ქართული სკოლების პარადოქსი: მოსწავლეები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ და წელიწადში, საშუალოდ, 600-დან 1000-მდე ლარს იხდიან, პარალელურად რეპეტიტორთან ემზადებიან. მოზარდის ერთ საგანში მომზადება მშობლებს ყოველთვიურად 70-დან 100-ლარამდე უჯდებათ. ამ თანხებს თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ მშობლების ხარჯი სასკოლო ასაკში ბავშვის განათლებაში, წელიწადში, 3120-დან 4610 ლარია. ამას ემატება კერძო სკოლის გადასახადი.
ამ ციფრების მიხედვით, საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სასკოლო. თუ ყველა მოსწავლე, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში მაინც რეპეტიტორთან ემზადება (ცხადია, ისინი, ვის ოჯახსაც ამის ფინანსები აქვს. არიან ბავშვები, რომლებიც რეპეტიტორს უფულობის გამო ვერ ქირაობენ), მაშინ რა უპირატესობა აქვს კერძო სკოლას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით?
ის, რომ კერძო სკოლებში ბავშვები უფრო დაცულნი არიან და მშობლების უმრავლესობაც დროს იგებს, ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იღებენ მათი მშობლები ორმაგ ხარჯს _ კერძო სკოლისა და რეპეტიტორის.
სკოლიდან სკოლაში თითქმის ორი დღე დავდიოდით, მაგრამ მე-12-კლასელები გაკვეთილებზე, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ (გამოკითხვა მხოლოდ კერძო სკოლებში ერთი მოტივით გადავწყვიტეთ: ცნობილია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეები რეპეტიტორთან ემზადებიან). არადა, სწორედ ის გვაინტერესებდა, მე-12 კლასის მოსწავლეები როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის.
სკოლა ლიცეუმ `თაობა XXI~_ს, სადაც გამოსაშვებ კლასებში სწავლა წელიწადში 1300 ლარი ღირს, სასწავლო ნაწილის გამგის ეთერ ქემხაძის განმარტებით, სკოლამ აბიტურიენტებს მოსამზადებელი ცენტრის გახსნა შესთავაზა, `თუმცა ამის მსურველი, ჯერჯერობით, არავინაა. მე-12 კლასი სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობს. ეს ბავშვებმა ითხოვეს, რადგან დილით სახლებში მეცადინეობენ და შემდეგ უტარდებათ გაკვეთილები~.
`თაობა XXI~ დირექტორის, ომარ მიქელაძის თქმით, მშობლებს მე-12-კლასელები სხვა სკოლაში ხშირად იმ მიზნით გადაჰყავთ, რომ რეპეტიტორებთან მოამზადონ: `მოსამზადებელ პროგრამაზე უარი რომ მეთქვა, ყველა საჯარო სკოლაში წავიდოდა, ამიტომ მოსამზადებელი კურსის გახსნა გადავწყვიტეთ. ამაში მოსწავლეები დამატებით 300 ლარს იხდიან~.
`თაობა XXI~_ში გამოკითხული მე-10-11-კლასელები რეპეტიტორთან არ ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ დამატებით მომზადება არ სჭირდებათ, რადგან მათთან გაძლიერებულად ასწავლიან. `ამ სკოლაში იმიტომ გადმოვედი, რომ აქვე მამზადებენ~, _ განაცხადა მეთერთმეტეკლასელმა მალვინა ფარტენაძემ. ერთ-ერთი მოსწავლე კი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს, რომ მე-12 კლასში მხოლოდ არჩეულ საგნებს სწავლობენ გაძლიერებულად და ამაში 2500 ლარს იხდიან. თუმცა ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია უარყოფს.
`თაობა XXI~_ს გასულ წელს გამოსაშვები კლასი არ ჰყოლია. მიქელაძის ინფორმაციით, ხუთი მოსწავლე გადავიდა რუსულ სკოლაში და ხუთივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.
`ევრო 2000~-ის დირექტორის, მარინა ცივაძის თქმით, მათი სკოლა გასულ წელს 23-მა მოსწავლემ დაამთავრა, `აქედან ექვსმა რუსეთში განაგრძო სწავლა, ჩვიდმეტმა _ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, მხოლოდ ერთმა ვერ ჩააბარა, ისიც გვიან გადმოვიდა~. დირექტორის მონაცემებით, რამდენიმე მოსწავლემ გრანტიც მოიპოვა.
`ევრო 2000~-ში, სადაც მაღალ კლასებში სწავლის გადასახადი 700 ლარია, მე-12-კლასში _ შვიდიდან ორი მოსწავლე ესწრებოდა ისტორიის გაკვეთილს. ლაშა ირემაძე სამ საგანში ემზადება რეპეტიტორთან და ეროვნულ გამოცდებამდე კიდევ რამდენიმე საგანში აპირებს მომზადებას. ლაშას თანაკლასელი, არჩილი, რეპეტიტორთან არ ემზადება და არც აპირებს მომზადებას. ფიქრობს, რომ ისედაც შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. მოზარდების თქმით, მათი თანაკლასელები დამატებით ემზადებიან და სკოლაში ამიტომ ვერ დადიან.
სკოლა-ლიცეუმ `ნერგებში~, სადაც წლიური გადასახადი 700 ლარია, გაკვეთილის მსვლელობის დროს არც ერთი მე-12-კლასელი არ იყო სკოლაში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასში სულ ცხრა მოსწავლეა, ისინი გადასახადს არ იხდიან: `გასულ წელს მე-12 კლასი არ გვყავდა, რადგან შარშან 18 მოსწავლე სომხურ და რუსულ სკოლებში გადავიდა. წელი რომ არ ჩაგვვარდნოდა, ამ კლასში წელს მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით ვასწავლით~.
მე-11-კლასელი ვერიკო უშვერიძე მომავლიდან აპირებს რეპეტიტორებთან მომზადებას. ავთანდილ ბერიძე ჯერ მხოლოდ მათემატიკაში ემზადება, ამირან შავაძე კი რეპეტიტორებთან მომზადებას მათემატიკაში, ქართულსა და უცხო ენაში სამომავლოდ გეგმავს. გუგა ფუტკარაძე კი ამჟამად სამ საგანში ემზადება: `მათემატიკაში ჩემი სკოლის პედაგოგთან ვემზადები, დანარჩენში _ სხვაგან~. კლასის დამრიგებელი გუგას ნათქვამს აზუსტებს: `რეპეტიტორთან კი არ ემზადება, მასწავლებელი ეხმარება და ამეცადინებს დამატებით~.
გამოსაშვები კლასები გასულ წელს არც `ნერგებს~ ჰყავდა.
რატომ არჩევენ მშობლები კერძო სკოლებს?
Автор: ნათია როყვა на 04:44 Ярлыки: განათლება понедельник, 4 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий