~ამ გურულებს რა გეშველებათ, სადაც თქვენი საქმე არაა, ცხვირს რატომ ყოფთ~, ~რა იყო, სკანდალისტობა მოგინდა? ძალოვნებს დაერიე ტო?... რა ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობ, ყველამ მისი საქმე აკეთოს და არავინ არაფერს ეტყვის...~ _ ეს ამონარიდია იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან, რაც საჯარო სამსახურში მომუშავე ნაცნობებისგან მას შემდეგ მივიღე, რაც სოდის თანამშრომლებმა დამაკავეს და ეს ამბავი ტელევიზიებმა გააშუქა.
ვითომ ხუმრობით და სმაილებით განეიტრალებული ესემესების შინაარსს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი ეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ბევრიც ფიქრობს, რომ მომხდარით ბედნიერი ვარ, რადგან ბრიფინგი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა, ჩემი პიარი იყო.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა კიდეც, დამირეკეს და მკითხეს რა უხაროდა შენს `დაპატიმრებულ~ ნაცნობსო. მე მხოლოდ იმას ვცდილობდი ნერვიულობა და სიბრაზე არ დამტყობოდა. ეტყობა გამომივიდა. პრინციპში გაბრაზებული ნაკლებად ვიყავი, უფრო შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე... მართალია, გურული ვარ და `ბათუმელებში~ ვმუშაობ, მაგრამ რაჭვული თვისებებიც მახასიათებს, გვიან ვიცი გააზრება მომხდარის, მერე, საკუთარ თავთან მარტო როცა ვრჩები... ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მეორე დილით რომ გავიღვიძე, მეგონა, ვიღაცამ ფეხით გამთელა-მეთქი. ამის უფლებას თურმე `კანონი იძლევა~.
სოდის თანამშრომელმა მითხრა, რომ ჩემნაირი ჟურნალისტის დასასჯელად კანონი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მაშინ ამიხსნა, როცა მისი მოთხოვნა არ გავითვალისწინე და გადაღებული ფოტოები არ წავშალე.
`კამერაში შეგაგდებ და მერე ნახავ~. გულწრფელად გეტყვით, შემეშინდა, თუმცა არა კამერის! უსამართლობის. დავინახე, რა უცებ შეიძლება აღმოჩნდე ციხეში. მერე გარეთ რომ გამოხვიდე, არარსებული დანაშაული უნდა აღიარო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა...
`რატომ, რატომ მაგდებ კამერაში, იმ ფოტოსთვის, რომელიც შესაძლოა არც გამომადგეს? და რომელიც ქუჩის განაპირა მხრიდან გადავიღე? თუ იმიტომ, რომ `ინტრიგნულ~ გაზეთში ვმუშაობ?~ _ ვკითხე სოდის თანამშრომელს. მან კი ისევ გაიმეორა, რომ დაკავებული ვარ...
მანქანაში ჩამსვეს, მერე ტელეფონით ვინმე ბატონ დავითს აუხსნეს რაც მოხდა და შემდეგ გამომიშვეს.
დღის ბოლოს ტელევიზიით ვნახე ჩემს დაკავებაზე რა კომენტარი გააკეთა შოთა ხიზანიშვილმა, შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა. ზუსტი ციტირება გამიჭირდება, რაღაც ასეთი თქვა, აკრძალულ ადგილზე შევიდაო; არადა, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო...
ხო! თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ დამცინავი ესემესები არ მიმიღია. ძალიან ბევრი უცხო ადამიანი დამიკავშირდა; ერთ-ერთმა, ხანში შესულმა კაცმა კი ქუჩაში გამაჩერა და მკითხა, ნამდვილად ნათია როყვა ვიყავი თუ არა, `ბათუმელების~ ჟურნალისტი; მერე მადლობა გადამიხადა: ტელევიზიით გნახეო...
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების ნდობაა. იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემი გაზეთის მკითხველები არიან...
ნათია როყვა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий