სტრასბურგში გირგვლიანის საქმე განიხილეს

четверг, 29 апреля 2010 г.


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრები, ძირითადად, უკანონო დაპატიმრებას, სპეცოპერაციებს, პოლიციელების ძალადობას, ციხეში არაადამიანურ მოპყრობასა და კერძო საკუთრების ხელყოფას ეხება.

ნათია როყვა

27 აპრილს ევროპის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმე განიხილა. საქმის ადვოკატის, დავით დანდიერის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება _ ბადრი პატარკაციშვილის სახლზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის მასალები ამოჭრა და მას ისე მიაწოდა. ამ კადრებში, სავარაუდოდ, ასახული უნდა ყოფილიყო თბილისიდან ოქროყანის გზაზე პოლიციის მაღალჩინოსნების გადაადგილება მკვლელობის ღამეს.
გირგვლიანის საქმის ადვოკატის ინფორმაციით, ევროპული სასამართლო ამ საქმის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სამ თვეში გამოაქვეყნებს. ასევე არ არის გამორიცხული ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საქმის ხელახალი გამოძიებაც დაავალოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია _ „კონსტიტუციის 42 მუხლი“ ერთ-ერთია, რომელიც ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სარჩელებს აგზავნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ საქართველოს წინააღმდეგ 50-ზე მეტი სარჩელი აქვთ გაგზავნილი: „ბოლო საქმე აჭარიდან გაიგზავნა და სტრასბურგმა განსახილველად მიიღო. სარჩელი საკუთრების უფლებას ეხება. ადგილი ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უკანონობას. სასამართლოს უკანონო ქმედების გამო ადამიანმა ვერ შესძლო კუთვნილი ქონების დაბრუნება. ამ ადამიანის ვინაობას არ ვასახელებ, რადგან შეშინებულია“.
ამ ორგანიზაციამ ირაკლი ბათიაშვილის საქმე, ასევე პოლიტპატიმრების სარჩელები გააგზავნა ევროპულ სასამართლოში. ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორის საქმეზე _ „ნაცვლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებას მანანა კობახიძე უკვე ელოდება. „ნაცვლიშვილი იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო“, _ ამბობს მისი უფლებების დამცველი.
ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, 35 საქმე განიხილა. აქედან 28 საქმეში დადასტურდა კონვენციის დარღვევა, 6 საქმეში _ არა, ერთი საქმე კი შეწყდა.
მოსარჩელე ხვიჩა პოღოსიანი საქართველოს მოქალაქეა. დაიბადა 1972 წელს და ცხოვრობს სოფელ ბოდბისხევში. ის სასჯელს იხდიდა შეიარაღებული ყაჩაღობისთვის. 2006 წელს ციხის საავადმყოფოში მას ჩაუტარდა ოპერაცია. აპლიკანტი ჩივის, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც გამოიხატა მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში: პატიმრობის დროს იგი დაავადდა C-ჰეპატიტით და არ აღმოუჩინეს ჯეროვანი სამედიცინო დახმარება. სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ერთხმად დაადგინა.
მოსარჩელე დავით გორგილაძე 1981 წელს დაიბადა. იგი 18-წლიან სასჯელს იხდის მკვლელობისთვის. პატიმარი ჩივის, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), რადგან იმყოფება ანტისანიტარულ და პატიმრებით გადატვირთულ საკანში. იგი ასევე ჩივის, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის მე-3 მუხლი და კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 5 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
2009 წლის 10 თებერვალს ევროპულმა სასამართლომ განიხილა ლალი ხარიტონაშვილის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ. განაცხადში აპლიკანტი მიუთითებდა, რომ მისი სამოქალაქო საქმის განხილვა გაჭიანურდა, რითიც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლისა და კონვენციის I ოქმის I მუხლი (საკუთრების დაცვა) _ საქმის განხილვის გაჭიანურების გამო იგი ვერ სარგებლობდა თავისი საკუთრებით. მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სამოქალაქო საქმე ადგილობრივ სასამართლოებში შვიდ თვეს უმოქმედოდ იყო დატოვებული. სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი. სასამართლომ სახელმწიფოს 3 200 ევროს გადახდა დააკისრა.
2009 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ განიხილა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 7 განაცხადი, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ სავარაუდო დარღვევებს. განაცხადი შეიტანა სამხრეთ ოსეთის ექვსმა მცხოვრებმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. საქმეები, ძირითადად, შეეხება განმცხადებელთა და მათ ახლო ნათესავთა უფლებების სავარაუდო დარღვევებს.
აპლიკანტები ჩივიან, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების საიდუმლოების დაცვა), მე-13 მუხლი (ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება), მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) და პირველი დამატებითი ოქმის I მუხლი (საკუთრების დაცვა). პალატამ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს განსახილველი საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და გადაწყვიტა, გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოს მთავრობას.
2009 წლის 13 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ორი განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ: აპლიკანტი აბდულაჰმეტ ალიევი რუსეთის მოქალაქეა. საქართველოში ცხოვრობდა 1999 წლიდან, როგორც ლტოლვილი. მისი მონაცემები გადაიცა ინტერპოლით და ის 2002 წელს საქართველოს სამართალდამცავებმა რუსეთის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული განკარგულების (დაკავების ორდერის) საფუძველზე დააკავეს. აპლიკანტი ჩივის, რომ პატიმრობის პერიოდში _ მე-5 იზოლატორში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი. ასევე, შესაბამისი ორგანოების მიერ ჯეროვნად არ იქნა გამოძიებული ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაეკისრა 10 000 ევროს გადახდა.
გიორგი ნიკოლაიშვილი მოწმედ გამოიძახეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მისი ძმა იყო ეჭვმიტანილი. აპლიკანტი ჩივის, რომ მოწმედ გამოძახების შედეგად ის უკანონოდ დააპატიმრეს. აპლიკანტი მიუთითებს, რომ მის ძმას პოლიცია ეძებდა და იგი იმ მოტივით დააპატიმრეს, რომ ამის შემდეგ ძმა იძულებული იქნებოდა ჩაბარებოდა პოლიციას. აპლიკანტს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის I, III და IV ნაწილი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება). ამას გარდა, პოლიციის ყველა განყოფილებაში საჯაროდ გამოქვეყნებული იყო მისი ფოტო, როგორც `ძებნილი პიროვნების~.
სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის I ნაწილი. კერძოდ, აპლიკანტის დაკავება არ მოხდა კანონიერი გზით. შემდგომში სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა საკმარისი მიზეზი აპლიკანტის დაპატიმრებისთვის და მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი, ადგილობრივი სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე 2005 წლის 24 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების გამო. სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, რადგან პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გამოქვეყნდა აპლიკანტის, როგორც `ძებნილი პიროვნების~ ფოტოები. სასამართლომ სახელმწიფოს 8 000 ევროს გადახდა დააკისრა.
თამაზ გალუაშვილი 2004 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისა და შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2004 წლის ნოემბერში მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმე შეეხება აპლიკანტის საჩივარს მასზედ, რომ იგი დააპატიმრეს დაუსაბუთებელი ეჭვის ნიადაგზე, მას დროულად არ აცნობეს მისი დაკავების მიზეზები და ადგილობრივი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ მოკლებული იყო მტკიცებულებებს. აპლიკანტი ჩივის, რომ მის მიმართ დაირღვა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება.
ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს მხოლოდ ერთ მოსამართლეს. კონვენციის თანახმად, მოსამართლეები აირჩევიან ექვსი წლის ვადით და შესაძლებელია მათი ხელახალი არჩევა. საქართველოს წარმომადგენელი ამჟამად ევროპის სასამართლოში ნონა წოწორიაა. იგი დაიბადა ბათუმში 1973 წელს, პროფესიით იურისტია, 2004 წლიდან იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, 1996-1999 წლებში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლე წოწორიამ სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

მკვლელობა ბათუმში

დანით მიყენებული 15 ჭრილობის მიუხედავად გარდაცვალებამდე აჩიკო ცინცქილაძემ მობილურით ოჯახთან დაკავშირება მოასწრო და მომხდარის შესახებ აცნობა. როგორც სასამართლო დარბაზში გამომძიებელმა თქვა, ბრალდებულმა, 35 წლის გ.ღ-მ, მეგობარი არჩილ ცინცქილაძე ფულის გამო მოკლა და მიიმალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატმა განმარტა, რომ დაპატიმრებული აღიარებს ამ ფაქტს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ მოტივით ადვოკატმა შუამდგომლობით მკვლელობაში ბრალდებულის 30 ათას ლარად პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვა.
ადვოკატის შუამდგომლობას პროკურორი რამაზ შავაძე არ დაეთანხმა: ``შესაძლებელია, მან ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე, მიიმალოს მძიმე სასჯელის შიშით, ამიტომაც ვითხოვთ, აღკვეთის სახით შეეფარდოს პატიმრობა“.
`პატიმრობა ამ ეტაპზე გარდაუვალია, მერე კი შესაძლებელია საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს~, _ განაცხადა სასამართლო დარბაზში მოსამართლემ, ჯემალ კიკნაძემ და გ.ღ-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობაში ბრალდებული ბათუმელია. იგი აჭარის მთავარმა სამმართველომ 24 აპრილს ანუ ფაქტიდან მეორე დღეს დააკავა.
ეს დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს.