უთანხმოება მინარეთის მშენებლობის გამო

пятница, 1 мая 2009 г.


გონიოში მეჩეთის გვერდით მინარეთის მშენებლობას სოფლის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გონიოში მოსახლეობის 99 პროცენტი ქრისტიანია, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ხოჯის ხმამაღალი მოწოდება ლოცვისთვის მოსახლეობას შეაწუხებს: ~მით უფრო, როცა მათ მლოცველები არ ჰყავთ და ეს ყველაფერი აგიტაციისთვის კეთდება~.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორის _ ემზარ მამულაიშვილის ინფორმაციით, მინარეთის მშენებლობა `თვითნებური და უკანონოა~. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტულ საკითხს `დელიკატურს~ უწოდებს, `რადგან ეს რელიგიას ეხება. საქმე ისაა, რომ მინარეთის ან ტაძრის მშენებლობას ნებართვა სჭირდება. ფაქტია, რომ გამგეობაში ნებართვისთვის არავის მოუმართავს. მშენებლობისთვის არქიტექტურული გათვლა და გეოლოგიური დასკვნაა საჭირო _ როცა 20 მეტრი სიმაღლის მშენებლობა იგეგმება, კონსტრუქციული გათვლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათოა. თუნდაც იმათთვის, ვინც მინარეთში შევა~. 
ნესტან ბობოხიძე გონიოს მკვიდრია. მას მიაჩნია, რომ მინარეთი არ უნდა აშენდეს: `წლებია ამ სოფელში მეჩეთი მუშაობს და ამაზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგრამ მინარეთის მშენებლობა რა საჭიროა. იქ, სადაც მოსახლეობის 99 პროცენტი ქრისტიანია, ლოცვისთვის მოწოდება არაბულ ენაზე მიუღებელია. ჯამეში მლოცველები არ ჰყავთ, ამიტომაც ისინი მეზობელი სოფლიდან მოჰყავთ. დახმარებისთვის მივმართეთ პოლიციას, შევაგროვეთ ხუთასი ხელმოწერა, რისი ასლებიც გადავაგზავნეთ გამგეობაში და ლევან ვარშალომიძესთან. ეს მშენებლობა უკანონოა და მის შეწყვეტას ვითხოვთ~.  
პედაგოგი ნელი სისოშვილი დარწმუნებულია, რომ გონიოში მინარეთის მშენებლობა თურქ ბიზნესმენს აინტერესებს. მან კონკრეტული დაინტერესებული ადამიანის ვინაობა არ იცის. კითხვაზე თუ საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, იგი პასუხობს, რომ ეს სოფელში ყველასთვის ცნობილია: ~ორი თვის წინ გონიოში ჩამოსახლდნენ ყიფიანები, მათი მონაწილეობით მიდის აქ თურქების ფულის თამაში. მათ უნდათ დიდი ლუკმის მითვისება, ნამცეცებს ამ სოფელშიც უყრიან რამდენიმე ადამიანს _ სოფელშიც 4-5 კაცი აიყოლიეს. ჩვენ თურქეთში აგვაშენებინებენ ტაძრებს? მომცემენ იმის ნებას, რომ აგიტაცია გაუწიო ჩემს სარწმუნოებას? ილოცონ მათთვის, მე ნუ შემაწუხებენ აგიტაციით. 
მაგ მშენებლობის გამო ზღვისკენ მიმავალი გზაც გადაკეტეს, საპირფარეშო ღელეს შეუერთეს, ეს ეკოლოგიურად გაუმართლებელია. გონიო საკურორტო ზონაა და არ მინდა ხმამაღალი ლოცვა, თანაც ამას აგიტაციის ძალა აქვს. აშენებენ და თან ამბობენ, მიკფოფონს არ ჩავრთავთო. ჯერ ასე ამბობენ, მაგრამ რომ ააშენებენ, დარწმუნებული ვარ, მიკროფონს ჩართავენ. ჭარნალსა და ახალსოფელში უკვე ააშენეს მინარეთი, ახლა გონიოში დაიწყეს. ბოლოს პრეტენზია გაუჩნდებათ აჭარაზე. ხომ შეიძლება ვინმემ მოგვხედოს, ასე თვითნებურად შეიძლება მშენებლობა?~
ნარიკო ბარამიძეც გონიოს მკვიდრია. მას მშენებლობაზე საპირისპირო შეხედულება აქვს: ~იყოს ყველაფერი რაც საჭიროა, რატომ უნდა ვიყო მინარეთის მშენებლობის წინააღმდეგი~. 
~ნეიტრალურ ზონაში ვართ~ _ ასეთი კომენტარი გულნარა ქიძინიძემ და მისმა მეზობლებმა გააკეთეს. 
`არ ვიცით არაფერი და რა ვთქვათ~ _ მოკლე კომენტარი გააკეთა გონიოს ცენტრში შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა. მათ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. 
მეჩეთის წინამძღვარის _ ომარ ვანაძის ინფორმაციით კი, სოფელში მოსახლეობის 50 პროცენტი მუსლიმანია; მინარეთის მშენებლობა ადგილობრივების ინიციატივით, მათი შემოწირულობით მიმდინარეობს და ამ მშენებლობაში თურქი ბიზნესმენის ფული არაფერ შუაშია: `თავდაპირველად მეც მეგონა, რომ სოფელში მუსლიმანები არ ცხოვრობენ-მეთქი, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის დროს აღმოჩნდა, რომ მუსლიმანი ბევრია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა რიტუალს ზედმიწევნით ასრულებენ, მაგრამ სურვილი აქვთ იყოს მინარეთი, ამიტომაც შენდება~. 
ფიქრია ბოლქვაძე, რომელიც უკვე ოთხმოც წელსაა მიღწეული, მიიჩნევს, რომ მინარითის მშენებლობა `დიდი მადლია~. ზუსტად არ იცის ვისი დაფინანსებით მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ამისთვის მადლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უხდის: `ბევრს არ მოსწონდეს იქნებ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი. ამდენი ჯამეს და მინარითის მშენებლობაც მისი დამსახურებაა~.  
67 წლის თემურ ველიაძე ამბობს, რომ სოფელში მუსლიმანი მორწმუნეები არ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაა საჭირო მინარეთის მშენებლობა, `რომ ჯამეში მლოცველები გამრავლდნენ~.

წინამძღვარი და მლოცველები 
ომარ ვანაძე ხულოს მკვიდრია, აჭარის მუფთის თხოვნით კი ორი თვეა გონიოს სამლოცველოს წინამძღვარია. ლოცვისთვის პარასკეობით გონიოში მიკროავტობუსით დადის და ბავშვებიც დაჰყავს სალოცავად სხვა სოფლებიდან. ომარ ვანაძის ინფორმაციით, მიწა, რომელზეც ახლა მინარეთი შენდება, სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა `გვარდება იურიდიული საკითხები და ამ დღეებში მეჩეთი იურიდიულად დარეგისტრირდება~. 
იაშა შანიძე: `სოფელში შეგროვებულ 500 ხელმოწერიდან უმრავლესობა სკოლის მოსწავლეების იყო. გონიოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს მინარეთის აშენება უნდა, მათ შორის მეც, მინარეთი აუცილებელია მლოცველებისთვის, მიკროფონს არ ჩავრთავთ, ანუ ხმა არავის შეაწუხებს~. 
თენგიზ დავითაძე: `ხელმოწერები სოფელში სკოლის დირექტორის ინიციატივით შეგროვდა, ჩემს დისშვილებს _ დიანა და ქეთინო ბერიძეებს ძალით მოაწერინეს ხელი, თითქოს ისინი წინააღმდეგი იყვნენ მინარეთის მშენებლობის. ბავშვებს არ უნდოდათ ხელის მოწერა, მაგრამ სკოლაში მასწავლებლებმა აიძულეს. მეჩეთი არ შეიძლება იყოს მინარეთის გარეშე, ამიტომაც აუცილებელია მისი მშენებლობა, ამ მშენებლობის წინააღმდეგი სოფელში რამდენიმე ადამიანია~. 
სკოლის დირექტორი _ ცისანა ბარამიძე: `ორ თვეს შვებულებაში ვიყავი, ერთი კვირის წინ გამოვედი სამსახურში, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას ხელმოწერებთან დაკავშირებით. დანამდვილებით ვიცი, სკოლაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა~. 
ბეჟან (ბექირ) ბოლქვაძე _ აჭარის მუფთი: `მეჩეთი მინარეთის გარეშე ისევე არ არსებობს, როგორც ეკლესია გუმბათის გარეშე. გონიოში მინარეთი შემოწირულობით კეთდება, ისევე როგორც ყველა სამლოცველო. ტყუილია ის, რომ თითქოს უცხოელი ბიზნესმენი აფინანსებს მშენებლობას. თუმცა ბიზნესმენსაც აქვს იმის უფლება, რომ შემოწირულობა გააკეთოს. მეჩეთის მშენებლობისთვის გვთხოვენ მიწის შეძენას და დაკანონებას, ასევე მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტების მომზადებას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, რადგანაც სამუფთოს რეგისტრაციის უფლება არ მოგვცეს~.
მუფთს 309 ადამიანის ხელმოწერა აქვს. ისინი გონიოში მინარეთის მშენებლობას ითხოვენ.