სამხრეთ აფრიკა საქართველოს წერა-კითხვის ცოდნით უსწრებს
~წიგნი ადამიანს გზის გაკვლევაში ეხმარება. წიგნში ის არის აღწერილი, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ. წიგნი რომ არა, ვერც კაცობრიობა დადგებოდა ფეხზე... მაგრამ არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ დიდი მკითხველი არ ვარ. მართალია, ბევრ ჩემს მეგობარს უყვარს წიგნის კითხვა, მაგრამ მე რატომღაც ვერ გამიტაცა. აი, ჩემმა კლასელმა გიორგიმ რომ თქვა, ცხოვრებას ხარივით ვაწვებიო, ეს იმიტომ, რომ მას წიგნის კითხვა უყვარს . აი, მე კი პატარა თხასავით ვაწვები ცხოვრებას, რადგან წიგნის კითხვა ძალიანაც არ მიყვარს~, _ ეს არის ამონარიდი ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ბექას თავისუფალი თემიდან.
საქართველოში ბავშვებს წერა-კითხვა რომ არ უყვართ და უმეტესობამ არც იცის, ეს ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. როგორ კითხულობენ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები და რამდენად კარგად ესმით მათ წაკითხულის შინაარსი? ჩამოუვარდებიან თუ არა კითხვის უნარის მიხედვით თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან? რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენს ქვეყანაში მოზარდების წიგნიერების განვითარებაზე?
კვლევების მონაცემები არასახარბიელოა _ 9-10 წლის ბავშვების უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცის. გამოკითხულ 45 ქვეყანას შორის საქართველო წერა-კითხვის ცოდნით ბოლოდან მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ირანს, ინდონეზიას, მაროკოს, ქუვეიტსა და კატარს უსწრებს.
`კითხვის უნარი~ საქართველოში საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (PIღLშ) დაკვეთით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოიკვლია. 9-10 წლის ბავშვების წიგნიერების დონის შესწავლის მიზნით ტესტირება 149 სკოლაში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 4300-ზე მეტმა მეოთხეკლასელმა მიიღო.
PIღLშ საერთაშორისო მიღწევის სკალის უმაღლეს საფეხურს ვერ მიაღწია საქართველოს 149 სკოლიდან 119 სკოლის ვერც ერთმა მოსწავლემ. დარჩენილ 30 სკოლაში კი მოსწავლეთა 1%-ზე მეტმა მიაღწია უმაღლეს საფეხურს.
რატომ უჭირთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კითხვა? რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები, რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი მაჩვენებელი?
მე-6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, ნორა მკურნალიძეს მიაჩნია, რომ ეს პედაგოგის ბრალია. თუმცა იგი მეორე პრობლემასაც ასახელებს: `მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, მაგრამ თუ მშობელმა არ ამეცადინა ბავშვი, ნასწავლი არ დაამახსოვრდება. ახლა ბავშვები გადართული არიან ტელევიზორსა და კომპიუტერზე. კითხვა მეორეხარისხოვანია~.
ნონა მკურნალიძის აზრით, ერთ-ერთი პრობლემა კლასში ბავშვთა რაოდენობაა. `რაც უფრო ცოტა მოსწავლეა კლასში, სწავლების ხარისხი უკეთესია, _ ამბობს მასწავლებელი. _ როცა მრავალრიცხოვან კლასში შევდივარ, ბევრად მეტ ენერგიას ვხარჯავ და ნაკლებ ხელფასს ვიღებ. 48 ბავშვი გვყავდა კლასში, თუმცა ჯგუფი არ გაყვეს. ამ შემთხვევაში სწავლების ხარისხი დაბალია, თუმცა ეს მასწავლებლის ბრალი არ არის~.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ლია გოგმაჩაძე ამ პრობლემას დაუხვეწავი პროგრამებით ხსნის: `რეფორმამ ბევრი კარგი რამ მოიტანა, თუმცა დასახვეწია. მეორე კლასი პილოტირებულია, მაგრამ წიგნის კმაყოფილი არა ვარ, ტექსტები რთულია. დასახვეწია ლექსიკური მარაგი, გრამატიკა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ეს ბავშვებისთვის ძალიან რთულია~.
პედაგოგი მშობლების როლზე ამახვილებს ყურადღებას: `მშობლების 80%-ს არ სცალია, ბავშვებს ვერ ამეცადინებენ. მაგალითად, ჩემს კლასში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის კავშირი გაწყვეტილია. მშობლებს შვილებისთვის არ სცალიათ, ოჯახის შენახვაზე ზრუნავენ~.
ია ვადაჭკორიაც დაწყებითი კლასის მასწავლებელია. იგი `მესამე სემესტრის~ პრობლემაზე საუბრობს: `რაც ეს მესამე სემესტრი დაემატა, კლასი დაცარიელდა, ბავშვებს ივნისის თვეში სკოლაში სიარული ეზარებათ, ეს ერთ-ერთი პრობლემაა~.
მე-16 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, დალი მგალობლიშვილიც პროგრამების სირთულეზე, კლასების გაყოფასა და მოუცლელ მშობლებზე საუბრობს: `კლასში 25 მოსწავლეც კი ბევრია. რთულია გაკვეთილის ჩატარება. მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს პროგრამები. მოსწავლე ან ბრწყინვალედ სწავლობს, ან საერთოდ არ სწავლობს. მოსწავლეთა უმრავლესობას ცოდნის დაბალი დონე აქვს, ეს მშობლების მოუცლელობის ბრალია~.
ნელი მეტრეველი, #6 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი კი ცალსახად მშობლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. `მშობლებს არ სცალიათ ბავშვები რომ ამეცადინონ. ადრე მშობლები სკოლაში დადიოდნენ ამბის მოსაკითხად, ახლა ამისთვისაც აღარავის სცალია~.
პედაგოგის აზრით, სკოლის ზედმეტი დემოკრატიზაცია დაუშვებელია, რადგან ბავშვების შეუზღუდავი და პედაგოგების შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ფსიქოლოგ ია კუტალაძის ინფორმაციით, ამ მხრივ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი აქტივობა იგეგმება. მათ შორის: `პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარება და დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება. მასწავლებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გაეცნონ ტექსტის განხილვისა და გააზრების იმ მეთოდებს, რომლებსაც თანამედროვე სასწავლო პრაქტიკაში იყენებენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები... მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სასკოლო ბიბლიოთეკებს... ოჯახი აქტიურად უნდა ჩაერთოს შვილის განათლების პროცესში. მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს, დაინტერესდნენ, რას კითხულობენ ისინი; გააქტიურონ მასწავლებელთან კონტაქტი და შვილის წარმატების კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის სკოლებსა და სკოლის ბიბლიოთეკებს, სოფლის სკოლების პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხსა და სოფლისთვის სრულყოფილი სასკოლო რესურსების შექმნას; ასევე უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისათვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.
რატომ არ იციან ბავშვებმა წერა-კითხვა?
Автор: ნათია როყვა на 04:41 Ярлыки: განათლება понедельник, 4 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий