგი მიქელაძე აქტიურობდა~. ბრალდებული ხელავჩაურის პოლიციაში გადაიყვანეს. იქ შეიტყო, რომ მისი ძმაც დაკავებული იყო, როგორც ბანდის წევრი.
ნათია შალიკაშვილის შესახებ
ოთხი თვის ორსულმა, 28 წლის ნათია შალიკაშვილმა ექვსი დღე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა. ამჟამად მისი სახლი დაყადაღებული 50 ათას ლარად და სწორედ ამის საფუძველზეა დროებით გათავისუფლებული. თუმცა, ნათია ვარაუდობს, რომ მას მშობიარობა ციხეში მოუწევს.
ნათია შალიკაშვილი ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს; ხოლო უნივერსიტეტში ესთეტიკას და ეთიკაში ლექციებს კითხულობს, ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებს ატარებს; რამოდენიმე საჯარო სკოლებში მასწავლებლად მუშაობს, ასევე კერძო სკოლებში, თურქულ ლიცეუმსა და სკოლა ლიცეუმი `იმედში~ პედაგოგია.
ნათიას ძმა და ქმარი
ძმა, თენგო შალიკაშვილი ამ ფაქტამდე ოცი დღით ადრე დაბრუნდა შინ. 18 წელია მეზღვაურია და მისი თვიური ხელფასი რვა ათას დოლარზე მეტია. ყაჩაღობის დროისთვის პირად ანგარიშზე 28 ათასი დოლარი ჰქონდა.
ნათიას ქმარი ნოდარ შანიძე საპატრიარქოს მრევლია. იგი სწორედ მამა სერგის ჩვენების საფუძველზე გამართლდა ყაჩაღობის ნაწილში. მამა სერგიმ დაადასტურა, რომ ყაჩაღობის დღეს, ნოდარი მასთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა. ნოდარს ახლა მხოლოდ ცეხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავებიან. მას საპროცესო შეთანხმებაზე, ჯერჯერობით, უარს ეუბნებიან.
პოლიციის განყოფილებაში
ნათია შალიკაშვილი: `ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი _ ბუბა ბოლქვაძე და მისი მოადგილე _ დათო გოგუაძე მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა დანაშაული _ ჩემი ძმისა და ქმრის გარდა კიდევ ორი პიროვნება დამესახელებინა, ვინც ყაჩაღობის დროს მახლდნენ.
არც ის ვიცოდი, რა ყაჩაღობა მოხდა, ვინმე მოკვდა, დაიჭრა. არც იმას მეკითხებოდნენ სად ვიყავი იმ დღეს ან რას ვაკეთებდი. ვიკითხე, სად მოხდა ყაჩაღობა-მეთქი. მაშინ მითხრეს, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემულაურში დამიყაჩარებია ვინმე ციალა ბაკურიძე. ამ სოფელში ნამყოფიც კი არ ვარ. მითხრეს, ჩვენთვის ორი მოწმეც საკმარიასია ბრალი რომ დაგიმტკიცოთ, ორივე გვყავსო. მაშინ ძალიან შევშინდი.
პროკურატურაში
პროკურატურაში ნათია ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის მოადგილემ, დათო გოგუაძემ მიიყვანა. ის დაკავებულს გზაში დანაშაულის აღიარებას სთხოვდა. ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ადვოკატთან დაკავშირების უფლება მისცეს.
`მიმიყვანეს პროკურატურაში ამოცნობაზე, ამას ჩემი ადვოკატი დაასწრეს. დაკავებულები ვიყავით მე, ჩემი ძმა და ვინმე რამინ მელაძე. ვიდრე მამა სერგი ჩვენებას მისცემდა, ორი პიროვნების დასახელებას მთხოვდნენ, მაგრამ ჩემი ქმარი ყაჩაღობის ნაწილში რომ ვერ დაადანაშაულეს, ახლა სამი პიროვნების დასახელებას მთხოვენ~.
საქმეში ერთი მოწმე და ერთი დაზარალებულია
გასული წლის 27 აგვისტო, ხელვაჩაური... სოფელი გემულაურში ციალა ბაკურიძეს მოულოდნელად სტუმრები მიადგნენ - ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთიც ბრიჯებში გამოწყობილი ქალი, მოკლე მაისურით; სტუმრებმა დამწუხრებული სახით თქვეს, აგვისტოს ომმა დევნილები გაგვიმრავლა, ერთი-ორი დევნილი იქნებ თქვენც შეიფაროთო... ციალამ სტუმრები ოთახში შეიპატიჟა და საქმის უკეთ გასაცნობად სტუმარ ქალთან დაიწყო საუბარი. ამ დროს მისმა თანმხლებებმა 1000 დოლარი მოითხოვა. მასპინძელი შეშინდა. 14 წლის ქალიშვილიც შინ იყო. უცნობებმა გოგონას საიზოლაციო ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიაბეს, დიასახლისს კი ფული ვერა, მაგრამ ორი ოქროს ბეჭედი და სამაჯური წაართვეს. დაზარალებულის თქმით, სამასი ათასი ლარის ღირებულების.
ასეთი სურათი დაზარალებული დედა-შვილისა და მათი მეზობლის, ნატო დოლიძის (კაზეიშვილის) ჩვენებებით იხატება. მოწმე ნატო დოლიძეა სუპერმარკეტ `იმედის~ დამლაგებელია; ნათიას ძმა თენგო შალიკაშვილი მან ამოიცნო. მოწმე ამბობს, რომ დაინახა როგორ შედიოდა ეზოში ბრალდებულები; დაზარალებულის თქმით, ყაჩაღობა დღის 6 საათზე მოხდა და დაახლოებით ხუთი წუთს გრძელდებოდა.
დაზარალებულის ჩვენებები ცვალებადია: წინასწარ გამოძიების დროს ყაჩაღების გარეგნობას სხვადასხვაგვარად აღწერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ციალა ბაკურიძემ თავდამსხმელი ქალის (რომელსაც, მისივე აღწერით, ხის ქოშები, ბრიჯები და მოკლე ზედატანი ეცვა) ფეხმძიმობა ვერ შენიშნა. ნატო დოლიძემ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას განსასჯელების დედა არ დამუქრებია, მხოლოდ `განცხადების~ გამოტანა სთხოვა.
რატომ დაიხურა სასამართლო პროცესი?
სასამართლო პროცესზე დასასწრებად ასამდე ადამიანი იყო მისული. რადგან დარბაზში მხოლოდ 30 ადამიანს იტევს, პროცესის დაწყებამდე მოსამართლე ლევან თევზაძე დარბაზში შემსვლელთა რაოდენობას თავად არეგულირებდა;
პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა შუამდგომლობა დააყენა, განსასჯელი ინტერესებიდან გამომდინარე დახურული პროცესის ჩატარების შესახებ. განსასჯელი ნათია შალიკაშვილი დაიბნა და ადვოკატებთან კონსულტაცია ითხოვა;
პროცესის დახურვა ადვოკატებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა;
ნათია ამტკიცებს, რომ ის ადვოკატებმა მოატყუეს: `ორი ადვოკატი მყავდა, მათ მომატყუეს. ვიფიქრე, რაღაც დათმობებზე მიდიან-მეთქი, მაგრამ რომ მოვუსმინე მოწმეს, პროცესზე ჟურნალისტების დასწრება ვითხოვე. ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილეს~.
ნათიას პირადი ადვოკატი, დათო ჩავლეიშვილი ამ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. ხელვაჩაურის სასამართლოში მხოლოდ მისი ძმის ადვოკატები _ ბულბული მჟავანაძე და თამაზ ილიაშვილი იმყოფებოდნენ.

.jpg)