ლერმონტოვის ქუჩაზე, ე.წ. ~მეზღვაურთა სასტუმროს~ ერთი სადარბაზოს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე, სადაც ლტოლვილები 17 წელია ცხოვრობენ, მთავრობამ რემონტი დაიწყო. დევნილები ამბობენ, რომ შენობაში, სადაც ~კედლებს ანგრევენ და სახლი ირყევა~, გაჩერება სახიფათოა. აქ მცხოვრებლები ალტერნატიული ფართობის გამოყოფას, ზოგიერთი სარემონტო სამუშაოების შეჩერებას, ზოგიც კი ეზოში კარვების გაშლას ითხოვს.
~ის, რაც ჩვენს თავს ხდება, გენოციდზე უარესია. ამ ყოფაში მთავრობის გამო ვართ, დევნილებს მოგვახმარონ ის ფული, რაც გამოგვიყო ევროკავშირმა, თორემ ევროპას გავაგებინებთ რა დღეშიც ვართ... მოვიდნენ და ნახონ, რა ხდება აქ, როგორ ტარდება რემონტი და სადაა ხალხი შესახლებული. ვნახეთ, როგორ ემსხვერპლა თბილისში შენობის ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე, ამის შემდეგ ვეღარ დავდივარ ნერვიულობისგან. ჩვენც ხომ იმავე დღეში არ ჩავცვივდებით; ხომ უნდა შეემოწმებინათ რამდენად მიზანშეწონილია აქ ცხოვრება. მეორე სართულზე ვცხოვრობდი, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა გვითხრეს, თუ არ გახვალთ, გარეთ გაგყრითო~, _ ყვება როსტომ ჭითანავა.
სადარბაზოში კანალიზაციის სუნი დგას, კიბეებზე ნაგავი ყრია, მტვერი ნისლივითაა მოდებული. მეორე სართულზე ნგრევის შემდეგ რამდენიმე დაბზარულ ქვის სვეტზე დიდი ჰოლი დგას. ამ სართულის მცხოვრებლები მეზობლებთან _ მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე გადანაწილდნენ. საყოფაცხოვრებო ნივთები სადარბაზოს ყველა სართულის კუთხეშია თავმოყრილი, შეკრული ბარგი ერთმანეთზეა შეწყობილი.
როგორც ლტოლვილები ყვებიან, როცა მათი საცხოვრებელი ფართობის სარემონტო სამუშაოებზე დაიწყო საუბარი, შეპირდნენ, რომ მათ ორას-ორას ლარს მისცემდნენ რემონტის დასრულებამდე ბინების დასაქირავებლად: `მაგრამ მერე მოვიდნენ ინჟინრები და გვითხრეს, დაცალეთ, თორემ გაგყრითო. ინვალიდი ქალი მყავს, სად წავიდე, პატრონი არავინაა. ჩვენც ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ?~ _ უკმაყოფილოა გურამ ბაღათურია.
საუბარში გული კვანჭიანი ერთვება: `საპირფარეშოსთან რიგი დგას. სახლის კედლები დაქანებულია, რემონტის დროს ბავშვების აქ გაჩერება არ შეიძლება. ჩვენი ამბავი ვიღაცას გააგებინეთ. რამდენიმე თვის წინ ბათუმის არქიტექტურის სამსახურიდან იყვნენ მისული და თქვეს, რომ ეს სადარბაზო რემონტს არ ექვემდებარება. რომელ კანონში წერია ავარიული სახლის შეკეთება, მთავრობამ ან აიღოს ვალდებულება, რომ ამ ხალხის სიცოცხლე იქნება დაცული, ან დროებით შეგვასახლონ სხვა ფართობში~.
როსტომ ჭითანავა სარემონტო სამუშაოების შეჩერებას და კომისიის გამოყოფას ითხოვს: `გვაინტერესებს, დასაშვებია თუ არა სარემონტო სამუშაოები აქ~;
რაულ ხუთკუპია სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სხვა ფართობში გადასვლას ითხოვს;
ლამარა მელქაძე კორპუსში მცხოვრებ ასთმით დაავადებულ ადამიანებზე წუხს, რომელთაც სარემონტო სამუშაოების პირობებში ცხოვრება განსაკუთრებით უჭირთ: `სუნთქვა გვიჭირს. მეორე სართულიდან მესამეზე ავედით, მერე მეოთხეზე, მეხუთეს მერე ცაში ხომ არ გავფრინდებით, სადმე შეგვასახლონ დროებით~.
მელქაძის მეზობელს, შუა ხნის მამაკაცს, ეზოში კარვების გაშლა უნდა: `მაგრამ კარვებიც არაა. ხომ შეიძლება ეს მაინც მოგვცენ~.
რამაზ ჯინჭარაძე _ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი: `სარემონტო სამუშაოებს სახელმწიფო მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება ლტოლვილებს, მათ თავდაპირველად მექანიკურ ქარხანაში გადასვლა შევთავაზე, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მეორედან მესამე სართულზე ავიდოდნენ. ჩემთან პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. შევხვდები და გავესაუბრები, თუ რაიმე პრობლემაა, მინისტრს, ბატონ ლევან ანთაძეს დაველაპარაკები~.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს `ანაგმა~ გაიმარჯვა.
ტენდერის პირობები:
ბათუმში ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის, საზღვაო აკადემიისა და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმროს შენობებში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების რემონტი. პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: დაზიანებული სახურავის მოხსნა-აღდგენა; არსებული ტიხრების მოხსნა და ახლების მოწყობა; ჭერის, კედლების შელესვა-შეღებვა; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი; სანიტარულ კვანძებში კერამიკული ფილის გაკვრა კედლებზე და მეტლახის ფილების მოწყობა ძირზე; იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით; შიდა და გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა-აღდგენა სანიტარულ კვანძში; შიდა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები; ფასადის აღდგენა; სამუშაოების დასრულების სასურველი ვადა _ ექვსი თვე.
~ეს ყოფა გენოციდზე უარესია~
Автор: ნათია როყვა на 01:47 Ярлыки: დევნილები понедельник, 4 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий